მურზიკ, გეხვეწები, ეცადე მიულერმა გოლი არ გამიტანოს

მურზიკ, გეხვეწები, ეცადე მიულერმა გოლი არ გამიტანოს

ორი დღის წინ საფრანგეთში ფეხბურთში ევროპის მორიგი პირველობა დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში გულშემატკივრებს „მოცდენის“ საშუალება არ ექნებათ. სამწუხაროდ ამ საფეხბურთო ზეიმში საქართველოს ეროვნული გუნდი მონაწილეობას (უკვე მერამდენედ) არ მიიღებს. გავიხსენოთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექვსჯერ გვქონდა და ექვსჯერვე ხელი მოგვეცარა.

უფრო ზუსტად, საქართველოს ნაკრები ექვსჯერ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ყველა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება გველოდა.

სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მართლაც ღირსეულად ჩავატარეთ და 15 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ.

სამწუხაროდ, იმის მერე საქართველოს ნაკრების შედეგები უფრო და უფრო უარესდებოდა და, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენთვის შესარჩევი ეტაპი... სამი-ოთხი ტურის შემდეგ მთავრდებოდა!

ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის თასის პირველი გამარჯვებულის, სსრკ-ის ნაკრების საბოლოო წარმატებაში  ლომის წილი შეიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა: გივი ჩოხელმა, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა (ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა).

დღევანდელ წერილში ევროპის პირველობებზე მონაწილე რამდენი ქართველი მოთამაშის მოგონებებს შემოგთავაზებთ.

მურთაზ ხურცილავა

„ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შევხვდით. ჩავედით ბელფასტში და საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ჯორჯ ბესტის ფოტო გხვდებოდა თვალში. კი, მას მაშინ კარიერის პიკი გადავლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ფანების კერპი იყო - სარეკლამო ფირნიშებიდან, გაზეთებიდან, მაღაზიის ვიტრინებიდან, ძეხვეულიდანაც კი ჯორჯ ბესტი გიღიმოდა! იქაური ახალგაზრდობა გიჟდებოდა მასზე, აღმერთებდნენ! ჩვენს წინააღმდეგ კი ითამაშა, მაგრამ რეზო ძოძუაშვილმა შავი დღე აყარა - გასაქანი არ მისცა. თუ არ ვცდები, თამაშის მერე ბესტმა რეზოს მაისურიც გაუცვალა.

სანამ ევროპირველობის ფინალური ეტაპი დაიწყებოდა, საზეიმოდ გაიხსნა მიუნხენის ბრწყინვალე „ოლიმპიაშტადიონი", რომელიც სპეციალურად იმ ზაფხულს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის ააგეს. გახსნის მატჩში მასპინძლებს ჩვენ ვეთამაშეთ - 1:4 წავაგეთ. გერმანელები დიდებულად დაგვხვდნენ: ყურადღებას არ გვაკლებდნენ, ჩვენ გუნდს ახალთახალი BMჭ-ს მარკის ავტომობილებით ემსახურებოდნენ... ერთი დღით ადრე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სტადიონის ტერიტორიაზე ხეებიც დავრგეთ, საღამოს კი საზეიმო ბანკეტზე გუნდის კაპიტნებმა, ფრანც ბეკენბაუერმა და მე „ოლიმპიაშტადიონის" ფორმის ტორტიც გავჭერით.

ევრო 72-ის ფინალში ჩვენ გასვლას არავინ ელოდა. მაშინ ნაკრები გადახალისების პროცესში იყო, ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხნი დავრჩით: მე, რეზო ძოძუაშვილი, ევგენი რუდაკოვი და ვლადიმირ კაპლიჩნი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ახლები, მაგალითად ედუარდ კოზინკევიჩი, ანატოლი ბაიდაჩნი და ოლეგ დოლმატოვი ნამდვილად ჩამოუვარდებოდნენ წინამორბედებს. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით მეორე ადგილის დაკავება. ფინალში უშანსოდ ვიყავით. ისე, ის გერმანიის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდადაა აღიარებული.

ფინალი 0:3 წავაგეთ - ლეგენდარულმა გერდ მიულერმა ორი გოლი გაგვიტანა. ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში, ლევ იაშინის გამოსათხოვარი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიულერმაც ითამაშა. მატჩის წინ მას იაშინისთვის უთქვამს, დიდი ბოდიში, მაგრამ თამაშის სტატუსის მიუხედავად, გოლი უნდა გაგიტანოთ, რადგან, ჯერ თქვენთვის გოლი არ შემიგდიაო. უცბად იაშინი მეძახის და მეუბნება: „მურზიკ, გეხვეწები, ყველანაირად ეცადე, რომ მიულერმა გოლი არ გამიტანოს". იმ შეხვედრაში პერსონალურად ვითამაშე ამ მართლაც დიდებული ფორვარდის წინააღმდეგ და არ გავატანინე!”

რეზო ძოძუაშვილი

„1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის" გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი... სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!

„ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მევსება...“

კახა ცხადაძე

„დსთ-ს ნაკრებში ანატოლი ბიშოვეცმა მიმიწვია. იმ დროს სოსო ჭედიასთან ერთად შვედეთში, „სუნდვალში" ვთამაშობდი. მიწვევამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. იმ ნაკრების დაცვაში დიდი კონკურენცია იყო: ახრიკ ცვეიბა, ანდრეი ჩერნიშოვი, ოლეგ კუზნეცოვი, ვასილი კულკოვი, სერგეი გორლუკოვიჩი... ძირითად შემადგენლობაში 1991 წლის იანვარში დავმკვიდრდი - ამერიკაში ჩატარებულ ტურნეში სამივე შეხვედრა დაცვის ოთხეულში დავიწყე!

ის, რომ შვედეთში ევრო 92-ზე გავემგზავრებოდი, ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ორივე გოლი გარი ლინეკერმა გაგვიტანა, თუმცა 0:1-ზე თავურით გავათანაბრე - იგორ შალიმოვის კუთხურის შემდეგ ეფექტური ბურთი შევაგდე!

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე რომ ვიასპარეზე, კვლავ ბევრი „პატრიოტი" მაკრიტიკებდა, მაგრამ საბედნიეროდ, უფრო მეტს გაუხარდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ასეთ დიდ შეჯიბრებაზე გამოვიდა. ჩემი აზრით, პრეტენზია უნიჭო ხალხისგან მოდიოდა, თორემ ვინც ფეხბურთის ქომაგი იყო, ყველამ გაამართლა ჩემი ნაბიჯი. თუ არ ვცდები, ჩემს შემდეგ ქართველს ევროჩემპიონატზე აღარც უთამაშია...

შვედეთში საწყისი ორი შეხვედრა გამოვტოვე. ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, დანიასთან ამხანაგურ მატჩში კუნთი ვიტკინე და გერმანელების და ჰოლანდიელების წინააღმდეგ ვერ ვიასპარეზე. უკანასკნელ ტურში შოტლანდიელებს ვხვდებოდით, რომლებსაც 1/2-ფინალში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბიშოვეცმა ძირითადში დამაყენა... ჩვენ 0:3 წავაგეთ - ეს კატასტროფა იყო!“