ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე For.ge-სთან საუბარში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების განახევრება საეჭვო ციფრობრივი მონაცემების გამო მოხდა.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული უფასო მედიკამენტების განახევრების შემდეგ მათ 30-60-ლარიანი წამლების შეძენის საშუალება არ აქვთ, რადგან მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდულია. რატომ მიიღეთ მედიკამენტების განახევრების გადაწყვეტილება?
- 2015 წლის დეკემბერში ფსიქიატრიულ ამბულატორიაში მედიკამენტის ხარჯვამ 28 ათას 930 ლარი შეადგინა, 2016 წლის იანვრის თვეში მედიკამენტის ხარჯვა ამავე დაწესებულებაში 32 ათას 800 ლარამდე ავიდა (ანუ დაახლოებით 4 ათასი ლარით გაიზარდა), თებერვალში შეადგინა 41 ათას 136 ლარი, მარტში კი -42 ათას 183 ლარი, ანუ მედიკამენტების ხარჯვა თვიდან თვემდე მზარდი იყო. ამიტომაც კონკრეტული შეკითხვები გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასები გარკვეულწილად იცვლებოდა, მაგრამ გაურკვეველი იყო ასე მზარდი ფასი, რამაც დეკემბერთან შედარებით თებერვალში 14 ათასი ლარით იმატა. ამ კუთხით ჩვენი ცენტრის შესაბამისმა სტრუქტურამ დოკუმენტაციის გადამოწმება დაიწყო. ზედაპირულმა შემოწმებამ (რომელიც ახლაც მიმდინარეობს) მოგვცა მონაცემები, რომ ზოგჯერ მედიკამენტების დოზების ზრდა არ იყო მოტივირებული სამედიცინო დანიშნულებით, ან ეს არ ფიქსირდებოდა შესაბამის სამედიცინო ჩანაწერებში. ამის გამო მოვიწვიე კრება, შევხვდი ამბულატორიის ექიმებს და ყოველგვარი აპოკალიფსური მუქარის გარეშე ვუთხარი, პირველ ეტაპზე შეგვეზღუდა პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების გაცემა და პერმანენტულად გადაეხედათ პაციენტების დანიშნულებისთვის.
მედიკოსები აცხადებენ, თითქოს მედიკამენტების მეტი დოზის გამოწერის შემთხვევაში, მათ ხელფასების განახევრებით დაემუქრეთ.
- ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია, რადგან თავად ფსიქიატრი ვარ, მაქვს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება და, თუკი ვთვლი, რომ პაციენტის ჯანმრთელობა ჩემს მიერ დანიშნულების შეცვლით დაზარალდება, ვერანაირი ადმინისტრაციული ბრძანება ვერ მაიძულებს, პაციენტს ზიანი მივაყენო. დოზების შემცირების შემდეგ დაახლოებით თვენახევარი გავიდა და არც ერთ პაციენტს არ მოუმართავს ჩვენი დაწესებულებისთვის იმის გამო, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. თუკი ასეთი პრეცედენტი იქნება, ვიზიტი და კონსულტაცია უფასოა და ექიმი გადახედავს თავის დანიშნულებას. ის, რომ თითქოს მედიკამენტების განახევრება იმისთვის დამჭირდა, რომ ამბულატორიული პაციენტების ხარჯზე სტაციონარი დამეტვირთა, ყველა ნორმალური ადამიანის მორალური კრიტერიუმისგან შორსაა.
როგორ შეიძლება, განზრახ დავამძიმო პაციენტის მდგომარეობა? ეს ხომ არაადეკვატური და არარელევანტურია, რადგან ჩემი სტაციონარის ორივე განყოფილება ბოლომდე სავსეა და არ არის ისე, თითქოს სტაციონარი ცარიელი მქონდეს. თუ რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი აზრი გაუჩნდა, ძალიან მრცხვენია ამ კოლეგის მაგივრად. შეგიძლიათ ნახოთ 85-ადგილიანი ჩემი სტაციონარი, სადაც იშვიათია შემთხვევა, როცა ერთი ან ორი ადგილი თავისუფალია.
თქვენი კოლეგების არგუმენტით, თქვენ მერკანტილური ინტერესი გამოძრავებთ, რადგან პაციენტის დღიური დაფინანსება ძალზე ძვირი-65 ლარია. თუკი მედიკამენტების განახევრების შემდეგ პაციენტების მდგომარეობა დამძიმდება, ცხადია, ისინი ათი დღის განმავლობაში მიაკითხავენ სტაციონარს, სადაც დღესდღეობით 30-40 საწოლია და მაშინ სახელმწიფოს გაცილებით მეტი თანხის გაღება მოუწევს.
- ეს აბსოლუტურად არაეთიკურია, რადგან სტაციონარის დატვირთვის პრობლემა ჩვენს ცენტრს არ გააჩნია. ვთქვათ, მე დამიბნელდა გონება, არ მაინტერესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმებს დავავალე, დაუყოვნებლივ შეამცირონ ყველა დოზა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩვენ ვართ პროფესიონალი ექიმები, ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეაში, ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და, თუ რომელიმე ექიმი თვლის, რომ მიცემული დოზა ოპტიმალური არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ის თავად არის პასუხისმგებელი მის ბედზე. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე იმპერატიულად დავავალე დოზების ცვლილება პაციენტების ჯანმრთელობის ხარჯზე.
სხვათა შორის, მედიკოსების ხელფასის კორექტირება იყო პირველი, რაც მე გავაკეთე ამ ცენტრში მისვლისას - მათ ხელფასები გავუზარდეთ.
მაგრამ მედიკოსები ირწმუნებიან, რომ, პირიქით, ხელფასები შეუმცირდათ.
- მობრძანდით ჩვენთან და მოგცემთ მათი ხელფასების სტატისტიკას. ექიმის ხელფასი ამბულატორიაში საშუალოდ 23-24%-ით გავზარდეთ. მეტსაც გეტყვით, შესრულებული სამუშაოსთვის მათ დამატებით ერიცხებათ ბონუსები. ცოტა არაეთიკურია ამაზე საუბარი, მაგრამ ისინი არა მარტო 500 ლარს, არამედ უფრო მეტი ოდენობის ხელფასსაც იღებენ. გარდა ამისა, ჩვენს ცენტრში მოქმედებს შიდა სტანდარტის პრინციპი და ამ პრინციპით ამბულატორიის ექიმები გამომუშავებული თანხის 60%-ს იღებენ, რაც უპრეცედენტოდ მაღალი ციფრია.
ერთ-ერთი პაციენტის თქმით, 60 აბი ბენზაქსოლისა და 60 აბი ოლზაპის ნაცვლად მკურნალმა ექიმმა მხოლოდ 30-30 აბი მისცა და წინა თვის დოზა გაუნახევრა, რის გამოც მას დამატებითი მედიკამენტების შეძენა მოუწევს.
- კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩემთან არის მიმართულების ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, სადაც წერია, რომ გასული წლის განმავლობაში მკურნალმა ექიმმა პაციენტს ერთჯერადად გამოუწერა ორი ტიპის დოზა და ამის შემდეგ მექანიკურად გააგრძელა იმავე დოზის მედიკამენტის გამოწერა.
ანუ ზედმეტი დოზა ამ ადამიანს განკურნების ნაცვლად ავნებდა? ეს შეგნებული შეცდომა იყო, თუ შეუგნებელი?
- დიახ, ავნებდა და ეს ექიმის შეცდომა იყო. ამ შეცდომის და კიდევ სხვა შეცდომების თაობაზე, რომელიც ამ ექიმსა და მის კოლეგებს გააჩნიათ, უახლოეს მომავალში ეთიკური კომისია იმსჯელებს.
თქვენ მიიჩნევთ, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი მედიკამენტების დოზა. ფიქრობთ, რომ ცალკეული ექიმები შეკრულნი არიან ფარმაცევტულ კომპანიებთან და ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ? სხვათა შორის, დავით სერგეენკომაც მედიკოსების დაინტერესება არ გამორიცხა.
- მიზანმიმართულად მედიკამენტების ჭარბად მოხმარების თემას ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ, რადგან მონიტორინგი დღესაც გრძელდება. მესმის, ის მოლოდინი, რომელიც თქვენს წყაროებს აქვთ, თითქოს მათ მიმართ რეპრესიებს დავიწყებ და თემურ ლენგის როლში მოვევლინები, მაგრამ ეს, პირველ რიგში, პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ცენტრის მენეჯმენტის მხრიდან. არავითარი მუქარა ხელფასების განახევრებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუმცა ცენტრის მენეჯმენტი იტოვებს უფლებას, გადაწყვიტოს თანამშრომლის მატერიალური წახალისების ან მინიმალური სასჯელის გამოტანის საკითხი.
რამდენად რეალურია ოპონენტთა მოსაზრება, რომ ფსიქიატრია განსხვავებული სფეროა, სადაც ზედმეტი წამლები კი არა, მედიკამენტები ისედაც არასაკმარისია?
- ამ შემთხვევაში, დანიშნულებას სრულად განსაზღვრავს ექიმი. მსოფლიოში ვერც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის მიწოდებას, აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ვერ უყიდის ბენეფიციარს. ჩვენ გვაქვს გარკვეული მედიკამენტების ჩამონათვალი, რასაც გადავხედავთ ხოლმე არა შემცირების, არამედ ზრდის კუთხით. ექიმის მიერ მედიკამენტის გამოწერაში არავინ ერევა, მათ შორის, არც - ადმინისტრაცია. თუ რომელიმე ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ მე ჩამოვედი ქუთაისიდან, სადაც პაციენტები თურმე მედიკამენტების გარეშე არიან, ეს მწარე ღიმილის მომგვრელია, რადგან ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სადაც აქ მოსვლამდე ვმუშაობდი, მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და არც ბენეფიციარები არიან უწამლოდ დარჩენილნი.
შიდა ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ მოწოდებული კონკრეტული ფაქტებით ირკვევა, რომ მედიკამენტების დოზების ცვლილება ხშირად შესაბამისი სამედიცინო და დოკუმენტურად დადასტურებული საჭიროების გარეშე ხდებოდა. ამიტომ, თუკი კითხვები მიჩნდება ჩემს თანამშრომელთან, არგუმენტების შესახებ მან პირადად უნდა მითხრას.
თქვენი კოლეგები სამსახურიდან დათხოვნის შიშით ამას ვერ გეუბნებიან.
- ორ წელზე მეტია, ამ ცენტრის ხელმძღვანელი ვარ და არც ერთი კოლეგა, რომელიც თავის პოზიციას სამედიცინო კუთხით იცავდა, არ დამითხოვია სამსახურიდან. ეს არ არის ჩემთვის პირველი კლინიკა. მეოთხე კლინიკაა, რომლის გენერალური დირექტორიც გახლავართ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი კონკრეტული პოლიტიკური ინსინუაციების ნაწილია. ვწუხვარ, როცა ზოგიერთი ჩემი კოლეგა ამას ახორციელებს ბენეფიციართა ზურგს უკან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამედიცინო მუშაკისთვის ეს უღირსი საქციელია.
მესმის, რომ მედიკამენტების დოზა ინდივიდუალურია, მაგრამ ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტებს ამიერიდან თვეში წამლები დაახლოებით რა დოზით უნდა გამოუწერონ?
- როცა ექიმი წერს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, კარგად სძინავს, გონება-განწყობა კარგი აქვს, რატომ უზრდის მას ამ დანიშნულებას? თუკი ამის მერე ექიმი გადახედავს დანიშნულებას და იტყვის, მექანიკური შეცდომა დავუშვი, შემეშალა, ან ჩანაწერი იყო არასრულყოფილიო, ამით პაციენტის ინტერესები შეილახება?
ანუ მედიკამენტების შემცირების გამო სტაციონარში პაციენტების რაოდენობა არ მოიმატებს?
- გამორიცხულია. თუ რომელიმე პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმდება, ნებისმიერ დროს თავის მკურნალ ექიმთან განმეორებითი უფასო კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა ექნება და ექიმი თავიდან გადახედავს თავის უფლებამოსილებას.
საქართველოსგან განსხვავებით, ამ თაობის ანტიდეპრესანტები აღარ გამოიყენება დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოში?
- ტყუილია, თითქოს დღეს მსოფლიოში გამოიყენებენ ბევრად უკეთეს წამლებს, ვიდრე საქართველოს ფსიქიატრიულ სისტემაშია. ჩვენი ცენტრის აფთიაქში ინახება თითქმის ყველა მედიკამენტი, რომლის ანალოგითაც მიმდინარეობს მკურნალობა ბევრ სისტემაში. სხვა საკითხია, რომ ხშირად მედიკამენტების ხარისხი არ შეესაბამება დასავლურ სისტემებში არსებულ მედიკამენტებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფარმაცევტულ და ფარმაკოლოგიურ სფეროში დღესაც სრულყოფილი რეგულაციები არ არის. მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა, დღეს პირველი ნაბიჯები ამ კუთხით გადადგმულია. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მედიკამენტების ხარისხი ადეკვატური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, პრობლემებს ქმნის საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, კანონის მიხედვით, მედიკამენტების ფასია.
ჩვენ 100%-ით სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი შპს ვართ, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო შესყიდვების კანონით და, როგორც კანონმორჩილი ორგანიზაცია, კანონს ვერ დავარღვევთ. ამიტომ რაც უფრო დაბალია მედიკამენტის ფასი, მით უფრო მეტი შანსი აქვს კონტრაქტორს, გააფორმოს ხელშეკრულება. დღესდღეობით სახელმწიფო ფსიქიატრიული დახმარების პროგრამა 15 მილიონ ლარს შეადგენს და არავთარ 10 და 15 ათასზე საუბარი არ არის, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. 15 მილიონი ლარიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე გათვლილია ამბულატორიული დახმარებისთვის. პირველადი ფსიქიატრიული ჯანდაცვის სრულყოფილი მუშაობისთვის დაფინანსების გაზრდა და ბევრი ახალი სერვისის ამოქმედებაა საჭირო. ეს გეგმა დამტკიცებულია მთავრობის მიერ და ამ გეგმის თანახმად, ასევე, მნიშვნელოვანია ჰოსპიტლამდე სერვისების გააქტიურება.