„მკვლელი მძღოლების მიმართ რეაგირება აუცილებელია“

„მკვლელი მძღოლების მიმართ რეაგირება აუცილებელია“

წლევანდელი წლის მხოლოდ პირველ სამ თვეში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 2000-მდე ადამიანი კი დაშავდა. ჩვენს ქვეყანაში ეს მონაცემები წლიდან წლამდე მზარდია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 600-მდე ადამიანი იღუპება. ამ მაჩვენებლით ევროპაში ერთ-ერთ მოწინავენი ვართ.

სულ ახლახანს აღნიშნულ პრობლემას ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და კონკრეტული ფაქტის შესახებ აღნიშნა, რაც მისი ოჯახის წევრებს შეემთხვათ.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 25 მაისს დიდი სისწრაფით მიმავალი „მიცუბიშის“ მანქანა, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მართავდა, დაეჯახა კანონით გათვალისწინებულ პარკინგზე მდგარ მის კუთვნილ ორ ავტომობილს. ერთ-ერთ მათგანში მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი იჯდა, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ.

ბიზნესმენის თქმით, მას ხშირად უნახავს, ახალგაზრდები როგორ დაქრიან დიდი სისწრაფით ქუჩებში და ისიც უნახავს, როგორ დაუტოვებია მსგავსი ფაქტები საპატრულო ეკიპაჟს რეაგირების გარეშე. ვინაიდან ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები არიან, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვვებისას არაერთხელ დაურეკავს 112-ში და უთქვამს, ახლა არნახული სისწრაფით ჩამიქროლა ავტომანქანამ, რომლის სახელმწიფო ნომრებია ესა და ეს. ასევე, მიუთითებია, რომ საკუთარ მანქანაში დაყენებულ ვიდეოფიქსატორს მისი მონაყოლის დადასტურება შეეძლო და ვიდეოფიქსატორს მიაწვდიდა, ოღონდ ზომები მიეღოთ.

დღეს კი თამაზ ელიზბარაშვილი შს მინისტრს-გიორგი მღებრიშვილს მკვლელი მძღოლების შესახებ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თუ რა იწვევს გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს და ნამდვილად თვალს ხუჭავენ თუ არა საპატრულო ეკიპაჟები გადაჭარბებულ მოძრაობაზე, For.ge ავტომოყვარულ კოტე მჭედლიშვილს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ, თუკი ზოგჯერ პატრული სიჩქარის გადაჭარბებაზე არ რეაგირებს, ეს ახალი ხელისუფლების ბრალი არ არის და ასეთი დარღვევები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა. უბრალოდ, წინა მთავრობის დროს მზად იყვნენ, პატარა შეცდომაზეც გაეციმბირებინათ მძღოლები, რაც არ ვარგოდა, თუმცა შესაძლოა, არც ის იყოს მოსაწონი, რომ ახლა ჯარიმები შერბილებულია, ან რაღაცაზე თვალს ხუჭავენ.

„ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე ხელი აიღო. პირადად მე რასაც ვხედავ ქალაქში ისაა, რომ ყველამ, ვინც გუშინ აიღო მართვის მოწმობა, იყიდა მარჯვენა საჭიანი მანქანა (რომელიც საკმაოდ პატარა და სწრაფია) და გაუთამამდა ავტომანქანის მართვას. ძირითადად ეს ეხებათ გოგონებს, რომლებმაც მანქანით ორჯერ თუ გაიარეს, ჰგონიათ, მანქანის ტარება უკვე იციან. თუმცა არც ახალგაზრდა ვაჟები ჩამორჩებიან.

არადა, რაც უფრო დიდხანს ატარებს ადამიანი საჭესთან, მით უფრო მეტი პრაქტიკა აქვს და უფრო კომპეტენტური ხდება. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო და, თუ ამას ახალგაზრდები თავიანთი ასაკიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ, მაშინ უსაფრთხოება კანონის დონეზე უნდა დაიხვეწოს.

„რაც მეტია მანქანა, მით მეტია მძღოლიც და მეტია ქალაქის მასშტაბით ავტოავარიის შემთხვევებიც. ზომები მისაღებია, რადგან ხშირად ავტომანქანის გაჩერებასაც ვერ ვახერხებთ. წამახალისებელი ფაქტორები უნდა არსებობდეს თუნდაც მათთვის, ვინც სამსახურში ერთი მიმართულებით მიდის. მაგალითად, ასეთი რამ 70-იან წლებში ამერიკაში შემოიღეს. ლოს-ანჯელესში რომ შედიოდით, ფასიანი გზა იყო გასავლელი. თუკი მანქანაში სამი ან სამზე მეტი მგზავრი იჯდა, მძღოლი აღარ იხდიდა გადასახადს, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ სამი მანქანა კი არ მიდიოდა ქალაქში, არამედ - ერთი. ასე რომ, შესაძლებელია, ჩვენთანაც სამსახურებში ყველანი საკუთარი მანქანებით არ მივიდნენ. ეს ადამიანები რაღაცით უნდა წახალისდნენ, მეტი რეკლამირება სჭირდება მეტროთი და ავტობუსით გადაადგილებასაც“, - აღნიშნა კოტე მჭედლიშვილმა.

„ეკოტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბარში საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს, რომლითაც ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო პირველ ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული, ტრავმირებული და გარდაცვლილი ადამიანებით. მაგალითად, შვედეთში ერთ მილიონ მოსახლეზე წელიწადში 29 ადამიანი იღუპება, ბრიტანეთსა და გერმანიაში 35 ადამიანი, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აქვს ბულგარეთს და ეს არის 109 ადამიანი ერთ მილიონ მოსახლეზე. ხოლო საქართველო პირველ ადგილზეა, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე 2015 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 162 ადამიანი.

„ჩვენთან პრობლემა არა მარტო პატრულის მოვალეობის აღსრულებაში, არამედ სახელმწიფო პოლიტიკაშია. თუკი გადავხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ სტატისტიკას, ყველა შემთხვევაში, რატომღაც დამნაშავეა მძღოლი. ავტოსაგზაო შემთხვევა როცა მოხდება, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ყოველგვარი ანალიზისა და საფუძვლიანი გამოძიების გარეშე ბრალეულობას უყენებს მძღოლს, რაც თავისთავად მცდარია. სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის 38% გამოწვეულია არასწორი მანევრით, 20% - დაუდგენელი მიზეზით, ხოლო დანარჩენი სიჩქარის გადაჭარბებითა და ნასვამი მდგომარეობით. რეალურად, ეს არასწორი მანევრი შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ გააკეთა მძღოლმა არასწორი მანევრი და რატომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა? ასე რომ, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეიძლება იწვევდეს, როგორც მძღოლის დაუდევრობა, ასევე, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ავტოშემთხვევა სწორედ გაუმართავი ინფრასტრუქტურით ხდება, მაგრამ სტატისტიკაში ეს საერთოდ ნაჩვენები არ არის, ეს შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა, ანუ ყველაფერი ერთობლიობაში. ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზი შეიძლება გახდეს ავტოსაგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი, მაგრამ სტატისტიკაში საუბარია მხოლოდ მძღოლზე, ანუ მძღოლი იყო ნასვამი... მძღოლმა გადააჭარბა სიჩქარეს...“, - აცხადებს ვასილ ურუშაძე და განმარტავს, რომ, რა თქმა უნდა, პატრულის ეფექტურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის პრობლემა.