„როდესაც საბოლოოდ დაიშლება კოალიცია, რომელიც ძალად შექმნა ბატონმა ბიძინამ, აბა, მერე ნახეთ კრიტიკა მისი ყოფილი თანაგუნდელისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ივანიშვილი თავად ირჩევს საკუთარ გარემოს და სწორედ, რომ საკადრო პოლიტიკაშია იგი უსუსური.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„ივანიშვილის გარემოცვა არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული“, - ასეთი განცხადება გააკეთა კოალიციის ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ. მოდური გახდა ხელისფულებიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკა და ასე მოხდა რესპუბლიკელების შემთხვევაშიც; სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ხელისულებას ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი?
სოსო ცისკარიშვილი: პოლიტიკური კულტურა ძალიან რთულად შესაფასებელი საკითხია, რადგან ისე არ ხდება, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე იყოს განდეგილი, ან ჭეშმარიტებით შემოსილი, ან მხოლოდ მეორე იყოს ბრალეული. როდესაც ჩვენი წინასაარჩევნო ოპტიმიზმი ზღვარს გადასულია, შემდეგ უკვე თანდათან გამოფხიზლების დრო დგება და კრიტიკა, თუნდაც ქვეცნობიერი, იწყება მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის პირველი პირის მიმართ.
რასაკვირველია, უკვე დასჯილი კოალიციის ლიდერებს წინასწარ რომ სცოდნოდათ რა ხასიათისა და შეხედულების ადამიანი გახლდათ ივანიშვილი, შეიძლება დროზე განრიდებოდნენ შეთავაზებასაც, მაგრამ პოლიტიკა არის სწორედ ის თემა, რომელშიც საკუთარი თავის შემოწმების გარეშე გარკვეული უკმარისობის გრძნობას ავლენს პოლიტიკოსებში.
რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკური კულტურა არ ინერგება საქართველოში...
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ.
გარემოცვის მსხვერპლნი - ეს ნაცნობი ტერმინია ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვესმოდა, რომ გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი იყვნენ გარემოცვის მსხვერპლები, ახლა ივანიშვილია მისი გარემოცვის მსხვერპლი? 25 წელია ამ ვითარებაში ვიმყოფებით, ვამბობთ, რომ გვსურს ევროპისკენ წასვლა, მაგრამ ევროპული პოლიტიკა ვერ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ვერ გახდნენ ევროპული დონის პოლიტიკოსები, რა უშლით ხელს ამაში?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ბატონი ივანიშვილი შეიძლება შეფასდეს იმავე კრიტერიუმებით. ჩემი აზრით, დიახ, პირველი, მეორე და მესამე პრეზიდენტი სწორედ, საკუთარი გარემოცვის მსხვერპლი გახლდათ, მაგრამ არავინ არ ერჩოდა ბატონ ივანიშვილს, როდესაც მან თავად განაცხადა, რომ ის განერიდება აქტიურ პოლიტიკას და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს, გავიდა მისი საქართველოში მივლინების ვადა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი თურმე 18 წლით აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას და ძალაუფლების შენარჩუნებას, რადგან გამარჯვებიდან 4 წლის შემდეგ, მისგან დაპირებული სამოთხე რატომღაც აუსრულებელი ოცნება გამოდგა. ახლა აპირებს, რომ 2030 წლისთვის მოვთხოვოთ პასუხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
თუ მის მიერ გამოზრდილი პოლიტიკური ფიგურები რამე საყვედურს გამოთქვამენ, რასაკვირველია, ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ბატონი ბიძინა ცუდად ერკვევა საკადრო პოლიტიკაში. როდესაც საბოლოოდ დაიშლება ის კოალიცია, რომელიც ძალად შექმნა ბატონმა ბიძინამ, აბა მერე ნახეთ კრიტიკა მისი ყოფილი თანაგუნდელისგან. თითო-ოროლა შემოინახავს შესაძლებლობას, რომ სახლში ეწვიოს, მაგრამ უმრავლესობა დარჩება პირისპირ საკუთარ თავთან, რაც აიძულებთ, ივანიშვილის ლეგალურ და არალეგალური ძალაუფლების გამოყენების შესახებ, სრულიად მკაფიო პროტესტის გამოხატვას.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ და სწორედ იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც იყვნენ ამ კოალიციაში. ამის მიზეზი არის არჩევნები, მაგრამ რამდენად იყიდის საზოგადოება ამ გზავნილებს იგივე სანიკიძისგან, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურ ფლანგზე შემოსულია ახალი პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ იგივე ბურჭულაძის პარტიას?
- ყველა თქვენ კითხვაზე პასუხი 8 ოქტომბერს დაფიქსირდება. ბატონი გუბაზი არავისზე ნაკლები გამოცდილების პოლიტიკოსი არ გახლავთ. პოლიტიკური სიტუაციების შეფასების ხანგრძლივი პრაქტიკა გააჩნია. მის ასეთ გამოსვლებს ველოდით და რასაკვირველია, თუ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს უჩნდება სურვილი, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს, იგი უფრო ხელგახსნილია საკუთარი პოლიტიკური წარსულის კრიტიკისთვის. ამის საფუძველიც ისევ და ისევ, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუღებლობაა თავად ბატონი გუბაზისთვის და მისი გუნდისთვის.
სანიკიძე ამბობს, რომ გარემოცვაა ცუდი, თორემ ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია, ეს რა სვლა არის?
- ბატონი ბიძინა თავად ირჩევს საკუთარ გარემოს და სწორედ, რომ საკადრო პოლიტიკაშია იგი უსუსური. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ განდეგილი პოლიტიკოსი არის რაღაც მიუღებელი, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიქტატურისკენ სვლა შეიძლება მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველა, ვინც კი, ბიძინას აკრიტიკებს, თურმე თავს კომფორტულად გრძნობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, ეს თავისთავად უკვე მისი მარცხის შედეგია.
უახლესი წარსულიდან კარგად გვახსოვს როგორ ცდილობდა, პოლიტიკური კონკურენტებისა და სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებისთვის ყველანაირი სივრცის შეზღუდვას „ნაციონალური მოძრაობა“. ყველას ეძახდნენ რუსეთის აგენტებს, ან პრორუსულ ძალებს.
ახლა, ალბათ, იმიტომ, რომ ამ ფრაზებს ნეგატიურად ვერ მოიხსენიებს ბატონი ბიძინა, რუსეთის ნაცვლად მისთვის მიუღებელი სუბიექტების მისაჭირხვნად იყენებს პრონაციონალურ თემას. ანუ, ვინც ჩვენთან არ არის, ის ნაციონალების არის. ამას დავარქმევდი გარკვეულ შეზღუდულ ხედვას არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართ. დაძველდა, დაძველდა ასეთი მიდგომები, ვისაც რა უნდა დავაბრალოთ, სიმართლე ყოველთვის ზევით იქნება ამოტივტივებული.