ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. მათთვის გაურკვეველია, რატომ გაუნახევრეს იმ აუცილებელი მედიკამენტების მიცემა, რის გარეშეც მათი არსებობა წარმოუდგენელია?! ეს მით უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ამ კატეგორიის ავადმყოფების წინაშე თავის მოვალეობას მეტ-ნაკლებად ასრულებდა და მედიკამენტების მიცემას არ ამადლიდა. უფრო მეტიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის წლეულს ბიუჯეტი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეც გაიზარდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ ხარჯზე მედიკამენტების ეკონომია გადაწყვიტეს.
ბენეფიციართა გასაჭირს იზიარებენ მედიკოსებიც. For.ge-სთან საუბარში ისინი საეჭვო დეტალებზე საუბრობენ და სამსახურიდან დათხოვნის შიშით ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვენ.
მედიკოსების თქმით, ორიოდე თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ინსტიტუტის დირექტორმა ლაშა კილაძემ მათ კრებაზე გამოუცხადა, გაგინახევრებთ ხელფასებს, თუკი არ შეამცირებთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გასაცემ წამლებსო. მოტივაცია იყო ის, თითქოს ზედმეტი წამლები არ უნდა დახარჯულიყო. სინამდვილში, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის წამლებიც, რომლებსაც პაციენტებს აქამდე უნიშნავდნენ, იმდენად უხარისხო წარმოებისა და მცირე რაოდენობის იყო, რომ დაუშვებელი გახლდათ მათი შემცირება, ანუ რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკუთვნოდა პაციენტს ორი თვით ადრე, არ შეიძლებოდა ამ წამლის წართმევა და სოციალურად დაუცველი პაციენტის იძულება, რათა მას საკუთარი მწირი სახსრებით შეეძინა მედიკამენტები.
„ამ ხალხს საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული საიდან მოიტანონ? თანაც, ეს ხომ ფსიქიატრიული დანიშნულების წამლებია, სხვა ტიპის წამალი ხომ არ არის? ხომ შეიძლება, მათ გარეშე პაციენტს მდგომარეობა გაურთულდეს? ისედაც პაციენტების წესიერად მოვლა არ ხდება დისპანსერებში, რადგან ცოტა ექიმი და ბევრი პაციენტია, დისპანსერებში არ არსებობს განვითარებული სერვისი. ახლა კი ბენეფიციარებს ის წამლებიც გაუნახევრეს, რითაც, ასე თუ ისე, მაინც გაჰქონდათ თავი“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი ფსიქიატრი.
მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის პაციენტების უმეტესობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობა აქვს მინიჭებული, ისინი სოციალურად დაუცველნი არიან, ვერ მუშაობენ და ფინანსურად უჭირთ. ეს ხალხი ძირითადად უფასო სასადილოებში იკვებება, პურის ფული არ აქვთ, ისედაც ასლარიან პენსიას აძლევს სახელმწიფო და ამ დროს დამატებით წამლების შეძენა მათთვის მძიმე ტვირთია. მედიკოსის თქმით, ამ ადამიანების წინაშე მორალურ პასუხისმგებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კანონდარღვევაცაა, რადგან ფსიქიკური აშლილობის დროს პაციენტს წამალი სახელმწიფოს მხრიდან უპირობოდ ეკუთვნის.
For.ge ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბენეფიციარები პანიკაში არიან, დისპანსერში მათ გაშვებას აზრი აღარ აქვს, რადგან წამლებს წესიერად ვეღარ აძლევენ. აქამდე მათ იმის იმედი ჰქონდათ, რომ დისპანსერში ცუდსა და უხარისხო წამლებს მაინც მისცემდნენ, სულ არაფერს ეს მაინც სჯობდა, ახლა კი ამასაც ვერ აძლევენ. თანაც, იმდენად უხარისხო და იაფფასიან მედიკამენტებზეა საუბარი, რომ თანამდროვე ფსიქიატრიაში ასეთი მოძველებული, ანუ პირველი თაობის ანტიდეპრესანტები აღარ გამოიყენება.
„ტყუილია, თითქოს ჩვენი მდგომარეობის მქონე პაციენტებს ექიმები ზედმეტ წამლებს გვიწერენ. ფსიქიატრიაში ამის თქმა რეალობას მოკლებულია. ჩვენისთანა გაჭირვებულ პაციენტებს ექიმები გვიწერდნენ იმ წამლებს, რისი რესურსიც ჰქონდათ. ზედმეტი კი არა, წამლები ისედაც არ გვყოფნიდა. თავის დროზეც ნაკლები მედიკამენტები გვქონდა და კერძო ექიმებს ვთხოვდით, დაემატებინათ ჩვენთვის წამლები. ახლა კი რა გველის, არ ვიცით. წამლის 200 ტაბლეტი თვეში როგორ უნდა ეყოს 200 პაციენტს? რეალურად, ეს ნიშნავს, რომ წამალი შეიძლება ეყოს მხოლოდ ხუთ ბენეფიციარს, დანარჩენებს კი არ შეხვდეს. გამოდის, ექიმმა წამალი ზოგიერთ პაციენტს უნდა მისცეს, ზოგიერთს მოაკლოს. ანუ თვის დასაწყისში ვინც მიასწრებს და პირველი მივა, მედიკამენტებიც მას შეხვდება. ყველაფერი დასწრებაზე ყოფილა. პირად მაგალითზე გეტყვით, 60 აბი ბენზაქსოლისა და 60 აბი ოლზაპის ნაცვლად მკურნალმა ექიმმა მხოლოდ 30-30 აბი მომცა და წინა თვის დოზა გამინახევრა“,-აღნიშნა ბენეფიციარმა, რომლის თქმითაც, ისინი ვერ შესწვდებიან ყოველთვიურად 50-60-ლარიანი, ან თუნდაც 30-40-ლარიანი მედიკამენტის შეძენას. მართალია, რეცეპტის გამოწერა და ექიმი უფასოა, მაგრამ რეცეპტიან წამალს ხომ ყიდვა და ფინანსები სჭირდება?! ეს წამლები კი იმიტომ იყო სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომ მთელი ცხოვრება უნდა მიეღოთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს.
ექიმებს უჭირთ იმაზე ლაპარაკი, თუ ვის ბრძანებას ასრულებს ლაშა კილაძე, მაგრამ ფიქრობენ, რომ ლაშა კილაძე, რომელიც ჩამოსულია ქუთაისიდან, სადაც ამ ტიპის პაციენტებისთვის წამლები თითქმის არ არსებობს, ცდილობს ამ გამოცდილების დედაქალაქში „დანერგვას“, პრინციპით, თუკი ქუთაისში წამლები არ არის და არ კვდებიან იქაური პაციენტები, მაშინ დედაქალაქშიც შეუძლიათ გაძლონ მედიკამენტების გარეშე.
მედიკოსების აზრით, შესაძლოა, აქ ფინანსური ინტერესიც იყოს. თუკი ფსიქიკური პრობლემის მქონე ბენეფიციარი შესაბამის წამლებს ვერ მიიღებს, მდგომარეობის გართულების შემდეგ აუცილებლად მოხვდება სტაციონარში. რაც უფრო მეტი პაციენტი აღმოჩნდება სტაციონარში, სტაციონარული დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე დისპანსერული. გამოდის, ამით მოატყუებენ სახელმწიფოს და კიდევ უფრო მეტ ფულს გამოსძალავენ, რადგან სტაციონარში მოთავსებული თითოეული პაციენტის დღიური დაფინანსება ძალზე ძვირი- 65 ლარია. თანაც, ამ პაციენტებს ათი დღის განმავლობაში ტოვებენ სტაციონარში, სადაც დღესდღეობით 30-40 საწოლია გათვალისწინებული.
ამიერიდან გაცილებით მეტი პაციენტი შევა საავადმყოფოში და ცალკეულ პირებსაც მეტი დაფინანსება შეუვათ. შესაძლოა, ამაზეც იყოს გათვლილი ეს „ეკონომია“.
თავის მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ინსტიტუტის დირექტორი ადასტურებს, რომ მედიკამენტების დოზა მართლაც შემცირებულია, რაც მედიკამენტების ჭარბად გამოყენებაზე მონიტორინგის დაწყებით აიხსნება. ლაშა კილაძის თქმით, თუკი ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტისთვის საკმარისია 10 აბი, ის არ უნდა იღებდეს გაცილებით მეტ აბს. შესაბამისად, ლაშა კილაძე ამტკიცებს, რომ მან მკურნალ ექიმებს მედიკამენტების ჭარბად გაცემის პრევენციისკენ მოუწოდა და აქ რაიმე დირექტივაზე საუბარი ზედმეტია.