„შოთაძემ იცოდა, რომ მის საბრალდებო დასკვანას გაიმეორებდა მოსამართლე“

„შოთაძემ იცოდა, რომ მის საბრალდებო დასკვანას გაიმეორებდა მოსამართლე“

შალვა შავგულიძის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურდებდა, რომ სხვა შემოთავაზებთან შედარებით, ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო იყო კომპანია „სილქნეტის“ შემოთავაზება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ანუ გაფლანგვას, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ უსამართლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

for.ge შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

.. კაბელების საქმეზე 18 თვის განმავლობაში, დაახლოებით 50-მდე სასამართლო პროცესი გაიმართა, მაგრამ ორი დღე დასჭირდა მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად. ეს ვადა საკმარისი იყო, რომ მოსამართლეს ემსჯელა და გამოეტანა განაჩენი?

შალვა შავგულიძე: ამ განაჩენს არაფერი აქვს საერთო სამართალწამოებასთან. აბსოლუტურად უსაფუძვლო განაჩენია, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ საქმეზე ჩატარებულია ორი კვალიფიციური ექსპერტიზა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ დანაშაულის ფაქტი არ არსებობდა. ასევე, დაკითხულია თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონტრაქტის გაფორმების საკითხში.

ამ ექსპერტიზის დასკვნებით, ისევე როგორც ამ მოწმეთა ჩვენებებით, დასტურდება, რომ სწორედ კომპანია „სილქნეტის“ მიერ იყო შემოთავაზებული ეკონომიკურად ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ასევე, ხარისხობრივად უნაკლო მომსახურება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის გაყვანაზე. ყველაზე ოპტიმალური და მომგებიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს მიერ ისე, რომ თავისთავად სახელმწიფო ქონების ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, ან გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიება მათ ედავება გაფლანგვას, ამ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტი შეიძლება ეს ადამიანიები ყოფილიყვნენ?

- არა, რა თქმა უნდა. ვინაიდან, 182-ე მუხლი რითიც ისინი არიან მსჯავრდებულნი, მის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ პირს, რომლის მართლზომიერ განკარგვაში იმყოფებოდა თანხები, რომლის გაფლანგვაც მათ ედებათ ბრალად. თავისი თანამდებობრივი კომპეტენციიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს არანაირი კონტაქტი თანხებთან არ ჰქონიათ.

თანხების განკარგვა მოხდა შემდეგნაირად: თავდაცვის სამინისტრომ სარეკომენდაციო წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა მთავრობას, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყოს კონკრეტული თანხა. ამაზე იმსჯელა მთავრობამ და მიიღო კოლეგიური გადაწყვეტილება და საბოლოოდ, თანხის გამოყოფას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაგრამ ბრალდების მხარეს კითხვები არ დაუსვამს ირაკლი ღარიბაშვილთან და ნოდარ ხადურთან, რომლის განკარგვაშიც იყო ეს თანხები.

დანაშაულის მოტივი არ არსებობს, სუბიექტებს შეხება არ ჰქონდათ თანხებთან, მაშინ რას ეყრდნობა სახელმწიფო ბრალდება და მოსამართლე, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა?

- ერთადერთი მოტივი არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და „ქართული ოცნება“ ვეღარ მალავს თავის სახეს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა აშკარად ჩამოყალიბდა დიქტატორულ ძალად. მისი კლასიკური გაგებით ეს არის ერთპარტიული დიქტატურა არაფორმალური მმართველის, რომელმაც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან საჭიროებენ დამოუკიდებლობას.

პოლიტიკურად მოტივირებული იყო მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება?

- რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება. „ქართულმა ოცნებამ“ დაიქვემდებარა როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო და აშკარად გამოჩნდა რისთვის სჭირდებოდა მმართვადი პროკურატურა და სასამართლო. დიახ, სჭირდებოდა იმისათვის, რომ საკუთარი პარტიული და პირადი მერკანტილური მიზნების სამსახურში ჩაეყენებინა. ეს პოლიტიკური ძალა უკვე იმაზე წავიდა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა აიძულა სასამართლოს, მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის.

თქვენი განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, რა უდევს საფუძვლად ამ 5 ადამაინის დაკავებას და შემდეგ მათ 7 წლიან პატიმრობას. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ის არ ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ყოველივეს წინ უძღოდა ირაკლი შოთაძის განცხადება, რომ ყველას წინააღმდეგ გამოვიდოდა გამამტყუნებელი განაჩენი...

- არა მარტო შოთაძემ დააანონსა ეს განაჩენი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ადამიანები დააპატიმრეს და „საიდუმლო“ გრიფი დაედო საქმეს და ამ მოტივით ადვოკატებს საქმის გაცნობის საშუალება არ ეძლეოდათ, ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში დეტალურად განიხილა ამ საქმის გარემოებები და შეფასებაც მისცა, რომ დანაშაული ჩადენილია და გაფლანგულია სახელმწიფო ფინანსები. რატომ უნდა სცოდნოდა გასაიდუმლოებული საქმის მასალები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს? დიახ, შოთაძემ იცოდა, რომ მის საბრალდებო დასკვნას გაიმეორებდა მოსამართლე და ეს დღესაც აშკარად ჩანს.

ანუ, პროკურატურის განცხადებას, რომელსაც თან ერთვის ვიდეო-რგოლი, ადასტურებს, რომ პროკურატურამ წინასწარ იცოდა რა განაჩენს გამოიტანდა მოსამართლე?

- რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დაიწერა პროკურატურაში, მაგრამ მანამდე ეს განაჩენი დაიწერა ბიძინა ივანიშვილის გონებაში და მან გადაწყვიტა, რომ უდანაშაულო ადამიანები ჩამჯდარიყვნენ ციხეში, რომ იქნებ, პატიმრობის შიშით დანაშაული დაებრალებინათ ირაკლი ალასანიასთვის და მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომლის ლიდერიც არის, ზიანი მიეყენებინათ.

განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე, მაგრამ თუკი საქმე პოლიტიზირებულია, იმედი გაქვთ რომ მეორე ინსტანციის განაჩენში ცვლილება შევა?

- რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ და ამასთან ერთად ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ როგორ დიქტატურას ამყარებს ქვეყანაში „ქართული ოცნება“. ყველანაირ კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ ტყვეობაში. სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და ეს ადამაინები განთავისუფლდენიან პატიმრობიდან. უკანონობის ჩამდენები, ისევე როგორც ამ შეკვეთის მიმცემები და მისი აღმასრულებლები პასუხს აგებენ ამ დანაშაულისთვის.

რამდენმეჯერმე ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი და გია ვოლსკი ამბობს, რომ არასწორია ამ საქმის ივანიშვილთან დაკავშირება და გამორიცხავს ივანიშვილის კავშირს ამ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმესთან...

- გია ვოლსკი სხვას ვერაფერს ვერ იტყვის. ამ პოლიტიკური გუნდის ფრაქციის ხელმძღვანელობა აბარია და მისი ბედი მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის განწყობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალაში ერთი ადამიანის სურვილისა და მოსაზრებების მიხედვით არის გადაწყვეტილებები მიღებული. ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ პრემიერ-მინისტრს 13 წუთში დაეწერა განცხადება და დაეტოვებინა თანამდებობა მაშინ, როდესაც 2 დღით ადრე წარადგინა ანგარიში, თუ როგორი წარმატებული პრემიერი იყო თავის კაბინეტთან ერთად.

სამწუხაროდ, გია ვოლსკის სხვა არჩევანი არა აქვს. ასე თუ არ მოიქცევა, დარჩება ამ პოლიტიკური გინდის მიღმა, რაც მას ძალიან არ უნდა. საზოგადოება ყველაფერს მისცემს თავის შეფასებას და ამ შეფასებას ჩვენ ვნახავთ ოქტომბრის არჩევნებზე. როგორც წესი, უსამართლობის ჩამდენს და მოძალადეს, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი და უსამართლობა დაჩაგრული ყოველთვის რეაბილიტირებული ხდება. ეს საქმე აუცილებლად ამ ადამაინების გამართლებით და იმ ადამიანების დასჯით დასრულდება, ვინც ეს უზნეო საქმე ჩაიდინა და უდანაშაულო ადამინები ციხეში ჩაამწყვდია.