„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა“

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა“

„ნატო-ს ისტორიაზე ზოგადი ცოდნა მაინც თუ აქვს ადამიანს, კარგად ეცოდინება, რომ გერმანია, რომელიც ორად გაყოფილი სახელმწიფო იყო გაწევრიანდა ნატოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, რომლის განცხადებით, ასეთი პოლიტიკის პირობებში დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს, რომ იგივე MAP-თან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი გვექნება.

for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ სამხედრო ბლოკზე, მათ შორის ნატო-ზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ზოგადად, ნატო- წესდების თანახმად, ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანას არ აქვს გაწევრიანების შესაძლებლობა?

გიორგი მუჩაიძე: ნატო-ს ისტორიაზე ზოგადი ცოდნა მაინც თუ აქვს ადამიანს, კარგად ეცოდინება, რომ გერმანია, რომელიც ორად გაყოფილი სახელმწიფო იყო, გაწევრიანდა ნატოში. სწორედ ნატო-ში მიღება იყო გერმანიისთვის ფეხზე დადგომის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, როგორც უსაფრთხოების, ასევე მისი ეკონომიკური განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიას მაშინ ნატო-ს მე-5 მუხლი არ ფარავდა, მაგრამ სწორედ ნატო-მ უზრუნველყო ის უსაფრთხო გარემო, რომლის ფარგლებში განვითარდა გერმანული ეკონომიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად კრიტერიუმებს, არსად არ წერია ის, რაზეც საუბრობს ბატონი მეჭიაური. არსებობს კრიტერიუმები, რომ ქვეყანა ნატო-ში იმსახურებს გაწევრიანებას, იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკურ არეალში, თუ არის დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ქვეყანა და არის ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი - სასაზღვრო ხელშეკრულების ქონა ქვეყნებთან.

მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში, რუსეთი ცდილობდა, რომ ისინი არ შესულიყვნენ ნატოში, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გააწევრიანეს ნატოში. ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ქართული მხარის მონდომებაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა, როგორც ეს გერმანიის მაგალითზე, ნატოს ისტორიაში ძალიან კარგად ჩანს.

ნატო- წესდებაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, ნატო- წევრობას ვერ მიაღწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს რისკები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი?

- ნატო-ს ისტორია პირიქით საპირისპიროს მეტყველებს და როგორც გითხარით, ამის ძალიან კარგი მაგალითია გერმანია. მეტსაც გეტყვით, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამხედრო კუთხით საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. რა თქმა უნდა, ნატო-ში არიან სკეპტიკური მოკავშირეები, რაც ნიშნავს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს გაწევრიანებაზე კონსენსუსი მიღწეული არ არის. სერიოზული მუშაობაა საჭირო ქართული მხრიდან, როგორც დიპლომატიური, ასევე რეფორმების გატარების კუთხით.

როდესაც ნატოში ხედავენ, რომ მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მტკიცე სტანილისტურ და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ზოგი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეა, ზოგი კოალიციაში პარტიის ლიდერი, ეს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს, რეალურად არის თუ არა მმართველი პარტიისთვის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი. ასე რომ, განცხადებები, რომელიც კეთდება დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა შანსები აქვს საქართველოს, რომ წევრობა მიიღოს?

- აბსოლუტურად რეალურია და როგორც 2008 წელს ვნახეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს გაწევრიანებაზე, მაგრამ ასეთი პოლიტიკით და განცხადებებით, ამ საბოლოო მიზნისკენის მისაღწევად წინ არ ვდგამთ ნაბიჯებს, პირიქით - უკან. ასეთი პოლიტიკის პირობებში დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს, რომ იგივე MAP-თან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი გვქონდეს.

გასაგებია, რომ სკეპტიკური ქეყნების გარდა გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ქვეყნები, როგორც არის ამერიკა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ამ მიმართულებით სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს. თუ ჩვენ არ შევეცდებით, რომ გაწევრიანების საკითხი წინ წამოვწიოთ, დამიჯერეთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჩვენი ძალისხმევის გარეშე ამას არ გააკეთებენ.

მეჭიაური არ არის ერთადერთი, იგივეს აცხადებს გია ვოლსკიც და ამბობს, რომ ნატო-შიც ესმით ეს, რომ ნატო-ში წევრობა დამაზიანებელია ჩვენთვის...

- ერთია რას ლაპარაკობენ „ოცნების“ წარმომადგენლები და მეორეა რეალობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან სკეპტიკური ქვეყნები, მაგრამ ჩვენი გაწევრიანების წინსვლის საქმეში, ყველაზე დიდი წვლილი ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ, რასაც სამწუხაროდ არ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს პროცესი სწრაფად განვითარდება.

რა თქმა უნდა, სკეპტიკური ქვეყნები არსებობდნენ ბალტიისპირეთთან მიმართებაშიც, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ წევრობას. სწორედ, რომ ჩვენი წინსვლით, დემოკრატიული განვითარების კუთხით, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის გაწევრიანება სიკეთის მომტანი იქნება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრებისთვის. ამას როდესაც არ აკეთებ, სხვა ქვეყნებზე გადაბრალება, აბსოლუტურად არაადეკვატურია. ანტიდასავლური განცხადებებისა და ასეთი არა აქტიური პოლიტიკის პირობებში, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ სწრაფი წინსვლა იქნება ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სანამ არ შეიცვლება მიდგომები, ძალიან ძნელი იქნება ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება. ისეთი სისწრაფით გაწევრიანება, როგორც ჩვენ გვინდა, ვერ განხორციელდება.