„იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი ბალტიისპირეთში თავდაცვისუნარიანობას არ გააძლიერებს, ნატო რუსეთთან ერთ წელიწადში ბირთვული ომის რისკის წინაშე დადგება“, - აცხადებს ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი რიჩარდ შირეფი, რომლის განცხადებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე - ესტონეთზე, ლიტვასა და ლატვიაზე თავდასხმის შესაძლებლობა დიდია, დასავლეთმა კი პოტენციური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად უნდა იმოქმედოს.
„ჩვენ უნდა განვსაჯოთ პრეზიდენტი პუტინი არა მისი სიტყვებით, არამედ მოქმედებებით. ის შეიჭრა საქართველოში, ყირიმში და უკრაინაში. მან ძალა გამოიყენა და ამისთვის არ დაისაჯა. დაძაბულობის შემთხვევაში კი, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა სრულიად შესაძლებელია“, - განაცხადა გენერალმა შირეფმა.
მისივე თქმით, პუტინმა, შესაძლოა, ბალტიისპირეთში ინტერვენცია გადაწყვიტოს, თუ მან აღიქვა ნატო-ს სისუსტეები. გენერლის ვარაუდით, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა როგორც ყირიმში, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც თავისი ქმედებების არგუმენტად რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა დაასახელოს.
როგორც ცნობილია, ნატო-მ ბალტიისპირეთში უკვე გააძლიერა თავდაცვისუნარიანობა, თუმცა, გენერალ შირეფის განცხადებით, საჭიროა კიდევ უფრო გაძლიერება იმისათვის, რომ აგრესორმა არ გარისკოს ამ რეგიონში ინტერვენცია.
რუსეთის სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი ამბობს, რომ რუსეთს ეყოფა პოლიტიკური ნება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რადგან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას მოსკოვი რუსეთის უსაფრთხოების მუქარად აღიქვამს.
„ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ექსპერტების ნაწილმა ხელისუფლებას მოუწოდა, ახალი ტიპის ბირთვული იარაღი განავითაროს, რომელიც ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემდგომ განვითარებას შეაფერხებს. მეტ-ნაკლებად გასაგებია, რომ ან ახალი ცივი ომისკენ მივდივართ, ან უკვე ვიმყოფებით ამ ფაზაში. ვფიქრობ, რომ მომდევნო წლები საკმაოდ რისკიანი იქნება მსოფლიოსთვის, ვინაიდან რუსეთს არ აქვს ის რესურსი, რაც საბჭოთა კავშირს წინა ცივი ომის დროს ჰქონდა - არ ჰყავს მოკავშირეები, არც ისე კარგად აქვს საქმე ფინანსებთან დაკავშირებით, ჰყავს საზოგადოება, რომლითაც 5 მილიონიან არმიას ვერ შექმნი, თუმცა ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი. ჩვენ გვეყოფა პოლიტიკური ნება, რომ ეს იარაღი გამოვიყენოთ“, - აცხადებს ალექსანდრ გოლცი.
მისივე თქმით, სწორედ რუსეთის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული დასავლეთის საპასუხო ქმედებები, ჯერჯერობით კი, რუსეთი დასავლეთის რეაქციას აკვირდება. როგორც რუსი სამხედრო მიმომხილველი აცხადებს, რუსეთი გააგრძელებს ბირთვული შეკავების პოლიტიკას, მათ შორის მუქარას, ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორც ეს იყო პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, როცა იქ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზები განალაგეს.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების ისტორიას თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ რუსული საფრთხე ისტორიულად რეალურია ბალტიისპირა ქვეყნების მიმართ. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ის ერთობა რაც 90-იან წლების დასაწყისში გამოიჩინა ევროპის ქვეყნებმა, ისევ მოითხოვს გააქტიურებას, რადგან ასეთი სერიოზული საერთაშორისო ზეწოლით რუსეთმა გაიყვანა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შეიარაღებული ძალები, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიები სრულიად მკაფიოდ ადასტურებენ, რომ რაიმე ზიანის მიყენება ამა თუ იმ ქვეყნისთვის, სულაც არ არის მხოლოდ სახმელეთო ჯარების ამოცანა.
„უკვე ორი წელია, რაც ნატო-მ დაიწყო რეაგირება რუსეთის ქმედებებზე უკრაინის მიმართ და აძლიერებს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას. ნატო არა მარტო წვრთნებს ატარებს იქ, არამედ შესაბამისი აღჭურვილობაც შეიტანა. ჩემი აზრით, რუსეთისთვის თავასატეხი გახლავთ შვედეთის სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი.
როგორც საქრთველოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც შვედეთის წინააღმდეგაც იგივე ტერმინოლოგიას იყენებს. რასაკვირველია, საინტერესოა, შეძლებს თუ არა დასავლური ქვეყნების ერთობა დაარწმუნოს რუსეთი, რომ გაფართოება არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. თუ ვინმეს არ ექნება თავად სამხედრო აგრესიის სურვილი ირგვლივ არსებულ ქვეყნების წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ იგივე სცენარით მოქმედებას, როგორც ეს საქართველოში და უკრაინაში განახორციელა.
„პუტინის რეჟიმის რიტორიკაა, რომ ჩვენ თავს გვესხმიან, ალყა შემორტყმულ ციხესიმაგრეში ვიმყოფებით, ჩვენ გვებრძვიან მსოფილიო დონეზე, პირველ რიგში - ნატო და აშშ. ამიტომ რუსეთის გეგმაში მოიაზრება ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ოპერაციების განხრციელება, თუნდაც იგივე ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, ცდილობს ალყაში მოაქციოს ბალტიის სახელმწიფოები, თუნდაც - ლატვია და ესტონეთი. შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება ლიტვას, თუმცა, თუ ბელორუსიის ელემენტიც დაემატება, მაშინ შეიძლება ლიტვასაც დაემუქროს სამხედრო საფრთხე. რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ წრეებში რა გადაწყვეტილებაა მითითებული სტრატეგიულ დონეზე, ეს არავინ იცის. არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ამ სცენარების განვითარებას ახორციელებდნენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, რუსეთი ვერ გამოიყენებსს ბირთვულ იარაღს, რადგან რუსეთისგან განსხვავებით, ნატო არ აპირებს აღმოსავლეთის ფლანგზე ბირთვული შეიარაღების განლაგებას. როგორც მაისაია აცხადებს, რუსეთი აძლიერებს სტრატეგიული ტიპის შემტევი იარაღების განთავსებას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა და დარტყმის მიყენება ნატო-ს კოალიციური ძალების წინააღმდეგ.
„დღეს ახალი უსაფრთხოების დილემა გვაქვს ნატო-სა და რუსეთს შორის. გარკვეული სახელმწიფოები იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოები ძლიერდებიან, თავადაც აპირებენ გააძლიერონ თავიანთი პოტენციალი და ამასთან ერთად, მეორე სახელმწიფოც ითხოვს გაძლიერებას შეიარაღების ხარჯზე. უსაფრთხოების დილემა შეიძლება გადაიზარდოს რეალური სამხედრო კონფრონტაციის ფაზაში“, - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით, დღეს, რუსეთსა და ნატო-ს შორის უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობა. ამიტომ, რთულია წინასწარ გათვლების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია.
„რუსეთი აპირებს, რომ ბალტიის სახელმწიფოების სიახლოვეს ორი დამრტყმელი ოპერატიული ტაქტიკური შენაერთის დივიზიის განთავსებას, დაახლოებით ეს არის 30 000-იანი შენაერთი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გაისეირნოს და გამოისეირნოს ბალტიის სახელმწიფოებში. ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის მთლიან შეიარაღებული ძალების რაოდენობა 15 000 ადამიანს არ აღემაატება.
რუსეთს დასავლეთის მიმართულებით განლაგებული ჰყავს ოპერატიული სტრატეგიული შენაერთები, რაც უკვე წარმოადგენს სერიოზულ სამხედრო ძალას, რომელსაც შეუძლია რეალური სამხედრო მუქარა შეუქმნას ბალტიის სახელმწიფოებს, თუმცა იმედია, სამხედრო მუქარა არ გადავა სამხედრო კონფლიქტში“, - აცხადებს for.ge-სთან სუბრისას ვახტანგ მაისაია.