ბოლო წლების ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით ხასიათდება. სამხედრო ძალას კრემლი ამჟამად უფრო ზეწოლის მექანიზმად იყენებს, ვიდრე ძირითად ძალისხმევად. რუსეთი წინა წლებისგან განსხვავებით სამხრეთ კავკასიაში ხედავს სივრცეს, რომ შანტაჟის გზით უპირველესად აზერბაიჯანს და შემდგომ საქართველოს მის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროექტებში გაწევრიანება აიძულოს. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი რეგიონული ვითარების პირობებში რეალურად კავკასიაში რუსეთისთვის საფრთხის შემცველი პროცესი არ მიმდინარეობს, მოსკოვი მაინც პრიორიტეტულად მიიჩნევს ყოველგვარი ალტერნატიული ვარიანტის სრულ ნეიტრალიზებას. ნავთობის დაბალი ფასის და ეკონომიკური ვითარების მოსალოდნელი გაუარესების ფონზე, რუსეთი კავკასიას ისეთ რეგიონად განიხილავს სადაც ვითარება მისი კონტროლიდან სწრაფად შეიძლება გამოვიდეს. სამხრეთ კავკასიას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის გლობალური ამბიციების დაკმაყოფილების თავლსაზრისითაც, რაც საერთაშორის სისტემის დამოუკიდებელ ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
კავკასიაში ღია სამხედრო გზით მოქმედებაზე უარის თქმით მოსკოვი ცდილობს თავიდან აიცილოს ის დიდი პოლიტიკური დანახარჯი, რაც კიდევ ერთ სამხედრო კამპანიას შეიძლება მოყვეს. კერძოდ, მორიგი აგრესია აშშ-ის მიერ გამოყენებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასამკაცრებლად და რუსეთს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირების შანსს მოუსპობს. კავკასიაში ახალი რეგიონული წესრიგის იმიტაციური კონსენსუსის საფუძველზე ფორმირებით რუსეთი საკუთარი ავტორიტეტის ზრდასაც იმედოვნებს, რამდენადაც ბაქოს და თბილისის გადაწყვეტილებებზე ირიბი ზემოქმედებით პროცესი წარმოჩნდება, როგორც რუსეთის თაოსნობით მიღებულ საერთო, ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება. აღნიშნული კი მოსკოვს, ნაცვლად აგრესორისა, სტაბილურობის უზრუნველმყოფი აქტორის როლის მორგების საშუალებას მისცემს, რაც რეალურია კავკასიაში აშშ-ს პასიურობის ფონზე.
რუსეთის მზარდი ძალისხმევის ფონზე რეგიონში მისი დაბალანსების შესაძლებლობა და დასავლეთის როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორის მნიშვნელობა მცირდება. დასავლეთის და თურქეთის აქტივობის ის ინტენსიობა, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში მეტნაკლებად უზრუნველყოფდა მოსკოვის შეკავებას, ცალსახად აღარ არის საკმარისი. ამავდროულად არ იკვეთება პარტნიორების მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გაწევის მზაობა. აპრილის დასაწყისში ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის დაფიქსირების მიუხედავად, ნათელია, რომ ანკარას ბაქოსთვის რეალური დახმარების გაწევის პოტენციალი არ გააჩნია. პარალელურად, რეგიონული პროცესების, მათ შორის ყარაბაღის უკანასკნელი მოვლენების მიმართ დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის პასიური პოზიცია ადასტურებს, რომ თვალშისაცემად შემცირებულია რეგიონით დაინტერესება. დასავლური ბანაკი განსაკუთრებულ პასიურობას სწორედ აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით იჩენს. ევროკავშირი კვლავინდებურად ფორმალური ნაბიჯებით შემოიფარგლება. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს კონკრეტული შეთანხმებები და მით უმეტეს, რეალური ნაბიჯების გადადგმა არ მოჰყოლია. აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დეკლარირებულ დონეზე გრძელდება მოლაპარაკებები „სტრატეგიული მოდერნიზაციული პარტნიორობის ხელშეკრულების“ გაფორმების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ენერგეტიკის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება. თავის მხრივ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით ციხიდან გათავისუფლდა რამდენიმე პოლიტპატიმარი, რაც მიანიშნებდა დასავლეთის მიმართ პოზიციების შერბილების მცდელობაზე. თუმცა, დასავლეთის მხრიდან კავკასიის რეგიონის უშიშროების უზრუნველსაყოფად ქმედით სამხედრო-პოლიტიკურ მექანიზმების შექმნის მზაობა და მცდელობა არ იკვეთება, რაც რუსეთს მოქმედების თავისუფლებას აძლევს, მათ შორის საქართველოშიც.
სტრატეგია აზერბაიჯანთან მიმართებაში
სამხრეთ კავკასიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის უზრუნველსაყოფად რუსეთი განსაკუთრებულ აქცენტს აზერბაიჯანზე აკეთებს. კრემლის გათვლით ბაქოზე გავლენის მოპოვება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც შეამცირებს და მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის გარეშე დარჩენილი საქართველოს კონტროლსაც გაამარტივებს. სწორედ ამიტომ, 2016 წლის დასაწყისიდან რუსეთის პრიორიტეტულ სამიზნეს სწორედ აზერბაიჯანი წარმოადგენს.
რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის გამოყენებით ცდილობს აზერბაიჯანს „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ გაწევრიანება აიძულოს და ამისთვის ბაქოს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საშიშროებით აშანტაჟებს. რუსეთმა ყარაბაღის საკითხი იანვრიდან გაააქტიურა. კრემლის საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა მასალები, რომელშიც მთიანი ყარაბაღი წარმოდგენილი იყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აზერბაიჯანის სამხრეთში კი, მანათის დევალვაციის შედეგად და ფასების ზრდის გამო, მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები თალიშების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად ფასდებოდა. ასეთი საინფორმაციო აქტივობა ბაქოსთვის ერთგვარი შეხსენება იყო იმ მრავალრიცხოვანი შესაძლებლობებისა, რომლითაც მას აზერბაიჯანის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა რუსეთი ამჟამად აზერბაიჯანთან ღია კონფრონტაციის სცენარით არ მოქმედებს და ნაცვლად ამისა ბაქოს ერთგვარად კომპრომისულ გარიგებას სთავაზობს, რამაც ალიევის ხელისუფლებას იმიჯის შენარჩუნების საშუალება უნდა მისცეს. კერძოდ, „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ გაწევრიანებისა და ზოგადად რუსულ ორბიტაზე მოქცევის სანაცვლოდ რუსეთი აზერბაიჯანს გარკვეულ დათმობებს სთავაზობს, მაგალითად აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიღმა, ამჟამად სომხური მხრის მიერ კონტროლირებადი რაიონების დაბრუნება, აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დემილიტარიზებული ზონის შექმნა. ამგვარი სცენარის განხორციელება აზერბაიჯანის ხელისუფლებას ფაქტობრივად მისცემს საშუალებას, რომ გამარჯვებულის იმიჯით გაწევრიანდეს რუსულ ინტეგრაციულ პროექტებში და დაბრუნებული ტერიტორიების ფაქტორით გადაფაროს უარყოფითი შედეგები.
ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებით რუსეთმა აზერბაიჯანს ნათლად აჩვენა, რომ აღარ დაუშვებს ბაქოს ლავირების პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ალიევის ხელისუფლებას არჩევანის გაკეთების წინაშე აყენებს. ესკალაციის შემდეგ რუსეთმა ღიად დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტის დაჩქარებულ რეჟიმში დარეგულირებაზე და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბარი. კრემლის მხრიდან ღიად გამოითქვა სურვილიც აზერბაიჯანის რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროექტებში გაწევრიანების თაობაზეც. თავის მხრივ ალიევის ხელისუფლებაც დგამს გარკვეულ შემხვედრ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთის მიმართ დამთმობი პოზიციების ფორმირებაზე უნდა მიანიშნებდეს. ილჰამ ალიევი ღიად აფიქსირებს მზაობას, რომ მოსკოვის მიერ ინიცირებულ „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ სატრანსპორტო კორიდორის შექმნას დაუჭიროს მხარი, რამაც რუსეთის ირანთან დაკავშირება უნდა უზრუნველყოს.
სტრატეგია სომხეთთან მიმართებაში
რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის გამოყენებით მნიშვნელოვანი რეგიონული გარდატეხის მისაღწევად შესაბამისი ნიადაგი მოამზადა სომხეთშიც. რუსეთს სომხეთის ხელისუფლებაზე ზემოქმედება, სწორედ ყარაბაღის საკითხში სომხეთის დათმობებზე დასაყოლიებლად სჭირდება, რამდენადაც სხვა მხრივ, რუსეთს ერევნის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება. გასული წლის განმავლობაში რუსეთმა სომხეთის მოქმედი ხელისუფლება და პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი კონტროლირებადი ოპოზიციური ჯგუფების გამოყენებით დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია. პრეზიდენტის ლეგიტიმაციის შერყევით მოსკოვმა სარგსიანს აჩვენა, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი ხელისუფლების შეცვლა და ამით მოსკოვისთვის მინიმალური წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ დაუტოვა. რუსეთის მიზანი იყო სარგსიანის ხელისუფლების იმგვარად დასუსტება, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გარანტად რუსეთი დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ, გასული წლის ოპოზიციის გამოსვლების შემდგომ, რუსეთმა თავის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები პოლიტიკური სივრციდან გაიყვანა და სომხეთის პრეზიდენტს საშუალება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებები განეხორციელებინა, რაც ცალსახად მისი ძალაუფლების გახანგრძლივებას უკავშირდება.
რუსეთი აქტიურ ძალისხმევას ეწევა სომხეთში სასურველი საზოგადოებრივი განწყობების ჩამოსაყალიბებლადაც. კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე რუსეთი, როგორც სომხეთის უსაფრთხოების გარანტი, შეუცვლელ ქვეყანას წარმოადგენს. ამგვარად მზადდება ნიადაგი იმისთვის, რომ სომხური საზოგადოება პარტნიორის უალტერნატივობიდან გამომდინარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების რუსეთის მიერ შეთავაზებულ სცენარს დათანხმდეს. სომხეთის საზოგადოებაში საფრთხეების აღქმის გამძაფრების მიზნით რუსეთი აქტიურად იყენებს თურქეთის მტრის ხატის ფაქტორს.
ყარაბაღის კონფლიქტის უკანასკნელი ესკალაციის სავარაუდო ხელშემწყობად რუსეთის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა ღიად დაასახელეს თურქეთი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ანკარა ამ ეტაპზე არავითარ სერიოზულ მაპროვოცირებელ ნაბიჯებს არ დგამს კავკასიის და კონკრეტულად მთიანი ყარაბაღის რეგიონთან მიმართებაში. თურქეთის ფაქტორის გააქტიურებით რუსეთს სურს სომხურ საზოგადოებას აჩვენოს, რომ ქვეყანა მასშტაბური შეთქმულების წინაშე დგას, რომელთან გამკლავების ერთადერთ შესაძლებლობადაც რუსეთის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმებას წარმოაჩენს. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი აგრეთვე აშარად ცდილობს სომხურ საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ მაღალია უშუალოდ რუსეთ-თურქეთს შორის შეიარაღებული კონფრონტაციის ალბათობა, რითაც რუსეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების აუცილებლობასა და გადაუდებლობას უსვამს ხაზს.
პარალელურად რუსეთი განაგრძობს რეგიონში საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რის შედეგადაც მოსკოვი რეგიონის ქვეყნების მხრიდან მისი პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტების პროვოცირებისთვის ამზადებს ნიადაგს. რუსეთი განუხრელად აძლიერებს სომხეთში დისლოცირებულ საკუთარ ძალებს, სადაც აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადება. თუმცა ამის პარალელურად რუსეთი უარს არ ამბობს შეიარაღების მიწოდებაზე როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის. რეგიონის მილიტარიზაციის ხელშეწყობით მოსკოვი ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის მასშტაბური კონფლიქტის პროვოცირებისთვის რომლის ფარგლებშიც იგი უზრუნველყოფს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაქსიმალურად დაასუსტონ ერთმანეთი. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოსკოვი კონფლიქტში ჩარევას უკვე ისეთ ფაზაში მოახდენს, როდესაც მარტივად შეეძლება დასუსტებული მხარეების საკუთარ პირობებზე დათანხმება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის მიუხედავად რუსეთი არ ითვალისწინებს პარტნიორი სომხეთის პოზიციას და ღიად აფიქსირებს, რომ შეიარაღებას კვლავინდებურად ორივე მხარეს მიაწვდის.
და ბოლოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედებებზე საუბრისას, აუცილებელია შევეხეოთ მის ფაქტორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
აფხაზეთში ოპოზიციური საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაციის ტენდენცია კვლავ ძლიერია. რითაც ახალი დე–ფაქტო ხელისუფლება ძლიერი შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ ექცევა. ამას თან ერთვის რუსეთის მხრიდან რიგ საკითხებზე სასურველი დათმობების მისაღებად აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლებაზე წარმოებული პერმანენტული ზეწოლა. გრძელდება აფხაზეთის რუსულ სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, რომელმაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე უფრო დაჩქარებული და მწყობრი ხასიათი შეიძინა.
ბოლო დროს აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო ოპოზიციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას. დე-ფაქტო პრეზიდენტი აფხაზური საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხებზე აპელირებით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას გეგმავდა, მაგრამ საკუთარი დაპირებების შესასრულებლად საჭირო რესურსი არ გააჩნდა. ძლიერი აფხაზი ლიდერის არსებობა არც რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ვითარების სამართავად კრემლისთვის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების პერიოდული დაძაბვა ხელსაყრელია.
2016 წლის დასაწყისიდან აქტუალობას არ კარგავს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის „პასპორტიზაციის“ საკითხი. ოპოზიციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალებისა და აფხაზური რადიკალური ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად დე-ფაქტო ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა აღნიშნული პროცესი და უკვე საპილოტე პროექტის გაშვებისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური ძალები დე-ფაქტო მთავრობას „პასპორტიზაციისთვის“ დაწესებული ვადების უხეშ დარღვევასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. იზრდება აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის ხარისხი და სავარაუდოა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად სეპარატისტული „სახელმწიფო ინსტიტუციებიდან“ მხოლოდ ფორმალური სახელწოდებებიღა დარჩება.
2016 წლის დასაწყისიდან მკვეთრად შემცირდა აფხაზი სეპარატისტების საგარეო-პოლიტიკური აქტიურობებიც. რუსეთ-თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე დე-ფაქტო მთავრობას თურქეთთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესდა, რაც უარყოფითად აისახა ზოგადად მათ საგარეო-პოლიტიკურ აქტიურობებზე. თურქეთი აფხაზეთში რუსეთის ერთპიროვნული გავლენის მიუხედავად, სისტემატიურად ცდილობდა ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო გზით შეღწევას, რისთვისაც თურქეთში მცხოვრებ კავკასიელებს იყენებდა. წინა წლებისგან განსხვავებით, შემცირდა აფხაზების აქტიურობა ევროპის მიმართულებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზების ნებისმიერი სახის საერთაშორისო აქტივობა კვლავაც რუსული კავშირების მეშვეობით ხორციელდება, რაც საერთაშორისო არენაზე აფხაზების მოსკოვისგან დამოუკიდებელ მოქმედებებს პრაქტიკულად გამორიცხავს.
აქტუალურ საკითხად რჩება რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხი. აღნიშნული მონაკვეთის აღდგენით დაინტერესებულია როგორც რუსეთი, ისე სომხეთი, რომლისთვისაც თურქეთ-აზერბაიჯანის საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, რაც ასახულია სომხეთის ეროვნული უსაფრთოხების კონცეფციაშიც. „აფხაზეთის რკინიგზის“ აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საგრძნობლად გააქტიურდა რუსეთის კრასნოდარის მხარისა და საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომხური დიასპორაც. რკინიგზის აღდგენის ინიციატივამ შესაძლოა საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენოს, როგორიცაა რუსეთის „რბილი ძალის“ კომპონენტების გაძლიერება რეგიონში და ქართულ საზოგადოებაში ოკუპირებული ტერიტორიების თემით სპეკულირების ტენდენციის გაძლიერება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მოსახლეობასთან დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შანსი გაუჩნდება, თუმცა კრემლი შეეცდება ქართული საზოგადოება ოკუპირებული რეგიონების პრობლემის რუსულ მხარესთან თანამშრომლობის გზით მოგვარების შესაძლებლობაში დაარწმუნოს, რაც გამოყენებული იქნება საზოგადოებაზე წნეხის გასაზრდელად საქართველოს ხელისუფლებაზე საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლის მოთხოვნით.
განსხვავებული ვითარებაა ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში. თუკი აფხაზი სეპარატისტები რუსული პოლიტიკისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები აბსოლუტურად უძლური არიან რუსეთი პოლიტიკის მიმართ. ცხინვალის რეგიონში შიდაპოლიტიკური აქტორები საკუთარი კარიერის გადარჩენას მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებით ცდილობენ. დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს და „მმართველი პარტიის“ ლიდერის ანატოლი ბიბილოვს შორის მიმდინარე დაპირისპირებაც რეალურად რუსეთის მხარდაჭერისთვის ბრძოლას წარმოადგენს. მარტის ბოლოს პუტინთან შეხვედრისას თიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადებები „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მის მონაწილეობასთან დაკავშირებით სწორედ კრემლის მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურებოდა. დე-ფაქტო ლიდერმა უპირობო ერთგულების დემონსტრირების მიზნით პუტინს „საკონსტიტუციო“ ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების იდეა მიაწოდა, რითაც „იურიდული საფუძველი“ უნდა შეიქმნას საკავშირო ორგანოს ჩამოყალიბებისათვის, რომელზეც ოსი სეპარატისტები „ხელისუფლების“ დელეგირებას მოახდენენ. აღნიშნულის რეალიზება კი ფაქტობრივად რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ღია ანექსიის ტოლფასი იქნება.
მოსკოვი თბილისზე ზეწოლის ბერკეტად კვლავ აქტიურად იყენებს ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე „სადემარკაციო სამუშაოებს“, რაც ვითარების ესკალაციის საფრთხეს ზრდის. კრემლი ცდილობს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას ქართული მხრიდან ლეგალიზაციის გარკვეულ ელემენტები შესძინოს ოფიციალური თბილისის ჩათრევით „საზღვრის დემარკაციის“ შესახებ მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის პირდაპირი ანექსია რამდენიმე მიზეზის გამო ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე მოსკოვის ინტერესებში არ შედის ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსიით დამატებითი პრობლემები შეიქმნას დასავლეთთან დიალოგის პროცესში. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონის პირდაპირი ანექსიით კრემლი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული რბილი ძალის კომპონენტების ეფექტიანობას დანარჩენ საქართველოზე, განსაკუთრებით არჩევნების წინ.
დიდი ალბათობით, კრემლი რბილი ძალის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული საზოგადოების დარწმუნებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რუსული სცენარის უალტერნატივობაში. საქართველოს მოსახლეობისადმი რუსეთის ერთგვარი შეთავაზება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვა და „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ გაწევრიანება, რასაც სერიოზული გათვლები დაჭირდება საქართველოს მთავრობის მხრიდან.