„შეისწავლეთ ვინ არის ლაგვილავა. დიახ, ლაგვილავა უფრო მეტად არის ნაციონალი, ვიდრე თვით ნაციონალების კანდიდატი კორცხელში. მენტალურად ის იყო ნაციონალი, ხელისმომწერი იყო ზონდერებზე და იქნებ მან ჩაიყვანა? თუ პრობლემას თვალი არ გავუსწორეთ, ასე არაფერი გამოვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება ხელს აწერს მახინჯ სისტემასთან თანამშრომბლობაზე, ყველაფერი მოსალოდნელია.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
სპორტსმენების წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრამ, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და აცხდებენ, თუკი ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, მაშინ დამნაშავეა გიგა ბოკერია და ნიკა მელია, შესაბამისად, ითხოვენ მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. რამდენად ლეგიტიმურია საზოგადოების მოთხოვნა?
გია ხუხაშვილი: ვინ არის დამნაშავე, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ასევე, უნდა გაირკვეს მეორე მხარე უბრალოდ დაზარალებულია თუ თანამონაწილე. მიშა სააკაშვილი იმიტომ კი არ გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, რომ მისი სახელი და გვარი არ მოგვწონდა, გავისტუმრეთ იმიტომ, რომ კანონს მიღმა ტექნოლოგიებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.
თავი რომ დაავნებოთ იმას, თუ რა ჩაიდინეს სპორტსმენებმა, მათი კორცხელში ყოფნა აჩენდა პროვოკაციის მოწყობის მაღალ ალბათობას. მარტვი კითხვა ისმის, რა უნდოდათ იქ? გასაგებია, რომ ამით ჩვენ გვიჩნდება დეჟავუს გრძნობა ზონდერ ჯგუფებთან დაკავშირებით. ჩვენ თუ თვალი დავხუჭეთ ამაზე იმიტომ, რომ ჩვენები არიან და პირი მოვბანოთ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა.
თუმცა, ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებას. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებიც ასოცირდებიან ამ სახის ძალადობასთან. თქვენი აზრით, პროცესები წინასწარ იყო ორგანიზებული ნაციონალების მხრიდან?
- ძალიან მარტივი ფორმულაა - ძალადობა ძალადობით არ ირთგუნება. როდესაც შენ ძალადობას ძალადობით უპირისპირდები, შენც ისეთივე ურჩხული ხდები. ამ პრობლემის ერთი მხარე არის ზონდერი, მაგრამ მითხარით რა არის მურუსიძე სასამართლოში? იგივე კორცხელში, როდესაც უფრო მამალი ნაციონალი გახდა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი, ეს რა არის?
ვინ იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი? მენტალურად ის იყო ნაციონალი, ხელისმომწერი იყო ზონდერებზე და იქნებ მან ჩაიყვანა? თუ პრობლემას თვალი არ გავუსწორეთ, ასე არაფერი გამოვა. შეისწავლეთ ვინ არის ლაგვილავა. დიახ, ლაგვილავა უფრო მეტად არის ნაციონალი, ვიდრე თვით ნაციონალების კანდიდატი კორცხელში. იქნებ მისი მოწყობილი იყო და დღესაც ფარული ნაციონალია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად არის შენიღბული?
ფიქრობთ, რომ ლაგვილავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშა?
- როდესაც ხელისუფლება ხელს აწერს ასეთი ტიპის მახინჯ სისტემასთან თანამშრომბლობაზე, უკვე ყველაფერი მოსალოდნელია. მურუსიძეზე რომ სასამართლოში ხელს მოაწერ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მივყავართ ძალადობასთან, იმიტომ, რომ სისტემა არსად არ წასულა, სისტემა დარჩა და სისტემამ ასე იცის მუშაობა და არა სხვანაირად.
ხელისუფლებამ გადმოიბარა ძალადობრივი სისტემა?
- იცით, არ მგონია, რომ ეს ბიჭები ანტინაციონალები, ან „ქართული ოცნების“ მომხრეები იყვნენ. შეურაცხყოფას არავის მივაყენებ, მაგრამ ზონდერის ფსიქოლოგიაა შეასრულოს დავალება. ხელისუფლება ავალებს და ურტყამს პოლიტიკური შეხედულების გარეშე ნებისმიერ ადამიანს.
ფიქრობთ, რომ ასეთი დავალება მთავრობის მეთაურისგან მოდიოდა?
- არა, რა თქმა უნდა. კვირიკაშვილის მენტალობისა და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება ამ ტიპის ძალადობის, მაგრამ პრობლემაც იმაშია - ვინ არის კვირიკაშვილი, ის აკონტროლებს ხელისუფლებას? სამწუხაროდ, ჰაერშია დატოვებული და მის მიღმა მიდის პროცესები. მან ჯერ ვერ განიცადა ინტეგრაცია.
კორცხელში განვითარებული მოვლენები არის საბოტაჟი კვირიკაშვილის წინააღმდეგ?
- კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მის დასასუსტებლად გაკეთებულიყო და ამ ლოგიკასაც აქვს გარკვეული საფუძველი. თუმცა, უფრო სხვა ვერსიას ვემხრობი - ეს არის „ქართული ონების“ გარკვეული ჯგუფის მორიგი იდიოტიზმი, რომელსაც არ ესმის პროცესის ანატომია, არ იცის რატომაა საჭირო სისტემამ უარი თქვას პრობლემებზე; რადგან პოლიტიკური ბრძოლა იოლი ჰგონია იმიტომ, რომ სხვა არ გაუგია; რადგან საკუთარ ინსტრუმენტებს ვერ ქმნის, მზად არის გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რაც მემკვიდრეობით დარჩა სააკაშვილისგან. ეს არის უბედურება და ასეთები არიან „ქართულ ოცნებაში“.
ვინ არიან ასეთები?
- არ მინდა პირდაპირი შეტევა, მაგრამ დადგება დრო, როდესაც დავასახელებ მათ ვინაობას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელოში სპორტსმენების ჩაყვანა კახი კალაძის ორგანიზებული იყო...
- კალაძეზე ვერაფერს გეტყვით. როდესაც ადამიანს არც ინტელეტი აქვს, არც პოლიტიკური ხედვები და არც ფასეულობები, მხოლოდ ძალაუფლების ინტერესი ამოძრავებს, ასეთი ადამიანისგან ყველანარი უბედურებაა მოსალოდნელი.
სამეგრელოს ინციდენტის კვალდაკვალ ვიხილეთ სწრაფი რეაგირება „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, ბატონი ვოლსკის მხრიდან, შემდეგ იყო ბატონი დოლის განცხდება, თითქის წინასწარ იყოს საპროტესტო ტექსტი გამზადებული...
- ნამდვილად არც გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, მაგრამ თუ ხელისუფლება ასე იდიოტურად ებმება ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერ დაგებულ მახეში, ეს არანაკლები უბედურებაა. ხშირად სიბრიყვე იმაზე დიდი ბოროტობაა, ვიდრე პირდაპირი აგრესია.
ეს კრიტიკა ხელისფლებას ეხება?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლება რომელიც შეიძლება პროვოკაციებზე წამოეგოს, ის ხელისფლება არ არის. ყველაზე ცუდი მთელ ამ პროცესში გახლავთ ის - ვინ იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი კორცხელში? მითხარით, რითი სჯობდა ნაცების კანდიდატს, სახეზე ოცნება-ტატუირებული ნაცი? სახეზე ეწერა ნაცი, ტატუ გაიკეთა და დაიწერა ოცნება. აი ეს მოხდა, მეტი რა მოხდა?
ეჭვობთ, რომ დაპირისპირება ორგანიზებული იყო ლაგვილავას მხრიდან, მაგრამ ეს ხომ „ქართული ოცნების“ სისუსტეზე მეტყველებს და პოლიტიკურ გამოუცდელობაზე, როდესაც ასეთ კანდიდატზე კეთდება აქცენტი?
- რა თქმა უნდა. შეიძლება პოლიტუკურად გამოუცდელ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ პროვოკაციაზე ეგება, ქვეყანა ჩააბარო?
მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საკადრო რესურსია მწირი ქვეყანაში?
- ეს პრობლემა არის, მაგრამ არა მთავარი. მთავარი პრობელმა გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა სააკაშვილის სისტემასთან თანამშრომლობას. ბევრჯერ მითქვამს თქვენთან, ერთი პრობლემაა რეჟიმის დამარცხება, მაგრამ უფრო დიდი და მძიმე პრობლემაა სისტემის დემონტაჟი, რომელიც ამ რეჟიმს განასახიერებს. არსებულმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა სისტემასთან თანამშრომლობას. კი ბატონო, ხელისუფლებას კოაბიტაციას სთხოვდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ სისტემასთან კოაბიტაცია არავის უთხოვია. მურუსიძესთან კოაბიტაცია და თანამშრომლობა ხომ არავის უთხოვია?
მივიღეთ სიტუაცია, რომ ხელისუფლება ურჩხულს არათუ მართავს, არამედ პირიქით, მისი მძევალი გახდა. დღეს ხელისუფლება არის კოლექტიური მურუსიძის მძევალი და ნუ მეტყვის „ქართული ოცნების“ რომელიმე სპიკერი, რომ ის არის ძალაუფლებაში.
ხელისუფლებაში დღეს არის მურუსიძე და ზონდერი. სწორედ ამიტომ არ მიდიან „ქართულ ოცნებაში“ ნორმალური და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. მათ არ უნდათ მურუსიძის გვერდით ყოფნა. რატომ არ არის საკადრო რესურსი? იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებსაც უკეთესი მომავალი უნდათ, ხელს არ აწერენ მურუსიძესთან თანამშრომლობაზე, ისე როგორც ეს „ქართული ონების“ ბევრმა ლიდერმა გააკეთა. დიახ, მურუსიძის გამო არ მიდიან. აი, ამიტომ არის საკადრო დეფიციტი და არა სხვა მიზეზით.
მიხიელ სააკშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას აპირებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა, რომ ემზადებიან ახალი რევოლუციური სცენარისთვის?
- ვერანაირი მიშა სააკაშვილი რევოლუციას ვერ მოახდენს და ვერ არევს სიტუაციას. რევოლუციას თავის თავს უწყობს ხელისუფლება. ხელისუფლების სისუსტე და მისი უგუნურება ბადებს რევოლუციას და არა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ნაციონალები ძალისხმევას არ დაიშურებენ, ნებისმიერი მეთოდებს და ტექნოლოგიებს გამოიყენებენ და მათ შორის არაკონსტიტუციურ გზასაც მიმართავენ. ეს მათი ბუნებაა და არაერთხელ გვინახავს.
თუ ხელისუფლება არ იქნება უგუნური, ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხმა გამოუტანა ვერდიქტი. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხალხი ფიქრობს, არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის, კარგზე ლაპარკი არ არის. თუ მიშა იყენებდა ძალადობრივ ინსტრუმენტს, პოლიტიკურ შედეგს მაინც იღებდა. კორცხელში არჩევნები წააგეს, შემდეგ უკვე სარჩელი შეიტანეს და ხმები გადაათვლევინეს. ამით მინიმუმ სისუსტის დემონსტრირება მოახდინა ხელისუფლებამ. კორცხელის ირგვლივ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა ხელისუფლებამ. მიკროკრიზის მენეჯმენტი არ შეუძლიათ და წარმოიდგინეთ ნაციონალური მასშტაბის კრიზისის შემთხვევაში რა მოხდება. ვინ უნდა მართოს კრიზისი, კალაძემ?