თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენებულია. სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლებს, პოლიტიკურ წრეებში კი, მორიგ „სამთავრობო კარუსელზე“ მიანიშნებენ.
პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილება განახორციელა და პოსტი თამარ სანიკიძეს დაატოვებინა, რომლის თაობაზეც უმრავლესობაში არც კარგს და არც ცუდს ამბობენ, ხოლო ოპოზიციაში მხოლოდ ნეგატიურ მხარეებზე მიუთითებენ.
განათლების კომიტეტის წევრთა ნაწილმა თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდის შეფასებას თავი აარიდა, მეორე ნაწილმა კი, ყურადღება საკადრო ცვლილების შესაძლო მიზეზებზე გაამახვილა.
თავად სანიკიძე პოსტიდან მისი გადადგომას ლოგიკურ, გონივრულ და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ განათლების სამინისტროში განხორციელებული რეფორმების ოთხმა წელმა გაიარა და მნიშვნელოვანია, რომ განვლილი სამუშაოები დამოუკიდებელი თვალით შეფასდეს და ახალი ქმედებები დაიგეგმოს.
თუ რომელ სფეროსა და რომელ პოსტზე გადაინაცვლებს თამარ სანიკიძე, ეს არ კონკრეტდება, თუმცა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ განათლების ყოფილი მინისტრი გუნდის წევრად რჩება და საუბარი მის ახალ მანდატზე უახლოეს პერიოდში იქნება.
თამარ სანიკიძე საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს თუ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა, მინისტრის რანგში, სანიკიძესა და დეპუტატებს შორის ურთიერთობა ვერ აეწყო. ყოველ შემთხვევაში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე თამარ სანიკიძეს მუდმივად აკრიტიკებდა და მათ შორის კონფლიქტის წყარო არაერთი კანონპოექტი გახდა, რის გამოც, „ქართულ ოცნებას“ ვანო კიღურაძის ვიცე-სპიკერად დანიშვნა და ამით კომიტეტსა და სამინისტროს შორის ვითარების განმუხტვა სურდა. თუმცა, იმის გამო, რომ ვიცე-სპიკერის პოსტი გუბაზ სანიკიძემ მოითხოვა, ვანო კიღურაძემ თანამდებობა შეინარჩუნა.
ვანო კიღურაძემ მინისტრის პოსტიდან წასვლის შეფასება არ ისურვა, მისმა პირველმა მოადგილემ, ნუკრი ქანთარიამ კი, მიღებული გადაწყვეტილება განათლების სფეროს სტრატეგიას დაუკავშირა და როგორც for.ge-ს განუცხადა, მისთვის სანიკიძის პოსტიდან გაშვება მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან, ამ საკითხზე ფიქრი დიდი ხანია მიდიოდა.
„სანდრო ჯეჯელავას არ ვიცნობ, მაგრამ თამარმა დიდი საქმე გასწია. თამარი რთულ პერიოდში მოვიდა, რომელსაც გასაკეთებელი უამრავი საქმე დახვდა და მან მაქსიმუმი გააკეთა. ის ცდილობდა, რომ პროდუქტიული ყოფილიყო, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ვერ კეთდება“, - დასძენს ქანთარია.
კანონმდებელი სხვა საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს და კვირიკაშვილის განცხადებას იხსენებს, სადაც მან სამთავრობო ცვლილებები დაანონსა.
„ამაზე პრემიერი ფიქრობს და ეს თავად აქვს ნათქვამი“, - ამბობს ქანთარია, რომელიც for.ge-ს კითხვას ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სანიკიძის პოსტიდან გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესებიც იყოს.
ქანთარიასგან განსხვავებით, განათლების კომიტეტის წევრს, გოგი ქავთარაძეს სანიკიძის საქმიანობის შეფასება უჭირს და ამბობს, რომ მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია - არც ცუდი და არც კარგი.
for.ge-სთან საუბარში ქავთარაძე ამბობს, რომ ის კომიტეტში კულტურის სფეროთი არის დაკავებული.
„მასთან უშუალო შეხება არ მქონდა. მის მუშაობას ვერ ვაფასებ, ამის უფლება არ მაქვს, რადგან მასთან არავითარი შეხება არ მქონდა, არც ცუდი და არც კარგი. ამიტომ, როგორ შევაფასო?“, - ინტერესდება ქავთარაძე.
დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სანიკიძესთან შეხება ჰქონდა, თუმცა, არა როგორც განათლების კომიტეტის წევრს.
ჭკუასელის ცნობით, მან მინისტრს ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში სკოლების აშენება სთხოვა, რაც სანიკიძემ შეასრულა და ამის გამო ის წარმოუდგენლად კმაყოფილია. დეპუტატის შეფასებით, თამარ სანიკიძემ ბევრი რაღაც განახორციელა.
„პრემიერმა თქვა, რომ სრულიად ახალი კონცეფციაა საჭირო. ყურადღება პროფესიულ განათლებას უნდა მიექცეს. სჩანს, რომ სპეციალისტები არ გვყავს და ისინი მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვყავს. ამ კუთხით ჯეჯელავა მუშაობდა, თუმცა, მის თაობაზე არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რომ მის საჯარო ლექციას რამდენჯერმე ეკრანზე თვალი მოვკარი და იმდენად საინტერესო იყო, არხზე გამაჩერა“, - განაცხადა ჭკუასელმა.
თუკი თამარ სანიკიძის ქება-დიდებისგან თავს უმრავლესობა არ იწუხებს, ოპოზიცია თავს მისი კრიტიკით იწონებს.
როგორც for.ge-ს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მიხვდა, რომ სანიკიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც განათლების სისტემა დაიპირისპირა.
მისი თქმით, სანიკიძე მუდმივად, რაღაც უაზრო სიჯიუტეს იჩენდა და საგანმანათლებო სივრცის ცენტრალიზება მოახდინა, სადაც მასწავლებელსა და ლექტორს ყურადღება არ ექცეოდა.
„ყველაზე სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტებსა და სკოლებს თავიდან ბოლომდე თვითმმართველობა შეეზღუდათ. ის გამოირჩეოდა ხისტი სიჯიუტით და არცერთ ნორმალურ აზრს არ იზიარებდა. ბოლო სამ წელიწადში, განათლების სისტემაში უკან დახევა გვაქვს. „ოცნებამ“ ამდენი ხანი რატომ გააჩერა, ეს საკითხავია. „ოცნება“ ცდილობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას, რათა იმიჯი გამოისწოროს. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ივანიშვილის ინტერვიუმ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ალბათ, ახალი თემა უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მეტ-ნაკლებად ამას გადაფარავდა“, - აცხადებს ვაშაძე.
დეპუტატი მთავრობაში კიდევ ექვსი მინისტრის პოსტიდან გაშვებას და პარლამენტში მთვრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადებას ეჭქვეშ აყენებს.
„ძალიან შეეშინდებათ და უკან დაიხევენ, რომ მთავრობის დამტკიცება დასჭირდეთ. მათ მყარი უმრავლესობა არ აქვთ და არავინ იცის, შეიძლება, საქართველო მთავრობის გარეშე დარჩეს. არ მგონია, ამ რისკზე წავიდნენ, თუ წავლენ. ე.ი. პარლამენტში კონკრეტული ჯგუფების წინასწარი მხარდაჭერა ექნებათ“, - ამბობს ვაშაძე.
სანიკიძეს განათლების კომიტეტის კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანიც აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენება გაუგებარია.
მისი განცხადებით, როცა განათლების მინისტრს ცვლი და განათლების პოლიტიკას არ ცვლი, ეს არალოგიკურია.
„სანიკიძე კარგი მინისტრი არ იყო და მას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ იმ პრობლემასათან თუ შევადარებთ, რაც ეკონომიკაშია, ეს ცვლილება სრულიად გაუგებარია. მით უმეტეს, ეს იყო ადამიანი, რომელიც არცკი „იგუგლება“, - დასძენს რატიანი.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განათლების მიმართულებით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ პრეტენზია ლიდერობაზე განაცხადოს. მისი ცნობით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით განათლების რეფორმა ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
„განათლების რეფორმა ერთ-ერთი ცენტრალური დასაყრდენი კომპონენტია. ვაპირებთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. შევეცდებით, რომ განათლების სისტემა ქართული საზოგადოების საჭიროებებს არამარტო პასუხობდეს, არამედ ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშო გახდეს“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.