„თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის“

„თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის“

რესპუბლიკელების ლიდერი ნიკოლა სარკოზი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და ორგანიზაციაში თურქეთის შესვლა, ევროპის განვითარებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება. გარდა ამისა, ევროკომისარის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთისთვის ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უცხოელი ტერორისტები და კრიმინალური ჯგუფები ეცდებიან თურქული პასპორტის აღებას, რათა შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩავიდნენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის თურქეთთან მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის, თუ ანკარა არ შეეცდება შეთანხმებული პირობების შეცვლას.

ევროკავშირის მოთხოვნას - სავიზო რეჟმის გაუქმების სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ოფიციალური ანკარა ტერორისტების მხარდაჭერად აფასებს და კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი არ დაემორჩილება ზეწოლას და არ წავა არანაირ დათმობაზე.

„სავიზო რეჟიმის გამარტივება - ეს თურქეთის მოქალაქეების ჭეშმარიტი უფლებაა. რამდენიმე კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეებს ეს უფლება ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მიეცათ. არ ვეთანხმები ევროკავშირის წარმომადგენლების იმ მოსაზრებას თითქოს და ანკარა ევროკავშირს ემუქრება.

ჩვენ არავის ვემუქრებით. უბრალოდ, ჩვენ სიმართლეს გარკვევით ვლაპარაკობთ. არ არის საჭირო ყველაფრის გამუქება. ელემენტარულია - სავიზო რეჟიმის გამარტივება და არა ევროკავშირის წევრობა. ყველამ უნდა შეასრულოს გაცემული პირობა. ევროკავშირი ვერ იქნება გლობალური მოთამაშე და ვერ გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს თურქეთის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ჯერჯერობით რთულია საუბარი იმაზე, შეიტანას თუ არა ნიკოლა სარკოზის განცხადება ევროკავშირის დღის წესრიგში ცვლილებას. ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეს ამბობს, რომ თუ თურქეთი დააკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინა პირობაა, უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ თურქეთია, საფუძვლიანი არგუმენტი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი განცხადება. სარკოზი მისი პრეზიდენტობის პერიოდში გამოირჩეოდა ასეთი განცხადებებით. უბრალოდ, ჩვენ რამდენიმე მომენტი უნდა გვახსოვდეს: პირველი - არსებობს შეთანხმება, სადაც ჩაწერილია, რომ თურქეთი არის ევროპული სახელმწიფო, მეორე - თურქეთი არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მესამე - თურქეთს დაწყებული აქვს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწვრიანების შესახებ და მოლაპარაკებების რამდენიმე თავი დახურულიც არის. თუ თურქეთი დააკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, უარის თქმა იმის გამო, რომ თურქეთია, არ მგონია, რომ საფუძვლიანი იყოს“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

რაც შეეხება ევროკომისარის განცხადებას, რომ თურქეთისთვის ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის, ჩხიკვაძე სვამს საკითხს, რამდენად არის სავიზო რეჟიმი ტერორისტული აქტების განხორციელების თავდაცვის საშუალება. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ თურქეთთან მიმართებაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება და თურქეთის მოქალაქეები შეძლებენ უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებში.

„რამდენად გაზრდის ეს უსაფრთხოების რისკებს? - მაშინ დავაყენოთ ასე საკითხი - რამდენად არის სავიზო რეჟიმი ტერორისტული აქტების განხორციელების თავდაცვის საშუალება. ბევრმა ტერორისტულმა აქტმა აჩვენა, რომ ვიზები არ არის მთავარი. ძალინ ხშირად და მით უმეტეს ბოლო პერიოდში ტერორისტული აქტები განახორციელეს არა გარედან შესულებმა, არამედ იმ ხალხმა, ვინც დაიბადა და გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში.

ვფიქრობ, რომ არ შეიძლება საკითხის ასე დაყენება, რომ უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ტერორისტული აქტების განხორციელებას, რადგან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში მესამე ქვეყნის მოქალაქე როდესაც შედის ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორაზე, მისი შემოწმება ხორციელდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის განცხადებით, როგორც წესი, ტერორისტები ლეგალურად არ მოძრაობენ. ისინი არაკანონიერი გზებით აღწევენ სამიზნე ქვეყანაში და რიგ შემთხვევაში გაყალბებული პასპორტებით. შესაბამისად, ამ მოტივით ვიზის ლიბერალიზაციის შეყოვნება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შესაბამისი კრიტერიუმები არის გასათვალიწინებელი. საქართველო იქნება, თურქეთი თუ სხვა ქვეყანა, მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ეძლევათ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა. თურქეთთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა საჭიროა შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლის შედეგადაც მოხდება რეალურად ინპლემენტაცია, როგორც ეს საქართველოს შემთვევაში მოხდა.

თურქეთთან მიმართებაში არსებობენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები. არიან განსხვავებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც კანდიდატი ქვეყნები დააკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, მიუხედავად სკეპტიციზმისა, საერთო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შანსები იზრდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.