„ღარიბაშვილისთვის პრემიერის ტვირთი იყო ძალიან მძიმე და როგორც ჩანს, არც კვირიკაშვილისთვის არის მაინდამაინც იოლი საზიდი ეს ყველაფერი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, არჩევნებამდე რესპუბლიკელი მინისტრების გარდა, სისტემურ ცვლილებებს ძალაუფლების ფლობის თვალსაზრისით, კვირიკაშვილის მხრიდან არ უნდა ველოდოთ.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
თვლით, რომ ლოგიკური და გონივრული იყო თამარ სანიკიძის განთავისუფლება, როგორც ამას უკვე ყოფილი მინისტრი თვლის?
გია ხუხაშვილი: ამ შემთხვევაში დავეთანხმებოდი და მოდით, ვთქვათ, რა ევალება მინისტრს, პირველი – სისტემური რეფორმების გატარება, რაც არ ყოფილა, მეორე – კრიზის მენეჯმენტი, ამ მიმართულებით მძიმე მდგომარება გვაქვს და უნივერსიტეტში მინდინარე მოვლენებიც ადასტურებს, რომ მინისტრს არ აქვს ავტორიტეტი. ასე რომ, გადაწყვეტილება ლოგიკურია. კარგია, რომ თვითკრიტიკულია, მაგრამ ჯობია, რომ თვითკრიტიკა მთავრდებოდეს საკუთარი გადაწყვეტილებით.
სწორედ ეს არის საინტერესო, თუ თვლიდა, რომ ლოგიკური იყო, მაშინ რატომ არ მიიღო გადაწყვეტილება თუნდაც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პარალელურად?
– გენდერულ აგრესიაში თუ არ ჩამომართმევთ, ზოგიერთ ქალს ახასიათებს ასეთი ლოგიკა, რაც დღემდე ამოუხსნელია.
ცვლილების მიზეზად დასახელდა რეფორმის აუცილებლობა. პრობლემები მხოლოდ განათლების მიმართულებით არ გვაქვს. ფაქტია, რომ პრობლემები არის ყველა მიმართულებით, რატომ სანიკიძე და არა, დავუშვათ, იგივე, ნოდარ ხადური?
– ეს, ალბათ, უფრო პოლიტიკური ტაქტიკის საგანია. ბუნებრივია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის არანაირი ოპერატიული აუცილებლობა არ არსებობდა. გეთანხმებით, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყნის მმართვის პრობლემა, სახელმწიფოს მენეჯმენტის სერიოზული კრიზისი და რა თქმა უნდა, განათლების მინისტრის განთავისუფლება ამ პრობლემას ვერანაირად ვერ ცვლის. მართვის კრიზისის ძირითადი ფუნდამენტი არის ძალოვან უწყებაში და ფინანსების მართვის სისტემაში.
რადიკალური ცვლილებების დრო არის მთავრობაში?
– ერთი მხრივ, მთავრობას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ეს იქნება ვარშავის სამიტის შემდეგ. სამიტამდე რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრის განთავისუფლება, დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი იქნება ოპოზიციაში ცალი ფეხით მდგომი პარტიისთვის. პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ვნახავთ სამი რესპუბლიკელი მინისტრის განთავისუფლებას, მაგრამ ეს არ ცვლის ვითარებას. იმისათვის, რომ კვირიკაშვილი ცოტათი ახლოს მივიდეს ძალაუფლებასთან, ეს ნიშნავს ძალოვანი მინისტრებისა და ფინანსური ნაკადების კონტროლს. არც ერთსა და არც მეორესთან პრემიერს პირდაპირი შეხება არ აქვს, ამ მხრივ დიდი გზა აქვს გასავლელი. მაგრამ, აქ უკვე დგება მთავარი პრობლემა, წინასაარჩევნოდ დიდი რყევებისგან თავის არიდების პრობლემა.
შეგიძლიათ დააკონკრეტეთ რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ დიდი რყევებისგან თავის არიდების პრობლემა?
– ერთი მინისტრი გაანთავისუფლა, სამი მინისტრი განთავისუფლდება ივლისში, ამასზე კიდევ, 2–3 მინისტრის დამატება, მთავრობის ნდობის საკითხს იწვევს, რამაც შეიძლება ისედაც არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში სიტუაციის გართულება გამოიწვიოს. არჩევნებამდე რესპუბლიკელი მინისტრების გარდა, სისტემურ ცვლილებებს, ძალაუფლების ფლობის თვალსაზრისით, კვირიკაშვილის მხრიდან არ უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ამის არანაირი რესურსი არ აქვს.
მთავრობის ეს შემადგენლობა – მინუს სამი რესპუბლიკელი მინისტრი, რამდენად მომგებიანია წინასაარჩევნოდ კვირიკაშვილისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისგან?
- ამ კუთხით კვირიკაშვილისთვის ძალიან არასახარბიელო ვითარებაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგივე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილშიც დაანონსებულია აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია - მცდელობა ორპოლუსიანობის, სადაც ისევ სისხლიან ცხრა წელსა და ნათელ აწმყოს შორის დაპირისპირების კონტექსტი იქნება მთავარი. გიორგი კვირიკაშვილის ფიგურა მისი ხასიათიდან და ძირითადი გზავნილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურ შეუსაბამობაში მოდის იმ წინასაარჩევნო სტრატეგიასთან, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა.
ამ სტრატეგიას ბევრად მეტად შეეფერება ღარიბაშვილის ფიგურა, რომელიც მთლიანად ჯდება ამ პოლიტტექნოლოგიურ სქემაში. „ქართულ ოცნებაში“ ადგილი აქვს დიდ გაუგებრობას, როდესაც სარჩევნო სტრატეგიაც აბსოლუტურად არ შეესაბამება საარჩევნო ტაქტიკას. სხვადასხვა მიმართულებებით ცდილობენ წასვლას და ეს როგორ უნდა მოახერხონ გაუგებარია. დაბნეულები არიან, მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. სამწუხაროდ, ასეთი უცნაური სიტუაცია შექმნეს. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურად საღად მოაზროვნე ადამიანი აღარ დარჩა. აბსოლუტური ქაოსია და არ ვიცით რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.
წინასარჩევნო პროცესის კვალდაკვალ საინტერესოა როგორი იქნება გუნდი, რომელსაც კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს და რეალურად, შეძლებს საკადრო რესურსის მობილიზაციას? არსებული გუნდი მაინც აღიქმება როგორც ღარიბაშვილის გუნდი...
- ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი არასდროს არ არსებობდა, ეს ბიძინა ივანიშვილის გუნდია, რომლის ნაწილიც იყო ღარიბაშვილი და ახლა უკვე კვირიკაშვილი. სამწუხაროდ, კვირიკაშვილს დალაგებული არ აქვს პოლიტიკური ვერტიკალი, ანუ მინისტრთა კაბინეტი არ ზის მის ვერტიკალში. საკმაოდ მძიმე ალტერნატივა აქვს. ერთი მხირვ არსებობს საკადრო რეფორმის გატარების აუცილებლობა, მაგრამ მან ეს დრო გაუშვა. ეს უნდა გაეკეთებინა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კოალიცია არ იყო დაშლილი და ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ სერიოზული რეფორმა დაედასტურებინა შემდგომ პარლამენტში. დღეს სამწუხაროდ ეს არ შუძლია.
რატომ?
– უმრავლესობა პრაქტიკულად, აღარ არსებობს. მინისტრთა კაბინეტში სერიოზული რყევებით შეიძლება სერიოზული სახელისუფლებო კრიზისის დეტონაცია მოახდინოს. რასაც თქვენ ამბობთ ეს უდავოდ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა პრემიერად დანიშვნიდან მეორე დღეს და არა დღეს, როდესაც საარჩევნო პროცესშია ქვეყანა შესული. ჩემი აზრით პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ ესმის. ამას ადასტურებს საკმაოდ ზერელე მიდგომა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში კონიუნქტურის შეცვლის თვალსაზრიით. ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ზედაპირული ანალიზის შედეგად მიიყვანა პოლიტსაბჭოში, კიდევ უფრო გააუარესეს მდგომარეობა.
ალბათ, კოღუაშვილის განცხადებას გულისხმობთ. თუმცა, ის ამბობს, რომ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი მისი განცხადებები...
-არამარტო კოღუაშვილს. გასაგებია, კოღუაშვილი ათას რამეს იტყვის ახლა, საერთოდ ასეთი რამ მეორე დღეს ითქმება ხოლმე და არა ორკვირიანი ფიქრის შემდეგ. თავი დავანებოთ კოღუაშვილს, თავისი უბედურება ეყოფა. სხვებიც არ ტოვებენ იმის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკა ესმით, ან რაიმე ტიპის ბმა აქვთ პარტიასთან. კვირიკაშვილის შეცდომა გახლდათ ის, რომ როდესაც ცდილობდა პარტიაში ვითარება შეეცვალა თავის სასარგებლოდ, ნაწილობრივ მაინც პარტიის შიგნით უნდა მოეძებნა რესურსები იმისათვის, რომ პარტიასთან გაება რეალური ძაფები.
დღეს მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად, ქუჩიდან მიჰყავს 9 ადამიანი იმ პარტიაში, სადაც ათასობით ამბიციური ადამიანია წარმოდგენილი, რომლებიც ცდილობდნენ პარტიული კარიერის გაკეთებას და ხშირად, უხელფასოდ მუშაობდნენ ამ წლების განმავლობაში. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, როდესაც თვლიან, რომ თავზე დაასვეს ადამიანები, რომლებსაც არც პარტიასთან ჰქონიათ შეხება და მაინდამაინც არც ესმით პარტიული პროცესის ანატომია. ბუნებრივია, ეს იწვევს დაძაბულობას და კვირიკაშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის, კიდევ უფრო გაუცხოებას. ღარიბაშვილისთვის პრემიერის ტვირთი იყო ძალიან მძიმე და როგორც ჩანს, არც კვირიკაშვილისთვის არის მაინდამაინც იოლი საზიდი.