სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა

სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც Roeuters-ი საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადადებას ასევე უნდა ელოდონ თურქეთი, კოსოვო და უკრაინა, რადგან ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის ფონზე უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს.

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიაციის საკითხის განხილვა გადადეს. სავიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი და გერმანია. ევროპელი დიპლომატები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაუბრუნდებიან, ვიდრე უკრაინის საკითხს განიხილავენ, რომლის მდგომარეობაც ამ მხრივ უფრო რთულია.

სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საჭიროა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა განიხილოს, რომლის ბოლოს სესია ზაფხულს 4-7 ივნისს გაიმართება და სექტემბრამდე აღარ განახლდება. ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მას ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრები ვიზალიბერალიზაციის საკითხი განხილვას ულკვე 10 ივნისს გეგმავენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს უჭირს პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეთანხმდენ ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესი საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება.

„ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი. ვერ გეტყვით ზუსტად, რის გამო მოხდა ეს - შეიძლება ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გაცივდა, ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცას თავის მოსაზრება ჰქონდა. ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება დადებითი და ჩვენთვის სასიამოვნო“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე უკვე მიღებულია, თუმცა ზუსტი დროის დასახელება, როდის მოვა სისრულეში, ძნელი სათქმელია.

„ზუსტად, სად, რომელ საათზე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება, ეჭვი არ მეპარება“, - ამბობს თედო ჯაფარიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი 10 ივნისს წარმატებით დასრულდება.

„10 ივნისს შს და იუსტიციის მინისტრების პოზიციის შეჯერენა უნდა მოხდეს, რაც ევროკავშირის საბჭოს პოზიციის ჩამოყალიბებას ნიშნავს. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და ძალიან დიდი, ლოგიკური იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი 10 ივნისს წარმატებით დამთავრდება, როცა უკვე მინისტრების დონეზე მოხდება ამის განხილვა“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

მიუხადავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები და იმ მზეზებზე საუბრობენ, რამაც საქართველოს საკითხის გადადება გამოიწვია.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიზეზად საზოგადოების უკვე სხვადასხვა ფენებს შორის დაწყებულ მუდმივ დაპირისპირებას ასახელებს, რაც არადეკვატური სასამართლო სტრუქტურებისა და მათი წამხამლისებლების ქმედებებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ამას უნდა მივმხდარვიყავით გასული წლის 30 დეკემბერს, როდესაც ბატონმა ბიძინამ ღია სატელევიზიო ეთერიდან დაგვარწმუნა, რომ ქართული მართლმსაჯულების სიმბოლო არის ვინმე მურუსიძე. სწორედ ამის შემდეგ ყველაფერი დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ არასოდეს უთქვამს, მოდით დაველოდოთ ვიზალიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღებას, რომ ზიანი არ მივაყენოთ ამ პროცესს. პირიქით, ორივე მხარე სულ უფრო ამწვავებდა ამ დაპირისპირებებს.

ამას ადასტურებს თვითონ ის ფაქტიც, რომ ერთი მოსამართლის მიერ გირაოს საფუძველზე განთავისუფლებული თავდაცავის სამინისტროს უდანაშაული ბრალდებული თანამშრომლები, მეორე მოსამართლემ საერთოდ, 7 წლით გაამწესა საპატიმროში. ეს მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთსულოვანი იყო იმაში, რომ უდანაშაულო სამხედრო პირთა პოლიტიკური ნიშნით დაკავება მიუღებელი იქნებოდა ყველასთვის. თავად ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ დასავლელ პარტიორებს ზუსტი წვდომა ჰქონდეთ იმაზე, დიახ, მართულია დღევანდელი სასამართლო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვისმენთ ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდრებისგან სრულიად მკაფიოდ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თავს იკავებენ ნებისიერი დაპირისპირებისგან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კონსენსუსი მიღწეული იქნას.

„ამ შემხვევაში შეიძლება ბოლო კეთილი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ამის სურვილი არც ერთს არ გააჩნია. ამიტომ ჩემი მოლოდინიც ნაკლებაღსრულებადია. გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპის სახალხო პარტიამ“. ეს უკვე არის ყველაზე მკაფიო ბრალდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ გერმანიასა და საფრანგეთის ფაქტორი, რადგან მისივე თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ბელგიის სახელმწიფო მინისტრმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბელგია კატეგორიული წინააღმდეგი იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკარაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებისთვის.

„ეს განცხადება საქართველოში არც კი განუხილავთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძალიან გაუმჭვირვალეა და გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლება გვიმალავს ბევრ მნიშვნელოვან ფაქტებს. ევროჩინოვნიკებმა მშვენივრად იციან, რომ 90-დღიანი შეზღუდვა, ეს პრაქტიკულად ცოტა რამეს ნიშნავს. როგორ გგონიათ საქართველოდან და უკრაინდან ძირითადი ტალღა ვინ იქნება - ტურისტები, მეცნიერები და ბიზნესმენები, რომლებიც ისედაც დადიან? ძირითადი ტალღა იქნება უმუშევარი ხალხი, რომელიც როგორც კი ჩავა, მეორე დღესვე გახდება არალეგალი და ჩუმად დაიწყებს მუშაობს. ევროპას არ უნდა თავის ატკიება“, - ამბობს ცინცაძე.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიცაციის მინიჭების საკითხს მხარს უჭერენ ევროპარლამენტარები, მაგრამ ასე არ ფიქრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთ კისერზეც უნდა გადავიდეს არალეგალური მიგრანტების პრობლემა.

„ეს არის მთავარი მიზეზი და ამის შესაფუთავად შეიძლება ევროჩოვნიკებმა გამოყენონ სხვადასხვა მომენტები, რომელიც პრინციპში, ძალზედ მნიშვნელოვანია თვითონ ევროპული ფასეულობებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე. მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოს და უკრაინას არ გაუმართლა, რადგან ევროპისთვის კრიტიკულ ვითარებაში დადგა ეს საკითხი“, - ამბობს სოსო ცინცაძე.