ნატო-ს 28 წევრი სახელმწიფოს 250-მდე პარლამენტარმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა, კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს. დეკლარაცია, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს, შეიცავს ნატო-სადმი მოწოდებებს, გააძლიეროს ალიანსის კოლექტიური თავდაცვა, რათა შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც სულ უფრო აგრესიული ხდება.
დეკლარაციის თანახმად, ნატო-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება სწრაფი პასუხი, ასევე დაამშვიდოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც თავს საფრთხის ქვეშ გრძნობენ. კანონმდებლები მოუწოდებენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ვარშავის სამიტზე ყოვლისმომცვლელი სტრატეგია მიიღონ ნატო-ს სამეზობლოში სტაბილურობის გასაძლიერებლად.
უკვე ცნობილია, რომ ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან ნატო გააძლიერებს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას და გაზრდის ძალისხმევას მის საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„შევთანხმდით, რომ გავზრდით ჩვენს ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს იქნება მრავალეროვანი ძალები, რომლებიც როტაციული პრინციპით იმოქმედებენ. ასევე, გავაფართოებთ ძალისხმევას, ჩვენს საზღვრებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამას მივაღწევთ ჩვენი პარტნიორებისთვის დახმარების გაწევით, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის აღმოსავლეთში და ერაყისთვის, იორდანიასა და ტუნისისთვის სამხრეთში.
ჩვენ ვეხმარებით მათ ძლიერი თავდაცვითი სტრუქტურების შექმნასა და ბრძოლისუნარიანი ძალების გაწვრთნაში, რათა მათ საკუთარი ქვეყნების დაცვა შეძლონ. ვარშავის სამიტი გადამწყვეტ მომენტში ტარდება, როცა ნატო-ს საქმე აქვს ყველაზე სერიოზულ გამოწვევებთან უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირებას ელოდება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის განცხადებით ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.
„ჩვენთვის მისასალმებელია ეს რეზოლუცია და განცხადება, რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის. ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, გადაიდგმევა ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცისუნარიანობის დაცვის კუთხით და ეს იქნება კიდევ ერთი ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატოს მოკავშირე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დასავლელი პარლამენტარებისა და პოლიტიკური წრეების, ასევე საზოგადოებაში გავლენიანი წრეების მხარდაჭერა, რადგანაც ასეთი მხარდაჭერიდან გამომდინარე ხდება იმ კონსენსუსის შენება, რომლის საფუძველზეც, საბოლოო ჯამში. მოხდება ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება და შესაბამისი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაც.
„ამ კუთხით დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ჩვენი უფრო მეტი აქტიურობით, გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამისთვის აუცილებელია მაღალ დონეზე არსებული მხარდაჭერის მაქსიმალური გამოყენება და ასევე, რეფორმების სწრაფი გატარება, რომ ჩვენს მხარდამჭერ მოკავშირეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩვენი საკითხის წინ წამოწევის, რათა დაჩქარდეს ჩვენი ინტეგრაციის გაზრდის შანსები.
რაც შეეხება გენმდივნის განცხადებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის. მოგეხსენებათ, რომ მსგავი გზავნილი გაკეთდა ასევე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს, რომ ნატოს შენატანი ევროპის სტაბილურობისთვის არ შემოისაზღვრება მხოლოდ ნატოს წვერი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით, არამედ საუბარია პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე და ამ მხრივ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
აღსანიშნავია, რომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტებს გაზრდიან. გასულ წელს ნატო-ს ევროპულმა წევრებმა თავდაცვაზე 253 მლრდ დოლარი დახარჯეს, ეს მაშინ, როცა აშშ-მ 618 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
„2016 წლის პროგნოზი, რომელიც წევრი ქვეყნების მონაცემებს ეყრდნობა აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს გაურკვევლობასთან, მზარდი რაოდენობის საფრთხეებთან, გამოწვევებთან უსაფრთხოების სფეროში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთობა, ძალა და სტაბილურობა. ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატო პოლონეთში მეტ სამხედრო ძალებს განალაგებს და ეს იქნება მკაფიო გზავნილი რუსეთზე, რომ თავდასხმა პოლონეთზე შეფასებული იქნება, როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს ახალ სტრატეგიას შესაბამისი ზომებით ემუქრება რუსეთი. ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ დღეს ნატო კონფრონტაციული სქემების გადატანას შავი ზღვის აკვატორიაზე ცდილობს. შესაბამისად, რუსეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს შესაძლო საფრთხეებისა და რუსეთზე სამხრეთის მიმართულებიდან ძალისმიერი ზეწოლის მცდელობების ნეიტრალიზებისთვის.
„ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან „სამხედრო-ტექნიკური პასუხის“ გარეშე არ დარჩება. ნატო-სთან ურთიერთობას „ცივი ომად“ ვერ შევაფასებდი, მაგრამ ალიანსი უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმ სქემებზე გადადის, რომელიც „ცივი ომის“ პერიოდში არსებობდა“, - აღნიშნა ალექსანდრ გრუშკომ.
გიორგი მუჩაიძის განცხადებით, რუსეთიდან მომავალი აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად საჭიროა ძალიან კონკრეტული ზომების მიღება. მისი თქმით, ამ კუთხით დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა წვრთნების გაზრდა არა მხოლოდ ნატოს მოკავშირეებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებში და ამის მაგალითი იყო მაისში საქართველოში ჩატარებული წვრთნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ტანკებმა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
„საკამოდ მაღალია რუსეთის აგრესიული ქმედებების განხორციელების ალბათობა. შესაბამისად, ნატოს ასეთი ნაბიჯები ხდება სწორედ აგრესიის შეკავების გარანტი. რუსეთს არაფერი მიზეზი არ სჭირება იმისათვის, რომ კონფრონტაციული ნაბიჯები გადადგას. იმპერიალისტური პოლიტიკა ამ კონფრონტაციაზეა დაფუძნებული.
როდესაც არადემოკრატიული რეჟიმი განვითარებას ვერ ახდენს, საჭიროა თავისი მარცხი ვიღაცას გადააბრალოს. რეჟიმის შესანარჩუნებლად აგრესიული ნაბიჯები გადადგა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში. სწორედ ამ აგრესული ნაბიჯების შესაკავებლად შესაბამის ნაბიჯებს დგმას ნატო და როგორც ცივი ომის დროს დადასტურდა, სწორედ ასეთმა ქმედებებმა შეაკავა რუსეთის მომავალი აგრესია. დღესაც იგივე ვითარებაა“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.