„გორელების გულში სტალინი ცოცხლობს, მაგრამ ირონიაა, რომ სტალინი თავს არათუ გორელად, ქართველადაც არ თვლიდა“

„გორელების გულში სტალინი ცოცხლობს, მაგრამ ირონიაა, რომ სტალინი თავს არათუ გორელად, ქართველადაც არ თვლიდა“

აშშ-ის გენერალი, ნატოს ევროპული შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური უესლი კლარკი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაზე ატომური დარტყმის განხორციელებას ფიქრობს, თუმცა დიდ შეცდომას უშვებს, რადგან რუსეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან ობლიგაციებით, ინვესტიციებით, ვალებით. სარდლის ეს სიტყვები მოსკოვში გულზე მოხვდათ და განაცხადეს, რომ ახალი გენერალი მის წინამორბედ ფილიპ ბრიდლავს უსწრებს საომარი ისტერიის გაჩაღებაში, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშშ-მა ტექნიკური დაზვერვის უფრო მეტი საშუალება უნდა გამოიყენოს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვებისათვის.

რას ნიშნავს უელსი კლარკის სკანდალური განცხადება? რისთვის ემზადება ამერიკა და რუსეთი? რატომ ვართ 15-მილიარდიანი ვალით დამოკიდებულნი დასავლეთზე, რა მოუტანა სტალინმა ქართველ ერს და მართლაც გვაერთიანებს თუ არა ქართველებსა და რუსებს 9 მაისი? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: რუსეთის მხრიდან ევროპაზე დარტყმა გამორიცხულია. რაც შეეხება ამერიკელი გენერლის განცხადებას, ყველა კისინჯერივით და ბზეჟინსკივით იქ არ არის. ფილიპ ბრიდლავისა და უელსი კლარკის განცხადებები ერთ ტონალობაშია და ეს გამჭვირვალე პროცესია. კერძოდ, ევროპელები ძალზე ძუნწობენ და უნდათ, ნატოს შენახვის მთელი ტვირთი დააკისრონ ამერიკას. უკანასკნელი 10-15 წელიწადია, ვაშინგტონი ხან თავაზიანად, ხანაც უფრო მკვეთრად სთხოვს ევროპელებს, გაზარდონ თავიანთი წილი ნატოს შენახვის საქმეში. ნატო გრანდიოზული მონსტრია, ნატოს ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტზე ხუთჯერ დიდია. ამიტომ გენერალი უელსი კლარკი თავისი გადასახედიდან ფიქრობს, თუკი ევროპელები შეშინდებიან რუსული საფრთხით, ჯიბეში ხელს უფრო ღრმად ჩაიყოფენ.

პრინციპში, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ დღეს ევროპაში რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, თუ ჩერნობილის აფეთქების პირველი გახმაურება მოხდა შვედებისა და ნორვეგიელების მიერ, ქარი აქედან უბერავდა და რადიაციული მტვერი აქედან წავიდა, რა გარანტია აქვთ რუსებს, რომ მათ მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად ქარი მათკენ არ დაუბერავს და რუსეთისკენ არ წამოვა? რუსეთის ევროპულ ნაწილშია სწორედ მოსკოვიც, პეტერბურგიც, მთელი სამრეწველო ობიექტებიც. გარდა ამისა, რუსულ პოლიტიკურ ელიტას, პუტინით დაწყებული, რიგითი ოლიგარქებით დამთავრებული, ათობით მილიარდი დოლარის უძრავი ქონება აქვს ევროპაში. მსოფლიოში ერთადერთი ძალა, რომელმაც ხელში ჩაგდების შემთხვევაში, განჭვრეტ მომავალში შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადიკალური ისლამია. თვით ირანიც კი, არავითარ შემთხვევაში, არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რაც ირანს, უბრალოდ, ისრაელის შესაშინებლად სჭირდება.

დღეს რომელიმე ცივილიზებული ქვეყანა, დაწყებული ჩინეთით, დამთავრებული რუსეთით, ამას არ გააკეთებს. ხომ ხედავთ, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის სუპერმოკავშირეა, მაგრამ სამი დღის წინ ჩინეთმაც ხმა მისცა სანქციებს გაეროს რეზოლუციის საბჭოში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რომელიც ქმნის თავის ბირთვულ პოტენციალს. ეს არავის აწყობს, გარდა გამოუსწორებელი მარგინალების და ფანატიკოსებისა.

მაგრამ აშშ-ის გენერალმა ასეთი ინტერპრეტაცია მისცა ამ ფაქტს, რუსები როლს გაითამაშებენ, თითქოს ისინი ახორციელებენ ბირთვულ დარტყმას ვარშავაზე, რის შემდეგაც შეშინებული ნატო საპასუხოდ იტყვის, ვაიმე, რა სამწუხაროა, ჩვენ არ გვეგონა, თუ ეს სეროზულად მოხდებოდა, ჩვენ გნებდებით, შეგიძლიათ დაეუფლოთ იმას, რაც გსურდათ. ეს ხატოვანი ნათქვამია? იქნებ, ამერიკაც გადამწყვეტი თამაშისთვის ემზადება?

- დღეს ძალზე მწვავე ურთიერთობაა რუსეთსა და ნატოს შორის. მართალია, ნატო-რუსეთის საბჭო ამ ორიოდე კვირის წინ შეიკრიბა, მაგრამ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ნატო რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს ათავსებს პოლონეთში, შეჰყავს თავისი სიმბოლური სამხედრო ძალები ბალტიისპირეთში, რუსეთი ამას პასუხობს კალინინგრადში ისკანდერის განთავსებით და კუნთების თამაშით. ერთმანეთს აჩვენებენ, ვის უფრო მაგარი კუნთები აქვს, ეს არის საფრთხე, როცა მოვლენები შეიძლება კონტროლიდან გავიდეს, მაგრამ ის რომ დაგეგმით, დაფიქრებით მიიღონ გადაწყვეტილება და ცივი გონებით ააფეთქონ ბომბები, გამორიცხულია.

9 მაისი პუტინმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს. ასეთი დაყოფა მტკივნეულად აღიქმება საქართველოში, თუმცა ჩვენ ვიხილეთ გორში გეორგიევსკის ლენტებიანი მანქანების გადაადგილება, სტალინის მიმართ პატივისცემა და ამის საპირწონედ ევროპის მომხრეთა დემარში. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს არის მასობრივი ფსიქოზი, როდესაც ჩვენ ველოდებით ნატოში შესვლას და ამ დროს ნატოში არ გვიღებენ.

- აქ შეიძლება ალავერდს გადავიდეთ ჩვენს ხელისუფლებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ატყდა ერთი ვაიუშველებელი მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით. ამ დროს მეჭიაურმა რა თქვა ისეთი? მეჭიაურს შეეძლო უფრო დიპლომატიურად ეთქვა, ნატოში კი გვინდა შესვლა და ვართ ნატოს მომხრეები, მაგრამ არ გვღებულობენო. ისე გამოვიდა, თითქოს ნატომ ჩვენ უკვე მიპატიჟების მოსაწვევი ბარათი გამოგვიგზავნა და აქ ახლა ნატოს მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის იქნება კენჭისყრა, ვინ მისცემს ხმას ნატოს, ვინ წავა წინააღმდეგ. მეჭიაურის მხარდაჭერას თუ წინააღმდეგობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც არ გვღებულობენ ნატოში.

კვირიკაშვილის ნათქვამი - მეჭიაურის განცხადება აცდენილია „ოცნების“ კურსსო, რეალობა არ არის. რეალობა სულ სხვაა. დღეს ქვეყანას 15 მილიარდი დოლარის ვალი აქვს და ამ 15 მილიარდში 15 თეთრიც არ არის რუსეთის ვალი, სულ ევროპისა და ამერიკის ვალებია. საუბარია მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდზე. სულ მალე 1-2 წელიწადში ჩაირთვება მრიცხველი და პროცენტების გადახდის დრო დადგება, რასაც ჰქვია ვალის მომსახურეობა.

„ოცნება“, ჩემი ვარაუდით, შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ დღესვე ფიქრობს იმაზე, როგორ გადაიხდის ამ პროცენტებს. ცხადია, ვერ გადაიხდის, ეს გამორიცხულია. 15 მილიარდის გადახდა საუდის არაბეთსაც გაუჭირდება, ამიტომ რისი იმედი აქვთ? ისევ თავზე ნაცრის დაყრის და დასავლეთში თხოვნის, ვალების რესტრუქტურიზაცია მოგვიწყეთ, გადაგვივადეთ, ცოტა ჩამოგვაჭერითო.

არსებობს ვალების ჩამოჭრის პრაქტიკა. თავის დროზე მექსიკას ათობით მილიარდი ვალი ჩამოაჭრეს, აგერ, ბერძნებსაც ჩამოაჭრეს ვალი. თავის დროზე შევარდნაძეც ამბობდა, ნუ გეშინიათ ამ ვალის, თუ ვერ გადავიხდით, ჩამოგვაჭრიანო. მაგრამ, თუკი ოფიციალურად ჩვენი მთავრობა და „ოცნება“ იტყვის, ნატო არ მინდა, ამერიკა არ მინდა, რუსეთი მინდაო, მაშინ კაპიკსაც არ ჩამოგვაწერენ და, ბოდიში თქვენთან, მოგვთხოვენ, უკანასკნელი ნიფხვები და პერანგები გაყიდეთ, დარჩით ტიტვლები, მაგრამ ვალი მაინც გადაიხადეთო. ამას ვერ გავექცევით.

ანუ არა მარტო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია თავიდან ბოლომდე დასავლურ კეთილგანწყობაზე დამოკიდებული, არამედ ფინანსურადაც არიან მიბმულნი დასავლეთზე?

- ჩემი აზრით, მთავარი ეგ არის. 15-მილიარდიან ვალს რომ იკიდებდნენ კისერზე, თანაც ამბობდნენ, რუსეთთან ურთიერთობას დავარეგულირებთო, ახლა ან ერთზე უნდა თქვან უარი, ან მეორეზე. მით უმეტეს, როცა ეფექტური დიპლომატია არ გაგვაჩნია.

ამ დროს გვაქვს საგარეო ორიენტაციის მიხედვით გაყოფილი საქართველო, თავსმოხვეული რუსიფიკაციით და ნაძალადევი ევროპეიზაციით? მაინც რას ნიშნავდა გორში რუსული დროშების ფრიალი?

- ეს უკვე გორია. გორს ევროპაც და დასავლეთიც უყურებს ისე, რომ არ არსებობს ოჯახი, ერთი მახინჯი არ ჰყავდეს. გორელებს ერთი სტალინი ჰყავდათ ისევე, როგორც მეგრელების გულში ბერია მაინც სულ იცოცხლებს, ასევე, გურულებისთვის -შევარდნაძე. გორელების გულში სტალინი ცოცხლობს. ამ სიტუაციის მთელი ირონია ისაა, რომ თვითონ სტალინი თავს არათუ გორელად, ქართველადაც არ თვლიდა.

და ამიტომაც სამამულო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი გაიწვია?

- ყველაზე მეტად ქართველები ამოხოცა, მაშინ, როცა სტალინს შეეძლო 1943 წელს სტალინგრადის ბრძოლების შემდეგ, როდესაც ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ დროის ფაქტორიღა რჩებოდა, საქართველოდან შეეწყვიტა გაწვევა. ყველა დემოგრაფიული მონაცემით, საერთაშორისოდ დაწერილი თუ დაუწერელი კანონით, საქართველომ მაშინ მიაღწია ახალგაზრდა მამაკაცების კრიტიკულ ზღვარს, მაგრამ სტალინი 9 მაისამდე ქართველების ომში გაწვევას განაგრძობდა და საკუთარ ანკეტაში წერდა „მშობლიური ენა - რუსული“. მისთვის ქართველი, რუსი, თათარი ერთი და იგივე იყო. 1951 წელს ბორჯომში რომ ჩავიდა სტალინი, იქიდან უნდა გამგზავრებულიყო თბილისში. ეს მე პირველწყაროდან ვიცი, რადგან თბილისში მას გამწარებულნი ელოდნენ. მაშინ კანდიდ ჩარკვიანი ახლდა სტალინს, ისიც ბორჯომში იყო. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ბაქრაძე, ცხადია, სტალინთან დარეკვას ვერ გაბედავდა. ამიტომ თბილისიდან ყოველდღიურად უკრეკავდა ჩარკვიანს, როდის ჩამოდის ბელადიო. თბილისში აღლუმისთვის ბავშვების მზადება იყო, ლამის დახოცეს ბავშვები. ჩარკვიანი მერე თავის მოგონებებში წერდა, ერთხელ შევახსენე ბელადს, თქვენი თბილისი გელოდებათ-თქო, წამიყრუა. მეორედ რომ შევახსენე, გაბრაზდა და მითხრა, რატომ არ ფიქრობ იმაზე, თბილისში რომ ჩავიდე, მერე ბაქოშიც უნდა ჩავიდე და ერევანშიცო, მე კი დავბერდი, აღარ შემიძლია ამდენიო. ე.ი. მისთვის ბაქო, თბილისი, ერევანი ერთი და იგივე იყო.

შესაძლოა, თბილისი მისთვის ყველაზე უარესიც იყო, რადგან საქართველოს დაპყრობის შემდეგ თბილისში პირველად ჩამოსულ სტალინს პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში მოღალატე და მკვლელი უწოდეს, სოციალისტმა ისიდორე რამიშვილმა კი სტალინს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები ბრალდებად წაუყენა, რისთვისაც მოგვიანებით რამიშვილი დახვრიტეს.

- დიახ, 21 წელს ქარხნის მუშებმა სტალინი გალანძღეს, გააგდეს. მას მერე საქართველო ჭირივით სძულდა. ის კაცი არ ქართველობდა, ჩვენ კი ძალით ვაქართველებთ.

მაინც, ასე თუ ისე, გადაწონის ყველაფერს ის ფაქტი, რომ სტალინმა ამდენი მსხვერპლის საფასურად ომი მოიგო?

- კარგია ლაპარაკი, სტალინმა ომი მოიგოო, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ერთ მოკლულ გერმანელზე 47 მოკლული წითელარმიელი მოდიოდა ომის მერე? გარდა ამისა, არ ყოფილიყო ლენდ-ლიზი (ამერიკელთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა), რა მოხდებოდა? ეს მიჩუმათებული იყო საბჭოთა კავშირის დროსაც და ახლაც. სულ ახლახანს, 9 მაისისთვის, გამოქვეყნდა ინგლისელი მფრინავების ჩანაწერი, როდესაც ჩერჩილმა მურმანსკის დასაცავად 150 თვითმფრინავი გაგზავნა მფრინავებთან ერთად. როგორი გმირობა ჩაიდინეს მათ, რადგან გერმანელები მურმანსკიდან ვეღარ შემოვიდნენ საბჭოთა კავშირში. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ახლაც მახსოვს ბრჭყვიალა მეტალის ყუთებით ასი ათასობით ტონა კუს კვერცხის ფხვნილი რომ მოდიოდა, ამას ემატებოდა ტანსაცმელი, საჭმელი, სამხედრო შეიარაღება, ირანიდან ცალკე მოდიოდა და ჩრილოეთიდან, მურმანსკიდან ცალკე მოდიოდა, რომლის ვალიც მერე სტალინმა არც გადაიხადა, ჩემი ჯარისკაცების სისხლით გადავიხადეო ეგ ვალი.

მაგრამ საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულად აღიქმებოდა, რომ სტალინმა საკუთარი ვაჟიც შესწირა ქვეყანას და გენერალ პაულიუსში არ გაცვალა.

- საკუთარი შვილიც გაიმეტა, რადგან სტალინი ბუნებით გარუსებული იყო. პეტრე პირველმა თვითონ დახვრიტა თავისი შვილი, ამან კი გაცვლაზე უარი თქვა. ნუ გვჭირს ქართველებს, „მესია“ სტალინი, დავით აღმაშენებელი, ახლაც ველით ახალ მესიას, ხან შევარდნაძე იყო გადამრჩენელი, ხან სააკაშვილი, ხან ივანიშვილი, ახლა ბურჭულაძის იმედად ვართ.

რუსები ფიქრობენ, რომ არა მარტო სტალინის ფენომენი გვაერთიანებს, არამედ გვაერთიანებს 9 მაისის გამარჯვებაც, მაგრამ, თუკი 9 მაისი გვაერთიანებს, რას ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალისთვის ფაშიზმზე გამარჯვების ცალ-ცალკე მილოცვა? 1941-45 წლებში ხომ არ არსებობდა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიაზე, ამით ხომ პუტინმა სტალინისდროინდელი სამართალმემკვიდრეობაც დაარღვია?

- პუტინმა რაკი აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლად, გადაწყვიტა, მათთვისაც ცალკე მიელოცა. თუ გვინდა, გაისად და მომავალშიც აღარ მიულოცოს, რაღაც დიპლომატიური კონტაქტი, მოლაპარაკებები, შეხვედრები, დისკუსიები უნდა დაიწყოს. ისე კი არა, შენ წინასწარ შემპირდი, რომ ამას გამიკეთებ და მერე შევხვდეთო. ზღაპრებია, თითქოს ჰიტლერს ქართველები უყვარდა და მათ არიელებად თვლიდა. ჰიტლერი არიელებად თვლიდა მხოლოდ ირანელებს, სპარსელებს, სხვას არავის. ჰიტლერისთვის ქართველი, უკრაინელი, რუსი, ტაჯიკი ერთი იყო. ეს ხალხი თავის ქვეყანას იცავდა. ომის ცოცხალი მონაწილე სულ რამდენიღა დარჩა? ალბათ, 100-200 კაცი. რომ გავიგე, 600-600 ლარი დაურიგეს, პრემიერის მაგივრად შემრცხვა. რომ მიეცათ მეტი, მაშინ, უბრალოდ, ერთი თვე ეს მუქთახორა ბიუროკრატები არ მიიღებდნენ დანამატს და ისხდებოდნენ მარტო ხელფასზე. ომის ვეტერანებს შორის ყველაზე „ახალგაზრდა“ 90 წლისაა, ხვალ-ზეგ მათგან არავინ დარჩება და დღევანდელი 600 ლარი ორი წლის წინანდელი 200 ლარია. ეს სირცხვილია მთავრობისგან მაშინ, როცა 29 მილიონს უკან აყრიან იმპრესარიო კულტურის მინისტრს. მსოფლიოში იმპრესარიო მინისტრს სადმე ნახავთ? იმპრესარიო ეს ნიშნავს კერძო ინტერესს, ერთი კომპანიის ინტერესს.

ჯანელიძე ლავროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს. კვირიკაშვილიც ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩიხშია შესული და უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, მაგრამ ფონი რამდენად ხელშემწყობია ქართულ-ამერიკულიღირსეული პარტნიორობისფარგლებში საბრძოლო ტანკებისაბრამსისადა ქვეითთა საბრძოლო მანქანებისბრედლისშემოყვანის შემდეგ, რაც რუსეთმა ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად აღიქვა?

- არავითარი შეხვედრა არ იქნება, რადგან ამ შეხვედრას სჭირდება პოლიტიკური ნება. თავის დროზე, როდესაც დე გოლს გაუჭირდა, ისტორიულ მტერთან - გერმანიის კანცლერ ადენაუერთან დაიწყო შეხვედრები, რადგან დე გოლს პოლიტიკური გამბედაობა ჰყოფნიდა. ესენი კი ამას ვერ გაბედავენ. ხომ ხედავთ, რამხელა წინაპირობა წამოაყენეს, შეხვედრა შედგეს, მაგრამ ჯერ პირობა მოგვცეს პუტინმა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაგვიბრუნებსო. ნაციონალებს რომ ჰკითხო, ჯერ უნდა დაგვიბრუნოს პუტინმა ტერიტორიები და მერე შეიძლება შევხვდეთ კიდეც და დიპლომატიური ურთიერთობაც აღვადგინოთ. დღეს რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს სამუდამო დაკარგვით. თუ კარგი გზით არ გვინდა, რუსეთი ცუდი გზით გვაიძულებს, მივიდეთ და დავიწყოთ მასთან ლაპარაკი. სხვა გზას რუსეთი არ გვიტოვებს. ამიტომ სჯობს, დღესვე დავიწყოთ დიალოგი, ვიდრე მაშინ, როცა მავთულხართები გორამდე ჩამოვა და გაცილებით სუსტი პოზიცია გვექნება. ეს დიპლომატიაა. ამ დროს ჩვენგან რუსეთს ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ესმის. ჩვენ გვინდა რუსეთმა ერთ ლოყაში გარტყმის სანაცვლოდ მეორე ლოყა მოგვიშვიროს? ეს არ არის რუსეთის სტილი. რუსეთი თავისი მენტალობით პეტრე პირველის დროშია ჩარჩენილი, მე-17 საუკუნეშია რუსეთი დღესაც.