ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღეს. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს და იუსტიციის მინისტრების შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება და სწორედ რომ, ეს შეხვედრა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი ის დრო, რომელშიც შესაძლებელია საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იყოს გადაწყვეტილება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი თვლის, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. მისივე თქმით, გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი პოზიტიური საბოლოო დასკვნის მისაღებად.
„მჯერა, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ამჟამად ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავენ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს. თუმცა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოს მიმართ ორგანიზებულ დეზინფორმაციის კამპანიაში საეჭვოდ, ერთი მიმართულებით მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი ევროპული სააგენტო და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ოპტიმიზმის საფუძველს თეა წულუკიანს იმ რეფორმების განხორციელება აძლევს, რომელიც საქართველომ ევროკავშირის სამოქმედო გეგმით მოითხოვა.
„ახლა არის ჯერი დიდ ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა კარგად გაითავისებს იმ შედეგებს, რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებას.
„საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაში, რომლის მიხედვით, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, გარდა ამისა, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი წერს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ თვლის, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შეყოვნების გარეშე უნდა მოხდეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინამ და საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მიიღონ.
„საქართველო და უკრაინა შეესაბამებიან დაწესებულ კრიტერიუმებს და უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად. აქ საქმე ეხება ევროკავშირისადმი ნდობას და ავტორიტეტს. უკანა თარიღით ქვეყნებისთვის დამატებითი პირობების წაყენება, მიუღებელია“, - განაცხადა ტაავი რიივასმა.