„იარაღის შესყიდვა ხდებოდა არა ფასის, არამედ კორუფციული და კრიმინალური გარიგებების საფუძველზე“

„იარაღის შესყიდვა ხდებოდა არა ფასის, არამედ კორუფციული და კრიმინალური გარიგებების საფუძველზე“

„2008 წელს ნამდვილად დაიძაბა ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, იმიტომ, რომ თანხების გადახდაზე იყო პრობლემა. ჩემი ინფორმაციით ისრაელის მხარემ 2008 წლის ომის დროს, ან შეიძლება მანამდეც, რუსეთთან გარკვეული გარიგება დადო“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი, რომლის განცხადებით, ასეთი საქმეების გამოძიება ექვემდებარება პოლიტიკურ კლიმატს. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

2008 წლიდან დავით კეზერაშვილის სახელი ჩნდება იარაღის უკანონო ბიზნესში და სწორედ, კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების საქმეზე, ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი დაკითხეს, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციასა და ფულის გათეთრებაში. როგორც წესი ამ ბიზნესში ყველა მსურველი ვერ ჩაერთვება, სახელმწიფოს და სპეცსამსახურების როლი როგორია ამ ბიზნესში?

ბესიკ ალადაშვილი: იარაღის ბიზნესი მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე კრიმინალური ბიზნესია. აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი იმიტომ, რომ თვითონ იარაღი არ არის ჩვეულებრივი საქონელი და როგორც წესი, იარაღის ბიზნესი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. ჩვეულებრივ იარაღის მწარმოებელი ფირმები, რომლებიც შეიძლება კერძო სუბიექტები იყვნენ, მაგრამ მათი საგარეო ორიენტირები, თუნდაც ექსპორტი, ან იმპორტი სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. მაგრამ აქ ძალზედ ხშირია კორუფციული გარიგეგბები, რომელშიც ჩართულია ხელისუფლება. კერძოდ კი, რამდენიმე მწარმოებელი ცდილობს შევიდეს მომგებიან ბაზარზე. ძირითადად ეს არის არაბული ქვეყნები, ან განვითარებადი ქვეყნები როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ შევარდნაძის დროს და მერეც, იარაღის შესყიდვა, უკანონო გარიგებები და იარაღის მიმწოდებლის შერჩევა ხდებოდა არა ფასის, არამედ კორუფციული და კრიმინალური გარიგებების საფუძველზე.

საქართველოს შემთხვევაში როგორი იყო კორუფციული გარიგების სქემა?

– ამ საკითხზე დეტალურად, რომ ვიმსჯელოთ, უნდა გვქონდეს გამოძიების მასალები, მაგრამ ვიმსჯელოთ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არსებობდა. იარაღის უკანონო ბიზნესში დავით კეზერაშვილის მონაწილეობაზე ინფორმაცია ცნობილი იყო 2011 წელს, ანუ, მას შემდეგ რაც კეზერაშვილი უკვე არ იყო თავდაცვის მინისტრი. არ ვიცი, როდესაც კეზერაშვილი დაკავებული იყო საფრანგეთში, წარუდგინა თუ არა ფრანგულ მხარეს ჩვენმა პროკურატურამ ეს ინფორმაცია. წესით საფრანგეთის სასამართლოს ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. კეზერაშვილზე ინტერპოლით იყო ძებნა გამოცხადებული, მაგრამ სულ ახალხანს ძებნა შეწყდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა, ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰქონდა თუ არა ინტერპოლს და საფრანგეთის სასამართლოს?

დავით კეზერაშვილის ადვოკატი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ იარაღით ვაჭრობის საქმეზე კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. შესაბამისად, საფრანგეთის სასამართლოს ვერ ექნებოდა ეს ინფორმაცია...

– გასაგებია. მაშინ რას ვერჩით ინტერპოლს, რომელმაც საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა და საფრანგეთის სასამართლოს, რომელმაც გაანთავისუფლა კეზერაშვილი, თუკი ჩვენმა პროკურატურამ სწორად არ მოხდინა საქმის ფორმულირება? ძირითადი ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე იყო აგებული და არა იარაღის უკანონო ბიზნესზე. სამწუხაროდ, უფრო სერიოზულად არის საქმე. ვხედავთ გარკვეულ შეცდომას, ან გარიგებას, რაც ორივე დანაშაულია.

ეს კრიმინალური ბიზნესი სახელმწიფოს დონეზე იყო აყვანილი. ის, რომ ეს საქმე არ მოხვდა კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეში, განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო იყო ამ ბიზნესში ჩართული?

– როცა ვამბობ სახელმწიფოს, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს. სხვათა შორის კეზერაშვილამდე ერთ–ერთი ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა იყო უკარაინა. სამწუხაროდ, უახარისხო ტექნიკის შემოტანის ბრალდებით დააკავეს ქართველი ოფიცრები, თუმცა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო და გაანთავისუფლა. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდს აღემატებოდა, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ სახელმწიფოს კონტროლის გარეშე ხდებოდა იარაღის შეძენა.

ხელისუფლების უმაღლესი პირები არ იყვნენ საქმის კურსში?

– კი, რა თქმა უნდა. სახელმწიფოს უმაღლესი პირები – პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და შემდეგ ის, ვინც ნაციონალების დროს წარმართავდა ასეთ საქმეებს, მათ გარეშე ასეთი ბიზნესის წარმოება შეუძლებელია და ბუნებრივია, რომ ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემენ. ვფიქრობ, რომ პროკურატურის მიერ თავიდან არის ამ საქმის გამოძიება დასაწყები და მოწმეები დასაკითხი.

თუმცა, საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან უკვე დიდი დროა გასული და როგორც ჩანს, არც საერთაშორისო დონეზეა ეს საქმე აყვანილი. ვერ ვხედავ ჩვენი პარტნიორების დაინტერესებას, განსაკუთრებით კი ამერიკელების. გვახსოვს იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე, ცნობილი ვიქტორ ბუკი მალაიზიაში დააკავეს და ამერიკის სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა. ასე რომ, ჩვენს პარტნიორებსაც არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს.

თუმცა, ფაქტია, რომ 2009 წელს საქართველოში გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩამოსული იყვნენ ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები. მათ ხელისუფლებას მოსთხოვეს ამ საქმის გამოძიება, რადგან უკვე ჰქონდათ ინფორმაცია კეზერაშვილის შესახებ. იარაღი, რომელსაც საქართველო აშშდან იღებდა, საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში ხვდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც თეთრმა სახლმა უარი თქვანაციონალური მოძრაობისმხარდაჭერაზე...

– გასაგებია, მაგრამ განაწყენებამ გადაუარათ, რადგან ამერკის მხარდაჭერა 2012 წლის ბოლომდე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამერიკელი კონგრესმენები დღესაც გადაფარებული არიან ნაციონალებს. მათ შეეძლოთ, რომ უფრო მკაცრი და სამართლიანი ყოფილიყო მათი რეაგირება, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ განხორციელდა.

ამ ბიზნესში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებდა თემურ ალასანია და მისი შვილი, ნიკა ალასანია. მაგრამ რამდენად დიდი იყო სააკაშვილის როლი?

– იცით, რომ ირაკლი კაკაბაძე ღიად ადებდა ამ ოთხეულს ხელს. უნდა ითქვას, რომ იარაღის ვაჭრობის სქემამ საქართველოში ფეხი 2005 წელს მოიკიდა და ეს სქემა გაუმჭვირვალე იყო. პირადად მე 2004–2005 წლებში გარკვეული წვდომა მქონდა ამ ინფორმაციასთან, რასაც მაშინ „ქართული არმიის“ განვითარების ფონდი აფინანსებდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო დაარსებული. „ქართული არმიის“ განვითარების საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვნის.

მაგრამ 2005 წლის ბოლოს ეს ფონდი გააუქმეს და მთლიად თავდაცვის სამინისტრო და მაშინდელი ხელმძღვანელობა 2005 წლიდან ერთპიროვნულად ატარებდა შესყიდვის ოპერაციებს. ვერ გეტყვით რამდენად იყვნენ სააკაშვილი ან ხელისუფლების სხვა პირველი პირები საქმის კურსში, მაგრამ თავდაცვის მინისტრის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

2008 წელს რუსეთს საშუალება მიეცა ხელში ჩაეგდო ის სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც ებრაელებმა გადასცეს საქართველოს და ებრაული მხარე კეზერაშვილს ადანაშაულებდა, რასაც მოჰყვა კიდევაც ებრაული მხარის დემარში. არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქრთამს აძლევდა კეზერაშვილს, შესაძლებელია, რომ ებრაულმა მხარემ კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მით უმეტეს, რომ ის ისრაელის მოქალაქეა?

– რაც შეეხება ისრაელის შეიარაღებას, საუბარია უპილოტო თვითმფრინავებზე. 2008 წელს ნამდვილად დაიძაბა ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იმიტომ, რომ თანხების გადახდაზე იყო პრობლემა. ჩემი ინფორმაციით ისრაელის მხარემ 2008 წლის ომის დროს, ან შეიძლება მანამდეც, რუსეთთან გარკვეული გარიგება დადო.

რას ეხებოდა გარიგება?

– გარკვეული საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ჩვენს შესახებ რუსეთს. იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ისრაელის ხელისუფლებას მანამდეც ჰქონდა. პოლიტიკური კლიმატი სწრაფად იცვლება და სამწუხაროდ, ხშირად ასეთი საქმეები ექვემდებარება პოლიტიკურ კლიმატს და ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. დაველოდოთ გამოძიებას.