„ევროჩინოვნიკები ანგელოზები არ არიან, ისინი ფიქრობენ, მოდით, ფეხიანს მივხედოთ, უფეხო საქართველო მაინც სად წავა?“

„ევროჩინოვნიკები ანგელოზები არ არიან, ისინი ფიქრობენ, მოდით, ფეხიანს მივხედოთ, უფეხო საქართველო მაინც სად წავა?“

მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინი გაუგებრობამ ჩაანაცვლა, პოლიტიკური ველი ცარიელი არ დარჩა და ისევ რუსეთთან მოლაპარაკების უალტერნატივობაზე დაიწყეს საუბარი.

„ნატო ზურგს გვაქცევს, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულია, რჩება მოლაპარაკებები რუსეთთან“, -მიჩნევს „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ლალი მოროშკინა და თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა აბსოლუტურ იზოლაციაში და არა მხოლოდ ნატომ გვითხრა უარი, არამედ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი უკმეხი პასუხი გაგვცეს ფრანგებმა და გერმანელებმა, რომ გასაგებია, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია.

მოროშკინას თქმით, ძალიან დაკნინებულად უნდა ვგრძნობდეთ თავს და სერიოზული ნოტა უნდა მზადდებოდეს, თუმცა ამის გამკეთებელი არავინაა. კრახით დასრულდა ქართული დიპლომატია, ვერ შევძელით ვერც ჩვენი ქვეყნის პოზიციების დაცვა, ვერც საკადრისი პასუხის გაცემა იმ პასკვილებზე, რაც ქართველებზე იწერება. ევროპაში კრიმინალის მომატება კი, ლალი მოროშკინას აზრით, არ მომხდარა ქართველების ხარჯზე, კრიმინალმა მოიმატა სირიელი ლტოლვილების ხარჯზე და სხვადასხვა პრობლემების გამო, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს. მართალია, ევროპაში ჩასული ჩვენი ბიჭები ხშირად არ იქცევიან ღირსეულად, მაგრამ არ დაფიქსირებულა არც ერთი მძიმე შემთხვევა.

ევროპული იმედგაცრუების შემდეგ რა პერსპექტივა აქვს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს? რას ნიშნავს საფრანგეთისა და გერმანიის პოზიცია და, ნებით თუ უნელიეთ, ეს ქვეყნები ხომ არ ასრულებენ რუსულ დაკვეთას ჩრდილოეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნების თაობაზე?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის უბედურება ძალზე დაბალი პოლიტიკური კულტურიდან მომდინარეობს. სააკაშვილმა ყველა კვერცხი ჩადო ნატოს კალათაში, 2008 წლის აგვისტოში კი ეს კალათა გაგვივარდა ხელიდან და კვერცხები დაიმტვრა. იმის ნაცვლად, რომ ჭკუა გვესწავლა შეცდომებზე, დღესაც მეორე კალათას ვწნავთ და გვინდა, ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩავდოთ, რაც დიპლომატიური ნონსენსია, ანტიდიპლომატიაა, ვინაიდან არ შეიძლება, დამოკიდებული იყო მხოლოდ ნატოზე, ან მხოლოდ რუსეთზე.

„დაბალი პოლიტიკური კულტურა შემთხვევით არ მიხსენებია. იყო დრო, როცა ქართული მეცნიერება ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის სკოლა მთელ მსოფლიოში წამყვანი გახლდათ, ამას ემატებოდა ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის სკოლა და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ბირთვული რეაქტორის აშენება მცხეთაში. ნიკო მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიის შესახებ არავინ იცის, ეს გასაიდუმლოებული იყო, მაშინ მე ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწე ვიყავი და იქიდან ვიცი, რომ მთელი საბჭოთა კოსმონავტიკა დაფუძნებული იყო ნიკო მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიაზე. მართალია, კოსმონავტიკური მეცნიერების პრეზიდენტად ტყუილ-უბრალოდ აკადემიკოსი ლებედევი ითვლებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, წამყვანი მუსხელიშვილი იყო.

ქუხდა ქართული მეცნიერება, გვყავდა ბრწყინველე აკადემიკოსები, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი წერეთელი ევროპაში ორიენტალისტიკის აღიარებული სპეციალისტი იყო, ასევე იყვნენ სხვა მეცნიერებიც. დღეს ამის ნამცეცებიც აღარ გვაქვს და ვიმკით შეცდომებს, რაც მოდის იქიდან, რომ ყველა კვერცხი ჩავდეთ ნატოს კალათაში.

მართალია, შევარდნაძეს კლასიკური დიპლომატიური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც თვითნაბადი დიპლომატი იყო, იბადებიან ასეთები. იგი ცდილობდა ლავირებას, თბილისში ამბობდა, ნატოს კარზე მივაკაკუნებთო, მართლაც ნაბიჯებს დგამდა ამ მხრივ, მოსკოვში კი ჩადიოდა და რუსეთის პრეზიდენტის სადღეგრძელოს ამბობდა. ესეც დიპლომატია იყო, რადგან მან კარგად იცოდა, არ შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი რამის იმედად ყოფილიყო. ჩვენ ნატოში არ გვღებულობენ, ამ დროს კი პოლონეთში მიმდინარეობს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთვნა 30 ათასზე მეტი ჯარისკაცით, სამი ათასი ტანკით, 500 თვითმფრინავით და ამ წვრთვნაში მონაწილეობას იღებს ფინეთი და შვედეთი, ნატოს არაწევრი სახელმწიფოები, რომელთაც ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ჩვენ ასეთი ხელშეკრულებაც კი არ გაგვიფორმა ნატომ, რადგან ევროჩინოვნიკები ანგელოზები არ არიან. ისინი ფიქრობენ, მოდით, ფეხიანს მივხედოთ, უფეხო მაინც სად წავა? ჩვენ უფეხო ვიყავით, რადგან რუსეთთან მისასვლელი ყველა გზა და ხიდი ჩავამსხვრიეთ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, თუკი ევროჩინოვნიკები ეშმაკი ეგოისტები არიან, რუსეთი ასჯერ უფრო ეშმაკია. ამიტომ ბალანსირების წესი უნდა დავიცვათ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე კი საუბარი ნაადრევია.

პოლიტოლოგი ამ მხრივ ნიქსონის მაგალითს იშველიებს. როდესაც ნიქსონმა ჩინეთთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო, თვითონვე ჩავიდა ჩინეთში და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღდგა ურთიერთობა ამერიკასა და ჩინეთს შორის. ნიქსონი აღარც იყო მაშინ პრეზიდენტი. საქართველო კი ხან ერთ კედელს აწყდება, ხან - მეორეს, ხან რუსეთი არ გვინდა, ხან ევროპისგან იმედგაცრუებულნი უარს ვამბობთ ევროპაზე. შედეგად, ვიღებთ იმას, რაც ნატოსგან მივიღეთ, რომელიც პატარა ბავშვივით გვატყუებდა, კანფეტს გვიჩვენებდა, მაგრამ არ გვაძლევდა. რუსეთიც ამას გაგვიკეთებს საბოლოოდ. ამის მიუხედავად, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ, თუკი ვინმე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა, პირველი თავადაა და ამას არც მალავს. უფრო მეტიც, თავის დროზე სააკაშვილთანაც ჰქონია ამ თემაზე არაერთი დისკუსია.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთისკენ არანაირი მიბრუნება საჭირო არ არის, ჩვენ გვჭირდება მშვიდი და გაწონასწორებული პოლიტიკა ამ ქვეყანასთან და, ვინც ლაპარაკობს რუსეთისკენ მიბრუნებაზე, უნდა დააკონკრეტოს კიდეც, რას გულისხმობს ამაში.

„კი ბატონო, მივბრუნდეთ, მაგრამ ზოგადად მივბრუნდეთ ისე, რომ კაცმა არ იცოდეს, საით ვბრუნდებით? მაშინ ისეთივე ვითარებაში აღმოვჩნდებით, რაშიც ვიყავით 200 წლის განმავლობაში. დღეს გერმანიასა და საფრანგეთს აწუხებს ლტოვილთა ნაკადი და კრიმინალური მდგომარეობა. გერმანია აცხადებს, რომ კრიმინალური შემადგენლობა ჩადის საქართველოდან და მათი მდგომარეობა უარესდება. შესაბამისად, ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის გადავადებას, თუმცა არა მგონია, ეს ყველაფერი კრიმინალთან იყოს დაკავშირებული. რეალობა თუ გვინდა და, თუ ალალად შევხედავთ პროცესებს, კრიმინალი ერთ-ერთი მიზეზია. ვეჭვობ, ვიზალიბერალიზაციის პროცესმა გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფება კიდევ უფრო გაზარდოს ან გაააქტიუროს. უფრო მგონია, პირიქით, შებრუნდება ეს ყველაფერი. უბრალოდ, ასეთი მიზეზი გამონახა გერმანიამ.

რეალურად, აქ არის მეორე პრობლემა, უკვე დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ დონბასში არა რუსული, არამედ საერთაშორისო ძალები განთავსდეს. როგორც ჩანს, რუსეთმა ამ მხრივ გარკვეული პირობები წამოაყენა. თუ ის დასთანხმდება დონბასში და ამ რეგიონებში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას, მაშინ დასავლეთმა უნდა შეაჩეროს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მანვე განმარტა, რომ, ზოგადად, ჩვენ ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ნატოსთან, ვიზალიბერალიზაციასთან და ევროკავშირთან, თითქოს რაღაცნაირად მათ ვამადლით, რომ მათთან გაწევრიანება გვსურს. არადა, მთლიანობაში, ეს არის პროცესი და ეს პროცესი მარტო საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია დასავლეთზეც და რუსეთზეც. მართალია, დღეს ევროპა არ არის მზად ჩვენს მისაღებად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ როგორც კი ევროპაში ეს საკითხი დადგება (ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მსგავსად), ჩვენც უპრობლემოდ გადავლახოთ ბარიერი. თუ ჩვენ ამისთვის არ მოვემზადებით და ამ პროცესს შევაჩერებთ, მაშინ ისევ ჩვენს გარეშე ჩაივლის ევროპის გაერთიანების შემდეგი ეტაპი.

90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის პიკზე ისეთივე რეფორმები რომ გაგვეტარებინა, რაც ბალტიისპირეთმა გაატარა, ალბათ, პრობლემები აღარ გვექნებოდა.