მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ამოიღო, ლარის დიდი სისწრაფით გამყარებას განაგრძობს. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კურსი მინიმუმ 2,0-ის ნიშნულზე ჩამოვა. რა გახდა ბოლო 15 თვეში ეროვნული ვალუტის ჯერ კატასტროფული დაცემის, ხოლო შემდეგ უცაბედი გამყარების მიზეზი?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის შენარჩუნება მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაშია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, სავალუტო ბაზარიც დასტაბილურდება და ინფლაციაც შემცირდება.
„მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, ლარი აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება და ჩვენ ამის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობების ნაწილში“, - აცხადებს ქუმსიშვილი.
მაინც რა ამყარებს ასეთი ტემპით ეროვნულ ვალუტას? ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები თითქმის იგივეა, არც ინვესტიციების და ფულადი გადმორიცხვების თვალშისაცემი ზრდაა. მსოფლიოში დოლარიც დასუსტებაც შეჩერდა, აღარც ნავთობპროდუქტები ძვირდება. გამოდის, რომ ლარის უცაბედი დევალვაციაც და გამყარებაც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციების და სავალუტო მანიპულაციების შედეგია. დაახლოებით ამ აზრს ანვითარებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი აზრით, ქართული ეკონომიკა განადგურების პირასაა და საქართველოში ჩვეულებრივი მეთოდებით არაფრის მიღწევა არ შეიძლება:
„ლარის გამყარება არის სრულიად გაუგებარი მოვლენა, ისევე როგორც არ არსებობდა საფუძველი ლარის კურსის ასეთი სწრაფი დაცემისა. ფულის თვისება ეს არ არის. ასე არ თამაშობს მსოფლიოში ვალუტები. შეერთებული შტატების და ევროპის ვალუტებმა ასე რომ გააკეთოს რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში ვალუტამ განიცადა, ამერიკული და ევროპული ეკონომიკა სრული კრახის წინაშე აღმოჩნდება“, - აღნიშნავს გიორხელიძე.
ბანკების მანიპულირებას სავალუტო კურსთან დაკავშირებით არ გამორიცხავს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. ისეთ მყიფე ბაზარზე როგორიც საქართველოშია, ეს ხშირად ხდება. ვალუტის კურსის დადგენასთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რეგულაციები, რომ მანიპულაციების შესაძლებლობა კომერციულ ბანკებს ნამდვილად გააჩნიათ. ელიავას აზრით, ამის კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს.
„დადასტურებით იმის თქმას, ახდენენ თუ არა კომერციული ბანკები კურსით მანიპულირებას, სჭირდება კონტროლი. თუ რას აკეთებენ კომერციული ბანკები „ბლუმბერგზე“, ამაზე თვალყურის დევნების საშუალება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს“, - ამბობს ელიავა.
იმისთვის, რომ გამოირიცხოს ლარის კურსის სპეკულაციური რყევა, აუცილებელია საქართველოში არსებობდეს სავალუტო პოლიტიკა და კონტროლი. ელიავას მტკიცებით, არ შეიძლება უცხოური კაპიტალი ქვეყანაში კონტროლის გარეშე შემოდიოდეს და ეს გავლენას ახდენდეს სავალუტო კურსზე. ამიტომაც უნდა დაწესდეს სავალუტო კონტროლი.
„მიმაჩნია, რომ საქართველოში კურსის დადგენის მეთოდოლოგია და წესი არის მახინჯი, ის არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებს, ვინაიდან კურსის დადგენისას ტრიალებს ისეთი კაპიტალი, რომელიც ეკონომიკაში არ არის დაბანდებული. სავალუტო ბირჟა არის ყველაზე სწორი და ეკონომიკურად გამართლებული ფორმა ვალუტის კურსის დადგენის. ასეა სხვა ქვეყნებში.
აუცილებლად გასაკეთებელია სავალუტო ბირჟა. ეს ფილოსოფია ძირფესვიანად შესაცვლელია. სანამ ეს არ შეიცვლება, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იქნება მერყევი“, - აცხადებს ელიავა კომერსანტთა საუბრისას.