ინგლისის დედოფალმა თავაზიანი უარი უთხრა ახალგაზრდა ირლანდიელის თხოვნას, რომელიც მას ჩრდილოეთ ირლანდიის ექვსი საგრაფოს დაბრუნებას სთხოვდა.
მიმდინარე წლის თებერვალში დუბლინში მცხოვრებმა 12 წლის რიზ კილბრაიდმა დედოფალ ელისაბედს წერილი მას შემდეგ მისწერა, რაც 1916 წლის აღდგომის აჯანყების ისტორია შეისწავლა, რომელიც ირლანდიელთა განგრძობით ბრძოლას გულისხმობდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, რამაც საბოლოოდ 1921 წლის ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანა დაქუცმაცებამდე მიიყვანა.
შეშფოთებულმა იმით, რომ ბრიტანელებმა ირლანდიის ტერიტორის ნაწილის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, რიზმა საკუთარ თავზე აიღო, მიემართა იმ პიროვნებისთვის, რომელიც, მისი აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებდა, ანუ დედოფალ ელისაბედისთვის.
„ინგლისელებმა წაიღეს ექვსი საგრაფო, რასაც ისინი უკან არ დაუბრუნებენ ირლანდიას. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ მათ უკან უნდა დააბრუნონ მიწები“, - განაცხადა რიზმა ირლანდიურ რადიოსადგურ „ნიუსთოქთან“ ინტერვიუში.
რიზმა თავისი წერილი ნახატით დაასრულა, რომელზეც ის და მისი მეგობარი ივენი ბრიტანელი მონარქის თანხლებით იყვნენ გამოსახულნი.
რიზის დედამ - ფიონა დაულინგმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი აპოლიტიკური იყო და, როცა რიზმა თავისი გეგმის შესახებ აცნობა, მან უბრალოდ ურჩია შვილს, უფრო მეტად თავაზიანი ყოფილიყო და, სავარაუდოდ, არც დალოდებოდა დედოფლის პასუხს.
„ვიფიქრე, სასწრაფოდ ნაკუწებად აქცევდნენ დედოფალთან მისულ კორესპონდენციას“, - აღნიშნა ფიონამ.
თუმცა 89 წლის ხანშიშესულმა მონარქმა, ანდა, სულ მცირე, მისმა გუნდმა, ოფიციალური ბუკინგემის სასახლის ბეჭედდასმული წერილით უპასუხეს ირლანდიელ მოსწავლეს. რიზმა დედოფლისგან თავაზიანი და კეთილი პასუხი მიიღო, რომლითაც დედოფალი უარყოფდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას.
„მე ვურჩიე მას, არ დალოდებოდა პასუხს, რადგან დედოფალი ძალზე საქმიანი ქალბატონია და ამ დროს წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც დავინახე ბუკინგემის სასახლიდან ჩემი შვილის მისამართით გამოგზავნილი წერილი.
ეს გახლდათ ლამაზ ქაღალდზე დაწერილი წერილი, რომელსაც ოფიციალური სახე ჰქონდა და ცოტა ხანში მე შევნიშნე ბუკინგემის სასახლის ლოგოც. გულახდილად გითხრათ, ისტერიკაში ჩავვარდი“, - აღნიშნა რიზის დედამ.
პირველი აპრილით დათარიღებული და დედოფლის წარმომადგენლის, კორესპონდენტ ჯენი ვაინის მიერ ხელმოწერილი წერილით, ახალგაზრდა რიზს მადლობას უხდიდნენ საკუთარი აზრის გაზიარებისთვის, მაგრამ აქვე განუმარტავდნენ, რომ დედოფალი ყოველთვის მკაცრად აპოლიტიკური რჩებოდა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება და მადლიერება დაიმსახურა რიზის ნახატმაც.
მთლიანობაში, წერილი იტყობინებოდა: „დედოფალმა მთხოვა მადლიერება გადმომეცა თქვენი ახლანდელი წერილისთვის, რომლითაც სურვილს გამოთქვამთ, მის უდიდებულესობას მოუთხროთ, რომ თქვენ შეისწავლეთ 1916 წლის აღდგომის აჯანყების ისტორია.
ვინაიდან ჩათვალეთ, რომ დედოფალს უნდა სცოდნოდა თქვენი ხედვების შესახებ, განგიმარტავთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელშიც მისი უდიდებულესობის ჩარევა შეიძლება.
კონსტიტუციური მონარქიის თანახმად, მინისტრების მიმართ რჩევის მიცემისას დედოფლის მიერ გამოცემული აქტები ნებისმიერ დროს მკაცრად აპოლიტიკური რჩება.
მისმა უდიდებულესობამ მთხოვა, მადლობა გადმომეცა თქვენი ნახატისთვის, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმენით. კეთილ სურვილებს გადმოგცემთ თქვენ და თქვენს ოჯახს“.