„ქიბარ ხალვაშს ფული აქვს ჩადებული „რუსთავი 2“-ში, განსხვავებით ნიკა გვარამიასგან“, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - თუ რა ინფორმციას ფლობდა ტელეკომპანიის მფლობელებთან დაკავშირებით. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ქიბარ ხალვაში აიძულეს, რომ ფული ჩაედო ტელევიზიაში, რადგან სააკაშვილი განსაზღვრავდა ვის რა უნდა ეყიდა და ვის რა უნდა გამოეყენებინა.
თუმცა, ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია არჩევნებს იმ ფორმით უნდა შეხვდეს, რა ფორმითაც დღეს არის და აქვე აცხადებს, რომ სასამართლო არის თავისუფალი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის იღებს.
„არ მინდოდა გამეხსენებინა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან, თუმცა ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები, ციხეები გატენილი იყო ხალხით, ართმევდნენ ყველაფერს, კლავდნენ და აწამებდნენ ვისაც უნდოდათ. ამას „აპრავებდნენ“ „რუსთავი 2“ და სხვა ტელევიზიები. 9 წლის განმავლობაში შავს თეთრად აჩვენებდით. დღეს კეთილი ინებეთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ.
რა უნდა გვარამაის? გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც „იმედის“ ჟურანალისტები იატაკზე გართხმული იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდქცეულ „რუსთავი 2-ს იცავს. ყარამანიშვილები აღარც კი ბედავენ გამოსვლას. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს, როგორ მოგწონთ ეს?“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მაშ ასე, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ სასამართლო დავაში ჩართული არ არის და თვლის, რომ ტელეკომპანია არჩევნებს იმ ფორმით უნდა შეხვდეს, რა ფორმითაც დღეს მაუწყებლობს. თუმცა, ამის მიუხედავად პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კერძო სასამართლო პროცესი არჩევნების წინ ზიანს არ მიაყენებს მედიაგარემოს.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება მედიას, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის წინ. „რუსთავი 2“ არის ყველაზე პოპულარული სამაუწყებლო არხი საქართველოში. ჩვენ ველით, რომ კერძო სასამართლო პროცესი არჩევნების წინ ზიანს არ მიაყენებს მედიაგარემოს. სასამართლო არ არის არც პრეზიდენტის, არც პრემიერის და არც მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება მედიას, განსაკუთრებით კი საარჩევნო პროცესის წინ. ნებისმიერი სახის ძალადობა მედიის მისამართით მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში, „რუსთავი 2“- საქმეზე მიმდინარე პროცესზე ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა. საუბარია ლოგოსა და საავტორო უფლებების ნაწილზე. შესაბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა. დავაში მოპასუხე მხარე „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. რადგან საავტორო უფლებებზე დავა აღარ განიხილება, გვარამია პროცესზეც არ დაუშვეს. ამავე მიზეზით, პროცესზე დასწრებაზე უარი ეთქვათ „რუსთავი 2“-ის იურისტებსაც.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივარზე, ქიბარ ხლვაშის ადვოკატის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა მის მარწმუნებელთან და შეთანხმდნენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ ამ სარჩელზე. კითხვაზე, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება გუშინ და არა გაცილებით ადრე? ადვოკატის თქმით, ამის სურვილი ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ქიბარ ხალვაში საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოსამართლეებთან ერთად პროცესის დაჩქარებას და სასამართლო დავის დასრულებას ცდილობს, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მას „რუსთავი 2“-ისა და ძმები ყარამანაშვილების ადვოკატები არ აძლევდნენ საშუალებას სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივარზე საკუთარი პოზიცია გაეცნო და ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეჭიანურებინათ პროცესი.
„სასამართლო პროცესი იყო აუტანელი და „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები სხდომაზე არაშესაფერისად იქცეოდნენ. უნდა გენახათ, რა პირობებში მიწევდა საუბარი, მიწევდა ყვირილი იმისთვის, რომ ჩემი კოლეგების სამ ხმაში ერთად საუბარი გადამეფარა. მე სასამართლოს გადავეცი ჩემი პოზიცია, მეორე მხარეს კი არ აინტერესებდა ეს. უბრალოდ ხმამაღალი რეპლიკებით ცდილობდნენ ჩემი პოზიციის გაცნობისთვის ხელი შეეშალათ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
სასამართლო დარბაზიდან გაძევებული „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროცესები რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს. გვარამიას განმარტებით თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს მათ საჩივრებს, აღნიშნულმა კოლეგიამ რაც არ უნდა ქნას, ყველაფერი უკან დარჩებათ.
„აბსოლუტურად ყველაფერს ველოდები, სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე სრულად შეთანხმებულად იქცევა და ეს ყველაფერი ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ. ესენი ერთი მხარე არიან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს. ჩვენ, თავისთავად ცხადია ვიბრძოლებთ ბოლომდე, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ამ კოლეგიამ რაც არ უნდა ქნას, თუ ჩვენი სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება, წერონ და იკითხონ, ეს ყველაფერი უკან დარჩებათ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად კოლეგიას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი კი, ჯერჯერობით უცნობია.