მაფია, მაფიის წინააღმდეგ - უკრაინაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო

მაფია, მაფიის წინააღმდეგ - უკრაინაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო

საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ ნიშნიანიძესა და საკონსულოს ყოფილ თანამშრომლებს ფინანსურ მაქონაციებში ადანაშაულებენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, ნიშნიანიძის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე. ყოფილი კონსული, რომელიც ამჟამად სააკაშვილის თანაშემწედ მუშაობს აცხადებს, რომ ჩხრეკის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონერებასთან საერთო არაფერი აქვს.

უკრაინის მთავრი პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, რამდენმე საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლა დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ტარდება და მათ შორის არის ნიშნიაძესთან დაკავშირებული ფონდი სახელწოდებით - „უკარინის პატრიოტთა ფონდი“.

ფონდი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ იმის გამო მოხვდა, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი კონსულმა ნიშნიანიძემ და საკონსულოს სხვა ყოფილმა თანამშრომლებმა ფონდიდან დაახლოებით 20 მილიონი გრივნის ოდენობის თანხა მიიღეს, ბრენდულ მაღაზიებში ძვირადღირებული პროდუქციის შესაძენად.

„გენერალური პროკურორი უახლოეს საათებში აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

თემურ ნიშნიანიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას სამარცხვინო პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელის წინააღმდეგ საქართველოში კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებას სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ დევნად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

როგორც გიორგი თევდორაძე აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობენ უკარაინელი ოლიგარქები სააკაშვილის წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით ბრძოლას და ამ რევანშის პირველი მსხვერპლიც მისი თანაგუნდელები არიან.

„ვარწმუნებ ყველას, რომ სიმართლე დადგინდება და ძალიან მალე უკრაინაში დაიწყება რეფორმებისა და მწვავე გამოწვებებზე შესაბამისი პასუხის გაცემის ერა. ძალიან სუბიექტური თუ არ არის ადამიანი, მარტივად მიხვდება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, იმ მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც უკრაინელ ხალხს ჰქონდა ახალი ხელისუფლების მიმართ, პრაქტიკულად არაფერი არ რჩება. უკრაინა ისევ ოლიგარქების ხელშია.

შეგიძლიათ გაიხსენოთ სააკაშვილის და კოლომოისკის დაპირისპირება და იგივე სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ მისი ამაღლებული ხმა. სულ ცოტა ხანში უკრაინის საკითხებით დაინტერესებული ხალხი დაინახვას თუ რამდენად დიდია მხარდაჭერა იმ რეფორმეზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ეს არის ოლიგარქების ჩვეული რევანში სააკაშვილზე და თემურ ნიშნიანიძეს, რომელსაც კარგად ვიცნობ და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან წესიერი და კომპეტენტური დიპლომატია“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ „უკარინის პატრიოტთა ფონდის“ დაარსების ინიციატორი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია. ფინანსების რას სახის მოძრაობა იყო ამ ფონდში, ეს ერთეულებისთვის არის ცნობილი. ფონდი სრულიად მკაფიო სტრუქტურაა, რომელიც არსებული კანონმდებლობით რეგულირდება.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ფონდის შემოწმება უნდა აღვიქვათ როგორც ვალდებულება უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებისა, რომ ინფორმირებული იყოს ის საზოგადოება, რომელიც ამ ფონდის შემავსებელია.

„ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ როდესაც საუბარია მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, ეს ვითარება უმალ იფარება პოლიტიკური შემადგენელით, რაც ცხადია, არ იქნება გათვალისწინებული თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ. ალბათ, ყველაზე მარტივი, რასაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთთან საუბრობენ, ემყარება იმ აქსიომას - „რაც მოგივა დავითაოა, ყველა შენი თავითაო“, არანაირი კონკურსი არ გამოცხადებულა იმ თანამდებობაზე, რასაც იკავებს დღეს ბატონი მიხეილი უკრაინაში.

უკრაინის ხელისუფლების მიერ სააკაშვილის მიმართ გამომჟღავნებულმა ნდობამ, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა, ეს ისევ უკრაინის ხელისუფლების შესაფასებელია. ახლა მთავარია დაზუსტდეს იმ ფონდის ადრესატები, რომლის შემოწმებაც ამჟამად მიმდინარეობს. სხვა სახის ბრალდებები ალბათ, გართობის თემაა უკრაინის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, სააკაშვილს უპირისპირდება ისეთივე მაფია, როგორსაც თავად წარმოადგენს უკრაინაში.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მიხვდა რეალურად ვინ არის სააკაშვილი. ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც მიხვდნენ სააკაშვილის ფსიქოლოგიას. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს კლანებს შორის ომთან. ოლიგარქიული ჯგუფის წევრები იბრძვიან გადარჩენისთვის და ამ ომში სააკაშვილი არ არის წელგამართული. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიურ ემოციებს იწვევენ სააკაშვილთან დაპირისპირებული ძალები, იმიტომ, რომ ისინც არიან მაფიის წევრები.

უკრაინული კორუმპირებული სისტემა იბრძვის თვითგადარჩენისთვის და სააკაშილთან დაპირისპირება უფრო ამ ნიშნით მიდის, ვიდრე პოლიტიკური ნიშნით. უკრაინის შიდა პოლიტიკაში კლანებს შორის ბრძოლა არის წამყვანი თემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ჩვენ კარგად ვიცით ის ვინც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას უპირისპირდება მასთან დაპირისიპირებული ისეთივე მაფია, როგორსაც თავად წარმოადგენს უკრაინაში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.