სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილების 60% ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია, 40% კი, კომპანია „პანორამას“ კუთვნილებაში გადავიდა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ. როგორც ცნობილია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
სანამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას გამოაცხდებდა, ადვოკატებმა საქმის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ ყაველაშვილის სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლებას არ აძლევს და მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საქმეების განხილვაში. თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა.
„რუსთავი 2-ის“ ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.
თამთა მურადაშვილის განცხადებით, გასაჩივრება მოხდება მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ. მისივე განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერებულია დროებითი მმართველობის შესახებ ნორმა და აღსრულების ნორმა, ტელეკომპანია მუშაობას არსებული ხელმძღვანელობის პირობებში გააგრძელებს.
„უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, საერთოდ არ მიიღოს წარმოებაში საქმე, ვინაიდან კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ რადგან ჯერ მოსამართლე ურთმელიძემ და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლომ სრულიად თავდაყირა დააყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იმისათვის, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა დადგინდეს, უზენაეს სასამართლოს მოუწევს საქმე განიხილოს“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატს პაატა სალიას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვებას ქიბარ ხალვაში მოიპოვებს. სალიას განცხადებით, დავა ჯერ დასარულებულა და მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ გასაჩივრების გადაწყვეტილებას. პაატა სალიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
„ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხალვაშის მხარემ შეიძლება გარკვეული ბრძოლის ნაწილი მოიგო, თუმცა თვლის, რომ საბოლოო ჯამში, ამ ომს „რუსთავი2“ მოიგებს.
„5 წუთიც არ დასჭირდა სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა დაესამარებინა დღეს ქვეყანაში. გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ იცოდა, დღეს გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა მეთოდით და ყველა ძალით მიიტაცოს „რუსთავი 2“ და ამას სასამართლოს ხელით ასრულებს, თუმცა მინდა მივმართო ხელისუფლებას - თქვენ შეიძლება გარკვეული ბრძოლის ნაწილი მოიგეთ სააპელაციო სასამართლოს ხელით, თუმცა მერწმუნეთ, რომ ომს „რუსთავი 2“ მოიგებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომლის განცხადებით, თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე.
„საჩივარი იმიტომ შევიტანე, რომ მჯეროდა. ჯერ ყველა პროცესი არ მორჩენილა. ვფიქრობ, საქართველოში იქნება სტაბილურობა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც სამართლიანობას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა. დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობა“. ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ არჩევნები „რუსთავი 2“-ისა და კრიტიკული მედიის გარეშე ლეგიტიმური ვერ იქნება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეს წუთიც არ დასჭირდა, გამოეცხადებინა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა - „რუსთავი 2“-ს. ეს არის ხაზგასმა, რომ ჩვენთან კიდევ ერთი ინსტიტუტი დასამარდა. ჯერ საქალაქო სასამართლო, ახლა სააპელაციო. იმედი მაქვს, იგივეს არ გააკეთებს უზენაესი სასამართლოც“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ საარჩევნო წელს სატელევიზიო საქმეების ყველანაირი განხილვა საეჭვოა.
„შეიძლება გავიმეორო ერთ-ერთი დიპლომატის სიტყვები, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო. მე პირადად ვგულშემატკივრობ იმ ამბავს, რომ „რუსთავი 2“, ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებს შეხვდეს იმ მენეჯმენტით და იმ პოლიტიკით, რომელიც აქვს, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ასე ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
„ძალიან უცნაური პროცესი ვნახე დღეს - ერთადერთი ტელევიზია ვინც სიმართლეს ამბობს არის „რუსთავი 2“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამიას მეთაურობით, არასდროს არავისთვის არაფერი წაურთმევია, საერთოდ ცხოვრებაში“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლის განცხადებით, არსებობს უზენაესი სასამართლო, სადაც, სავარაუდოდ, გასაჩივრდება „რუსთავი 2“-ის საქმე და გავიგებთ თუ რა ხდება სინამდვილეში.
„არავინ არ საუბრობს იმაზე, რა საკითხთან დაკავშირებით იყო განხილვა, ყარამანაშვილები ფლობენ თუ არა უკანონოდ იმ ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და გვაქვს მხოლოდ იმის თაობაზე, თუ რა სამართლიანი იყო ბიზნესმენების მიმართ „ნაციონალური მოძრაობა“. არის უზენაესი სასამართლო და იქაც გასაჩივრდება ალბათ, და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გავიგოთ, რა ხდება ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.