ბიძინა ივანიშვილის წერილის მიღმა ზოგმა ილია ჭავჭავაძის ხელწერა და მისი პუბლიცისტური ჟანრი დაინახა, ზოგმაც-ვირტუალური სამყაროს წარმოჩენის მცდელობა. 5 477-სიტყვიანი წერილით ყოფილ პრემიერს იმის თქმა სურდა, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად ვართ ახლა. თუმცა, რეალურად, რამდენად იყო პოლიტიკურად მომგებიანი ქაღალდზე დაწერილი ციფრებით ხალხთან საუბარი და რამდენად გაამართლა ივანიშვილის მორიგმა ეპისტოლარულმა ჟანრმა?
ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. სადამდე უნდა გაგრძელდეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაშველის რგოლის გადაგდება „ოცნებისთვის“, რომელმაც დამოუკიდებლად დღემდე ვერ მოახერხა ხალხის გულის მოგება?
- სანამ „ოცნება“ იარსებებს, ბიძინა ივანიშვილი არ მიატოვებს ამ პარტიას. ის „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ მორალური ბურჯია, აგრეთვე, სტრატეგიული რესურსი და რეზერვიც. დემოკრატიული ქვეყნებისათვის ასეთი რამ უცხოა, თუმცა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ძალზე აქტიურად უჭერენ ხოლმე მხარს თავიანთ პარტიებს.
შესაბამისად, არაფორმალური მართვაც არ გრძელდება ამერიკაში.
- არა, როგორ გეკადრებათ. არაფორმალური მართვა იყო ჩინეთში, დენ სიაოპინი რომ გადადგა და მართავდა. იყო ჰონკონგშიც, ლი კუან იუ რომ მართავდა მხოლოდ თავისი ავტორიტეტით, რაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში მიუღებელია.
რამდენადაც ვიცი, თქვენ თავიდანვე არ მოგწონდათ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი ეპისტოლარული ჟანრი.
- რაც შეეხება თვითონ წერილს, მე საერთოდ არ მომწონდა ასეთი ეპისტოლარული ჟანრი, რადგან თვითონ ჩვენს ამომრჩეველში ცოტა ადამიანი თუ მეგულება, რომელიც ცხრამეტ-ოც გვერდს ყურადღებით წაიკითხავს. თანაც, დაწერილია ძალზე პროფესიონალურ ენაზე. საინტერესო იქნებოდა ის, რომ თვითონ ბატონი ბიძინა და ის, ვინც ეხმარებოდა მას ამ წერილის შედგენაში, გაცნობოდნენ ამ წერილამდე ხუთი დღით ადრე დაწერილ ძალზე საინტერესო დასკვნას, რომელიც ევროპის საგარეო პოლიტიკურ ცენტრში- ბრიუსელში მომზადდა. ისიც დიდი დასკვნაა, 10-12 გვერდიანი. ბატონი ივანიშვილის მრჩევლებს ეს დასკვნა რომ წაეკითხათ, მე მგონი, ლაპარაკი აღარ იქნებოდა საქართველოს ასეთ უმაღლეს დემოკრატიაზე, ვინაიდან ეს არ არის ერთი პარტიის, ვთქვათ, „სახალხო პარტიის“ წერილი. იქ ერთად არის განხილული საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, სადაც პირდაპირ წერია, რომ დემოკრატია და რეფორმები შუა გზაზე შეჩერდა. თუმცა იმ დასკვნაში არსად არის აღნიშნული, როდის შეჩერდა რეფორმები, 2007 წელს თუ 2012 წელს. ყოველ შემთხვევაში, სამივე ქვეყანა არასახარბიელოდ ერთ პაკეტშია განხილული, ერთნაირი კორუფციით, სასამართლო პრობლემებითა და ნეპოტიზმით.
თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს. ამის საპასუხოდ, ყოფილ პრემიერს გაუხსენეს, რომ 77 ათასი ბავშვი შიმშილით კვდება საქართველოში და ეს არ არის ეკონომიკური აღორძინება.
- ძალიან ძნელია, რიგითი მოქალაქე ვერც ერკვევა, რა არის შიდა საბითუმო პროდუქტი, რა არის მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, წარმოდგენა არ აქვს ამაზე და არც აინტერესებს, მისთვის მთავარია თავისი ჯიბე და თავისი ცარიელი მაცივარი. იმათ ვერ დააჯერებ, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ის მაინც ცუდად ცხოვრობს. რასაკვირველია, ივანიშვილის ამ ტექსტში არის სიმართლეც და არის ილუზიებიც, მაგრამ არ არის თვითკრიტიკა. მე რომ მქონდეს საშუალება, ბატონ ბიძინას შევახსენებდი, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველსავე დღეებში, როდესაც მან სააკაშვილის დროინდელი გამონოპოლისტებული ბიზნესმენები შეკრება, როგორ გადაუარა წამლების შემომტან კორპორაციებს და როგორ უყვირა ავერსის ლიდერს კარტელური გარიგებების გამო. რას ნიშნავს კარტელური გარიგება საქართველოში, ალბათ, 5%-მა თუ იცის. ეს არის, როდესაც რამდენიმე ფირმა შეთანხმდება ერთმანეთში, რომ ამაზე იაფად არ გაყიდიან არაფერს. ეს გარიგება სასტიკად ისჯება დემოკრატიულ ქვეყნებში იმიტომ, რომ კონკურენცია აღარ არის.
ბიძინამ მაშინ პირდაპირ გაუხსენა ავერსის გენერალურ დირექტორს, თქვენ მეუბნებით, რომ არ არის კარტელური გარიგება, როცა საჩხერეში საავადმყოფო ავაშენე, წამალი ვერ შემოვიტანეო? მერე რა მოხდა, იცით? მეორე დღესვე წამლებზე ფასები უცბად დაეცა, მაგრამ სამი-ოთხი თვის შემდეგ მაშინდელი სიძვირის დონეს გადააცილა. ე.ი. იგი ვერ მოერია კარტელურ გარიგებას და არა მარტო წამლების სფეროში, არამედ ბენზინის სფეროშიც.
ცოტა ძნელად დასაჯერებელია სოფლის მეურნეობის აყვავება, როდესაც ნახევარზე მეტი პროდუქტი, რაც ჩვენს ბაზრებში იყიდება, თურქეთიდან შემოსულია.
საინტერესო იყო გამოხმაურებები ამ წერილზე. მანანა კობახიძის ნათქვამი საქილიკოდ იქცა, შესაძლოა, მან იმ კონტექსტითაც შეუდარა ილია ჭავჭავაძეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ილია ბანკირი იყო, ხოლო ბიძინა ბიზნესმენია. შესაძლოა, მანანა კობახიძემ მსგავსება იმაშიც დაინახა, რომ თავის დროზე ილიამ დაწერა ცნობილი წერილი - „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?, სადაც საუბარია იმ თემებზე, თუ რანი ვიყავით ქართველები, რანი ვართ და რანი ვიქნებით.
- შეიძლება იყო ილიასთან მსგავსების მცდელობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვკითხულობ ჩვენი ჩინოვნიკების გამონათქვამებს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ საფრანგეთში, ევროპაში, ამერიკაში, რომ ჩინოვნიკმა თავის თავს კრიტიკის უფლება მისცეს, მით უმეტეს, მანანა კობახიძემ, რომელსაც ჯერ კიდევ თავის მართლება უწევს ბრალდებებისაგან. აქ არ არის ასეთი დემოკრატია.
ერთადერთი მსგავსება ილიასთან, ალბათ, ის იყო, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა სიტყვები იმისთვის, რომ ეთქვა, სად ვიყავით 2012 წლამდე, სად ვართ და საითკენ მივდივართ.
- მე გეტყვით, რომ მაშინ მეთოდოლოგიური შეცდომაა დაშვებული ამ წერილში იმიტომ, რომ ილია ახლო წარსულის შესახებ კი არ წერდა, არამედ ისტორიას მიმოიხილავდა. მაშინ ეს წერილი მეთოდოლოგიურად უნდა დაწყებულიყო, უნდა მომხდარიყო ანალიზი გამსახურდიას რეჟიმისა, თუ რა იყო გამსახურდიას რეჟიმი, როგორი იყო მაშინდელი პარლამენტი. ვთქვათ, იყო მართლაც მესიად მოვლენილი ზვიად გამსახურდია და მისი საშინელი გარემოცვა, მერე იყო შევარდნაძე, მხედრიონი, მერე - „ნაციონალური მოძრაობა“. მთლიანობაში, ასეთი ტექსტები მაქსიმუმ უნდა იყოს რვა-ცხრა გვერდიანი.
კენედი ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს, თუ გინდათ, თქვენი ტექსტი წავიკითხო, ისწავლეთ ერთ გვერდზე წერა. აქ კი ისტორიაა გადმოცემული, ამდენი პროცენტებია მოტანილი, ეს შეიძლება სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხო, სადაც პროფესიონალები სხედან. შენ კი ამ დროს მიმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომლის პოლიტიკური კულტურაც საშინლად დაბალია, განათლებაც ნულზეა. მე ჩემი სფერო მაინტერესებს- მეცნიერება. განათლება და მეცნიერება ტყუპებია, მაგრამ, როდესაც განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი საბავშვო ბაღების დირექტორების დანიშვნაა, როდესაც ვხედავ, რა თაობა მოდის უმაღლესებში, საუბარი ზედმეტია. ძალიან გთხოვთ, დაწერეთ, ვერ მოვიცალე, ერთი მივიდე მიმინოშვილთან, მამამისს ვიცნობდი ძალიან კარგად და ვუთხრა, ეროვნულ გამოცდებზე როგორ აძლევენ მაღალ ქულებს ასეთ ბავშვებს? ამ წუთას მიდევს ნაშრომი, სადაც მეორე კურსელი მიწერს ჰიტლერზე, „ჰიტლერი ძაან ცუდი ადამიანი იყო“, მორჩა და ამით დაამთავრა. ახლა მეორე ნაწერი, რიშელიეს შესახებ - „საქვეყნოდ ცნობილია, რომ რიშელიე ძაან მაგარი დიპლომატი იყო“. ამას მიწერს მე მომავალი დიპლომატი, უმაღლესებში ახლა კორუფცია აღარ არის, მაგრამ მაშინ რა არის?!
სამართლიანობის აღდგენის თაობაზეც მინდა გკითხოთ, პაატა ბურჭულაძის სლოგანი ზუსტად სამართლიანობის აღდგენაა. როგორც ჩანს, ეს მომგებიანი ლოზუნგი იქნება ყველასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. თუმცა ივანიშვილის წერილში ამის შესახებ რამე თქმულა?
- არა, სამართლიანობის აღდგენაზე არაფერი თქმულა. ერთადერთი ითქვა, რომ ჩვენ აღვკვეთეთ და მოვსპეთ ძალადობაო. თუმცა, როდესაც ბოკერიას და მელიას „სინიაკები“ ჯერ არ გასვლიათ, ცოტა უხერხულია ლაპარაკი ძალადობის აღკვეთაზე.
ბოკერიასა და მელიასთან დაკავშირებით ხალხის აზრი სხვანაირია. მათ გასაკვირად არ მიაჩნიათ, რომ ნაციონალებისდროინდელი ძალადობა ძალადობას შობდა.
- როგორც გინდათ, იყოს, მაგრამ ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. თუ ამ უფლებას მიითვისებს რაიმე არაფორმალური გაერთიანება, მოქალაქეთა ჯგუფი, ის არსენა მარაბდელი გამოდის თუ მხედრიონი?
მაგრამ, თუ სახელწიფო სამართლიანობის აღდგენას არ ფიქრობს, ზოგიერთები სხვა გზას ვერ ხედავენ.
- ამას წინათ ომარ ნიშნიანიძეს ვუსმენდი, ქართველი ხალხი იმ ბიჭების მარჯვენას ლოცავს, ვინც ესენი სცემესო. რა ვქნათ, მაშინ, მოდით, დღეს ერთი სცემონ, ხვალ მეორე, მაშინ პოლიცია რაღად გვინდა? თუ სამართლიანობა არ აღდგა, ეს ხომ ყველაზე დიდი ნაკლია? ამის გამართლება არ შეიძლება. მაშინ თქვას იმავე კობახიძემ, რომ ვერ შევძელით სამართლიანობის აღდგენა, ამიტომ ეს სფერო დავუთმეთ ამ ბიჭებსო.
სხვათა შორის, ზოგიერთი ექსპერტი დღემდე ცდილობს, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად წარმოაჩინოს „საწყალი“ მოსამართლეები, ისევე როგორც ჰიტლერის ესესელები ყოფილან თურმე მსხვერპლნი ფაშისტური იდეოლოგიის. ამ დროს თქვენ ერთხელ გაიხსენეთ, ჰიტერსაც რომ გაუწია წინააღმდეგობა მოსამართლემ. ასეთი მოსამართლეები ჩვენ არ გვყავს.
- ჩვენ სად გვყავს დამოუკიდებელი მოსამართლეები?! ისტორიულად ლუი მე-14-ეს მოსამართლეებმა გაამართლეს ადამიანი, რომელსაც ლუი მე-14-ეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა დავალებული. ჰიტლერმა გაათავისუფლა დიმიტროვი, რომელსაც ბრალი ედებოდა რაიხსტაგის დაწვაში, რადგან ვერ დაუმტკიცეს დიმიტროვს დანაშაული. ჰიტლერმა ის გერმანიიდან გამოუშვა, ჩამოვიდა და პადმასკოვიე აგარაკზე ისვენებდა მთელი ომის განმავლობაში, მერე სტალინმა ბულგარეთის ცეკას პირველ მდივნად დანიშნა.
მეფის დროს მეცნიერებმა არაკჩევი არ აირჩიეს აკადემიის წევრად. მე თვითონ მეცნიერებთა აკადემიაში ვმუშაობდი მთელი ჩემი სიცოცხლე, მოსკოვში მცხოვრები ცნობილი მწერალი ირაკლი ანდრონიკოვი არ აირჩიეს აკადემიკოსად ჩვენმა მეცნიერებმა - აკაკი შანიძემ, კორნელი კეკელიძემ. არადა, ცეკას მდივნის დარეკილი იყო, მოსკოვიდან ბრძანებაც იყო. მე მახსოვს, შანიძე გამოვიდა და თქვა, მაშინ გამოვიდეთ და ნიკოლა ბაჟანი ავირჩიოთ აკადემიკოსად, მას თავისი ხალხისთვის მაინც არ უღალატია და თავის ქვეყანაში ცხოვრობსო. მე ამის მოწმე ვარ. დღეს სადღაა მეცნიერება, როცა ბუღალტერი გვყავს განათლების მინისტრად? ამაზე ბიძინა ივანიშვილის წერილში სიტყვა არ არის. მიშას ჰქონდა რაღაც ამერიკული რეფორმა, ლომაიამ დაიწყო მეცნიერების ნგრევა, შაჰ აბასს არ გაუკეთებია და აღა-მაჰმად-ხანს და ამ ქალმა დაასრულა.
ივანიშვილი დასავლურ კურსზე საუბრობდა და ამბობდა, რომ დასავლური კურსი არ ნიშნავს, პატივისცემით არ მოვეპყრათ მეზობლებს და არ გავითვალისწინოთ მათი ინტერსები. დღემდე „ქართული ოცნების“ აქილევსის ქუსლად ითვლებოდა საგარეო პოლიტიკა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნებს უცხოელ პარტნიორებს საგარეო კურსის ურყეობაში?
- ჩვენთან საგარეო კურსი მხოლოდ დეკლარირებულია. მე არ მესმის ერთი რამ, მაინცდამაინც აუცილებელია ჩვენ ევროკავშირში მიგვიღონ, სიგელი მოგვცენ და მერე დავიწყოთ ნეპოტიზმთან ბრძოლა? ფასეულობებია ევროპული კურსი, ნახევარი მსოფლიო არ არის ევროკავშირის წევრი - იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მაგრამ იქ ნეპოტიზმი აღმოფხვრილია. ახლა მამა რომ პარლამენტის წევრია და შვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რა ჯანდაბაა? ეს აქილევსის ქუსლი არის და იქნება მომავალშიც.
ბიძინა ივანიშვილის წერილის ერთ-ერთი ქვესათაური -„წარსულში დაბრუნების საფრთხე“ ხომ არ ნიშნავს, რომ აგვიტანეთ ხალხო, თორემ მოვა სისხლიანი ნაცი?
- ასე შევარდნაძის დროსაც გვაშინებდნენ, ბნელი ძალა მოდის ასლანის სახითო. ვთქვათ, მოხდა ის, რაც, ჩემი აზრით, არ მოხდება, მართლაც დამარცხდა არჩევნებში „ოცნება“ და გაიმარჯვა პაატა ბურჭულაძემ ან რომელიმე სხვა კოალიციამ (დავანებოთ თავი „ნაციონალურ მოძრაობას“), ეს აუცილებლად წარსულში დაბრუნება იქნება?
აქ ნაციონალების დაბრუნებაზეა საქმე.
- წარსულში დაბრუნების მთავარი პრევენცია იქნებოდა სწორი საკადრო პოლიტიკა, საკადრო სელექცია, რაზეც სიტყვა არ არის წერილში. არჩევნები მოდის და ნემსის ყუნწში ძვრებიან, ოღონდ სიაში მოხვდნენ და თანამდებობები მიიღონ. გულახდილად ვთქვათ, კოალიციის დაშლა ხავერდოვანი არ ყოფილა. კოალიციის დაშლა მოხდა სკანდალების ფონზე. რა, რესპუბლიკელები ასე მშვიდად დაშორდნენ „ოცნებას“? ესეც არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო. მთავარი შეცდომა, რის აღიარებასაც მინიშნებით მაინც ველოდი, ის იყო, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა, მაშინვე უნდა დაშლილიყო კოალიცია, რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო და „ოცნება“ დამოუკიდებლად მოსულიყო თავისი ძალით და არა ამ ორ და სამპარტიანი ლიდერების შეკოწიწებით, რომლებსაც არც მხარდაჭერა აქვთ ხალხში, არც ელექტორატი გააჩნიათ და ასი წელი რომ იცოცხლონ, დამოუკიდებლად პოლიტიკაში ვერ მოვლენ.
მაგრამ ამ „ოცნებაშიც“ არ არის რჩეული კადრი.
- ეს იმიტომ, რომ არასწორი პოლიტიკაა. ამ დროს არის ახალგაზრდა თაობა, არის აკადემიური წრეები, არის საუნივერსიტეტო წრეები, უბრალოდ, სურვილი, პოლიტიკური ნებაა საჭირო, მაგრამ, როგორც კი შენ ვიღაცას დასვამ და, სანამ პირადად შენს წინააღმდეგ არ გამოვა, კბილებით იცავ, ესაა დემოკრატია? ამის კლასიკური მაგალითია გიორგი მარგველაშვილი, არ მოეწონა და რაღაც თქვა, ეს ხომ მისი პოლიტიკური ნებაა, როგორც პრეზიდენტის?! მაგრამ არავითარი პოლიტიკური ნება მას არ აქვს. საერთოდ რისი ნება აქვს ქალაქის მერს, არავინ იცის. მითხარით მსოფლიოში ისეთი მერი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია მთავარ პროსპექტზე გაიაროს. აბა, ნარმანიამ მარტო რუსთაველზე ჩაიაროს დაცვის გარეშე?! ან რომელი მინისტრი გაბედავს დღეს დაცვის გარეშე გასეირნებას? თავის დროზე შვედეთის პრემიერ-მინისტრი კინოდან გამოსული მოკლეს, არც დაცვა ჰყავდა და არაფერი, მაგრამ იქ პრინციპი იყო, რომ არ შეიძლებოდა, ხელისუფლება ხალხს დაშორებოდა. ჩვენთან რომელი მინისტრი გაივლის თავისუფლად?
არც ნაციონალები დადიოდნენ დაცვის გარეშე და ისინიც ზედმეტად დაცულები იყვნენ. თუმცა დღეს დაობენ, ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლად დაწერა თუ ადამიანთა ჯგუფის დახმარებით?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს თავი დავანებოთ, იქ იმხელა ციფრობრივი მასალებია, რომ ერთ ადამაინს არც შეიძლება ამხელა სპეციფიკური ინფორმაცია ჰქონდეს. რასაკვირველია, ამას გუნდი წერდა, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილის კონტროლქვეშ. ერთადერთი, მსოფლიოში სტალინი იყო, რომ დამოუკიდებლად წერდა ყველაფერს, ოღონდ მასალებს ითხოვდა, მერე თვითონ იჯდა და წერდა. ამიტომ ბატონი ბიძინა ცოტა თვითკრიტიკულიც უნდა იყოს. თუ ასეთი რთული მემკვიდრეობა მიიღე, ოთხ წელიწადში ვერავინ ვერ შეცვლიდა, 100%-ით სადღაც შეძლეს ცვლილებები, სადღაც ვერ შეძლეს, მაგრამ ამ წერილში არც მონოპოლიებზეა ნათქვამი და არც სოფლის მეურნეობაზე 15 ათასი კილომეტრიდან, ბრაზილიიდან თუ მექსიკიდან საქართველოში ტყემალი რომ შემოდის, რატომ უნდა ჯდებოდეს ამ სიშორიდან შემოტანილი ტყემალი უფრო იაფი, ვიდრე 200 კილომეტრიდან -კახეთიდან შემოტანილი ტყემალი? ვაჭრისთვის რატომ უნდა იყოს ეს სფერო მომგებიანი მაშინ, როცა ეს ბიზნესი წამგებიანი უნდა იყოს. აქ სისტემური ნაკლია.