„რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე, თუმცა, მოსკოვი საპასუხო სურვილს ევროპის მხრიდან ვერ ხედავს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბერძნულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.
კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ამიტომ პუტინი აკონკრეტებს, რომ თანასწორი და გულწრფელი პარტნიორობა და დიალოგი ევროკავშირთან აუცილებელია არა მარტო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ენერგოგაერთიანების შექმნის კუთხით, არამედ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.
უღირს კი ევროპას რაიმე დიალოგის დაწყება რუსეთთან და რამდენად მომგებიანი იქნება ევროპისთვის ეს დიალოგი, რაზეც პუტინი ასე წუხს?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როგორც პუტინს სურს, ასე არ იქნება და ევროკავშირში სულელები არ სხედან. თუმცა ევროპას რუსეთის დახმარება ჟანგბადივით სჭირდება თუნდაც მიგრანტებთან მიმართებით. ევროპამ ისიც იცის, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ უფრო გაურთულოს პრობლემები და, თუკი თურქეთის მარშრუტი გაკონტროლდება, მაშინ რუსეთი აამოქმედებს ჩრდილოეთის მარშრუტს-ფინეთიდან, ნორვეგიიდან და მიგრანტებს აქედან გადასხამს ევროპაში. მით უფრო, რომ ეს მარშრუტი უკვე მოქმედებს და პუტინი ეშმაკურად მოიქცა, როცა ამ ორიოდე თვის წინ მიგრანტების ერთი პარტია ფინეთსა და ნორვეგიაში შეუშვა, რის გამოც ხელად ატყდა პანიკა. 200-300-მა მიგრანტმა ველოსიპედით მოახერხა ნორვეგიასა და ფინეთში შეღწევა, მათ იქვე დაყარეს ველოსიპედები და აითქვიფნენ მოსახლეობაში.
„სწორედ ამ არხს გახსნის რუსეთი და მიგრანტებს კიდევ შეუსევს ევროპას. გარდა ამისა, თუკი რუსეთმა არ ითანამშრომლა ამერიკასთან და კოალიციასთან, მაშინ სირიისა და ერაყის პრობლემა კიდევ დიდხანს ვერ გადაწყდება. რუსეთს შეუძლია განაახლოს დაბომბვები, რაც ლტოლვილების ახალ ტალღას ნიშნავს ევრიპისკენ, რასაც თურქეთი ვეღარ შეაჩერებს. ამიტომ რუსეთზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რამდენიმე დღეა, ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქ რაკას ასაღებად უშედეგო ბრძოლები დაიწყო. პრაქტიკულად, დედაქალაქ რაკას ჩრდილოეთ გარეუბანი აიღეს ქურთებმა ამერიკელების დახმარებით, მაგრამ რუსეთის ავიაციის ჩარევის გარეშეც აქაც ვერაფერი გადაწყდება. ამიტომ პუტინი ფიქრობს, რომ მას თავისი გადასახედიდან გამოჭერილი ჰყავს ევროპა და სურს დათმობებზე წაიყვანოს იმავე ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, აამუშავოს ის სქემა, რასაც პუტინი და „გაზპრომი“ ერთად ლობირებენ და, რაზეც ევროპა კატეგორიულ უარზეა. ეს სქემა გულისხმობს, რომ უშუალოდ პუტინმა და „გაზპრომმა“ შეიტანონ გაზი ევროპელ მომხმარებლამდე და არა, ვთქვათ, საზღვრამდე, რასაც შემდეგ უკვე ევროკავშირი განაგებს“, -აღიშნა სოსო ცინცაძემ.
რაც შეეხება პუტინის წუხილს, რომ ევროპისგან დიალოგისთვის საპასუხო სურვილს ვერ ხედავს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ რუსეთი დღეს ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ევროპელი ბიზნესმენების, ჟურნალისტების მოსასყიდად, რათა ევროპის მთავრობებზე ზეწოლა მოახდინონ სანქციების გაუქმების მიზნით, მაგრამ, პირიქით, ტუსკმა და ობამამაც აღნიშნეს, რომ სანქციები არ გაუქმდება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს „მინსკი 2“-ის ყველა ვალდებულებას.
„თორემ ორივეს სჭირდება ეს მოლაპარაკება - რუსეთსაც და ევროპასაც. რომელი გაიმარჯვებს - ბიზნესინტერესები თუ პოლიტიკური პრინციპები, ამას დრო გვიჩვენებს. ისე კი, ევროპული ფასეულობები და ღირებულებები დღეს სასწორზე დევს. უკანასკნელის დათმობის გარეშე პუტინთან მოლაპარაკება და შეთანხმება შეუძლებელია“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ცოტა რთულია, რადგან, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ეკონომიკური ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც თანდათან უფრო მწვავდება. ექსპერტის თქმით, საინტერესო ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში ვაშლისა და მსხლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი-პოლონეთი შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, პოლონეთის ექსპორტის ორიენტაცია შეიცვალა და საკუთარი პროდუქცია უკვე ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოთა მიმართულებით განახორციელა. ამით პოლონეთმა მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე რუსეთიდან იღებდა. ევროკავშირი სხვა ქვეყნებმაც (მათ შორის, იტალიამ), რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი რუსეთის ბაზართან, მოახდინეს გადართვა სხვა ბაზრის სეგმენტზე.
„ამ გამალებული ეკონომიკური ცივი ომის პირობებში ევროკავშირს უსაფრთხოების პრობლემებები უფრო აწუხებს, ვიდრე ეკონომიკური და სხვა ტიპის პრობლემები. აქ უფრო სამხედრო-პოლიტიკურ უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამ ფონზე კი პუტინი მოითხოვს ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, რადგან პუტინს სხვა გამოსავალი არ აქვს, მას სურს შეიტანოს ერთგვარი განხეთქილება ევროკავშირისა და აშშ-ის პარტნიორობაში. ამით მოახერხოს საკუთარი პოზიციის განმტკიცება მსოფლიოში. მართალია, ამერიკა ძალზე მკაცრად უყურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, ვიდრე ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო, მაგრამ ევროკავშირსა და ამერიკას საერთო პოზიციები გააჩნიათ იმავე ყირიმის პრობლემასთან, უკრაინისა და საქართველოს საკითხებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.
ევროკავშირთან დიალოგის თემა პუტინის მხრიდან განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პუტინმა სავჩენკო გაათავისუფლა. ესაა ერთგვარი ჟესტი, რომ პუტინი მზად არის დიალოგის დასაწყებად და არა -კონფრონტაციისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და შეკითხვის საპასუხოდ, რუსეთთან დიალოგი წამგებიანი ხომ არ იქნება ევროპისთვის, განმარტა: „როგორ გითხრათ, ეკონომიკური ურთიერთობა არასდროს არ არის წამგებიანი, მაგრამ სანამ ევროპის პოლიტიკური უსაფრთხოება არ იქნება გარანტირებული, მანამ რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთის მხრიდან აზრი ეკარგება“.