„ჩიტო“ ოფიციანტი და... გერმანული ამბები

„ჩიტო“ ოფიციანტი და... გერმანული ამბები

მსახიობი ზურა შარია საინტერესო ადამიანია. უყვარს სპორტი, მოგზაურობა, ნადირობა. რასაკვირველია პოლიტიკითაც დაინტერესებულია მაგრამ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. გარეგნულად სერიოზული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ იერსახის მიღმა გულღია და იუმორის მოყვარული ადამიანი იმალება. ბავშვობაში განსაკუთრებით კინოფილმი „ზორო“ ჰყვარებია და ამ ცხოვრებაშიც მისი მთავარი გმირის დამსგავსებას ცდილობს. დალევა. ბოლო რამდენიმე წელია სმას ერიდება, მაგრამ „ხანდახან“ მაინც უწევს. რასაკვირველია გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს და დღეს მკითხველისთვის რამდენიმე სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

„ქეიფი“ ფასანაურში

1991 წლის პირველი დეკემბერია და ზამთრის შემოსვლის აღსანიშნავად ორ მეგობართან ერთად გუდაურში ასვლა გადავწყვიტე. თხილამურებით სრიალის შემდეგ ფასანაურში გადასვლა და იქაურ ცნობილ სახინკლეში ქეიფიც გვსურდა. ალბათ გახსოვთ ის პერიოდი: განუწყვეტილი პურის რიგები, უშუქობა, უგაზობა... ყოველივე ამას ლუდის დეფიციტიც დაემატა. თბილისში ეს სასმელი პრაქტიკულად არ იშოვებოდა.

ყოველი შემთხვევისთვის დიდი ნაცნობობით სამი ლიტრი ლუდი ვიშოვე და თან წავიყოლიე. მლეთის „ტეკამდე“ მშვიდობით ვიმგზავრეთ. იქ პირველი სიურპრიზი გველოდა. დილის ათი საათი იყო და არაგვზე გადასასვლელ ხიდს კარგად „შებუჟბუჟებულ შემთვრალი“ წესრიგის დამცველი იცავდა. სახეზე ეტყობოდა რომ მთიული იყო. უცებ ამ მთების შვილმა იარაღი მოგვიშვირა, დაგვიმიზნა და მოულოდნელად გვესროლა. ბედმა ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მანქანის საქარე მინა დააზიანა. საჭესთან მე ვიჯექი. რასაკვირველია მანქანიდან გადმოვედით და მისი „აგრესიულობის“ მიზეზი ვიკითხეთ. „რა ვიცი ვინ ოხერი ტიალი ხართ. ალბათ ვლადიკავკაზში წამლის საყიდლად მიდიხართო“ - გვიპასუხა. ჩვენ მივუგეთ რომ გუდაურში სასრიალოდ მივეშურებოდით. მაგრამ ბედის ირონია არ გინდა. ირგვლივ სულ მწვანე ბალახი ყვაოდა და თოვლის ნასახიც არსად იყო. ბოლოსა და ბოლოს ურთიერთობა მოვაგვარეთ, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიშვა. „გინდათ არ გინდათ, ეს ხიდი უნდა გადაიაროთ, თუ არა და უკან არ გაგიშვებთო“ – „დაგვემუქრა“. რა გაეწყობოდა, მანქანით იქითა მხარეს გადავედით, შემდეგ მოვტრიალდით და პირდაპირ ფასანაურისაკენ გავეშურეთ.

ფასანაურში კომუნისტების დროინდელი „ინტურისტი“ კიდევ ფუნქციონირებდა. იქ კიდევ, მესამე სართულზე ჩინებული სახინკლე იყო . მახსოვს, ამ სახინკლის მიმტანს ჩიტო ერქვა, დიდი ხნის განმავლობაში იქ მუშაობდა და ადგილობრივების მტკიცებით თავის დროზე „კაგებეს“ აგენტიც გახლდათ.

გამოვიდა ეს ჩიტო-„კაგებეშნიკი“ და, „რა დილაუთენია მოხვედით, მეხინკლეს ჯერ კიდევ სძინავსო“ - გვითხრა. რა გაეწყობოდა, იქვე ჩამოვჯექით და მზარეულის გაღვიძებას დაველოდეთ. ლუდი ჭიქებში ჩამოვასხით და ნელ-ნელა წრუპვას შევუდექით. ამ დროს დარბაზში სამი უცნობი მამაკაცი შემოვიდა. როგორც აღმოჩნდა ერთი მათგანი დუშეთის პრეფექტი ყოფილა, მეორე მისი თანაშემწე, მესამე კი მათი მეგობარი. რასაკვირველია მიმტანი ჩიტო მეხინკლესთან გაიქცა და სასწრაფოდ ლოგინიდან წამოაგდო. უკვე ხინკლის მოლოდინში ვართ და პრეფექტის თანაშემწე მოგვიახლოვდა. „ბიჭებო, დუშეთის რაიონში რასაც კი ისურვებთ, ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებთ, ოღონდ ერთი ჭიქა ლუდი გვიფეშქაშეთ. პრეფექტი დილიდან პახმელიაზეა, რაიონში კი ლუდს ვერსად იშოვი“. - გვთხოვა. რასაკვირველია სამი ლიტრი ლუდი ექვს ნაწილად გავყავი და ლიტრანახევარი გვერდით სუფრაზე გავაგზავნე.

ამის შემდეგ მოხდა, რაც მოხდა. ჩვენი პატივისცემა პახმელიიდან გამოსულმა დუშეთის პრეფექტმა მოინდომა და ერთი გემრიალად გვაქეიფა. რა გინდა სულო-გულო ჩვენს სუფრაზე რომ არ აღმოჩნდა: ცხელ-ცხელი ხინკალი, 80 გრადუსიანი ადგილობრივი სანთლის არაყი და უგემრიელესი მწვადი. რასაკვირველია დანახარჯი პრეფექტმა გადაიხადა, უფრო მეტიც, თბილისისკენ წამოსულებს ადგილობრივი პოლიციის მანქანა მოგვამაგრეს და ქალაქამდე სულ ანთებული „მიგალკების“ თანხლებით ვიმგზავრეთ. შემდეგ ვხუმრობდი, ვინმეს ლიტრანახევარი ლუდით ასეთი ჩინებული დრო გატარებული თუ ჰქონია. მიყივლა იმ დილით გულმა ეს ლუდი ხელთ რომ გამეყოლებინა. როგორც აღმოჩნდა არც შევმცდარვარ.

მიუნჰენური „ინციდენტი“

1993 წელია და გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მამაჩემთან გამგზავრება მომიწია. იმ ხანად აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, მეც სოხუმში ჩასული ვიყავი. შემდეგ ცოტა ხნით თბილისში „შემოვიარე“, მაგრამ აფხაზეთში დაბრუნებას კვლავ ვაპირებდი. ჩემიანებს ფრონტის ხაზზე ჩემი გაშვებისა შეეშინდათ, მამას დაუკავშირდნენ და ერთი „მზაკვრული“ გეგმა შეიმუშავეს. უცებ მიუნჰენიდან დეპეშა მივიღეთ, რომ მამა შეუძლოდაა და სასწრაფოდ ჩემს ნახვას ითხოვს. სასწრაფოდ გამიკეთეს უცხოური პასპორტი, ამიღეს ვიზა და გერმანიაში გამამგზავრეს.

იქ ჩასულმა „აღმოვაჩინე“ რომ მამა ჯანმრთელადაა და არაფერი სჭირდა. მან ჩინებულად მიმასპინძლა და ყოველ დღე იქაურ ქართულ რესტორანში დავყავდი. ჩინებული ქართული კერძები ჰქონდათ, განსაკუთრებით ხაჭაპური და ხინკალი. ყურადღება მივაქციე, რომ ყოველი სტუმრობის დასასრულს ამ დაწესებულების უფროსი მიახლოვდებოდა და ერთი და იგივე სიტყვას „შმექთ“- მეკითხებოდა. გერმანულ ენაში მოვიკოჭლებდი და რატომღაც უარყოფითად ვპასუხობდი. დარწმუნებული ვიყავი აინტერესებდა, კერძები უგემური თუ იყო. მეც „არა, არას“ ვპასუხობდი. რამდენიმე დღის შემდეგ მამა დამიმარტოხელა და აქაური კერძები არ მოგწონსო, - მკითხა. მე პირიქით, დიდი აღტაცება გამოვხატე. „მაშინ იმ დარბაისელ ადამიანს „არას“ რატომ ეუბნები, ჰგონია რომ უკმაყოფილო ხარ და ერთი კვირის განმავლობაში უკვე ოთხი მზარეული გამოცვალა. გუშინ დამელაპარაკა და რჩევა მკითხა. საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს ჩვენი კერძები არ მოსწონს და რა ვიღონოო“, - მითხრა მამამ. რასაკვირველია „შეცდომა“ იმ საღამოსვე გამოვასწორე, ის ოთხი მზარეული კი ჩემმა გერმანულის არცოდნამ შეიწირა.

„პახმელია“ გერმანულად

ისევ გერმანიაში იმ ჩემს სტუმრობას დავუბრუნდები. თბილისიდან რომ მივდიოდი ძმაკაცებმა შურით გამაცილეს - „ჩახვალ მიუნჰენში, საღამოობით იქაურ ლუდის ბარში გამოთვრები, დილაობით კი იმავე ბარში პახმელიიდან გამოხვალ“.

მამაჩემმა „სერიოზული“ კულტურული პროგრამა შემიდგინა, მეგზურიც მომამაგრა, მოსკოველი ბიჭი ვალოდია მასლოვი. მე და ვალოდიამ მიუნჰენის მთელი ღირსშესანიშნაობები რამდენიმე დღეში დავათვალიერეთ. გაიკვირვებთ, თეატრშიც ვიყავი და მოსკოვის ტაგანკის თეატრის სპექტაკლს „დოქტორ ჟივაგოს“ დავესწარი. კულტურული პროგრამა კარგი, მაგრამ ადგილობრივი ლუდის დაჭაშნიკებაც რომ მსურდა. რამდენიმე დღეში მე და ვალოდია ლუდის ბარს ვეწვიეთ და თითო კაცმა ხუთი ლიტრი ლუდი და ნახევარი ლიტრი არაყი „აბსოლუტი“ მივირთვით. გათენდა მეორე დილა და დახეთ საოცრებას - არანაირი პახმელია არ მაწუხებდა. ისე გამოვიყურებოდი თითქოს ერთი წლის განმავლობაში წვეთი ალკოჰოლიც არ მიმეღო.

იმავე საღამოს ახალი „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ. ამჯერად თითო კაცმა ერთი ლიტრი არაყი და ათი ლიტრი ლუდი დავლიეთ. გავიღვიძე მეორე დილით და კვლავ... არანაირი პახელია. როგორც ვალოდიამ ამიხსნა, ადგილობრივი არაყი და ლუდი სუფთა, ნატურალური პროდუქტებისგან გახლდათ დამზადებული და რამდენიც არ უნდა დაგელია, პახმელია არ შეგაწუხებდა.

არ დაიჯერებთ და შევწუხდი. მომენატრა თბილისური დილის თავის ტკივილი და „მკურნალობის“ ქართული მეთოდები, მაგრამ რა მეღონა? რამდენიმე დღეში მიუნჰენთან მოშორებით მდებარე პატარა ქალაქში ლიანა ისაკაძის ორკესტრის წევრებს სტუმრად ვეწვიე. იქ სუფრა გაიშალა, შენი მოწონებული. ღვინო ავსტრიიდან იყო ჩამოტანილი. ადგილობრივ კერძებთან ერთად ნამდვილი ქართული ხაშიც კი ვიგემე. შუა ქეიფისას მაგიდაზე ნაცნობ ბოთლს მოვკარი თვალი. იმ წლებში თბილისში არაყი „დიპლომატი“ გამოდიოდა და ორკესტრის ერთ-ერთ წევრს ერთი ბოთლი გერმანიაში ჩამოეტანა. გამიხარდა და რა გამიხარდა. დავიდგი ეს შენი თბილისური არაყი და მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ მას ვსვამდი.

გავიღვიძე მეორე დილით და... ნაცნობი სურათი. თავი ისე მტკივა ლოგინიდან ვერ ვწევ. გამიხარდა და რა გამიხარდა. რამდენიმე წუთში ადგილობრივი ბარისკენ მივრბოდი რომ სასწრაფოდ პახმელიისგან გავთავისუფლებულიყავი

„უალკოჰოლო ქეიფი“ 

გერმანიაში მყოფი ერთ თბილისელ ბიჭს - საშა მარკოსიანს სტუმრად ვეწვიე. საშას ბავშვობიდან ვიცნობდი. შემდეგ მთელი მისი ოჯახი გერმანიაში გადასახლდა და მეც მეგობრის მონახულება გადავწყვიტე. მივედი, მოვიკითხეთ ერთმანეთი. შემდეგ რასაკვირველია დალევა გადავწყვიტეთ და მასპინძელი ლუდის საყიდლად წავიდა. მალევე დაბრუნდა, თან გახარებული. „ზურა ორი ყუთი ლუდი იაფად, ერთი ყუთის ფასში შევიძინეო“, - მომახარა. დავხედე ლუდს და... ელდა მეცა - უალკოჰოლო ყოფილა. რა მეღონა? მოუწია საშას ისევ მაღაზიაში წასვლა და ამჯერად ორი ბოთლი არყის ყიდვა. შემდეგ ეს არაყი უალკოჰოლო ლუდში ავურიე და მშვენიერი დრო გავატარეთ. აბა ლუდი ლუდია, თუნდაც უგრადუსო, მისი გაფუჭება იქნებოდა!