ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ველზე არსებული ვითარება მრავალპარტიულობის ფარგლებს სცდება და კომიკურ სახეს იღებს, რადგან ორი პარტიის („ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“) გარდა შანსის მქონე პარტიებს მოსდევს უიმედო პარტიათა მთელი კასტა. რატომ ხდება, რომ საქართველოში არჩევნების წინა პერიოდი ყოველთვის კომიკურ სახეს იღებს? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
არჩილ გამზარდია: შესაძლოა, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, გარკვეულწილად, კომიკურიც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კომიკური სწორედ ის არის, როცა არსებითი სიახლეები პოლიტიკურ ბაზარზე არ გვაქვს და აქამდე არც გვქონია. კომიკურია ის, რომ ისევ ძველ პოლიტიკურ პროდუქტებს უპყრიათ დღეს პოლიტიკური ტრიბუნა და მსჯელობენ პოლიტიკური პარტიის სტატუსით. არადა, ამ ადამიანების ეფექტი, მათ მიმართ ნდობის ფაქტორი ან მათი საჭიროება პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში სრულიად ნომინალური და ნულოვანიცაა. ამის მიუხედავად, ჩვენ ისინი წლების განმავლობაში ცნობად სახეებად მიგვაჩნდა. დღეს პოლიტიკური ველი სწორედაც ითხოვს ახალ სახეებს. კომიკურობას იწვევს არა ის, რომ სიახლეები, ან ფსევდოსიახლეები შემოდის ბაზარზე, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ძალიან ყალბად და დაბალი ხარისხით. თორემ, თავისთავად, როცა ქვეყანა თავისუფლებას სწავლობს და ცდილობს, შედგეს და განვითარდეს, იგი პოლიტიკური ლიდერების ძიების პროცესშია.
ამომრჩეველს, რომელიც პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, ახალი პროდუქტი სჭირდება. წარმოიდგინეთ ბაზარი, უამრავი დახლი, სადაც დევს რაღაც პროდუქტი, მაგრამ არავინ ეკარება. იმ დახლზე უნდა გამოჩნდეს ადამიანებისთვის სასურველი პროდუქტი, მაგრამ ეს უნდა იყოს არა ისეთი, როგორც აქამდე იყო, როცა ერთსა და იმავე სივრცეში ტრიალებდნენ. იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი კომიკური არ იყოს, ახალმა სახეებმა ყალბად, არაეფექტურად და ძველთან მსგავსი კომუნიკაციით არ უნდა გამოხატონ სათქმელი.
უფრო კონკრეტულად, ქართულ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე თავისი არასაოპერო პარტიით შემოვიდა. ამბობენ, რომ მას კარგი სასტარტო პირობები აქვს, იგი 25-წლიან ეპოქას ეხება და თვლის, რომ ერთი ეპოქა დასრულდა და ახლის დროა. თითქოს ეს წააგავს პოპულარულ მესიჯს - „ჩეინჯ“ -ცვლილებები, მაგრამ ვინ არის პაატა ბურჭულაძე ჩვენი პოლიტიკისთვის?
- ახალი სახე, თუკი ეს სახე არ არის მტრული ქვეყნის სახე და არ არის რომელიღაც არსებული სახის პროტოტიპი, ჩემთვის საინტერესო და დაკვირვებადია. ამ მხრივ ძირითადად სამ პოლიტიკურ სუბიექტს გამოვარჩევ, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩემთვის სიახლესა და მოლოდინთან ასოცირდება. ეს არის კვლავ პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც აქამდე არსებული სახით, მით უმეტეს, მისი საპარალამენტო საქმიანობით ჩემთვის ეფექტურობით არ გამოიხატა, ამიტომაც მოლოდინი მაქვს, რომ ის განვითარებადი, რესურსების მქონე პარტიაა. მეორეა „გირჩი“, რომელიც ნაწილობრივ, ძველ რესურზეა შექმნილი, ვგულისხმობ შედარებით რბილ ნაციონალებს, მაგრამ ესეც განვითარებადი პარტიაა და მესამე, ჩემთვის მოლოდინს აღძრავს პაატა ბურჭულაძე, რომელიც სიახლეებით შემოდის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ბაზარზე. ამიტომ მის მიმართ არ მაქვს თავდასხმითი დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აღმოაჩდა.
თუმცა, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ბურჭულაძეს კარგი სასტარტო პირობები აქვს. ბურჭულაძის ერთადერთი დადებითი სასტარტო ნიშა ეს არის მისი პიროვნული პატივისცემის დონე საზოგადოებაში, მაგრამ ეს არის მისი ერთი როლიდან - მისი საქველმოქმედო თუ საქმიანობრივი წარსულიდან. პოლიტიკურ სივრცეში კი მისი როლი სრულიად სხვა არის, სასტარტო პირობებისთვის მისი წარსული საკმარისი არ არის.
მართალია, აქ განსხვავებული მასშტაბებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის მისი წარსული და ქველმოქმედება კარგი სასტარტო პირობა აღმოჩნდა.
- ბიძინა ივანიშვილისთვის მისი წარსული კარგი სასტარტო პირობა იყო, ამ მხრივ ბურჭულაძეს შესაძლებლობები და ამაგი ასეთ დონის არ არის. მეორე მხრივ, დღეს ისედაც დაქსასულია პოლიტიკური სპექტრი და ახალი კონკურენტის მიმართ დადებით განწყობა არ იქმნება. თუნდაც იმავე ივანიშვილს ჰქონდა შემკრებლური ფუნქცია, მან კონკურენტები თავის გარშემო გააერთიანა, ხოლო ბურჭულაძე შემკრებლური არ არის, ის ბლოკს ან ალიანსს კი არ ქმნის, არამედ თვითონ შედის კონკურენტულ სივრცეში. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბურჭულაძეს კარგი სასტარტო პირობა აქვს. მით უმეტეს, მიმაჩნია, რომ ბურჭულაძე ბევრ შეცდომას უშვებს პოზიციონერობის კუთხით. პირველ რიგში, ეს არის მისი განცხადებები, რომელიც ახლოს მდგომია ყოფილ მმართველ ძალასთან.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ სახეზე, ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის შეფასებებიც. თუკი ახალი სახე გაიმეორებს „ნაცმოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ ან ნებისმიერი სხვის პოზიციებს და შეფასებებს, ის ახალი სახე ვერ იქნება და მათი ორეული გამოვა.
ნაციონალებთან ასოციაცია იმანაც ხომ არ გაჩინა, რომ თავის დროზე პაატა ბურჭულაძის გვერდით იდგა ვანო მაჭავარიანი, რომელიც მაინც ნაციონალის ძმაა.
- ზოგიერთ შემთხვევში, ასეთი პერსონალიების არსებობა დადებითის ან უარყოფითის მომტანი არ არის. საერთო ჯამში, აქტიური ადამიანები ტრიალებენ პოლიტიკურ სივრცეში და შესაძლოა, მათ სადღაც უტრიალიათ. ის, რომ მის გვერდით ვანო მაჭავარანი ჩანდა, შესაძლოა, არ იყოს მთლად დადებითი ტონი, მაგრამ არაფერს ამბობს ეს ფაქტი, არც ცუდს, არც კარგს.
გირგვლიანის მამის გვერდში ამოყენება ჩამოაცილებს პაატა ბურჭულაძეს იმ იარლიყს, რაც ზოგიერთებმა მას მიაწებეს-ნაციონალებთან დაკავშირების კუთხით?
- აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ იმაზე, ვინ ვის გვერდით დგას. აქ საუბარია იმაზე, მისგნ რა სახის შეფასებები ისმის. შეფასება წინ უძღვის ხოლმე მოქმედებას და სტრატეგიას. ამიტომ ჯერჯერობით მან ვერ შექმნა შეფასებათა ახალი სისტემა.
იქნებ, ჩვენს პოლიტიკურ ველში პოზიციონირებისთვის საიმისო რესურსი არც დარჩა, რომ ახალმა ძალამ განსხვავებული რამ შესთავაზოს ამომრჩეველს? იქნებ, ყველაფერი უკვე ითქვა და ახალი ძნელი მოსაფიქრებელია?
- მაინც ვიტყვი, რომ პაატა ბურჭულაძეს რესურსი აქვს. მის ცალკეულ მესიჯებს ვერ გამოვეკიდები, მაგრამ მთლიანი პათოსი, რადიკალური შეფასებები, რომ დღეს არაფერი აღარ კეთდება, ეს შეფასებები უკვე გამეორებულია. ის არ სთავაზობს ახალ შეფასებას, იმავეს ამბობს, რასაც ალასანია ან კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობდნენ, მაგრამ მას სივრცე აქვს. წესით, ასეთ აქტიურ ადამიანებს, მეტ-ნაკლებად, ხელიც კი უნდა შევუწყოთ განვითარებაში.
თუკი ქველმოქმედის რანგში განვიხილავთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენას, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ხომ არ იქნება მისთვის ხელის შემშლელი, რადგან მაინცდამაინც არც ივანიშვილის მოსვლის შემდეგ გამართდა მოლოდინი?
- ზოგადად, ის მიდგომა, რომ ფონდებიდან პარტიები შეიქმნას, ახალი გუნდისთვის შესაფერისი არ არის. ასეთივეა ჩერნოვეცკის ფონდი, ბურჭულაძის ფონდიც მერე გახდა პარტია. ამ გზამაც თავისი არსებობა მოჭამა, ამომრჩეველს სხვა რაღაც სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების ძირითად ნაწილს უკვე არ ესმის ის პულსი, რაც საზოგადოებას ესაჭიროება. ამიტომაც ვხედავთ ხელოვნურ ქმედებებსა და განცხადებებს, რის გამოც ისინი ნდობას ვერ იმსახურებენ. თუმცა ის ფაქტი, რომ მედიისა და საზოგადოების სწორება ხდება ახალ სახეებზე, მათ შორის, ბურჭულაძე იქნება თუ სხვა, უფრო დადებითად მიმაჩნია, ვიდრე ისევ იმ სახეების ყურება, ვისაც წლების განმავლობაში ვხედავდით.
ძველ სახეებთან დაკავშირებით ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია „ქართული ოცნების“ რებრენდინგი. დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ არ იქნება სწორი, „ოცნებამ“ ძველი გვარდიელები სახლში გაუშვას, რადგან ნაციონალების პრინციპი ასეთი არ ყოფილა. არადა, გამართლებულია ძველი გვარდიელების შენარჩუნების პრინციპი მაშინ, თუკი მათ ამოწურეს თავიანთი ისედაც არარსებული შესაძლებლობები?
- რაც შეეხება რებრენდინგს, სამწუხაროდ, ჩვენს ზოგიერთ პარლამენტარს აქვს განცდა, რომ მათი სახელი მაინცდამაინც საპარლამენტო სიას უნდა უკავშირდებოდეს. „ქართულ ოცნებას“ აქვს პარტია, შეიძლება მათ შექმნან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლოიალურად იქნებიან ხელისუფლების მიმართ განწყობილნი. სხვადასხვა ტიპის აქტიურობა შეიძლება, რომლითაც ისევ ითანამშრომელობენ „ქართულ ოცნებასთან“. არ არის მაინცდამაინც აუცილებელი, საპარლამენტო სიაში იყვნენ წარმოდგენილნი. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლების სრული 90% უკვე შესაცვლელია. ზოგჯერ იცვლებიან ადამიანები არა მხოლოდ უარყოფითი შედეგების გამო, არამედ დროის მოთხოვნის გამოც, რაც სიახლეს ითხოვს. ამიტომ გასაგებია ძველი გვარდიელების დამსახურება ნაცმოძრაობასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არსად არსებობს, რომ მეომარი მართავდეს ქვეყანას.
ჩვენ შეგვილია ვთქვათ, რომ 2012 წლის არჩევნები მართლაც რევოლუციური ტიპის არჩევნები იყო, ახლა კი უკვე საჭიროა ეს ყველაფერი გადავიდეს მშვიდი მართვის პროცესში და არა რევოლუციური ცვლილებების პროცესში. ამიტომ ამ ხალხის ადგილს „ქართულ ოცნებაში“ ვერ ვხედავ. რაც შეეხება მათ დამსახურებას, ამის ბევრი ფორმა არსებობს, რაც შეიძლება მათ შიგნით განიხილებოდეს.
თუმცა ვის მიერ უნდა განიხილებოდეს ძველი გვარდიელების „დასაქმების“ საკითხი, როცა არმაზ ახვლედიანის თქმით, პარტიის ლიდერი არც ივანიშვილია, არც კვირიკაშვილი და პარტიას სხვა ლიდერები ჰყავს? ამასთან, კვირიკაშვილიც ადასტურებს, რომ ივანიშვილი ჯერ არ მონაწილეობს ახალი გუნდის დაკომპლექტების პროცესში. დავიჯეროთ, თვითდინებაზე მიუშვა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ ჩამოყალიბებული პარტია?
- არმაზ ახვლედიანის განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თუ ამბობს, სჯობს, თავიდან ბოლომდე თქვას სათქმელი და დაასახელოს სახელები და გვარები. ის, რომ ივანიშვილი ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ჯერ არ მონაწილეობს, შეიძლება, სარწმუნო იყოს, ვინაიდან შესაძლოა, ორგანიზაცია შევქმნა, ვმართო, დირექტორიც ვიყო, მაგრამ მასში ცენტრალიზებული მართვა დავამკვიდრო. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პირველი პირის ჩართულობას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი მაინც არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა, მისი პერსონიდან გამომდინარე, ცოტა საეჭვოა, იგი არ ერეოდეს გუნდის დაკომპლექტების პროცესში.
- ბიძინა ივანიშვილთან პირადი ურთერთობა მქონდა და არ ვიზიარებ მიდგომას, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია. უბრალოდ, ივანიშვილი ერევა პროცესებში სრული ლეგალური გზებით. ეს არის მისი უფლებამოსილება პარტიასთან მიმართებით, რომელიც მის მიერ შექმნილია. გადაწყვეტილებებში ის ვერ ჩაერევა, რადგან გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი ივანიშვილს არ გააჩნია, ის არ არის პრემიერი, არ არის მინისტრი. რაც შეეხება გავლენას, გავლენა სხვა შეფასებაა. გავლენა შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრ ადამიანს. საქართველოში ასეთი გავლენა სხვადასხვა დოზით სხვადასხვა პიროვნებას გააჩნია. რა დოზითაც ის ერთვება პროცესში, ეს არის მისი სრული ფორმალური უფლებამოსილება პარტიის კუთხით. ის არის სამოქალაქო პირი, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი, შესაბამისად, გარკვეული ზეგავლენა მასაც გააჩნია, როგორც ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში. თუკი მას უფრო მეტი ზეგავლენა აქვს, ეს არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას.
რეტროგრადები აფერხებენ პარტიის განვითარებას,- ამ ყოვლისმომცველი ფრაზის მიღმა შეგიძლიათ თქვათ, რომ მეჭიაურები არიან დღეს პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“? არ გამორიცხავენ, მეჭიაური გავიდეს „ოცნებიდან“, მაგრამ რჩებიან სხვა მეჭიაურები, რომლებიც შესაძლოა, დღეს დუმან, მაგრამ როდის გააქტიურდებიან, არავინ იცის. არის კი მეჭიაური „ეული წინასწარმეტყველი“ და მხოლოდ თვითონ აკეთებს მკვეთრი შინაარსის განცხადებებს?
- არა მგონია, ვინმე იდგეს მეჭიაურის უკან. მეჭიაური ცდილობდა, საკუთარი აქტივაცია გაეზარდა. ის სამი მოწვევის პარლამენტარია, მაგრამ დღეს აღმოაჩინეს მისი არსებობა. თიანეთი ჩემი დედულეთია და ის წლების განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატი იყო თიანეთიდან, თუმცა მისი განსაკუთრებული დამსახურება თიანეთში არ მახსენდება და ვშიშობ, ადგილობრივებსაც არ აგონდებათ. ბოლო დროს ის ცდილობს, იყოს აქტუალური. მისი პირადი ინიციატივებია მისი შეფასებები. არის თუ არა „ოცნებისთვის“ მეჭიაური პრობლემა? მიმაჩნია, რომ ის პრობლემაა, რადგან არანაირი საერთო არ აქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან, „ქართული ოცნების“ რიტორიკასთან. განსხვავებული მოსაზრება არ გულისხმობს საკვანძო საკითხებზე განსხვავებულობას პარტიაში. თუ ერთი პრორუსია, მეორე პროდასავლელი, ბუნებრივია, მათი ერთად ყოფნა გამორიცხულია.
მაგრამ ხომ რჩებიან სხვა მეჭიაურებიც პარტიაში?
- ამიტომაც ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ საპარალამენტო წარმომადგენების 90% შესაცველია. ამ 90%-ში ძალიან ბევრი პოტენციური და პირდაპირი პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“, რომელთა განცხადებებიც „ქართულ ოცნებას“ სახელს უფუჭებს და იმიჯს უნგრევს. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფრისგან გათავისუფლდებიან და არ მოიყვანენ ახალ მეჭიაურებს ან მხოლოდ ახალ პულტის დამჭერ რობოტებს. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია, განახლებულ „ქართულ ოცნებაში“ არ დავინახო მეჭიაურები და არ დავინახო რობოტები.