პარლამენტმა 2004-2012 წლების სამართლებრივ-პოლიტიკური დასკვნა დადო

პარლამენტმა 2004-2012 წლების სამართლებრივ-პოლიტიკური დასკვნა დადო

პარლამენტის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ 2004-2012 წლების მმართველობა შეფასებულია, ჯერი კი, მთავარ პროკურატურაზეა. პარლამენტმა წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში დასჯილ ადამიანებს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილის სტატუსი 2012 წლის დეკემბერში მიანიჭა, ხოლო წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება 2016 წლის 10 ივნისს გააკეთა.

ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე დადგენილების პროექტი 81 მომხრე ხმით მიიღო, რომელიც ცხრა წლის მანძილზე, ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრების წამების მეთოდებს ასახავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგენილების მიღებას 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს და „მითიური“ სამართალდარღვევების ფაქტებზე მიანიშნებს, „ქართული ოცნების“ ნაწილი კი, ე.წ. პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვას და სისტემის გასამართლებას ითხოვს.

ვინ რა ფორმით დაისჯება, უმრავლესობის წევრებს ამის დაკონკრეტება უჭირთ, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, წამებაში, წამების მუქარაში, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნობილ პირებს, როგორც საჯარო სამსახურში, ასევე სხვა ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა ეკრძალებათ.

ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, უმცირესობას პარლამენტის ტრიბუნიდან პატიმრების წამების მეთოდების თაობაზე არაფერი არ მოუსმენია, თუმცა, ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მითიურ სამართალდარღვევებზე ოთხი წელია საუბრობს, რომელიც თითქოსდა, სხვა წლებში ხდებოდა.

როგორც for.ge-ს წიკლაურმა განუცხადა, ხელისუფლებამ ვერც ერთი საქმე ვერ წარადგინა, სადაც ასეთ დარღვევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა. მისი თქმით, ამ თემის წამოწევა იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ განვლილ ოთხ წელზე სათქმელი არ აქვს, რადგან ეს წლები მხოლოდ იმედგაცრუების და დაპირებების არშესრულების წელი იყო.

„ისინი კვლავ ცდილობენ, რომ იგივე კარტი გაითამაშონ, რაც 2012 წლის არჩევნებამდე გაითამიშეს. ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და თუკი მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტყუილებით და კადრების დადგმით ერთ მდინარეში ორჯერ შევლენ, ძალიან ცდებიან. ქართველ ხალხს ორჯერ ვერ მოატყუებენ“, - აცხადებს წიკლაური.

კანონმდებელის შეფასებით, დადგენილების მომზადება არჩევნებს უკავშირდება და არა სასამართლო განაჩენებს.

„როდესაც შკრილნიკოვის, ჩახალიანის და გევორქიანის ჯაშუშების გამოშვება უნდოდათ, მათ ამისთვის ერთი თვე არ დასჭირდათ. ოთხი წლის მანძილზე, შესაძლებელი იყო როგორც სასამართლოს ჩატარება, ასევე კვალიფიციური კვლევის დადება. ვინაიდან, ეს ოთხი წლის მანძილზე ვერ გააკეთეს, ხალხისთვის წარსადგენი არაფერი აქვთ. წინასაარჩევნოდ კამპანიის ნაწილია, რომ ყველაფერი ისევ ამ განწყობილებებზე იყოს მორგებული და შეეცადონ, წარმატების მოპოვებას. ხალხი ბიძინა ივანიშვილისგან იმ დაპირებების შესრულებას ელოდა, რომელიც მან გასცა. ოთხი წლის თავზე, ყველამ იცის, რომ ივანიშვილი ერთი ვიგინდარა, მატყუარა კაცია თავის გუნდთან ერთად. მატყუარების გუნდს მხარს არავინ დაუჭერს“, - აცხადებს წიკლაური.

წიკლაურის მსგავსად, აკაკი მინაშვილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს არ ენდობა და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ეკა ბესელიას მიერ მომზადდა, რომელიც პარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების „ოდეერია“. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ბესელიას ადამიანის უფლებები დაეცვა, ის „ქართული ოცნების“ ძალადობის და აგრესიული პოლიტიკის სახე იყო.

„როდესაც ე.წ. დადგენილებაში საუბარი არ არის ბედუკაძეზე, რომელიც მათი პოლიტიკური სახე და სიმბოლოა, ამ დოკუმენტის ობიექტურობაზე საუბარი არ შეიძლება. იმ მძიმე ფაქტებზე არ არის საუბარი, რომელიც მათ ხელისუფლებაში განხორციელდა. ფარტენაძის საქმე და გოგა ძველაიას და ა.შ.“, - აღნიშნა მინაშვილმა, რომელსაც კითხვით მივმართეთ - „უარყოფს თუ არა იმას, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ?“.

მინაშვილი გვპასუხობს, რომ შეიძლება, სადღაც ინდივიდვალური ფაქტები იყო, მაგრამ არაფრისგან სახელმწიფო შეიქმნა და თუკი ვინმემ ინდივიდვალური დანაშაული ჩაიდინა, მათ პასუხი უნდა აგონ.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ობიექტური გამოძიება ჩაეტარებინა, კარგად ვხედავთ, რომ მათ სამართალდამცავი ბერკეტები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელიც მთავარი რეკეტიორია. ეკა ბესელიას მიზანი ობიექტური გამოძიება უნდა იყოს, თუმცა მის მიმართ კორუფციული ფაქტების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვები არსებობს. მათ შორის, პატიმრების გამოყენებასა და ფოთში კორუფციული ფაქტების თაობაზე. მის მიმართ ნდობა ნულის ტოლია. პარტნიორები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო ძალადობის მთავარი პერსონა - ბედუკაძე თავისუფალია. ამ დოკუმენტის მიმართ ნდობა არ არსებობს“, - დასძენს მინაშვილი.

თანაგუნდელების მსგავსად, მიხეილ მაჭავარიანიც საკუთარი მმართველობის შეფასების ნაცვლად, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პროკურატურას გამოძიებისთვის ოთხი წელი ჰქონდა.

მაჭავარიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისევ წარსულში იყურება.

„თუ რაიმეს გამოძიება სურდათ, გამოიძიებდნენ. ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ პრობლემას აგვარებდეს, რომელიც ჩვენს ხალხშია, დაკავებულია წასრულის ქექვით. თუ რაიმეს გამოძიება სურდათ, ხელს ვინ უშლიდათ? წარსულში დარჩნენ, ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს. თუ მათთვის ყველაზე მთავარი საკითხი ესაა, კი ბატონო, იყოს. სასამართლო და პროკურატურა აღარ არსებობს, ფაქტიურად, გაუპატიურებულია. მათ არ დაავიწყდეთ, მათი შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი რად მუშაობდა. ეს არ დაავიწყდეთ, აუცილებლად, გაიხსენონ. შემთხვევით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე მე ვიყავი თუ ირაკლი შოთაძე?!“, - აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განწყობებს, მართალია, უმრავლესობას წინამორბედის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება მმართველობის მეოთხე წელს გაახსენდა, მაგრამ მმართველი გუნდის წევრები დოკუმენტის მიღებით მაინც კმაყოფილები არიან.

for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არწმუნებს, რომ ვინაიდან, საქმეებზე სასამართლო განაჩენები არ არსებობდა, დადგენილება მანამდე მიღებული ვერ იქნებოდა. კანონმდებელი ნაციონალებს პატიმრების წამების ამსახველი ანგარიშის გაცნობას ურჩევს.

„მათ ვურჩევ, დასკვნა წაიკითხონ და თუ ეს ყველაფერი არ ახსოვთ, მათ ამას საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, შეფასებები, ფაქტები და სასამართლოს განაჩენები გაახსენებთ. 200-ზე მეტ ეპიზოდზე, სასამართლომ უკვე იმსჯელა და ძალადობრივ მუხლებზე, 125 ყოფილი თანამდებობის პირიდან 81 პირის მიმართ უკვე სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დასრულდა და მათ უკვე მიუსაჯეს. ეს ფაქტები რაზე მეტყველებს? - ჩვენ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა გამოვიყენეთ, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2004-2012 წლებში წამების ფაქტებზე მუშაობდა და ნახეთ, ამ კვლევაში რა წერია“,- აცხადებს ბესელია.

დეპუტატის ცნობით, გამოკითხულთა 80 პროცენტი ამბობს, რომ მასზე წამების სხვადასხვა ფორმა ხორციელდებოდა. მათ შორის, საშინელი მეთოდები იქნა გამოყენებული.

„პარლამენტის დადგენილება ნორმატიული აქტია და ამ დადგენილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რეჟიმი შეფასდა და თქვა, რასთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნავს ბესელია.

დადგენილების მიღებას მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს ფრაქცია - „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია.

for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტმა ამ დადგენილებით პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, რომ თავის დროზე, მძიმე სისტემური ხარვეზები იყო და ეს არ უნდა განმეორდეს. კორძაია თვლის, რომ კარგია, რომ ამ შეფასების მიღება მოესწრო.

„ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, არადამიანურ და სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. უამრავი ფაქტი იყო, რაც გადამოწმდა და პარლამენტმა განიხილა. ეკა ბესელიამ თქვა, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ადრე ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოესწრო, რადგან ბევრი საქმე იყო განსახორციელებელი“, - განაცხადა კორძაიამ.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე აპელირებს დეპუტატი ლუკა კურტანიძე, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ დარბეული 26 მაისის აქციის მონაწილეა. for.ge-სთან საუბარში კურტანიძემ ნაციონალების შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როდესაც ამდენი დანაშაული იყო ჩადენილი, თითოეულ ფაქტს გამოძიება სჭირდებოდა. მისი მოსაზრებით, სამუშაო ჯგუფმა ანგარიში უმოკლესს დროში მოამზადა.

„ერთი კონკრეტული საქმის ძიება წლების მანძილზე მიმდინარეობს და ამ ფაქტებს მტკიცებულებები სჭირდებოდა. პირიქით, ეკა ბესელიასა და სამუშაო ჯგუფის მიმართ კმაყოფილებას გამოვთქვამ. ნაციონალები ყველაფერს არჩევნებს აწერენ. ოთხი წლის მანძილზე, არჩევნები რამდენჯერმე იყო და თუკი იმას ხაზს გავუსმავთ, რომ ეს არჩევნებისთვის კეთდება, ე.ი. ვერც ერთი საქმის გამოძიება ვერ მოხდება და ყველაფერი არჩევნებს უნდა დავუკავშიროთ. მათ შოუ - საპარლამენტო ბოიკოტი მხოლოდ იმიტომ მოაწყვეს, რომ არ უნდოდათ, ის მოესმინათ, რაც განვიხილეთ. არ უნდოდათ იმის მოწმე ყოფილიყვნენ, რაც წლების მანძილზე ხდებოდა. ამ ოთხი წლის მანძილზე, ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სურვილი არც ერთს არ გასჩენია, რომ სახალხოდ ბოდიში მოეხადა. ეს სისტემა უნდა გასამართლდეს“, - მიიჩნევს კურტანიძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ მსგავსი დოკუმენტის მიღება პრევენციული ხასიათის იქნება და ყველა მომავალ ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ის არ უნდა ჩაიდინოს, რაც ნაციონალებმა განახორციელეს.

„მომავალი თაობისთვის ეს ის დოკუმენტი იქნება, რომლითაც არც ერთ ხელისუფლებას იმის ფიქრი არ გაუჩნდება, რომ ის ჩაიდინოს, რაც ცხრა წლის მანძილზე ნაციონალებმა ჩაიდინეს. მსოფლიოში მიღებულია, რომ თუ სამართლებრივად მტკიცდება, რომ სისტემა და რეჟიმი იყო, მასში მონაწილეებს - ე.წ. პოლიტიკოსებს საქმიანობა ეკრძალებათ. პრევენციული ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ ასეთი მარაზმი პოლიტიკოსებისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს“, - დასძინა კურტანიძემ.

ვინაიდან, ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე for.ge ჯერ კიდევ დოკუმენტის გასაჯაროვებამდე წერდა, ამიტომ, ყურადღებას არა ანგარიშზე, არამედ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე გავამახვილებთ.

დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი და შესწავლილი სამართლებრივი მასალებისა და დასკვნის საფუძველზე, წარსულში (2004-2012წწ) ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აძლევს შემდეგ სამართლებრივ შეფასებას:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს;

ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას;

ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი;

ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას;

თ)ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი;

ი)პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა;

კ) სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოყენების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით;

მ)ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს;

ნ)ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.