„რაც უფრო მეტია უკმაყოფილება, ახალ გადამრჩენს, ახალ იმედს ეძებს იმედგაცრუებული ადამიანი“

„რაც უფრო მეტია უკმაყოფილება, ახალ გადამრჩენს, ახალ იმედს ეძებს იმედგაცრუებული ადამიანი“

წინასაარჩევნო კამპანიის ათვლა დაიწყო და ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარტიების რაოდენობამაც იმატა. პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისათვის“ გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და თამაზ მეჭიაურის „ერთიანი საქართველოსთვის“ მიემატა. რამდენად ნოყიერი გარემოა ახალი პარტიების შესაქმნელად და ხომ არ დაასხამენ ისინი წყალს ტრადიციული პარტიების - „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: სახელმწიფოში რაც უფრო პოლიტიზირებულია მასა, მით უფრო ნოყიერი ნიადაგი იქმნება ახალი პოლიტიკური პარტიისთვის. დღეს ვიყენებთ ტერმინს „მასა“, მაგრამ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოლიტიკოსები იყენებდნენ სიტყვას „პლებსი“, ანუ უბრალოდ ბრბო. რაც უფრო მეტია უკმაყოფილება, ახალ კუმირს, ახალ გადამრჩენს, ახალ იმედს ეძებს იმედგაცრუებული ადამიანი. რასაკვირველია, ეს თავისთავად ღირსებას არ მატებს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, თუმცა რომელ ღირსებაზე შეიძლება ჩვენთან საუბარი?!

ახალი პარტიების გაჩენა პოლიტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს, თუ პოლიტიკურ სიბეცეზე, მათი სუსტი შანსებიდან გამომდინარე?

- რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სუპერმრავალპარტიულობა, არაგონივრული მრავალპარტიულობა ნებისმიერი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როდესაც ძალზე დიდია უკმაყოფილო მასა და ამ უკმაყოფილო მასის ხმებისთვის იბრძვის 10-20-40 პარტია, ეს ხმები ქუცმაცდება და პატარ-პატრა სეგმენტებად იქცევა. არცთუ შორეული ქართული ისტორიიდან ამის ყველაზე კლასიკური მაგალითი იყო უგულავას მერად გახდომა. მან ხმების 30% მიიღო, 70% მის წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ეს 70% გაიყო 20-მა პარტიამ და ცალ-ცალკე ყველას მოერია უგულავა. ისინი რომ გაერთიანებულიყვნენ ორ-სამ პარტიაში, უგულავა საკუთარი ყურებივით ვერ ნახავდა მერის სავარძელს.

მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, შეინარჩუნებს თუ არა მმართველი კოალიცია უმრავლესობას. ფიქრობთ, რომ არაგონივრული მრავალპარტიულობით დაქსაქსული ხმები მაინცოცნებისსასარგებლოდ წავა?

- „ოცნებას“ დიდი შანსი აქვს. ამ ახალ შექმნილი პარტიებიდან თითო-ოროლას კიდევ გააჩნია შანსი. მაგალითად, პაატა ბურჭულაძეს თავისი ელექტორატი ჰყავს, თავისი პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე, მეჭიაურსაც ჰყავს თავისი ელექტორატი. მეჭიაურის ელექტორატი ის მასაა, რომელიც ბრაზდება სექსუალურ უმცირესობათა აგრესიული აქტიურობის გამო, მაგრამ ხმას ვერ იღებს, ეშინია, რადგან ხელად გამოხტება „რუსთავი 2“-ში და ფაშისტის, ანტიდემოკრატის, რასისტის იარლიყს მიაკრავენ, თანაც, ნახევარ ევროპას აუმხედრებენ მომენტალურად. ამ დროს გამოჩნდა მეჭიაური, სიამოვნებით წავლენ და მას ხმას მისცემენ ისე, რომ ვერავინ გაიგებს, რადგან ხმის მიცემა აფიშირებულად ტელეეკრანების თვალწინ არ ხდება.

მაგრამ ეს პარტიები გვიან გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, განსხვავებით, „ოცნებისადანაცმოძრაობისგან“. ამდენად, ხომ არ გაუჭირდებათ მათ წარმატების მიღწევა საარჩევნო მარათონში?

- ცხადია, არათანაბარი სასტარტო პირობებია, ოთხი თვე დარჩა და მეჭიაური ჯერ სიებს აგროვებს. პაატა ბურჭულაძეც ახლა იწყებს წინასაარჩევნო პირველ კამპანიას. „ოცნებაც“, პრაქტიკულად, ნულიდან იწყებს, რადგან ის სცენარი, რომელი სცენარითაც „ოცნება“ მოვიდა სათავეში, უკვე დაიხა და გადაიფარა. ამას წინათ ქუცნაშვილი პერანგიდან ხტებოდა და ყვიროდა, ყველა ჩვენს წინააღმდეგ რომ იყავით, მაშინ დაგამარცხეთ ნაციონალები და ახლა მარტო თქვენ რომ ხართო, საერთოდ, ასჯერ დაგამარცხებთო. თუმცა მაშინ ნაციონალები დაამარცხეს არა საკუთარი ძალის, არამედ ხალხის მოლოდინის იმედით და იმდროინდელი მმართველი პარტიის სისუსტის გამო. ახლა ის ფაქტორები, რამაც მაშინ იმუშავა „ოცნების“ გამარჯვებაზე, ანუ ნაცმოძრაობის შეცდომები და დანაშაულები აღარ არის, მაგრამ „ოცნების“ შეცდომა უამრავია.

რაც მთავარია, ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც უკვე აღარ შეუძლია „ოცნებას“, ეს არის იმედგაცრუება. ყველა, ივანიშვილიდან დაწყებული და ქუცნაშვილით დამთავრებული (რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, უბრალოდ, „დალტონიკი“ არ უნდა იყოს და ღილაკის ფერი არ შეეშლოს, რომელ ღილაკს დააჭიროს თითი) გაურბიან მთავარ კითხვას, დღეს ხალხი უკეთესად ცხოვრობს? ერთია, რომ დღეს არავინ უსმენს ხალხს, არ ართმევენ ბიზნესს, მაგრამ კომფორტი მოემატა მოსახლეობის მაქსიმუმ 10%-ს, 90%-ს არც სააკაშვილი უსმენდა და არც ბიზნესს ართმევდა, რადგან ბიზნესი წასართმევი ჰქონდა თითო-ოროლას და იმათ თუ ართმევდა ქონებას.

რამდენად ზუსტად ჩაჯდა აქ პაატა ბურჭულაძის მიმართვა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიჭირვოთ და მოხვიდეთ არჩევნებზე, რადგან მეც ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ, იმედგაცრუებული დამტოვა ჯერნაცმოძრაობამ“, მერეოცნებამ“.

- ზუსტად ჩაჯდა. გარდა ამისა, პაატამ გაბედა და პირველმა ამ პარტიებიდან თქვა, გვეყოფა წინა ხელისუფლებების ცოდვებით ლაპარაკი, ნუ ვცხოვრობთ წარსულში. ყველა რეკორდი მოხსნა ივანიშვილმა გამუდმებული ძახილით - ნაციონალები -„რუსთავი 2“-იო. საკვირველია, თან ამბობენ, ნაციონალები ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, ცალი ხელით დავამარცხებთო, მაგრამ დილიდან საღამომდე ამაზე ლაპარაკობენ. კლასიკური მეცნიერების პოლიტიკის კიდევ ერთი დაუწერელი კანონია, რომ წინა ხელისუფლების ყველაზე საშინელი დანაშაულიც კი არ ამართლებს მოქმედი ხელისუფლების თუნდაც ერთ შეცდომას, რადგან ყველა პასუხს აგებს საკუთარ თავზე. თუ წინა ხელისუფლება ყოველდღიურად სცემდა ხალხს, ამათ წელიწადში ერთხელ სცემეს ხალხი და ეს დანაშაული აღარ არის? ხალხის ცხოვრების დონეს, უმუშევრობას რამე მოუხერხეს?

წინასაარჩევნო სასტარტო პერიოდს რომ მივუბრუნდეთ, პროდასავლურ ორიენტაციას იშველიებენგირჩი“, „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები, პაატა ბურჭულაძის პარტია. მეორე ფლანგზე ჩანან პრორუსული ძალები, ნაკლები ადგილი დარჩა ნეიტრალიტეტის მომხრეებისთვის. პროდასავლელთა გულწრფელობა ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ხომ არ გადაიტვირთა პროდასავლური ფლანგი?

- ჩვენ გამოვიარეთ რუსეთის იმპერია, საბჭოთა იმპერია, 2008 წლის ომი და პროდასავლურობა პოლიტიკურ მოდად და კარგ ტონად იქცა. მაგალითად, სუფრაზე ერთმა კაცმა იცის დანა-ჩანგალი რომელ ხელში დაიკავოს, მეორე კი ხელით ჭამს პირდაპირ ქვაბიდან საჭმელს. ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა „მოვე ტო“, ანუ ცუდი ტონი, ჩვენთან ცუდ ტონად ითვლება რუსეთთან დალაპარაკების იდეაც კი. დღეს რაც ხდება, ესეც არანორმალური და ხელოვნურია, რადგან პროდასავლურობა მაინცდამაინც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა? მაგალითად, პარლამენტში მმართველ პარტიას რომ ჰკითხოთ, ისინი პროდასავლურები არიან, მაგრამ ყველა ამ პარლამენტარის ნათესავი, დისშვილი, ძმისშვილი რომ კარგ ადგილზეა დასაქმებულია, ეს პროდასავლური ევროპული უნარ-ჩვევაა? ამხელა პრემიები, დანამატები, ევროპული წესია? ივანიშვილი წუწუნებდა, განათლებისთვის ფული არ გვაქვს, ვანო კიღურაძე სულ მეუბნება, განათლებისთვის მეტი თანხებია საჭიროო, ამ დროს გამოჩნდა, რომ თურმე კონცერტებისთვის სახელმწიფოს 30 მილიონი აქვს. მაშინ როდესაც არც ერთ მდიდარ ქვეყანაში, ამერიკაში, ევროპაში სახელმწიფო კაპიკს არ ხარჯავს უცხო ანსამბლების მოწვევაზე. ამაზე ზრუნავენ კერძო ფირმები, რომლებიც ანსამბლებს იწვევენ და შემდეგ მოგება მათვე რჩებათ.

ჩემს ახალგაზრდობაში მე თვითონ მოწმე ვარ, ცნობილი ამერიკელი იმპრესარიო სუხიშვილების წასაყვანად ჩამოვიდა, ორკვირიანი მოლაპარაკება გაიმართა თბილისში პირობების თაობაზე, ვინაიდან იმპრესარიოს კაპიკს არ აძლევდა ამერიკის მთავრობა, გაკოტრდა კიდეც ერთხელ, მერე ბალერინა გალინა ულანოვა ჩაიყვანა და იმან გაამდიდრა ისევ. ჩვენთან კი მთავრობამ 30 მილიონი გამოყო კონცერტებზე, სად წავიდა ეს 30 მილიონი? ალბათ, უკვე დახარჯულია. ისეთი ვინ გამოიყვანეს სცენაზე, რა მარგი ქმედების კოეფიციენტი მივიღეთ? ე.ი. ფული თურმე არ არის, მაგრამ რეალურად ფული არის. მეცნიერებისთვის ფული არ არის, მაგრამ კონცერეტებისთვის ფული არის სახელმწიფოს ხარჯზე. ძალზე ბევრია ასეთი რამ, რაც ხალხს აღიზიანებს.

წინასაარჩევნო პერიოდში დაბნეულია ამომრჩეველი და ამ ფონზე, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნებისმეხამრიდად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და დაგვიბარა, თუ არ ვენდომები ხალხს, წავალ და მოგენატრებით. ეს სიტყვები მისგან სხვა დროსაც მოგვისმენია. არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ამოწურა შესაძლებლობები და მცირდება მათი რიცხვი, ვისაც ბოლომდე სჯერა მისი.

- ასეთი განცხადებები დემოკრატიულ ქვეყნებში არ კეთდება -„მე წავალ, მე კარგად ვიქნები და თქვენ იკითხეთ, რა გეშველებათო“. ივანიშვილი ამბობს, ჩვენ კარგი დემოკრატია გვაქვსო, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოება პერსონების მიხედვით კი არ იმართება, არამედ -ინსტიტუტების მიხედვით. ინსტიტუტი ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება, მეოთხე ხელისუფლება - მედია. ამას ეფუძნება ხალხის იმედი. ახალგაზრდობაში ევროპაში დავდიოდი და სულ მიკვირდა, რატომ იყო ინგლისში ასე ფეტიშად ქცეული სასამართლო. ვფიქრობდი, ღარიბი ქვეყნებისთვის მილიონი პრობლემაა -უმუშევრობა და სხვა, სასამართლო კი მოიცდიდა, ინგლისელები კი ამბობდნენ, პირველ რიგში, სასამართლო უნდა იყოს მიუკერძოებელი და ამას მოჰყვება ყველაფერი. დღეს მივხვდი, მართლა ასე ყოფილა, მზიდი კონსტრუქცია სასამართლოა, ვინაიდან სუყველა სასამართლოში უნდა მივიდეს. ეს შეეხება მასაც, ვისაც რაღაც მოჰპარეს და მასაც, ვინც ხმები დაკარგა არჩევნებში. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკური ორგანიზმის ყველა ნერვის დაბოლოების მთავარი კვანძი მაინც სასამართლოა. ამიტომ, თუ სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, უკვე აღარ აქვს მნიშნელობა, ეს უნდობლობა სამართლიანია თუ უსამართლო, ეს უნდობლობა ხელოვნურად შექმნა „რუსთავი 2“-მა თუ ობიექტურმა პირობებმა შექმნა. ამას ვერ ხვდებიან „ოცნების“ ლიდერები. როგორც ჩანს, ივანიშვილიც არ დაფიქრებულა ამაზე სერიოზულად. თუ „რუსთავი 2“-მა მოახერხა და სასამართლოს გაუტეხა სახელი, მორჩა უკვე. ეს არის პიროვნების ფაქტორი, მესია, გადამრჩენი. ადრე მოსე 40 წელს ატარებდა ხალხს, მესია მოვა, გადაგვარჩენსო, დღესაც ისრაელში, ამ მეცნიერების ქვეყანაში, არის ებრაელთა ერთი ჯგუფი, თეთრი ტანსაცმელებით რომ დადიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის ნამდვილი ისრაელი, მესია ჩამოვა და მაშინ იქნება ნამდვილი ისრაელიო.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილში დღემდე გადამრჩენს ხედავენ, ზუსტად ალტერნატივის უქონლობის პრობლემაა. საინტერესო ის არის, რომ თავად ივანიშვილი საკუთარ თავს თავისუფალ ადამიანს უწოდებს, ყოველგვარი გავლენების გარეშე. რამდენად არის ის თავისუფალი, როცა მას რჩევებისთვის აკითხავენ და ისიც მოძღვრავს ადამიანებს?

- დავუშვათ, დღეს გაიმარჯვა რომელიმე სხვა პარტიამ, თუნდაც იმავე პაატა ბურჭულაძემ, მივა კი პაატა ბურჭულაძე ივანიშვილთან რჩევის საკითხავად? ვინ მიდის მასთან რჩევისთვის? რჩევისთვის მიდიან ისინი, ვინც მან აქცია ხალხად. ღარიბაშვილი თვეში ერთხელ მოდიოდაო, ახლა ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, ევროპაში, უცხოეთშია ნაცხოვრები, ეს სამარცხვინო ამბავია, გავა 10, 20, 30 წელი და ღარიბაშვილი სირცხვილისგან თავს ვერ გამოყოფს, რადგან რჩევისთვის „ხომ არ წავიდე, ხომ არ დადგა დრო ჩემი წასვლისა“ მიდიოდა ივანიშვილთან, მაშინ როცა ამას ხალხს უნდა ეკითხებოდე, საზოგადოების მაჯისცემაზე უნდა გედოს ხელი. დე გოლი როდესაც დაეჭვდებოდა, ხომ არ დადგა ჩემი წასვლის დროო, რეფერენდუმებს აწყობდა. იგი რეფერენდუმით წავიდა, თუმცა სამი წელი კიდევ შეეძლო პრეზიდენტად ყოფილიყო. რეფერენდუმიც მისი იდეა იყო, თორემ არავის უნდოდა რეფერენდუმი. ნახა, რომ ხალხს აღარ მოსწონდა, 11 მილიონი ადამიანი გამოვიდა მის წინააღმდეგ და გადადგა. ამ დროს ჩვენთან მიდიან და ერთ კაცს ეკითხებიან, ხომ არ დადგა ჩემი წასვლის დრო? რა გამოდის, ივანიშვილმა უკეთ იცის, ვინ როგორი მინისტრია, ვინ როგორი პრემიერია, თუ ხალხმა? ჯერ ერთი, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა. სადაც სამართალია, ივანიშვილს უნდა ეთქვა ღარიბაშვილისთვის, მე კი ნუ მეკითხები ამას, გადი ხალხთან, უფრო ახლოს იყავი ხალხთან, გაიგე, შენზე რა აზრის არიან, გაიგე, უკეთ ცხოვრობენ თუ არა, ნუ უყურებ მარტო „რუსთავი 2“-ს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა თავისუფალი ბიძინა ივანიშვილი, მან ნებაყოფლობით იმხელა ტვირთი, წისქვილის ქვები მოიკიდა მხრებზე, რომ თავისუფალი ვერ იქნება. ეს გამორიცხულია, ვინაიდან თავისუფალი ის ადამიანია, რომელსაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ აქვს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახი აბარია. ყოველ შემთხვევაში, დღეს მმართველი პარტია, მთავრობა, პრაქტიკულად, ივანიშვილია. თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი - ნორვეგიაში, დანიაში, ფინეთში, ამერიკაზე აღარაფერს ვამბობ, თავისუფალი ადამიანი არ არის. დენ სიაოპინი წავიდა მთავრობიდან, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, თავისუფალი ადამიანი ვარო, რადგან მაინც არაფორმალური მმართველობა ჰქონდა, რაღაც პრინციპები გააჩნდა და უყურებდა, ამ პრინციპებისთვის არ გადაეხვია ქვეყანას, დღეს კი ჩინეთი გიგანტია, ამერიკას ეჯიბრება უკვე. ამიტომ თავისუფლება სულ სხვა ცნებაა.