მოსამართლე გუჯაბიძემ გვარამიას ტესტის ჩატარება შესთავაზა

მოსამართლე გუჯაბიძემ გვარამიას ტესტის ჩატარება შესთავაზა

„კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აყენებს“, – ასე ეხმაურება პრემიერ–მინისტრი ტელეკომპანიის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და აღნიშნავს, რომ საკუთრების საკითხს იხილავს სასამართლო, ეს არის სამოქალაქო პროცესი და მთავრობას მასში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს.

„იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი დღეს, სამწუხაროდ ასე საუბრობს - ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა. მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, არანაირ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშო 3 ივნისს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით გაგრძელდება. ამის შემდეგ მხარეების შესაგებლების მოსმენა და მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპია დაგეგმილი. მოსამართლეთა კოლეგიას საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნეს „რუსთავი 2“–ის, ძმებ ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ტელეკომპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ტელეკომპანიის ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის გამო მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომელიც არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ხდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას, ნატა ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავს, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იუსტიციის მინისტრის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის უშუალო თანამონაწილეობით, უკვე დაწერილია გადაწყვეტილება.

საპასუხოდ კი მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას ტესტის ჩატარება შესთავაზა. კერძოდ, იმ დალუქული პარკით იმ გადაწყვეტილების მოტანა მოითხოვა, რომელიც თითქოს იუსტიციის მინისტრის დავალებით უკვე დაწერილია. თუმცა, გვარამიასგან თანხმობა ვერ მიიღო.

„წინა პროცესზე თქვით, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისიც თქვით, რომ იცით ნიუანსები. წაკითხული გაქვთ?! მე გთავაზობთ ასეთ რამეს, ღია საჯარო სხდომაზე, როდესაც მოვა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჩვენ გამოვაცხადებთ „რუსთავი 2“-ზე გადაწყვეტილებას, თქვენ პარკში დალუქული იქონიეთ ვიღაცის დაწერილი გადაწყვეტილება და საჯაროდ გახსენით.

თუ დაემთხვევა ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენი სასარგებლო იქნება თუ საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, გავიხდი მანტიას და დავტოვებ ჩემს თანამდებობას და თქვენ სრული უფლება გექნებათ აღძრათ ჩემს მიმართ საქმე. ჩავატაროთ ეს ტესტი“, – განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ სასამართლო პროცესზე.

ნიკა გვარამიამ მოსამართლის საპასუხოდ განაცხადა: „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ ვაპირებ თამაშებს, მით უმეტეს მანტიის გახდაზე“, – რასაც მოსამართლის რეპლიკა მოყვა, გვარამიამ ნათია გუჯაბიძეს არ მისცა საუბრის საშუალება, რასაც გვარამიასა და მოსამართლეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც გვარამიას დარბაზიდან გაძევებით დასრულდა.

გვარამიას განცხადებით, პროცესზე ხდებოდა ის, რაც სასამართლოში არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სამართლებრივად ამ რაუნდსაც მოიგებენ.

„გარანტიას ვაძლევ ქალბატონ ნაზღაიძეს, რომ როგორც ურთმელიძემ დაამთავრა, ეხლა ხომ აღარ არის მოსამართლე და ვეღარც იქნება, ისე აღარ იქნება თვითონაც ძალიან მალე და ვეღარც გახდება ვერასდროს. სასამართლოში არ წარიმართება მართლმსაჯულება. ჩვენ მართლმსაჯულებას კი არ გვთავაზობენ, არამედ გვასამართლებენ ზონდერ მოსამართლეები. ეს კარგად არ დამთავრდება, ეს „რუსთავი 2“-ის ჩახშობითაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დამთავრდება. თუ უნდა „რუსთავი 2“-ის დახურვა ბიძინა ივანიშვილს, ჩათვალოს რომ თვითონ უფრო ადრე დაიხურება, ვიდრე „რუსთავი 2“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს.

„სასამართლოს განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, შედეგთან დაკავშირებით ოპტიმისტური იმედები არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იქნებიან მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ სასამართლოში ხშირად ისმის დაუსაბუთებელი განცხადებები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოწინააღმდეგე მხარე საუბრობს იმაზე, რომ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია.

„საუბარი იყო იმაზე, თითქოს, სასულიერო პირი ფლობს რაღაც ინფორმაციას, რომელიც მას გაანდო ერთ-ერთმა მოსამართლემ, მაგრამ ამ ერთ-ერთი მოსამართლის სახელი და გვარი გუშინ ვერ გავიგეთ. ძალიან კარგად იცის გვარამიამ ის კვალიფიცირებული იურისტია, რომ სასულიერო პირს ვერ დაკითხავენ, მისთვის განდობილი საიდუმლოების გამო ვერც სასამართლოში და ვერც საგამოძიებო ორგანოებში.

ეს ინტრიგა ინტრიგად დარჩება, რასაც მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ ილუზიის შესაქმენლად, თითქოს გადაწყვეტლება დაწერილია. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრის უფლება აქვს მხარეს ამ პროცესზე, რასაც ბოროტად იყენებენ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, შეიძლება იყოს გარკვეულ ნიუანსებზე და სამართლებრივ შეფასებებზე საუბარი“, –აცხადებს პაატა სალია.