აშშ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს

აშშ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს

ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ის ძალისხმევა შეაჯამა, რომელსაც აშშ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების განვითრების მხარდასაჭერად უწევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში აშშ-ის განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენაა მიმართული.

„ვარშავის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ვცდილობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებში უსაფრთხოების საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული შიდა უსაფრთხოების საჭიროებებსა და თავდაცვისუნარიანობაზე“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება რეფორმების განხორციელებაში იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან.

„დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და პარტნიორების მდგრადობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვითხოვეთ 787 მილიონი ევროპისა და ევრაზიის დასაფინანსებლად, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდან, განსაკუთრებით, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთისთვის. საქართველოში, მოდლოვასა და უკრაინაში ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისა და ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ მიმართვას“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას აფასებენ თბილისში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება და ამას მოწმობს ის სამხედრო სწავლება, რომელიც მაისში საქართველოში ჩატარდა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი“ დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატოსა და აშშ-ის მხრიდან მზარდია მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.

„პირველად გერმანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დოკუმენტში რუსეთის, როგორც მოწინააღმდეგის და არა პარტნიორის ასახვა ხდება. ამას მოჰყვება შესაბამისი ქმედება და აშშ-ის მხრიდან ეს მზარდი დაფინანსება ნატოს ფარგლებში აღმოსავლეთ მოკავშირეებისა და პარტნიორების დასახმარებლად, მოწმობს, რომ საქართველოს მხარდაჭერის ტენდენცია იზრდება. ასევე, იზრდება ნატოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთოხოების განვითრების თვალსაზრისით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

for.ge-სთან საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ვიქტორია ნულანდის შემაჯამებელ გამოსვლაში რამდენიმე კომპონენტზეა ხაზი გასმული, როგორიც არის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისთვის მიმართული ღონისძიებები, რაც გულისხმობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას.

მისივე თქმით, მეორე კომპონენტი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარება. ერთი მხრივ, გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან გააქტიურდეს მუშაობა იმისათვის, რომ სწორედ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გახდეს ამ ბაზრებზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და შემცირდეს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება.

„მესამე კომპონენტი, რომელმაც ასევე გაიჟღერა ნულანდის გამოსვლაში - იცით, რომ რბილი ძალის და სხვადასხვა სადაზვერო სამსახურების პენეტრაციით რუსეთი ცდილობდა და ახლაც ცდილობს ქვეყნების შიდა პოლიტიკით მანიპულირებას, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას. საქართველოში ამ ქმედებებს დიდი ხნის ისტორია აქვს, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი მუშაობა საქართველოს ტერიორიაზე. აშშ სადაზვერვო კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს ევროპასა და ევრაზიაში იმისათვის, რომ გამოვლინდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რუსეთის ფარული ან ღია ძლისხმევა, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის შიდა პოლიტიკით მანიპულირებას“, - ამბობს დავით სიხარულიძე.

გარდა ამისა, აშშ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს, თუმცა ქვეყანაში ჯარების განთავსებას არ აპირებს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა გაიხსენა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელშიც ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამერიკული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. კარპენტერმა მაისში ჩატარებულ სამხედრო წვრთნას წარმატებული უწოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, დღის წესრიგი უცვლელია - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროვებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული.

„ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ჯარების განთავსება რომ ყოფილიყო, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნატო-ს წევრობა, მაგრამ წვრთნები ძალიან სერიოზული პასუხია.

„საქართველოში აშშ-ს სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ნატო-სთან დაახლოება საქართველოს უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. უნდა გვესმოდეს, რომ იმ დღეებში მაინც, როდესაც აქ ამერიკული ტანკი შემოდის ან ამერიკული წვრთნები მიმდინარეობს, არ არის მოსალოდნელი ჩვენზე თავდასხმა. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს, რომ შეწყდეს საუბარი, თითქოს ნატო-სთან დაახლოება არის საფრთხის შემცველი. ნატო-სთან დაახლოებაა უსაფრთხოების გარანტიაა“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად და გასაფრთხილებლად, მნიშვნელოვანია სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდა, რადგან ეს სერიოზული სიგნალია იმისა, რომ ნატოელი პარტიორები და მათ შორის აშშ მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დავით სიხარულიძის განცხადებით, ასეთი პირდაპირი სიგნალები ძალიან ნათლად აღიქმება და შეკავების ფუნქციას ასრულებს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ნაბიჯების აღსაკვეთად.

„წვრთნების ინტენსივობის გაზრდა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯებია. ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამხედრო პოტენციალი იმისათვის, რომ შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მას შეეძლოს შეჩერება, შეკავება და თავდაცვის ორგანიზება. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მოემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. გარდა ამისა, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დახვეწა მიმდინარეობს და ეს მხოლოდ განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.

ასეთი ქმედებები დადებითად მოქმედებს რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვის ბიუჯეტი ადეკვატურად ასახავდეს იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.