ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნებას“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება, რადგან თვლის, რომ არჩვენების შემდეგ, პარლამენტში საშუალოდ 95 დეპუტატით შევა. აქვე ექსპრემიერი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ამბობს, რომ ის ყოველ თვე აკეთებს კვლევებს და იცის, რა ხდება რეალობაში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს განცხადება პოლიტიკური პროცესის წარმოებისთვის გარკვეული სტიმულის მიცემის ერთ-ერთი გზაა.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, რამდენად ოპტიმისტურია ექსპრემირის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ 95 დეპუტატით შევა პარლამენტში?
რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის ეს განცხადება პოლიტიკური პროცესის წარმოებისთვის გარკვეული სტიმულის მიცემის ერთ-ერთი გზაა. ამდენად, დიდი სიზუსტით არ უნდა დავუწყოთ ანალიზი ამ ციფრებს. მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მომგებიანი აღმოჩნდება ეს არჩევნები, ვიდრე ამ პროგნოზებში ფიგურირებს.
იმ პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თითოეული რა სიჩქარით მოძრაობს, ანუ როგორი იქნება სხვა პოლიტიკური პარტიების სურათი 8 ოქტომბრისთვის და როგორი იქნება თავად „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც ბუნებრივია, სურვილი აქვს, რომ სხვებთან შედარებით დიდი განსხვავება ჰქონდეს, ისევე როგორც სხვა პარტიებს. დღეისთვის ბუნდოვანია იმაზე საუბარი, როგორი იქნება საერთო სურათი.
რასაკვირველია, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე არ ვიცით როგორი იქნება 2016 წლის 8 ოქტომბრის რეალური სურათი, მაგრამ შესაძლებელია „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება მოუწევს?
- ჯერჯერობით, ყველა ექსპერტული შეფასება ატარებს იმ ტენდენციას, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში იქნება. მაგრამ ერთ–ერთი წამყვანი ვერსიაა, რომ მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა, რადგან გადაწყვტილებისთვის საკმარისი მანდატები ვერ ექნებათ. ეს, რა თქმა უნდა, 95-ზე ნაკლები რაოდენობაა. ამდენად ექსპერტებისა და ივანიშვილის აზრი არ ემთხვევა. ივანიშვილის განცხადებას მასტიმულირებელი ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ თუ მოახერხებენ 95 მანდატის მოპოვებას, მაშინ დამოუკიდებლად შეეძლებათ მარტივი გადაწყვეტილებების მიღება.
იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაცემულია, ალბათ, რთულად წარმოსადგენია შეძლონ 95 მანდატის მოპოვება...
- რეიტინგი ძალიან მგრძნობიარე რამ გახლავთ. მისი ცვლილება შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს. გააჩნია რა პოლიტიკური მოვლენების ავტორი იქნება „ქართული ოცნება“და მისი ოპონენტები. თუ ოპონენტებმა დაუშვეს ძალიან მკვეთრი შეცდომა, მაშინ ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. შეიძლება ეს ერთ კვირაში მოხდეს, ან ბოლო დღეებში. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დღეებში „ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას, რომლებიც მის რეიტინგს აწევს.
ექსპრემიერი ამბობს, რომ ის ყოველთვე აკეთებს კვლევებს და იცის, რა ხდება რეალობაში. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ნაციონალებს გამოაკლდათ ადამიანები, საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი, რომელთაც ცალკე პარტია შექმენს. ამ დანაკლისმა შესაძლებელია ბარიერის გადალახვის პრობლემა შექმნას?
- რა თქმა უნდა, დანაკლისია და ის 20%, რომელიც ფიგურირებს პოლიტიკურ რეიტინგებში, ღირებული იყო მაშინ, როცა ეს ჯგუფები „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ. აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, პოლიტიკურ ველზე შემოვიდა საკმაოდ ამბიციური პოლიტიკური გუნდი, ბურჭულაძის პარტიას ვგულისხმობ, რომლის ბევრი კომპოზიცია წააგავს ნაციონალებს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ნაციოანლებს დიდი დანაკლისი ექნებათ. იქნება თუ არა ეს დანაკლისი საიმისოდ, რომ ერთის მხრივ ბარიერის პრობლემა შეექმნათ, ხოლო მეორე მხრივ, თავად ნაცმოძრაობა, როგორც პარტია ხომ არ დაუშვებს ისეთ შეცდომას, რომელმაც შესაძლოა საბედისწერო შეცდომა შეასრულოს მისი პოზიციების ჩამოყალიბებში? გარდა ამისა, წინ გვაქვს კომპრომატების სერიოზული ომი, ამ სიტყვის ფართე გაგებით და ასეთი კომპრომატების დიდი რესურსი აქვს ნაციონალებს.
რამდენად დაუნდობელი იქნება კომპრომატების ომი?
- კომპრომატების ომი ოდნავ სხვა გაგებით ვიხმარე, ვიდრე ჩვეულებრივ ხმარობენ-ხოლმე. შეიძლება ამოტივდივდეს ის, რაც ყველასთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია და უბრალოდ შეხსენების ფუნქცია ჰქონდეს ამას. იცით, რომ მზადდება ხაინდრავას ფილმი.
თუმცა, ეს ფილმი დიდი სიახლე არ იქნება საზოგადოებისთვის...
– მაგრამ შეხსენებით ბევრ რამეს გაახსენებს საზოგადოებას. ამ ტიპის საინფორმაციო ომს დავარქმევდი კომპრომატების ომს, რაც არ არის დაკავშირებული რაიმე ახალ მასალაზე. თუკი არის რაიმე ახალი მასალა და გამოქვეყნდება, სხვა საკითხია, მაგრამ ზოგადად, არჩევნების პროცესის კვალდაკვალ იქნება კომპრომატების ომი.
იმ ფონზე, როდესაც გვყავს პოლიტიკური პარტია, რომლის ბრძოლის ხერხი ძალიან დაუნდობელია, რატომ ცდილობს ხელისუფლება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგინოს მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია?
- ვერ ვიტყოდი, რომ გაკოტრებულია. სოციოლოგიას თუ გავიხსენებთ, რომელზეც უკვე ვსაუბრობდით, 20% ხმების ერთი მეხუთედია და ბევრი პარტიისთვის სასურველი იქნებოდა ეს რაოდენობა. გაკოტრებაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოსახლეობას არ აქვს უნივერსალური მეხსიერება, ანუ ყველაფერი ყოველთვის არ ახსოვს. ასე რომ, გადაჭარბებულად არ მეჩვენება ნაციონალების თემის წარმოშობა, რადგან ეს მხოლოდ პოლიტიკური ძალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულის გარკვეული რიცხვი დაგროვდა, რომელზეც ისინი იყვნენ პასუხისმგებლები, ამის უგულებელყოფას თუ მოვახდენთ, მაშინ 20%-საც აიღებს და მეტსაც. ახლა ბრძოლა მიდის იმაზე, რომ ეს კრიმინალური წარსული თავისუფლებას არ მიეცეს და უგულებელყოფილი არ იყოს ამომრჩევლის მიერ.