„ეს ტელევიზია ჩემი ოჯახია, ჩემი ტკივილია. 17 წლისა დავიწყე აქ მუშაობა და დღეს 45 წლის ვარ. მტკივა იმიტომ, რომ არ ხდება კადრების შენარჩუნება, ხელფასის ზრდა და ტექნიკის განახლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი კახაბერ ჯანაშვილი, რომლის განცხადებით მათი იდეაფიქსი არ არის „მოამბის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩერება.
for.ge კახაბერ ჯანაშვილს ესაუბრა.
რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში? რატომ გახდით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები იძულებულნი, რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიგემართათ?
კახაბერ ჯანაშვილი: პირველ რიგში - უყურადღებობა, ამიტომ გამოვედით და გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. 2 წელიწადნახევარზე მეტია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს. რა მდგომარეობაც დამხვდა 2009 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დღემდე არ შეცვლილა ეს მდგომარეობა. ბევრჯერ გვქონდა მცდელობა, რომ არსებული მდგომარეობა შეცვლილიყო. შევხვდით ბატონ გიორგი ბარათაშვილსა და გიორგი გოგელიას, ვესაუბრეთ და დასმული იყო ზუსტად ეს კითხვები, როდის მოგვემატება ხელფასი? იმიტომ, რომ ძალიან დაბალია ოპერატორების და მემონტაჟეების ხელფასი.
მიიღეთ დაპირება, რომ შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდით?
- იყო დაპირება, ახლა ბორდი დაინიშნება და ყველაფერი კარგად იქნება. არა მარტო ჩვენი ოპერატორების, არამედ იმ ჟურნალისტების ნაწილის, რომლებიც ჩვენს გვერდზე დგანან, ხელფასები დაბალია. გვპირდებოდნენ, რომ მოგვარდებოდა აი - 3 თვეში, აი - 4 თვეში, აი დღეს, აი ხვალ, მაგრამ მერე ესენი იცვლებიან იწყებენ რეფორმებს და ამ რეფორმების შედეგად არაფერი ხდება. თვითონ კარგად არიან და ეს ადამიანები ყველას ავიწყდება. იმის გამო, რომ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ პროფესიონალი ჟურნალისტები მიდიან ტელევიზიიდან.
მიდიან, რომ 200 ან 300 ლარით მეტი ხელფასი აიღონ. ამიტომ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ურეიტინგო, რომ პროფესიონალი კადრები ტოვებენ ტელევიზიას. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ეშველება მანამ, სანამ ადამიანურ რესურსზე და პროფესიონალიზმზე არ გააკეთებენ აქცენტს.
თქვენ ამბობთ, რომ ბევრი თანამშრომელი წავიდა იმიტომ, რომ 200-300 ლარით მეტი ანაზღაურება მიიღონ, როგორ ფიქრობ, რატომ არ ინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა პროფესიონალ კადრებს, როდესაც მისი ბიუჯეტი არის 47 მილიონი ლარი?
- ამ კითხვაზე დირექტორმა და ბორდის ხელმძღვანელმა უნდა გიპასუხოთ. იცით, რომ გაუშვეს ეკა მიშველაძე, ასევე გაუშვეს ბესო შარაშენიძე, რომელიც 28 წელი მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მოჰყავთ ვიღაცა გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასთან არასდროს არ ჰქონიათ შეხება, არაფერი ღირებული სატელევიზიო სივრცეში ამ ადამიანებს არ გაუკეთებიათ.
ეს არის ნეპოტიზმის გამოხატულება, როდესაც კვალიფიკაციური კადრების ჩანაცვლება ხდება არაკვალიფიკაციური კადრებით?
- ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა არის, მაგრამ გარდა ამისა, აქ არიან პიროვნებები, რომლებსაც შეიძლება გამოჩენილი მშობლები ჰყავდათ, ამ ადამიანების წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც მოგყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც სატელევიზიო სივრცესთან შეხება არ ჰქონიათ. უშვებ ეკა მიშველაძეს, ბესო შარაშენიძეს, ნინო თოლორდავას, ელისო ჯარიაშვილს, რატი მუჯირს, ოპერატორებს გიორგი შეწირულს, აჩიკო ნიკოლეიშვილს და მათ მაგივრად მოგყავს ადამიანები დაბალ ანაზღაურებაზე, არბენინებ როგორც გინდა და სადაც გინდა, ეს არის ზუსტად ის უსამართლობა, რამაც ჩვენი აღშფოთება გამოიწვია.
ისეთი რაღაცეები ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს ტელევიზია ჩემი ოჯახია, ჩემი ტკივილია. 17 წლისა დავიწყე აქ მუშაობა და დღეს 45 წლის ვარ. მტკივა იმიტომ, რომ არ ხდება კადრების შენარჩუნება, ხელფასის ზრდა, ტექნიკის განახლება. ახლა ჩემი ოპონენტები მეტყვიან, რომ 30 მილიონი ვალი ჰქონდა ტელევიზიასო, გასაგებია, 30 მილიონი მე და ჩემმა თანამშრომლებმა დავიდეთ? ჩვენ ეს ვალი არ აგვიღია. ჩვენ, ჩვენი ოჯახებისთვის გვაქვს ბანკის კრედიტები აღებული, ის ვალდებულება და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გვაწუხებს, სხვა არავინ და არაფერი.
ახალი ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ არ მესმის რატომ გადაწყვიტეთ გარეთ გასვლა, როდესაც თქვენს შორის შედგა კომუნიკაცია. მინიშნებას აკეთებს პროცესების მართვაზე...
- სამარცხვინოა თუ ვინმე იტყვის, რომ პოლიტიკოსები გვიდგანან გვერდში. ვიყავით გვიმრაძესთანაც, ფუტკარიძეც იქ ბრძანდებოდა, ვესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ გვითხრეს, თქვენ ჩვენ არ გვეკუთვნით, თქვენ ეკუთვნით ოპერატორების გაერთიანებას და მას მიმართეთო. ჩვენ გვეკუთვნის ჟურნალისტები და არა ოპერატორები და ტექნიკური პერსონალიო. ზუსტად თვენახევრის წინ ისეთივე განცხადება, რაც გუშინ გავაკეთეთ, გადავეცით ბატონ გოგელიას. მან იცოდა ამის შესახებ. ნუ დაიწყებენ ახლა იმის თქმას, რომ არ ვიცოდითო. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა.
გამაფრთხილებელი აქცია გამართა 83-მა თანამშრომელმა და 21 დღიან ვადას აძლევთ ხელმძღვანელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრებით...
- ბევრად მეტნი არიან ვიდრე 83, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ადამიანებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის.
გაჟღერდა ამ შინაარსის მუქარა?
- პირადად არავისი არ მეშინია. ვიცი, რომ ჩემი ოჯახის, ღმერთისა და მეგობრების წინაშე მართალი ვარ და ამიტომ მზად ვარ სამართლიანი ბრძოლისთვის. მუქარაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი უკიდურეს ფორმაში გადავა, რაც საჭიროა და როგორც საჭიროა ისე ვიტყვით. ჩვენ რომ გვდომოდა „მოამბის“ გაჩერება, გავაჩერებდით. ეს არ გვინდოდა და იმიტომ გავმართეთ გამაფრთხილებელი აქცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ გამოვედით გარეთ და ვთქვით ის, რაც ვთქვით.
იმ შემთხვევაში თუ 21 დღის ვადაში არ მოგვარდება ეს პრობლემები, გააჩერებთ „მოამბეს“?
- ვთვლი, რომ კონსენსუსს მივაღწევთ. ჩვენი იდეაფიქსი არ არის „მოამბის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩერება, ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჩვენ ვითხოვთ ჩვენს კუთვნილს. მაგრამ თუ არ წამოვლენ მოლაპარაკებაზე და გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე, მაშიმ მე კახაბერ ჯანაშვილი, რომელიც 27 წელია ოპერატორი ვარ და ამათგან განსხვავებით 90-იან წლებში იარაღით ხელში ვიცავდი ტელევიზიის შენობას და ღამეებს ვათენებდი, კიბეებთან დავდებ კამერას და დავჯდები. ჩემს გვერდით დაჯდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, რომლებიც ყველა ტყვიის გავარდნაზე კამერით ხელში გავრბივართ და ვიღებთ ყველაფერს.
გიორგი გვიმრაძის განცხადებით, მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ყველა თანამშრომლის კვალიფიკაციის გადახედვას, ახალი პოზიციების შეთავაზებას და მათი კვალიფიკაციის შესაბამისად შესაბამისი ანაზღაურების შეთავაზებას...
- გიორგი გვიმრაძე ძალიან კარგი და წესიერი ადამიანია. ამ პიროვნების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ თვითონვე მოიკლონ ის1000-ობით ლარამდე ხელფასი და ამ ხალხს გადაუნაწილონ. რეფორმების წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, რაც უფრო მეტი რეფორმა გაკეთდება, მით უკეთესია. მაგრამ სხვა თანამშრომლებისთვის თუ შეიძლება ხელფასების მატება, რატომ არ შეიძლება ტექნიკური პერსონალისთვის? მემონტაჟეებისთვის? რატომ?! მონათმფლობელურ წყობილებაში ვცხოვრობთ და მონები ვართ?!
არსებობს პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, მაგრამ თქვენს პროტესტს ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა გამოხმაურება?
- მედიატორი დაინიშნა სახელმწიფოს მხრიდან, შედგა მოლაპარაკება, მაგრამ საუბრის დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. რა შედეგი იქნება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოლაპარაკებაში. გვიმრაძე რომ მიცხადებს სანამ ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება... უკაცრავად, ასე არ არის. ჩვენ იმიტომ გავმართეთ გამაფრთხილებელი აქცია, რომ ველოდებით 21 დღეს და იმედი მაქვს, რომ 21 დღეში ყველაფრი მოგვარდება.
არაუშავს, ავიტანთ იმ ინვენტარის პრობლემას, თქვენ კიდევ არ იცით რა სასწაულებსაც ვაკეთებთ. პრემიერ-მინისტრთან მომიწია გადაღებაზე მისვლა და რადიო მიკროფონით მივედი, რომელზეც სკრეპი მქონდა გაკეთებული, ამის მრცხვენოდა, მანაც ზუსტად უპასუხა იქ, რომ არ გრცხვენიათ, სკრეპით როგორ უნდა დადიოდეთო? ასეთი პრობლემა უამრავია.