დე ფაქტო აფხაზეთი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს. ამ მიზნით ახალი ათონის სიმონ კანანიტის (სიმონ კანანელი) მონასტერში „მეორე საეკლესიო-სახალხო კრება“ გაიმართა, სადაც ავტოკეფალიის საკითხები განიხილეს. კრება დე ფაქტო „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ მიერ იყო მოწვეული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფის სურვილს გამოხატავს. For.ge ავტოკეფალიის მოსურნე აფხაზების შესახებ 2012 წელსაც წერდა, როცა სეპარატისტთა ამ სურვილს წინ უძღოდა აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში განხორციელებული „სარეკონსტრუქციო“ სამუშაოები, რის შედეგადაც აფხაზეთში ქართველთა ისტორიის კვალი გააქრეს და ეთნიკური თუ კულტურული გენოციდი რელიგიურ სეპარატიზმში გადაზარდეს.
იმ პერიოდშივე ნათელი იყო, რომ აფხაზები ავტოკეფალიას ვერ მიაღწევდნენ, რადგან დედა ეკლესიისგან გამოყოფა ეკლესიის კანონიკური სამართლის დარღვევად ჩაითვლებოდა და ამ დანაშაულს საკუთარ თავზე მსოფლიოს ვერც ერთი პატრიარქი ვერ აიღებდა.
ამის მიუხედავად, 2012 წელს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფმა, დოროთეი დბარის ხელმძღვანელობით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე სცადა გასვლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძნულ, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს მსოფლიო პატრიარქი უდგას სათავეში, აფხაზების გათვლა მარტივი იყო. მათ სურდათ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე გავლენის მოხდენით მსოფლიო პატრიარქის ყურადღება მიეპყროთ.
თუმცა იმ პერიოდში ქართველების მხრიდან საპასუხო სვლამაც არ დააყოვნა. ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს მეორესთან შეხვედრა გამართა, რათა მას არ დაეშვა დედა ეკლესიის წიაღიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოგლეჯვა. სავარაუდოდ, ამ საქმეში კონსტანტინოპოლის ეკლესიის როლიც დიდი იქნებოდა, რომელიც რუსულ ეკლესიაზე მეტად აშფოთებდა ქართულ მხარეს.
დღეს კი რუსული გამოცემა „Независимая газета“ რელიგიათმცოდნე ალექსეი ზიგმონტის სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის არსი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი აფხაზეთი ბოლო ქართველმა მიტროპოლიტმა დატოვა. მას შემდეგ იქ აღარავინ გამოჩენილა.
2010 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურას „ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც“ დაემატა. 2009 წელს მღვდელმა ბესარიონ აპლიამ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა და კურსი მოსკოვთან ინტეგრაციისაკენ აიღო. 2011 წელს აფხაზთა ნაწილმა უარყო ბესარიონ აპლიას ამბიციები აფხაზეთის ეკლესიაზე და შექმნა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელიც უკვე ხუთი წელია, ავტოკეფალიას უშედეგოდ ითხოვს, მიუხედავად მსოფლიოს საპატრიარქოსადმი მიმართვისა.
რუსული გამოცემის ცნობით, ძნელია იმის თქმა, დადებითად გადაწყდება თუ არა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სრულიად მართლმადიდებელთა ყრილობაზე. მიზეზები კი ისაა, რომ, ერთი მხრივ, მსოფლიო საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიის იერარქები, ასე თუ ისე, რუსული გამოცემის ცნობით, მხარს უჭერენ აფხაზებს, მეორე მხრივ კი, ახალი ავტოკეფალიის აღიარების საკითხი ჯერ კიდევ წინასწარი მოსმენების დროს იქნა დღის წესრიგიდან მოხსნილი სამი ეკლესიის მოთხოვნის საფუძველზე - საქართველოს ეკლესიის (გასაგები მიზეზებით), სერბეთის (მაკედონიასთან დაკავშირებით) და რუსეთის (უკრაინის ეკლესიასთან არსებული პრობლემების გამო).
„აშკარაა, რომ რუსეთის პატრიარქი ბრძოლას ღიად ვერ გამოუცხადებს ვერც კონსტანტინოპოლს და ვერც თბილისს“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.
რის საფუძველზე ითხოვენ აფხაზები ავტოკეფალიას და როგორი იქნება მსოფლიო ეკლესიათა დამოკიდებულება სეპარატისტების სურვილთან დაკავშირებით?!
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზებს ამ ეტაპზე ავტოკეფალიის შანსი არ აქვთ, რადგან 14-ივე ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას მის საზღვრებში და ორმოცდაათიათასიანი თუ ასიათასიანი აფხაზური მრევლისთვის სამ მილიონიან საქართველოს ეკლესიასთან საქმეს არ გაიფუჭებენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია არც რუსეთს აწყობს, რადგან რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შედის უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა და რუსეთს არ აწყობს საზღვრების ტოტალურად გადახედვა, მაგრამ, თუ საქართველოს ეკლესია ძალიან გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთის ან საბერძნეთის ეკლესიასთან, შეიძლება, რომელიმე ეკლესია საქართველოს აფხაზეთის საკითხით დაემუქროს.
თეოლოგის თქმით, დღევანდელ აფხაზეთს ვერც ოფიციალური თბილისი და ვერც საქართველოს ეკლესია ვერ აკონტროლებს, იქ ვერ ჩადის ვერც ჩვენი აფხაზეთის მიტროპოლიტი. ამ დროს კი აფხაზეთში ცხოვრობენ მართლმადიდებლები - ეთნიკური ქართველები, აფხაზები, რუსები, ბერძნები. ფაქტია, მათ სჭირდებათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო ცხოვრება. ამიტომ, თუკი საქართველოს ეკლესიას არ აქვს კავშირი იქაურ მრევლთან, ცხადია, იქ გაჩნდება სხვადასხვა აზრი, საეკლესიო სხვადასხვა პარტია. მათგან ერთ პარტიას მოუნდება, დაუკავშირდეს მსოფლიო საპატრიარქოს და მიიღოს იქიდან ავტონომია ან ავტოკეფალია, ხოლო მეორე მოისურვებს, შეუერთდეს რუსეთის ეკლესიას და ამაში გასაკვირი არაფერია.
„ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესია მაინცდამაინც არ ცდილობს, აფხაზეთში მცხოვრებ მრევლთან კავშირები განამტკიცოს. არა მგონია, იქ ყველა მტერი იყოს. მათ სჭირდებათ ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია ან საქართველოდან უნდა მიიღონ, ან სხვა მხრიდან. მაგალითად, აფხაზი ახალგაზრდა მღვდელმონაზონი დავითი იყო ჩამოსული თბილისში, მას უნდოდა, აქედან მიეღო ლეგიტიმაცია. რატომ არ შეიძლებოდა დავითი ეკურთხებინათ, როგორც მღვდელი საქართველოდან? ის ხომ ამ სტატუსით შევიდოდა აფხაზეთში? თუმცა იგი ეროვნებით აფხაზი იყო და, ალბათ, ამიტომ არ უნდოდათ. არანაირ დიპლომატიას ჩვენი ეკლესია არ მიმართავს, ჩვენი ეკლესია მარტო მიმართავს იმას, რომ აფხაზეთი ჩვენია და მორჩა. ასეთი ხისტი პოლიტიკის გამო გადის წლები, ათწლეულები და, როგორც პოლიტიკურად შეიძლება დავკარგოთ ეს ტერიტორია, ისე ეკლესიურადაც შეიძლება დავკარგოთ. არადა, რომელი უფრო გაატარებდა სეპარატისტულ პოლიტიკას? ის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა თბილიში და პატრიარქს სთხოვა, მაკურთხეთ და თქვენი სახელით ვიქნებიო, თუ ანტიქართველი ბესარიონ აპლია, რომელიც თავიდანვე რუსეთისკენ იმზირებოდა? აფხაზების ერთ-ერთი ბერკეტი ის არის, რომ ისინი ეყრდნობიან ისტორიას და ამ ისტორიას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ. ისინი ამბობენ, რომ ადრე არსებობდა აფხაზეთის მიტროპოლია, რომელიც მცხეთის ეპისკოპოსს, მცხეთის კათალიკოსს არ ექვემდებარებოდა და უშუალოდ ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს. სინამდვილეში, ის აფხაზეთი, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ, ქართული სახელმწიფო იყო, ქართულ ენაზე შესრულებული წირვა-ლოცვით, ბაგრატიონები იყვნენ იქ მეფეები. იმ დროს აფხაზეთი მთლიან დასავლეთ საქართველოს წარმოადგენდა და, ცხადია, ის ქართულენოვანი იქნებოდა. იქ სხვადასხვა ეთნოსები ცხოვრობდნენ და მიმდინარეობდა პროცესი, როცა წირვა-ლოცვა ბერძნულიდან ქართულ ენაზე გადადიოდა“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
ამასთან, განმარტა, რომ სანამ აფხაზები აქტიურობენ, ჩვენ პასიურად არ უნდა ვიყოთ და დიპლომატიის, კომპრომისის რესურსები უნდა ავამოქმედოთ, ნაცვლად იმისა, სრულიად მართლმადიდებლური კრების წინ ბერძნულ ეკლესიასთან გავიფუჭოთ საქმე და ვაიძულოთ ისინი, ცნონ აფხაზეთის ეკლესია.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში რთული პროცესები მიმდინარეობს და ძალზე რთულია დამოკიდებულება ახალ და ძველ თაობას შორის. ასეთივე პრობლემებია აფხაზეთის ეკლესიაშიც, თუმცა ლევან კიკნაძე დარწმუნებულია, რომ ავტოკეფალიას აფხაზებს არავინ მისცემს. მათ რუსეთის ეკლესიაც კი არ დაუჭერს მხარს.
„ახლა აფხაზები დასავლეთში დარბიან და იქიდან რაღაც საეკლესიო წოდებები ჩამოაქვთ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, მაგათ შანსი არ აქვთ. რუსეთის, აფხაზეთისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რუსეთმა ერთი პრეცედენტიც რომ დაუშვას, მაშინ უკრაინაც მოითხოვს ავტოკეფალიას და სხვებიც მოითხოვენ. ამიტომ რუსეთს ეს არ აწყობს. რუსეთს ურჩევნია, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა, ვიდრე აფხაზების პატრა ჯგუფის გამო დაკარგოს ეს ურთიერთობა. თანაც, საეკლესიო კანონების თანახმად, ასეთი თვითნებობა არ შეიძლება“,-აცხადებს ლევან კიკნაძე.