მეცნიერებათა აკადემიაში ვითარება ყოველგვარ მეცნიერულ და აკადემიურ ფარგლებს სცდება. ამ სამიოდე კვირის წინ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრებს შორის საქმის გარჩევა თითქოს ამოწურული არ იყო და გუშინ გამართულ კრებაზე კვალავაც დაპირისპირებამ იჩინა თავი. ოღონდ ეს დაპირისპირება კრების ჩატარების ფორმალური მხარის დაუცველად, კანონგარეშედ წარიმართა.
For.ge-ს ინფორმაციით, დღეს მეცნიერებათა აკადემიის კრება ოფიციალურად თითქოს ჩატარდა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს კრება არ ჩატარებულა, რადგან კვორუმის გარეშე ჩატარებულ კრებას, წესისამებრ, აზრი ეკარგება. ნაცვლად იმისა, რომ კვორუმისთვის საჭირო 58 მეცნიერი შეკრებილიყო, 50-ზე ნაკლები მოგროვდა.
For.ge-სთან საუბარში აკადემიკოსმა გოგი ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ აკადემიის კრებაზე დაუსწრებლობით გამოხატეს მეცნიერებმა პროტესტის ფორმა, თუმცა აკადემიის მესვეურებისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ისე დაიწყეს კრება, რომ არც უხსენებიათ კვორუმის არარსებობა. ცხადია, ეს პროტესტის ფორმაა, მეცნიერებმა ამით გამოხატეს თავიანთი პროტესტი, რომ კრებაზე არ მოვიდნენ.
რამდენი უნდა მოსულიყო, რომ კვორუმი მიგეღოთ?
- მე მგონი, 58 მეცნიერი. თუ არ ვცდები, 50-ზე ნაკლები მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვა დავუსვი აკადემიის პრეზიდენტს-გიორგი კვესიტაძეს, აქ რომ შევიკრიბეთ, რა სტატუსით ვიმყოფებით? კვორუმი ეს არის-თქო? მიპასუხეს, ხუთი კაცი აკლია, მაგრამ ველოდებითო. ამ დროს კრება საათნახევრის დაწყებული იყო. არადა, წესისამებრ, კრება ამ სიტყვებით იწყება, ბატონებო, კვორუმი არის ამდენი და ამდენი, ჩვენს კრებას ესწრება ამდენი ადამიანი. დღეს კი ამაზე ხმა არ ამოუღიათ. სიტუაცია ასეთია, პარლამენტი იღებს ცვლილებებს კანონში აკადემიის შესახებ. ამ ცვლილებების მიზანია აკადემიის რეორგანიზაცია. საქართველოში ყოველ სოციალურ და სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს რაღაც ხარვეზი, ანუ სიჯანმრთელე აკლია, ეს ეხება სასამართლოსაც, პროკურატურასაც, უნივერსიტეტსაც, აკადემიასაც. თუკი აზრობრივი საუბარი დაიწყება ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია. ჩვენ მეცნიერები ვართ და ყველაზე მეტად მოგვეთხოვება ჩვენი ნააზრევის მეცნიერული დასაბუთება.
ცხადია, ეს კანონიც უცებ ვერ გამოასწორებს სიტუაციას, მაგრამ ეს კანონი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მოგეხსენებათ, ამ კანონის ძირითადი პუნქტი სტიპენდიატის ინსტიტუტია. სტიპენდია დამამცირებელი სიტყვა არ არის, ცნობილ ფონდებს (ვთქვათ, ჰუმბოლდტის ფონდი და სხვა) თავისი სტიპენდიები აქვთ დაწესებული, ეს ღირსეული ცნებაა. სტიპენდიატის ინსტიტუტი ფორმალურად ითქმის, ეს არის შედარებით ახალგაზრდებისთვის, 50 წლამდე რეალიზებული ადამიანებისთვის, რომლებმაც ძალზე ბევრი გააკეთეს მეცნიერებისთვის. ისინი 1990 წლის შემდეგ შევიდნენ მეცნიერებაში და თავიდანვე დასავლურ მეცნიერებას უღებდნენ ალღოს, მათ სწორი ორიენტაცია, მეცნიერების სწორად წარმართვის მეთოდი აქვთ, რაც ძალზე საჭიროა აკადემიისთვის. მეც 63 წლის ვარ, ვცდილობ, ალღო ავუღო ყველაფერს, მაგრამ მაინც ამდენი წელი გავატარე საბჭოთა პირობებში, როცა სულ სხვანაირი მიდგომა იყო. ახლა კი ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციაა. მეცნიერება საერთაშორისო საქმეა და ეს ახალგაზრდა მეცნიერები აღიარებულნი არიან საერთაშორისო დონეზე.
იმდენი სიახლეა მიდგომაში, რომ სანამ შენსას იტყვი, ვალდებული ხარ, ყველაფერი შეისწავლო, ყველაფერი წაიკითხო. ადამიანი ძირითადად სხვის ნაშრომებს კითხულობ და მერე საკუთარ ნააზრევს ამატებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მობილური უნდა იყოს ადამიანი? ეს ახალგაზრდებს ბუნებრივად აქვთ, რადგან ბუნებრივად ასეთ მეცნიერებაში არიან.
უცხოეთში ეს რეფორმა ადვილად მიიღეს?
- უცხოეთში ეს რეფორმა არ დასჭირვებიათ.
როგორც ამბობენ, საქართველოში მეცნიერთა ისეთი კასტაა ჩამოყალიბებული, რომლებსაც სიახლე არ სურთ, არ სურთ ახალგაზრდა მეცნიერები.
- სიტყვა „ახალგაზრდა“ აქ პირობითია. აკადემიისთვის ამ ადამიანების ინტეგრირება კარგი იქნება, რადგან ისინი რბილად გადაიყვანენ აკადემიას ძველი სტილიდან ახალ მეცნიერულ სტილზე, ევროპულ-დასავლურ სტილზე. აკადემია ცოცხალი ორგანიზმი გახდება. აკადემიის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მტკივნეული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ასაკის შეზღუდვაა. ამ დროს კი ევროპაში მეცნიერება ორგანიზებულია აკადემიების სახით, ანუ აკადემია არის მეცნიერების მართვის ევროპული სისტემა, განსხვავებით, ჩვენი იერარქიული, საბჭოთა მართვის სტილისგან. განა არ სჯობს, ამ ევროპულ სისტემას ევროპულივე მართვის სტილი მივუსადაგოთ? ევროპული მართვის სტილი იმით განსხვავდება, რომ იქ არ არის იერარქიული მართვა, ანუ პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა უცხოეთში არ არის სანუკვარი თანამდებობა, რომელზეც ადამიანი მთელი ცხოვრება ოცნებობს. სანუკვარი მეცნიერებაში მარტო მეცნიერებაზე ზრუნვაა და ევროპაში ეს თანამდებობები დროებითია. იქ მეცნიერი ასრულებს თავის ფუნქციას, ცდილობს მარტო მეცნიერული აზრის განვითარებას და არავითარ ვერტიკალს არ აკეთებს, ანუ სინერგიაზე ფიქრობს, რადგან როგორც კი ჩაერთვება მართვის სადავეებზე ფიქრი, უკვე სიმახინჯე იწყება.
ამბობენ, რატომ უნდა ავუკრძალოთ ასაკოვან კაცს პრეზიდენტად გახდომა, შანსი უნდა წავართვათო? ვიმეორებ, საქმეც მაგაშია, თუკი მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტობას სანუკვარად აქცევ, ის უკვე სიმახინჯეა. ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან ცალკეული ადამიანები. ვინ არიან ფლაგმანები? მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე, ირაკლი ჟორდანია, როინ მეტრეველი, რამაზ ხუროძე (ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი) და ელიზბარ ჯაველიძე, ისინი უწევენ წინააღმდეგობას ამ ცვლილებებს და წინააღმდეგობის ორგანიზებას ახდენენ.
დავუბრუნდეთ ისევ აკადემიის კრებას, სადაც, მართალია, კვორუმი ვერ შედგა, მაგრამ რა საკითხების გატანას ჩქარობდნენ მეცნიერები კრების დღის წესრიგით?
- ცხადია, ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მე იმისთვის მივედი, რომ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა და აღვნიშნე, თუ რისთვისაა ეს რეფორმა კარგი. მინდა, აკადემია ძლიერი იყოს, მაგრამ ეს მარტივი არ არის, დასუსტდა აკადემია ნაციონალების ხელში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი წინააღმდეგობა მათი მხრიდან გაუმართლებელია.
დღესაც გაგიწიეს წინააღმდეგობა?
- ცხადია, მაგრამ ისეთი არა. ჯერ რა შუაშია სოფლის მეურნეობის აკადემია, მაგრამ ამ აკადემიიდან 20 კაცი მოიყვანეს. სოფლის მეურნეობის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ვუთხარი კიდეც, მაცადეთ, მე თქვენ ხელს არ გიშლიდით-თქო, რადგან უნდოდა, საუბრისას გავეჩერებინე. იმის გამო, რომ კვორუმი ვერ შედგა, ეს ყველაფერი „გადააქართულეს“ და აღნიშნეს, რომ ეს იყო სოფლის მეურნეობის აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი შეკრება. ამ დროს ასეთი შეკრება არასდროს ყოფილა, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. უბრალოდ, სურთ, კრების წევრთა რაოდენობის გაზრდა, პროტესტის ფორმის შექმნა.
ცალკეა სოფლის მეურნეობის აკადემია?
- დიახ, ცალკეა. თანაც, მიმტკიცებდნენ, ეს კანონი სოფლის მეურნეობის აკადემიასაც ეხებაო, არადა, ნამდვილად არ ეხება. საბოლოოდ კრება არ გამოუვიდათ. შემდეგ უნდოდათ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვის ტექსტის შედგენა, მაგრამ ძალზე უაზრო მიმართვა გამოვიდა. ხუთპუნქტიანი მიმართვა დაწერეს და მერე გადაწყვიტეს, ეს გავასწოროთ და კიდევ ცალკე შევიკრიბოთო. ისეთი იაფფასიანი პათეტიკური გამოსვლები ჰქონდათ, რომ იაფფასიან პათეტიკას ასაღებენ აზრად. მაგალითად, სოფლის მეურნეობის აკადემიიდან რამდენიმე გამოვიდა ამგვარი პათეტიკით, ასევე, ჩვენი აკადემიიდანაც გამოვიდნენ. პათეტიკასა და აზრს შორის სხვაობას ვერ ხედავენ. ყველაზე ამაზრზენი რაც იყო, სუყველგან დაჰყავთ დენიზ დავითაშვილი, პარლამენტი იქნება თუ აკადემიის კრება. აქაც მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი. დენიზ დავითაშვილის ინტერპრეტაციით, თითქოს ვოლსკიც მის აზრს იზიარებს, ზვიად კვაჭანტირაძეც, გუბაზ სანიკიძეს კი თითქოს უთქვამს, მეცნიერებათა აკადემიის ცვლილებებს მთელი ფრაქცია ვემიჯნებითო.
თქვენი აზრით, პარლამენტარები ასე არ ფიქრობენ და დენიზ დავითაშვილის ნათქვამი რეალობას მოკლებულია?
- ცხადია, იმდენად უსუსური პოზიცია ჰქონდათ, დენიზ დავითაშვილის დასაცავად გაუხდათ თავი. დენიზ დავითაშვილს როგორ დავუძახებდი?
ის არ არის მეცნიერი ?
- არანაირი კავშირი არ აქვს მეცნიერებათა აკადემიასთან. პროფკავშირის წარმომადგენელია და საარჩევნო კომისიაში იყო თავისი ინტრიგებით. ახლაც დენიზ დავითაშვილი ტრაბახობდა ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატების სახელით, თუმცა მისი სიტყვების სისწორეში ეჭვი მეპარება. მერე უხეშად დაიწყო საუბარი. საერთოდ, რატომ მოჰყავთ დენიზ დავითაშვილი? იმასაც ვერ ხვდებიან, რომ დენიზ დავითაშვილის პოზიცია შეურაცხმყოფელია თვითონ მაგათთვის.
მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე პირს მძევლად ჰყავს მეცნიერები აყვანილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევას დამამაცირებელი წესით წინასწარ ითხოვენ.
- საქმე ისაა, რომ ამას ვერ ხვდებიან. ეტყობა, მათთვის სკამი სანუკვარია. ცხადია, მეცნიერები მძევლად ჰყავთ აყვანილი, კრებებზე მისვლას აიძულებენ, ურეკავენ. მიუხედავად ამ რეალობისა, დღეს მაინც ყველანი არ გამოცხადდნენ. არ ვიცი, ახლა რას მოიმოქმედებენ, ორი დღის შემდეგ დანიშნეს კიდევ შეკრება, რადგან უაზრო ხუთფურცლიანი დასკვნები რომ დაწერეს, სწორად უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, როგორ შეიძლება ხუთფურცლიანი ზღაპრის გაგზავნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთანო?! გიორგი კვესიტაძეს კვლავაც სურს დარჩეს აკადემიის პრეზიდენტად, როინ მეტრეველს - ვიცე-პრეზიდენტად, მათ ცხოვრება წარმოუდგენიათ მხოლოდ თანამდებობრივ სავარძელში. ვის უნდა მოვერიდო, იმ ადამიანებს, რომლებიც სკამებისთვის იბრძვიან? თუ რამის გაკეთება უნდოდათ, გაეკეთებინათ მაშინ, უნივერსიტეტებში რექტორებად რომ იყვნენ.