ევროკავშირის სასამართლომ არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმა აკრძალა. როგორც სასამართლოს ვერდიქტშია ნათქვამი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა არ უნდა ჩასვან მიგრანტები ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ ჩავიდნენ. ვერდიქტის თანახმად, ამის სანაცვლოდ, საჭიროა არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იმ ქვეყანაში, საიდანაც ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩავიდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას, რომლებიც შენგენის ზონის წევრები არ არიან, ასევე,- დანიას, რომელსაც უფლება აქვს, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.
წესისამებრ, უცხოეთის ციხეებში მოხვედრილი და შემდეგ უკვე დეპორტირებული ადამიანები უფრთხიან მასმედიასთან ურთიერთობას, თუმცა წლების წინ ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა დეპორტირებულმა გაიხსენა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით გამგზავრების კოშმარული თვეები, სადაც 17 თვის განმავლობაში ამაოდ აცდევინებდნენ. როგორც რესპონდენტი აცხადებდა, დემოკრატიის ცნება ევროპელებისთვის მითია და თავშესაფრის მაძიებელთა ხარჯზე ისინი საუკეთესოდ ვაჭრობენ და ფულის გათეთრებასაც ახერხებენ. საბოლოოდ თავშესაფრის მსურველთა დიდ ნაწილს ციხეში უკრავენ თავს, ან სამშობლოში აბრუნებენ. დროის გაჭიანურება კი უცხოელებისთვის ხელსაყრელია, ვინაიდან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მათ სოლიდური თანხები ერიცხებათ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თავშესაფრის მაძიებელთა დასახმარებლად. ამ თანხების უდიდეს ნაწილს იჯიბავენ, მცირეოდენს კი გაჭირვებულ მიგრანტებს უნაწილებენ.
„ამ რამდენიმე წლის წინ ნორვეგიის თავშესაფრის ბინადრად მომიწია ყოფნა. თვეში 300 დოლარს გვაძლევდნენ. ამის მიუხედავად, მიჭირდა იქაური პირობების ატანა, რადგან ბანაკში უამრავი საეჭვო პირი დადიოდა, სექტანტებით დაწყებული, სექსუალური უმცირესობით დამთავრებული. ისინი ემიგრატების გადაბირებას ცდილობდნენ. თუ მათ ნებას დავყვებოდით, უცხოეთში დარჩენა გაგვიადვილდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამიდან ექვს თვემდე დაწესებულ ვადას 15-17 თვით აჭიანურებდნენ და გვტოვებდნენ თავშესაფრის ამაო მოლოდინში. თავშესაფარი რომ არ მაღირსეს, სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე. ამ მიზნით ნორვეგიის სამართლდამცავებთან გამოვცხადდი. მათ კი უეცრად ბორკილები დამადეს. ადვილი წარმოსადგენია, ლეგალურად წასულს ასეთი რამ რომ დამემართა, უპასპორტოდ, სხვის სახელსა და გვარს ამოფარებულ მაძიებელს რა ბედი ელის?!“ - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.
დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისასალმებელია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმის აკრძალვასთან დაკავშირებით, რადგან არალეგალი მიგრანტები ჯერ ციხეში ისხდნენ, შემდეგ სადეპორტაციო ცენტრებში 5-6 თვე ელოდნენ, როდის მოვიდოდა მათი რიგი და როდის დაუქვემდებარებდნენ დეპორტაციას.
„ამდენი ფული არ არის, რომ უცბად გააძევონ ადამიანი, ამიტომ უცხოეთიდან გაძევებაზეც კი რიგები დგას, ადამიანები გაძევებას ელიან სადღაც დახურულ ცენტრებში. ეს საშინელი წვალებაა, რადგან ჯერ ციხეში ხვდებიან, შემდეგ იმ - ცენტრებში. ცოდო არ არის ეს ხალხი? ამ მხრივ პოლონეთში მძიმე სიტუაცია იყო, რადგან პოლონეთი პირველი ქვეყანა გახლდათ, სადაც მრავლად იყვნენ საქართველოდან ჩასულები. სამი-ოთხი წლის წინ იყო ძალზე რთული პერიოდი, როცა მიგრანტთა ერთი ტალღა წავიდა საქართველოდან და ძალზე ბევრი ხალხი მოხვდა ამ ცენტრებში. დიდი დრო დასჭირდა მათ უკან დაბრუნებას.
მიგრანტთა ორი კატეგორიაა. პირველი, ეს არის არალეგალი მიგრანტები. როგორც წესი, ისინი გადაკვეთენ საზღვარს გამშვები პუნქტის გამოტოვებით, ხოლო მეორეა ე.წ. „ირეგულარ მიგრანტები“, ანუ ეს არის მიგრანტი, ვინც გადავა გამშვებ პუნქტში ვიზით, მაგრამ შემდეგ უცხოეთში დარჩება. მიგრანტთა პირველ კატეგორიას კრიმინალური კოდექსით ასამართლებენ და ისინი ხვდებიან ციხეებში. ვიზით ნორმალურად გადასულს და იქ დარჩენილს კი ადმინისტრაციული კოდექსით ასამართლებენ, ყოველგვარი ციხის გარეშე“, - აცხადებს ნანა ნაზაროვა.
ამასთან, განმარტავს, რომ ბევრი ჩვენი არალეგალია საბერძნეთში და არც საბერძნეთის ციხეებშია კარგი პირობები, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც ჩვენები ოცნებობენ კიდეც გერმანიის ციხეში დაბრუნებას. თუმცა საბერძნეთისგან განსხვავებით, გერმანია უფრო იცავს თავის საზღვარს და იქ პოლონეთიდან ან ბალტიისპირეთიდან გადასული არალეგალი იოლად ვერ შეაღწევს.
რაც შეეხება საქართველოდან წასულების დეპორტაციას, ნანა ნაზაროვა აცხადებს, რომ ერთი თვითმფრინავი წრეს ურტყამს მთელ ევროპულ ქვეყნებს (ესპანეთს, პორტუგალიას, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას) და სწორედ ამ ერთი თვითმფრინავით ჩამოჰყავთ არალეგალები საქართველოში.
„თვითმფრინავიდან ჩამოყრიან ჩვენს ნარკომანებს, რადგან ძირითადად ეს კატეგორია მიდის არალეგალად, ასეთ ხალხს აძევებენ, თორემ კარგი ადამიანები იქაც სჭირდებათ. ბევრი ფანტასტიკური ხალხია წასული აქედან, ნეტავ დაბრუნდნენ, მაგრამ ისინი არ დაბრუნდებიან, რადგან იქაც სჭირდებათ ასეთი ხალხი. საქართველოდან მარტო 445 ადამიანი ბინის ქურდობაზე იყო დაკავებული, სირცხვილი არ არის?“