ცელქი ბავშვი ვყოფილვარ...

ცელქი ბავშვი ვყოფილვარ...

რამდენიმე დღის წინ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „ვიზეიმეთ“. 21-ე საუკუნეში ბავშვებს კარგი ხანი არ უდგათ, მაგრამ მიმაჩნია რომ საქართველოში მოზარდი თაობა მაინც განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფება. ჯერ იყო და სსრკ-ის დროს (საკუთარი ბავშვობა მახსოვს) ბრეჟნევი-ჩერნენკო-ანდროპოვით „ცხოვრება გამილამაზეს“. მერე იყო და (უკვე ბავშვობაგავლილს) პატიაშვილი-გუმბარიძე-გამსახურდია-შევარდნაძე მომივლინეს.

ბავშვობიდან მოვდივარ და საქართველოს უახლესი ისტორიაც ჩემს თვალწინ ვითარდება. სამწუხაროდ დღემდე პასუხი ვერავინ გამცა, რა მოხდა, ერთ დროს აყვავებული ქვეყანა რატომ აღმოჩნდა ამ დღეში?

ასეა თუ ისე, ორი დღის წინ 1 ივნისი იყო, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე. ნება მომეცით ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების ბავშვობის წლები შეგახსენოთ. ალბათ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც მოზარდები აკვნის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ უპირველესად პოლიტიკოსობაზე, პარლამენტში მოხვედრასა და „ქვეყნის პრეზიდენტობაზე“ ოცნებობენ.

დღევანდელ წერილში ქართველ პოლიტიკოსთა „სიყრმისეულ მოგონებებზე“ ვისაუბრებთ...

როგორ იქნება და თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი არ ვახსენოთ.

„დავიბადე 1967 წლის 21 დეკემბრის ღამეს. გავიზარდე საბურთალოზე. დავამთავრე თბილისის 51-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.

მშობლების გადმოცემით ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. მაშინ გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ამდენად, თავი წყნარად მახსოვს. სასმელს ბავშვობაში „გავეყარე“ - უკანასკნელად 13 წლის ასაკში დავთვერი. მოგვიანებით კი სიგარეტი უარვყავი - მე-10 კლასის შემდეგ აღარ ვეწევი.

მე-10 კლასში ვიყავი, ფილმში „გამოგონილი სამყარო“ რომ ვითამაშე. პარლამენტის დეპუტატის როლს ვასრულებდი.

16 წლის ასაკში საქართველოდან წავედი. ჩავაბარე კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სამართლის ფაკულტეტზე. მაშინ კიევში აქტიური დრო იყო და სახალხო ფრონტის - „რუხის“ ეროვნებათა საბჭოს წევრი ვიყავი. დავაარსე ქართული სათვისტომო, კულტურის საზოგადოება, სადაც რამდენიმე ათასი ქართველი გაერთიანდა.

სწავლა საფრანგეთში გავაგრძელე, სტრასბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. შემდეგ უფრო შორს წავედი და ჩავაბარე კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მაგისტრის ხარისხი დავიცავი.

ენების ცოდნას გელა ჩარკვიანსა და მარადი ჭავჭავაძეს ვუმადლი. გელა ჩარკვიანთან ერთად თბილისში პირველი დასავლური ტიპის არალეგალური გაზეთი გამოვუშვი.

რამდენადაც ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ, მიყვარს მოგზაურობა. ალბანეთისა და საბერძნეთის გარდა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ცხოვრების ტემპის თვალსაზრისით ჰოლანდია, ნორვეგია იდეალია ჩემთვის. ეროვნულ ხასიათს იტალია შეესაბამებ

როგორც წესი, ყველა ქართველი პირველად ბაღშია შეყვარებული. მე სიყვარული პირველ კლასში მეწვია. ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე - რომანტიკოსი ვარ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ქართველი გოგონები საოცრად ლამაზები არიან. შეიძლება ადრეც იყვნენ, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდნენ.

ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი. რამდენიმე წელია, რაც ფეხბურთს რეგულარულად დავუბრუნდი. ეზოში პატარა ბიჭებს ვეთამაშები.

სსრკ-ის დროს სასაზღვრო ჯარებში ვმსახურობდი. პოსტზე ვიდექი და ნაცნობს გულთბილად მივესალმე, რის გამოც თავი ნაობახტში ამოვყავი, ლამის სამხედრო ტრიბუნალს გადამცეს.

კიევში, სტუდენტობისას კაგებემ დამაპატიმრა ბრალდებით - ანტისაბჭოური სიმღერების მოსმენა. თუ არა გავლენიანი პირის ჩარევა, შეიძლება „ანტისაბჭოური სიმღერები“ ციმბირში მომესმინა“.

„მიშა მაგარია“ გაციმბირებას გადაურჩა. იგივეს ვერ ვიტყვით ბატონ გიგა ბოკერიაზე, რომელსაც სამაგალითო „საბჭოთა მოზარდის“ ბავშვობა გააჩნდა.

სიტყვას ქალბატონ ნანა ალექსანდრიას გადავემ:

„გიგა ძალიან კარგი ბავშვი გახლდათ, მაგრამ მე არ ვიყავი მაინცდამაინც კარგი დედა. მისი ბავშვობა ჩემს აქტიურ მოღვაწეობას დაემთხვა. ხშირად მიწევდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეჯიბრებებზე წასვლა და მასთან დაშორება. ამის გამო გიგას ალერგიული დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდა ჭადრაკის მიმართ.

ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნანა იოსელიანთან პრეტენდენტთა ფინალური მატჩის პირველი პარტია წავაგე (თუმცა, გამარჯვებული მე დავრჩი) და რადიოში გამოაცხადეს, გიგას ტაში დაუკრავს, იფიქრა, წაგების შემთხვევაში მასთან დავბრუნდებოდი. საოცრად მგრძნობიარე იყო.

საერთოდ გიგა ყოველთვის დამოუკიდებელი გახლდათ და ცხოვრებაში ყველა პრინციპული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყველას გვეგონა, რომ იგი ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებდა და მათემატიკის განხრით ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქრა და საბუთები ისტორიის ფაკულტეტზე შეიტანა.

მე და გიგა ორი დამოუკიდებელი პიროვნება ვართ, მაგრამ საერთო ფასეულობები გვაქვს. შესაძლოა, ამიტომაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. პრინციპულად ვიზიარებ გიგას პოზიციებს, თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახში რაღაც დეტალებთან დაკავშირებით ცხარედაც გვიკამათია. სხვათაშორის, კამათში გიგა ოჯახის წევრებთანაც კი დაუნდობელი და უკომპრომისოა, მაგრამ უნდა ვაღიარო ისიც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ვაანალიზებ პრობლემას, ვრწმუნდები, რომ გიგას მიერ გაკეთებული ანალიზი უფრო სწორი იყო“.

გაგახსენეთ ბატომი მიხეილ სააკაშვილისა და „ოდიოზური“ გიგა ბოკერიას ბავშვობის წლები. მოდით პლეხანოველი მარინაც გავიხსენოთ. არ დაიჯერებთ, ეს ადამიანი თავის დროზე არაერთ დღეს „ცნობად“  პოლიტიკურ ლიდერს იცნობდა,

სიტყვას „კონსერვატიული პარტიის“ წევრს, ბატონ გია ყრუაშვილს გადავცემ.

„ადრე, ბავშვობის პერიოდში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან ბევრი კოლორიტი ადამიანი ტრიალებდა ჩემ გვერდით – გიჟიც და ჭკვიანიც. კარგად მახსოვს კიკა, მარინა, რომელმაც რამდენჯერმე დაგვპატიჟა მე და ჩემი ორი მეგობარი.

მაშინდელ პუშკინის სკვერში ლუდის ავტომატები იყო, სადაც კარგი ხორციანი „პერაშკები“ იყიდებოდა. ბიჭები ვგიჟდებოდით იმ ფუმფულა „პერაშკებზე“. მარინამ ერთხელ დაგვინახა, რომ ცოტა ფული გვქონდა, თავად კარგი სუფრა ჰქონდა გაშლილი და მიგვიწვია. ოღონდ არ უგრძნობინებია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ფული არ გვქონდა. თავადაც მოწყალებით ცხოვრობდა. ღვინოს სვამდა, ორი თითით დაატრიალებდა ჭიქას და დაურტყამდა.

იმ დროს მე და ჩემი მეგობრები სკოლიდან „შატალოზე“ ვიყავით გამოსულები. ცოტა მოგვიანებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვინახა მარინასთან ერთად, თან თითო კათხა ლუდი გვედგა. მორალის კითხვა დაგვიწყო. მარინამ ისეთი უწმაწური სიტყვებით შეამკო ის, არ ვიცი, ჩვენ რაღას გვერჩოდა, ატირებული გავარდა.

მეორე დღეს ჩვენს მშობლებს სკოლაში მოუწიათ მისვლა დირექტორთან. თქვენი შვილები გიჟებთან ერთად ლუდხანაში დადიანო, უთხრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ გვეამაყებოდა, რომ მარინასთან ნაქეიფრები ვიყავით. კარგი პურისმჭამელი და კარგი მოქეიფე ქალი იყო.

თბილისში მისთვის პოპულარობით იშვიათად რომ ვინმეს „გადაეჯოკრა“. ასე ვცელქობდით და ვხალისობდით ბიჭები. მაშინ თბილისში მართლა ბევრ კოლორიტს შეხვდებოდი, მარტო რუსთაველის პროსპექტზე გასეირნება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ახლა კი დროც შეიცვალა და ჩვენი მენტალიტეტიც. აღარც ის ადათ-წესებია გავრცელებული ადრე რომ იყო“.

ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს პარლამენტის წევრი ორჯერ ბრძანდებოდა. დღეს საკუთარი პროფესიით - ლიტერატურით არის დაკავებული და პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნება. სიტყვას ბატონ ჯანსუღს გადავცემთ და ერთ საინტერესო „ისტორიას“ შემოგთავაზებთ.

„1942 წელია, 11 წლის ვარ და იმდენად ძლიერი იყო ჩემს ტოლებში პატრიოტული მუხტი, რომ ომში გაპარვა გადავწყვიტეთ. ამაში დიდი როლი ქართული ენის მასწავლებელმა, სუხიშვილების ქალმა, დეიდა ნინომ ითამაშა, რომელიც საბრძოლო ლექსებს გვაზუთხებდა და გვაკითხებდა.

გავიხედოთ და, ერთი იდიოტი რუსი კაპიტანი გავიცანით, ახალგაზრდა კაცი, ჩვენი განზრახვა მოეწონა და გვეუბნება:

- ვი ბუდეტ სინავია პალკა!

ანუ, პოლკის შვილებად მიგიღებენ და ომში მონაწილეობას მიიღებთო. დავთქვით დრო, სამ მეგობართან ერთად მატარებელში შეგვაპარა და დავიძარით.

თურმე, ერთმა მეგობარმა „ჩაგვიშვა“ და ალბათ, გადაგვარჩინა კიდეც. სანამ მატარებელმა ჩერებ-ჩერებით იარა, მშობლები მცხეთასთან დაგვეწივნენ და ძირს ჩაგვყარეს.

გამვლელები ხედავენ, რომ ამ ოთხ ბავშვს მშობლები ხან გვცემენ, ხან გვეფერებიან.

- ხალხო, სჯით თუ ეფერებით ამ ბავშვებს, ვეღარ გავიგე? - გაიოცა ერთ-ერთმა გამვლელმა.

- ვეღარც ჩვენ გავიგეთ. რომ გვახსენდება, ომში იპარებოდნენ, ვცემთ. მერე გვახსენდება, რომ ომში ვაჟკაცურად მიდიოდნენ და ვეფერებით.“

ალბათ გაგიგიათ  კობა დავითაშვილის სახელი. „ცნობილ პოლიტიკოსს“ თურმე ადრე ექიმობა სურდა... გთვაზობთ ბატონი კობას ერთ ადრინდელ ინტერვიუს:

ბატონო კობა, გაუმართლეთ დედას იმედები?

- დედაჩემს უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, ვერ გამოვედი ექიმი...

ხშირად გიჯავრდებოდათ?

- იცით, უხერხულია ჩემთვის ამისთანა კითხვებზე პასუხის გაცემა.

რატომ?

- აბა, რა უნდა გითხრათ... დედა ძალიან მკაცრი იყო, თუმცა სამართლიანი. მარტო იმიტომ, რომ მისი შვილი ვიყავი, არასდროს მამართლებდა. ყოველთვის ცდილობდა, სამართლიანობა დაეცვა.

თქვენი ურთიერთობის რაიმე ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- მახსოვს ერთხელ ვიჩხუბე და ქვა მომარტყეს თავში. ძალიან მეტკინა, მეწყინა და დედას ვუამბე ამის შესახებ. მან, ავტომატურად, ჩემი მხარე არ დაიკავა. მითხრა, შენც დამნაშავე ყოფილხარ, არ უნდა გეთქვა ეს იმ ბიჭისთვისო.

როცა პარლამენტში ჩხუბობთ, დედა რას გეუბნებათ?

- მე არასდროს მიჩხუბია. თქვენ ჩხუბს რას ეძახით, საინტერესოა?

ბატონ კობას თავი დავანებოთ, „არ უჩხუბია“ პარლამენტში. მართალია კაცი და რას ერჩით. ექიმობა უნდოდა, პოლიტიკოსი გამოვიდა. რამდენად წარმატებული ეს მკითხველმა განსაჯოს.

მოდი ბავშვობის მოგონებებს ყოფილი პარლამენტარი შოთა სანდუხიძის ერთი „ისტორიით“ დავასრულებ.

„ის სკოლა დავამთავრე, რომელიც - ბატონმა რეზო ჩხეიძემ. სკოლაში გადაწყვიტეს, საიუბილეო ღონისძიება მოეწყოთ, ბატონი რეზოს დაბადების დღესთან დაკავშირებით.

დავალება ჩვენმა კლასმაც მიიღო და მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, „ჯარისკაცის მამის“ სცენა გაგვეთამაშებინა, როცა გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება და რუსები მიადგებიან. დირექტორმა შეგვაგულიანა - აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთ, კარგი, სერიოზული თემა შეგირჩევიათ და ისე ამაღელვებლად უნდა ითამაშოთ, დარბაზში ხალხი ტიროდესო.

ფილმი ყველამ ზეპირად იცოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დიალოგები ოდნავ შეგველამაზებინა. რეპეტიციებზე სიარულით  თავი არავის მოუკლავს და დადგა ზეიმის დღეც.

ჩხეიძის გარდა, დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. სცენაზე ვაზის ბუტაფორია დადგეს, ფილმის მუსიკა ჩაირთო და მე, იგივე გიორგი მახარაშვილი შევდივარ.

- ვა, სიმონ, ყურძენი! - ვიყვირე გახარებულმა და ვაზს ვეცი.

დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.

- აზრზე ხარ, როგორ მომენატრე, - დავუწყე მოფერება, - აქანე ვინ მოგიყვანა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.

ჩახველების ხმა გაისმა. გავხედე, სკოლის დირექტორია, ფერი აქვს წასული. სცენაზე ბუტაფორიული ტანკი შემოვარდა და „ვასიამ“ ამოყო თავი:

- აბა, ახლა მოუსვი აქედან, ძამია, თვარა ჩემს თავზე „ატვეჩაი“ არ ვარ!

დარბაზს სიცილმა გადაუარა:

- შენ თითონ მოუსვი, რო აპარპალებ მაგ თვალებს, შე ლოთო! - შევუღრინე. სიცილი ხარხარში გადაიზარდა! „ვასია“ წინ ამეტუზა და წავჩურჩულე:

- ბიჭო, იცინის ეს ხალხი და დირექტორმა გვითხრა - უნდა იტირონო.

- არა უშავს, - დამაწყნარა, - რომ მთხლიშავ ყბაში, ისე გავიშხლართები და ვიკვნესებ - ბღავილი მორთონ.

გავუქანე და მეორე „რუსმა“ ამოყო თავი:

- ვის ურტყავ, შე ბებერო!

დარბაზი დაწვა! ერთი თვე დირექტორს ვემალებოდით...“