პროკურატურამ კანჯიოღლის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა

პროკურატურამ კანჯიოღლის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა

გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ კანჯიოღლის უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მთავარმა პროკურატურამ კანჯიოღლის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა. ირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღებში ინტერპოლის სამსახური მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყება. მთავარი პროკურორი არ ფლობს ინფორმაციას რაშიდ კანჯიოღლის დაკავების შესახებ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული. მისივე განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებმა მისმა ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარი მკვლელობისას დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა. ის ამჟამად სოხუმში იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, რაშიდ კანჯიოღლი სავარაუდოდ, დაკავებულია.

„დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად ასეა, მაგრამ ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს, დაკავებულია ეს ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. რამდენს მიუსჯიან, ამას უკვე გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაშიდ კანჯიოღლის დაკავების შესახებ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ვერაფერს ამბობს იმაზე, გადმოეცემა თუ არა ქართულ მხარეს ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე 27 მაისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის სხდომაზე ისაუბრებს.

„მე მაქვს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ეს შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთ-ერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, ვინც იმყოფებოდა იმ დროს ხიდზე და ახლა ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეჭვმიტანილი იყოს დაკავებული“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით საქართველოს მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს არც ერთი წუთით არ დაუგვიანია საჭირო ქმედება და ნაბიჯი. მიხეილ ჯანელიძის თქმით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ყველა ის პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ აამოქმედა, იქნება ქმედითი და მოხდება დამნაშავის დასჯა.

„საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის სტრუქტურას არც ერთი წუთით არ დაუგვიანებია შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა იმ პროცესით და ინსტრუმენტით, რომელიც ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე დაიჭირონ და მან კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. არეშეძე აფხაზურ მხარეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რაშიდ კანჯიოღლის მცდელობა, რომ გადაელახა რუსეთის საზღვარი არ შედგა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გალის შეხვედრაზე რუსული და აფხაზური მხარე აპირებენ ამ ფაქტის გაჟღერებას, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა არ მოხდება. თუმცა არ არის გამორიცხული ამის მცირე შანსი მაინც არსებობდეს. არსებობს აფხაზების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანილი და დამნაშავე დაისაჯოს.

ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც შესაძლებელია ამინდს არ ქმნიან აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ ამინდს ქმნიან აფხაზურ სოციალურ ქსელში. ეს ხალხი ამ ნაბიჯს ხსნის შემდეგი ფაქტორით - ისინი ცდილობენ იყვნენ ცივილიზებული სახელმწიფო და მსოფლიოს თვალში სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად მოიქცნენ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, პრობლემა უფრო რთულად მოსაგვარებელი იქნებოდა, დამნაშავე რომ აფხაზი ყოფილიყო.

„ის პირი რომ აფხაზი ყოფილიყო, შეიძლება ასეთი შედეგი არ ჰქონოდა ამ ფაქტს, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ეს პიროვნება არის წარმოშობით ლაზი. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ქართულ-აფხაზური ომის გმირის შვილი, მამამისი აფხაზეთის მხარეს იბრძოდა და ამ ომს შეეწირა, ის მაინც აფხაზური საზოგადოებისთვის არ არის აფხაზი.

სხვა შემთხვევაში, ჩაერეოდა მთელი გვარი, კლანი და ძალიან რთული იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან თვითონ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს იქ ჩადენილი დანაშაულში ეჭვმიტანილის დაპატიმრებას, რადგან შუაში ჩადგება კლანი, გვარი“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

„ამ ფაქტისათვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს“, - აღნიშნა პრემირ-მინისტრმა, რომლის განცხადებით, საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებისას თანმიმდევრული იქნება, ეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გამოსავალია.

„ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისათვის. საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია - ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის არგამოყენების პოლიტიკას ვატარებთ.

გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობების დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.