უკვე მერამდენედ ფიროსმანის ტილო „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების სექციის სახელით გადის და უკვე მერამდენედ ისმის საყვედური საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართ, რომელმაც ვერ მოახერხა, დროულად შეეტყობინებინა უცხოური სააუქციონო სახლებისთვის ფიროსმანის ნამუშევრის რეალური წარმომავლობა.
თავის მხრივ, კულტურის სამინისტროში თავს იმართლებენ, რომ ამ საკითხზე საგარეო უწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სწორედ მათი წერილების დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ცნობილი აუქციონების ლოტებში მითითებულია გასაყიდი ნამუშევრების ავტორთა ქართული წარმომავლობა. მართალია, „სოტბის“ აუქციონზე ხაზი გაესვა, რომ ფიროსმანი ქართველია, მაგრამ სექციის შეცვლა ვეღარ მოესწრო და ფიროსმანის სექციად ისევ რუსული მიეთითა.
შედეგმაც არ დააყოვნა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი „შველი წყლის პირას“ ისევ და ისევ რუსული მხატვრობის სექციიდან 629 000 ათას ფუნტად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის სხვა ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ ისევ რუსული ხელოვნების სექციიდან შეიძინა, ოღონდ იმჯერად საუბარი იყო „კრისტის“ აუქციონზე. იმხანად For.ge წერდა, რომ ქართული საზოგადოება უპრეცედენტოდ გულშემატკივრობდა „არსენალის მთის“ საქართველოში დაბრუნებას და ამ მიზნით სოციალურ ქსელში ფულის შეგროვების მცდელობაც ჰქონდათ - „დავდოთ ერთი დოლარი 1 000 000-მა მოქალაქემ და დავიბრუნოთ ფიროსმანის ფერწერა!“ თუმცა მაშინ ხალხს თანხის შეგროვება არ დასჭირვებია, რადგან იგი ბიძინა ივანიშვილმა მილიონნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
სხვათა შორის, შეცდომების კასკადი მხოლოდ ნიკო ფიროსმანის ტილოებს არ ახლავს. ირკვევა, რომ რატომღაც ისევ რუსული ხელოვნების სექციაში მიუჩინეს ბინა „მაკდუგალის“ აუქციონზე გამოტანილ ლადო გუდიაშვილის ნახატს „ლეგენდა თბილისის დაარსებისა“, რომლის აუქციონიც 9 ივნისს გაიმართება და, რომლის საწყის ფასადაც 200 ათასი ფუნტია დასახელებული.
რატომ ვერ ახერხებენ ქართველები საქართველოს სახელის რეალურად წარმოჩენას და რატომ ხვდება ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონზე რუსული ხელოვნების სექციაში? რა უფრო უმჯობესია ქართველი მხატვრების პოპულარიზაციისთვის, მათი ნამუშევრების სამშობლოში დაბრუნება თუ უცხოეთში გაყიდვა?
ფიროსმანის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის მკვლევარი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი For.ge-სთან საუბრისას იმ დროს იხსენებს, როცა ფიროსმანის ნამუშევარს „არსენალის მთა ღამით“ ეძებდა და მასთან ერთად ამ საქმეში ჩართული იყო რეზო თაბუკაშვილიც, რომელმაც მიაგნო ამ ნამუშევარს, თუმცა სურათის კვალი მალევე დაიკარგა. იმ პერიოდში მათი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა, თუკი საფრანგეთის მთავრობა დააბრუნებდა ამ სურათს სასყიდლის ფასად ან უსასყიდლოდ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, თუმცა, თუკი მოგვცემდნენ იმის პირობას, რომ ამ ნამუშევარს დაჰკიდებდნენ ლუვრში მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში (და არა რომელიღაც საცავში), მაშინ ქართველები ფრანგებს ჩუქნიდნენ ამ სურათს.
„დღესაც ამ აზრის ვარ, რომ კარგი იქნება, თუკი ფიროსმანის ნამუშევარი მოხვდება რომელიმე პრესტიჟულ მუზეუმში, რადგან არის ამაში რაღაც პრიორიტეტული. მით უმეტეს, საქართველოში ფიროსმანის 250-ზე მეტი სურათი გვაქვს. თუ არადა, ისევ სჯობს, ჩვენ გვქონდეს ფიროსმანი, ვიდრე სადღაც ჯურღმულში ინახებოდეს. მართალია, „არსენალის მთა“ 25 წლის განმავლობაში შეინახეს, მაგრამ ინახავადნენ ბანკის საცავში. ბანკის საცავში დასაგდები არ გახლავთ ფიროსმანის ნამუშევარი. რაც შეეხება რუსულ ექსპოზიციას, ეს საბჭოთა ინერციითაა, ტრადიციულად ასე ხდებოდა 70 წელიწადის განმავლობაში და ყველაფერი ქართული რუსულად ითვლებოდა, თუმცა რუსები არასოდეს ამბობდნენ, რომ ფიროსმანი რუსი მხატვარი იყო. ისინი ფიროსმანის ქართულ წარმომავლობას აღიარებდნენ და ფიროსმანის პირველი გამოფენაც 1913 წელს სწორედ მოსკოვში მოეწყო. ძალიან დიდი პატივისცემა და ყურადღება ჰქონდა ამ ქართველ მხატვარს რუსეთის მხრიდან. ამიტომ არ იფიქროთ, რომ „სოტბის“ აუქციონშიც რუსის ხელი ურევია და რუსეთი ცდილობს, ფიროსმანის შემოქმედებას რუსული დაარქვას“, -აღნიშნა ნელი კობიაშვილმა და განმარტა, რომ უნდა ჩამოვიყვანოთ „სოტბისა“ და „კრისტის“ აუქციონების ავტორიტეტული ადამიანები, გავაცნოთ ჩვენი მუზეუმები, ვაჩვენოთ, როგორი მდიდარი მუზეუმები გვაქვს, სვანეთის მუზეუმშიც წავიყვანოთ და მაშინ ფიროსმანს, გუდიაშვილს და სხვებს რუსული ხელოვნების სექციით აღარ გაიტანენ.
უშუალოდ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის „შველი წყლის პირას“ შესახებ კი ნელი კობიაშვილი ამბობს, რომ ამ შვლის რამდენიმე ვარიანტია, თუმცა ეს ვარიანტი ეკუთვნოდა ერთ ოჯახს, საიდანაც ნამუშევარი გაიყიდა. პირადად მას ძალზე სურდა, სურათი ბიძინა ივანიშვილს შეეძინა. რვა წლის წინ ბანკ „ქართუს“ ერთ-ერთ ავტორიტეტულ პიროვნებასაც შესთავაზა, რომ ამ სურათს ძალზე საინტერესო ისტორია ჰქონდა, რომ ეს ნამდვილად ფიროსმანი იყო და ოჯახი მის გაყიდვას აპირებდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე არ მივიდა, ისევე, როგორც უფრო ადრე „არსენალის მთაზეც“ ჰქონდა მცდელობა, ეს ნამუშევარი ივანიშვილს 300 ათასად ეყიდა. ესეც არავინ უთხრა ივანიშვილს და შემდეგ ბიზნესმენს მოუწია ამ ნამუშევრის ორმაგად და სამმაგად ყიდვა.
„გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების მუზეუმს აჩუქა ეს ტილო, ახლა კი „შველი წყლის პირას“ თუნდაც მის კოლექციაში იყოს, ამას ხომ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუტოვებს? იმ ქალბატონმა, ვის ხელშიც აღმოჩნდა „შველი წყლის პირას“, სრულიად შემთხვევით დუქანში დაინახა ეს სურათი. იმ წუთას იცნო ფიროსმანი და შეიძინა რამდენიმე თუმნად. ეს იქნებოდა დაახლოებით 40-50-იანი წლები. ასეთია ამ „შველის“ ისტორია“.
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენმა კულტურის სამინისტრომ მსოფლიოს სააუქციონო სახლებს კი არ უნდა აუხსნას, რომ ცნობილი ნამუშევრების ავტორები ქართველები არიან, არამედ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ „სოტბის“ სააუქციონო სახლმა შექმნას ქართული ხელოვნების კატეგორია.
„შარშანაც ასე იყო, წელსაც მეორდება ეს პრობლემა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კულტურის სამინისტროს სახით, არ დაიცვა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა. ეს არ არის იოლი, ერთი და ორი წერილის გაგზავნით არ გამოვა ეს საქმე. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ ცუდად იმუშავა საერთაშორისო არტბაზარზე საკუთარი სტატუსის შექმნისთვის. შარშანაც ვფიქრობდი „არსენალის მთასთან“ დაკავშირებით და წელსაც იმავეს ვფიქრობ, რომ ფიროსმანის რეიტინგის, ავტორიტეტის, სახელის პოპულარიზაცია ვერ მოხდება იმით, თუკი მის ყველა ნამუშევარს თავს მოვუყრით თბილისში. გააჩნია, რა ამოცანა გვაქვს, თუკი ჩვენი ამოცანაა, ფიროსმანი გაიცნონ, როგორც დიდი მოდერნისტი მხატვარი, მაშინ ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეებში მისი პოპულარიზაციისთვის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ფიროსმანის ერთით მეტი ნამუშევარი იქნება საქართველოში, თუ ერთით ნაკლები, რადგან რაც არის, ისიც არ ემსახურება ფიროსმანისთვის იმ ადგილის დამკვიდრებას, რასაც ის იმსახურებს. ფსევდოპატრიოტიზმია იმაზე მსჯელობა, რომ თურმე ფიროსმანი ბრუნდება საქართველოში. ფიროსმანის ძალიან ბევრი ნამუშევარი გვაქვს, მაგრამ ამით ქართული მხატვრობის ცნობადობა აშკარად არ იზრდება, ამას აჩვენებს „სოტბის“ სააუქციონო სახლის მიერ ფიროსმანისთვის რუსული ხელოვნების ნიმუშის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა სოფო კილასონიამ, რომლის აზრითაც, ივანიშვილის მიერ „შველი წყლის პირას“ შეძენა სხვა არაფერია, თუ არა ფსევდოპატრიოტებში დამატებითი ქულების ჩაწერის მცდელობა. უმჯობესი იქნებოდა, ივანიშვილის ფინანსების დახმარებით გავლენიან საგამომცემლო ინსტიტუციებთან გვემუშავა, რათა ევროპაში ქართული ხელოვნების კატალოგები გამოცემულიყო.