მთავრობა ელის, რომ ინდური ფილმის გადაღებებს მოჰყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული კინოპროდუქცია

მთავრობა ელის, რომ ინდური ფილმის გადაღებებს მოჰყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული კინოპროდუქცია

ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები საქართველოში რომანტიულ თრილერს „Machine“ გადაიღებენ. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგები უკვე ცნობილია- ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები საქართველოში ჩამოვიდნენ. გადაღებები 65 დღე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ ამ ფილმის გარკვეული ეპიზოდების, არამედ სურათის სრული მოცულობით გადაღება მოხდება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოხვდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებაზე.

მთავრობა ელის, რომ ინდური ფილმის გადაღებებს მოჰყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული პროდუქციები.

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული კინოწარმოების განვითარების ერთ-ერთი სეგმენტია საქართველოში უცხოელების ჩამოსვლა და მათ მიერ ფილმების გადაღება. მით უფრო, როცა ამ ფილმების გადაღების მონაწილეები არიან ხოლმე ჩვენი ადგილობრივი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ცხადია, მათი დასაქმების აუცილებლობა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უშუალოდ ინდურ ფილმს, ლელა ოჩიაურის თქმით, ინდოეთი მრავალმილიონიანი ქვეყანაა და, წმინდა კინოგაქირავების თვალსაზრისით, რაც უფრო მეტია მოსახლეობის რიცხოვნება, მით უფრო მეტია მაყურებელიც. ასე რომ, ასეთი ტიპის დიდ ფილმებს დიდი რაოდენობის მაყურებელი ჰყავს და მეტი მოგებაც მოაქვთ. შესაბამისად, მიზიდულობის ძალა ამ ფილმებს აქვს და, რაც უფრო მეტი უცხოელი ნახავს საქართველოს ქალაქებს, ტურისტების მოსაზიდად უკეთესი იქნება. ამის მაგალითი მსოფლიოში უამრავია, თუნდაც იგივე ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუმინეთი, დუბროვნიკი, სადაც მიმდინარეობს ამ ტიპის ფილმების წარმოება და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა.

„იმისთვის, რომ „გადაიღე საქართველოში“ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს და უცხოელები მოვიწვიოთ, ძალიან კარგად უნდა იყოს ის პირობები ჩამოყალიბებული, რომლითაც ეს ადამიანები დაინტერესდებიან აქ ჩამოსვლით. ეს არის საგადასხადო შეღავათები და გადაღებაზე დახარჯული თანხის რაღაც პროცენტის უკან დაბრუნება. ეს უცხოელების დაინტერესების ერთ-ერთი მომენტია. კინოწარმოებაზე, გადაღებაზე დახარჯული თანხის (და არა რესტორანში დახარჯული ფულის) რაღაც პროცენტი უკან უნდა ბრუნდებოდეს. ჩვენთან შედარებით იაფი ობიექტებია, გადაღებისთვის იაფი მუშახელია და, ცხადია, ეს ბუნებრივად იწვევს ჩვენდამი ინტერესს. ამას ემატება ჩვენი ბუნება, ლანდშაფტი, რაც გამოსადეგია ყველანაირი გადაღებისთვის. აქ არის მთაც, ზღვაც, უდაბნოც თუ ძველი ქალაქები, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ისტორიამდელ ქალაქებს, არამედ საბჭოთა პერიოდის სახეშენარჩუნებულ ქალაქებს. ამ ყველაფერმა შეიძლება ინტერესი გამოიწვიოს“,-აცხადებს ლელა ოჩიაური, რომლის აზრითაც, მიღებული შემოსავლები უნდა მოხმარდეს ქართულ კინოს და ეს თანხები არ უნდა წავიდეს ზოგად ბიუჯეტში.

კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კინოწარმოებაში ნებისმიერი კორპორატიული წამოწყება საინტერესოა, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამდენად, ინდური კინო იქნება, ამერიკული თუ გერმანული, ამას მნიშვნებლობა არ აქვს, რადგან კომერციული კინო ყველგან კომერციული კინოა, თავისი მეტ-ნაკლები წარმატებით.

„მთავარია, დაფინანსება, რაც იმდენი იქნება, რამდენსაც გადაწყვეტს ესა თუ ის ქვეყანა და ის წრეები, რომლებიც ამ საკითხის აქტივიზაციას ეწევიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფილმის მხატვრულ ღირსებებზე არ არის საუბარი. ეს სრულიად სხვა პროცესია. ეს გახლავთ ბუნებრივი კანონზომიერი პროცესი, რომელიც მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ აპრობირებულია, არამედ პოპულარული და მზარდია, რადგან არა მარტო კულტურათა დიალოგის შექმნის საფუძველს იძლევა, არამედ ამდიდრებს კინოწარმოებას პერსპექტივის თვალსაზრისით. შემოქმედებითი და გონებრივი რესურსის ძიება ყოველთვის მიმდინარეობს პატარა ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველოც გამონაკლისი არ არის. ალბათ, საავტორო კინოზე ჯერჯერობით საუბარი ვერ იქნება“, - აცხადებს ქეთი ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო (ვიზუალური) პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. შესაბამისი პროექტი კულტურის სამინისტროსთან ერთად უკვე მომზადდა. ეს არის მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო ფილმებს, სერიალებს, კლიპებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს მათი გადაღება. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, გადასაღები მოედნების შექმნას და, საბოლოო ჯამში, წაადგება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც.