საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შს მინისტრები 10 ივნისს იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა.
თუმცა, გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა. გარდა ამისა, გერმანია თითოეული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის ეტაპობრივად დაწესებას ითხოვს.
გამოცემა წერს, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული.
საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.
საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია გერმანიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია.
„სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომხრე ვარ, რომ დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე“, - აცხადებს პერ შტაინბრიუკი.
ასე არ ფიქრობს საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, რომლის განცახდებით, ყველა ევროპული ინსტიტუცია თანხმდება, რომ საქართველომ ზედმიწევნით კარგად შეასრულა ყველა დავალება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის.
„იმედია, რომ ეს მოქმედებები გაგრძელდება და ყველა ისარგებლებს იმ შედეგებით, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია მოიტანს. ჩემი აზრით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში ბრალი არ მიუძღვის“, - განაცხადა კრისტიან ურსემ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსად საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების კატეგორიული წინააღმდეგია ბელგიაც. შესაბამისად, რთულია წინასწარ განსაზღვრო მიიღება თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ევროპული ოჯახის ისტორიული წევრი. თეა წულუკიანის თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ მისმა მთავრობამ უამრავი რეფორმა განახორციელა, მათ შორის უმძიმესი რეფორმები, რათა უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიღებულიყო.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, მაგარამ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრი არაფერი შეგვიძლია, ამ ეტაპზე, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ახლა ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენ ყველაფერს პოლიტიკურ დონეზეც ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილნი, რადგან არავის მივეცით უფლება, ეთქვათ, რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ქართველმა ხალხმა ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უნდა ითქვას, რომ საქართველომ რეკორდულ დროში 2 წელიწადსა და 9 თვეში დაასრულა ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა. აღნიშნული გეგმა საქართველომ 2013 წლის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ მოესწრო ძალიან დიდი მოცულობის 65 საკანონმდებლო ცვლილების, 85 კანონქვემდებარე აქტის, 9 კონვენციის და 7 სტრატეგიის შემუშავება და მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჯერ საქართველოს მოუწია სასტარტო პირობებში დაბრუნება, რადგან კანონმდებლობა საპირისპირო მიმართულებით იყო განხორციელებული და შემდგომ უკვე ევროპული სტანდარტების შემოტანა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ცოტა ოთხი მოხსენება დასჭირდა საქართველოს იმისთვის, რომ კომისიას ეღიარებინა მისი წარმატება. დავით ბაქრაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე მთავარი რასაც ასევე მიაღწია საქართველომ, ეს არის წარამტება ევროპულ გზაზე.
„ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა და მათ შორის მზარდი მიგრაციული კრიზისები და ამ კრიზისის თანმხლები გამოწვევები. თუმცა, ამის მიუხედვადა ძალიან პრინციპულია პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის სახელმწიფოების მხრიდან, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით ყველაფერს მიაღწია. თუმცა არის საკითხი, რომელსაც ევროკავშირი თვლის, რომ თვალი უნდა გავუსწოროთ. რეფორმები, რომელიც განავხორციელეთ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ კუთხით ევროპა დარწმუნებულია, რომ რეფორმები გაგრძელდება.
ამიტომ, მჯერა, რომ ის, რასაც კომისია აცხადებდა და რამაც გააჩინა ძალიან მაღალი მოლოდინები, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იყო საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყვეტა და ეს ჩვენ კომისრებისგან შევიტყვეთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არასასრუველი შედეგი ამ თვალსაზრისით არ იქნება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მრხარეების განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ამაზე საუბარი უჭირს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ორი მესამედით, რეალურად, ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილებების მიიღება ევროკავშირში საერთაშორისო კონსენსუსით ხდება.
„აქედან გამომდინარე მეეჭვება ანგარიში არ გაუწიონ საფრნაგეთისა და გერმანიის პოზიციებს. შესაბამისად, გამიჭირდება გითხრათ შედგება თუ არა კონსენსუსი. ის, რომ დიდი წარმომადგენლობის გარეშე ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგება, ამის დიდი ალბათობაა. დაველოდოთ რამდენად შეძლებს თავმჯდომარე ქვეყანა ჰოლანდია, რომ საერთო პოზიციამდე მივიდნენ და ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომლითაც უკმაყოფილო არ დარჩება არც ერთი მხარე“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
რაც შეეხება გერმანიის შს მინისტრის პოზიციას, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული, და რაც შესაძლოა, საქართველოსთვის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი გახდეს, ჩხიკვაძე ამობობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ზოგადი განწყობა.
„სხვებისგან განსხვავებით საქართველომ ვიზიალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დადებითად შეასრულა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდ დროს დაემთხვა ეს ყველაფერი, თვითონ ევროკავშირშიც ძალიან სერიოზული მიგრაციული კრიზისია. საქართველოს საკითხი რომ ყოფილიყო რამდენიმე ხნით ადრე, ვვარაუდობ, რომ ძალიან მარტივად შევძლებდით მოლდოვასთან ერთად უვიზო მიმოსვლას. დღეს ევროკავშირის შიგნით განსხვავებული სიტუაციაა, ამ სიტუაციის მძევალია საქართველო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძემ.