წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ვერსიები, თუ როგორ ეხმარებოდა დე გოლი სტალინს შვილის საფლავის აღმოჩენაში. გადმოცემით, სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი საბჭოთა არმიის სხვა ჯარისკაცებთან ერთად ტყვედ ჩავარდნილა და დაკითხვისას მამის ვინაობა არ დაუმალავს. გერმანელებს უფიქრიათ, რომ მათ წინაშე იყო არა სტალინის უფროსი ვაჟი, არამედ - ავანტიურისტი და დაუწყიათ ისეთი პიროვნების მოძიება, რომელიც იაკობ ჯუღაშვილს უშუალოდ იცნობდა. ამ საქმეში მათ მიუმართავთ აბვერისთვის (იმპერიის სადაზვერვო სამსახური). საბოლოოდ ერთ-ერთ ქართველს დაუდასტურებია, რომ ტყვედ ჩავარდნილი პიროვნება, რომელსაც დაკითხვისას თავი ღირსეულად ეჭირა, იაკობი იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაკობი დაიღუპა საფრანგეთის მეორე ფრონტის გახსნისა და საფრანგეთში ინგლის-ამერიკის ჯარების გადასხდომისას, როცა სარკინიგზო სადგურის მოსაცდელ დარბაზს ბომბი დაეცა. ამის შემდეგ სტალინმა დე გოლს სთხოვა შვილის საფლავის მოძებნაში დახმარება, სამარხები გახსნეს, მაგრამ იაკობის ნეშტის ამოცნობა კლდის ძირას წყლის ჟონვით გამოწვეული გვამების გახრწნის გამო შეუძლებელი იყო.
ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი აცხადებს, რომ რეალობა სხვაგვარია და იაკობ ჯუღაშვილი ტყვედ არასდროს ჩავარდნილა. უბრალოდ, იაკობი ომის პირველსავე დღეებში დაღუპულა. 9 მაისის მნიშვნელობის შესახებ For.ge რეპრესირებულთა შთამომავალს სვიმონ მასხარაშვილს ესაუბრა.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ 9 მაისი არ ყოფილა ქართველების სამამულო ომი და ეს იყო ქართველთა მიერ გაღებული უდიდესი ხარკი საბჭოთა კავშირის წინაშე. მართალია, ამ ომის მთავარ გმირად სახელდება სტალინი, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ურიცხვი ადამიანის (მათ შორის, პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველის) დახოცვით მიღწეული გამარჯვება ვერ ჩაითვლება საბჭოთა მთავარსარდლის, სტალინის დიდ წარმატებად. რეალურად, რას ნიშნავს ქართველებისთვის 9 მაისი?
- ქართველების სამამულო ომი იყო დიდგორი, ხრესილი, ბასიანი, მარტყოფი. რაც შეეხება 9 მაისს, ეს არის ანტიჰიტლერული კოალიციის გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების თარიღი და ამ თარიღს ვერანაირად ვერ გავაცალკავებთ სტალინისგან, რადგან სტალინს მიუძღვის ყველაზე დიდი დამსახურება გერმანიის დამარცხების საქმეში. სტალინი რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა გერმანიის დამარცხება. რაც შეეხება მსხვერპლს, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ, მაგრამ ამის მიზეზი იყო ის, რომ ერთი თავით მაღლა იდგა გერმანული სამხედრო მანქანა, გერმანული გენერალიტეტი საბჭოთა გენერალიტეტთან შედარებით. აღარაფერს ვამბობ ბრიტანელებზე, რომლებმაც საერთოდ ვერაფერი გააკეთეს ამ ომში, ფრანგებზე, ამერიკელებზეც კი, რომლებმაც დესანტის გადმოსხმიდან 10 თვის თავზე ძლივს მიაღწიეს რაინამდე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს უკეთესი სარდლები რომ ჰყოლოდა, უფრო ნაკლები მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რომ არა სტალინი, ამ ომს საერთოდ წააგებდნენ.
თუმცა, 9 მაისი არ არის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების დღე, მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 2 სექტემბერს. 9 მაისს აღინიშნება გერმანიის კაპიტულაციის დღე. ამ ომში 6 მილიონი გერმანელი და საბჭოთა კავშირის 27 მილიონამდე მოქალაქე დაიღუპა, ანუ შეფარდებაა 1/5-ზე, მაგრამ ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენი მარშლების, გენერალიტეტის მომზადების დონით, პროფესიონალიზმით, განათლებით, ჯარისკაცების სულისკვეთებით, ტექნიკის ხარისხით ათჯერ უფრო მაღალ დონეზე იდგა გერმანია, ვიდრე ნებისმიერი იმდროინდელი ქვეყანა, მათ შორის, საბჭოთა კავშირიც. ეს რეალური ციფრებია. სტალინის დადანაშაულება იმაში, რომ ხუთჯერ მეტი მსხვერპლი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, არასერიოზულია. რეალურად, საბჭოთა კავშირს ჰყავდა სტრატეგიული თვალსაზრისით, ორად ორი მნიშვნელოვანი სარდალი -ლავრენტი ბერია, რომელიც უზრუნველყოფდა სპეცსამსახურების მუშაობასაც, ზურგსაც, ლოჯისტიკასაც და როკოსოვსკი. გერმანიას კი ჰყავდა მრავალი ათეული უმაღლესი დონის სარდალი. რუს ჯარისკაცს უკან გასაქცევ გზას თუ არ მოუჭრიდნენ, არაფერი შველოდა. თავდაპირველად, ომი როცა დაიწყო, რამდენიმე მილიონი რუსი ჩაბარდა ტყვედ.
რატომ იყო დაბალი რუსი ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობა?
- იმიტომ, რომ დაბალი სულისკვეთება აქვთ. რუსი ლაჩარია ბუნებით, ვიდრე გერმანელი. ამ ყველაფრის მიუხედავად, სტალინმა არნახული ძალების მობილიზება და ზემძლავრ გერმანიაზე გამარჯვება მოახერხა.
არის ასეთი მოსაზრებაც, რომ 1943 წელს, როცა ომის ბედი მეტ-ნაკლებად გადაწვეტილი იყო, შეეძლოთ საქართველოდან ამდენი ძალები აღარ გაეწვიათ, რადგან მამაკაცთა გენოფონდი აღარ არსებობდა.
- 1943 წლისთვის, სამწუხაროდ, ყველა გასაწვევი უკვე გაწვეული იყო. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. შეიძლებოდა ისიც, რომ ქართველები აღარ გაეწვიათ 1943 წლის შემდეგ. მით უმეტეს, ქართველების დიდი პროცენტი დაიღუპა ყირიმში. დაახლოებით 80-100 ათასი ჯარისკაცით გერმანელმა გენერალმა მანშტაინმა დაამარცხა მილიონ 400-ათასიანი საბჭოთა სამხედრო შენაერთი ყირიმში, ამ დროს კი რუსებს ფლოტი ჰყავდათ და გერმანელებს - არა. მაინც აიღეს სევასტოპოლი. ქერჩის სრულიად იდიოტურად დაგეგმილ ოპერაციაში ძალიან ბევრი ქართველი დაეცა.
ეს იმიტომ ხომ არა, რომ ქერჩის სადესანტო ოპერაცია ანუ სამხედრო სასაკლაო საკმაოდ ცუდად მომზადდა და წინასწარი დარტყმების გარეშე გადასხეს დესანტი? ეს ოპერაცია სტალინმა დაგეგმა?
- აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. სტალინი არასოდეს არ ყოფილა პროფესიონალი სამხედრო ოფიცერი ისევე, როგორც ადოლფ ჰიტლერი, ისევე როგორც რუზველტი. შედარებით პროფესიული სამხედრო განათლება ჰქონდა ჩერჩილს და ის ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო, მაგრამ სამარცხვინოდ დამარცხდა და ერთი მეტრით ვერ გადაადგილდა წინ. ქერჩში იმიტომ მოხდა ჩახოცვა, რომ საბჭოთა კავშირს ოფიცერთა კორპუსი არაფრად უვარგოდა, რადგან 37 წლის რეპრესიების შემდეგ ისინი დიდწილად რევოლუციით შობილი არაპროფესიონალები იყვნენ. მე საქართველოს გაერთიანებულ შტაბში ვმუშაობდი, თავად ვასწავლიდი სამხედრო ისტორიას და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ომში პროფესიონალიზმს, სტრატეგიის ცოდნას, იდეოლოგიურ აღზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის საპირისპიროდ, გერმანელებს ჰქონდათ მაღალი ნაციონალური თვითშეგნება. მათ მართავდა ნაცისტური პარტია. მათი რიგითი ჯარისკაცის პატრიოტული გრძნობა უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. საბჭოთა კავშირს კი მართავდა კომპარტია, ინტერნაციონალური, სრულიად კოსმოპოლიტური იდეოლოგიის მატარებელი პარტია. ამიტომ საბჭოთა ადამიანების, მათ შორის, რუსებისა და არა მარტო რუსების იდეოლოგიური მზადყოფნა, საბრძოლო სულისკვეთება, პატრიოტული გრძნობები ნულის დონეზე იყო. საბჭოთა ჯარისკაცი სრულიად დემორალიზებული განწყობის იყო. აქედან უკვე აშკარაა მსხვერპლის ოდენობა.
1940 წელს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შენაერთები რამდენჯერმე აჭარბებდა გერმანიას. მიუხედავად ამისა, ფრანგებსა და ბრიტანელებთან შედარებით, იმდენად მაღალი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდათ გერმანელებს, რომ 28 დღეში აიღეს პარიზი. თუმცა საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა გაანადგურა გერმანია, რადგან ბრიტანელებსა და ფრანგებს არ ჰყავდათ სტალინი და ბერია. ამ უკანასკნელთა საორგანიზაციო ნიჭმა, მათმა პოლიტიკურმა ნებისყოფამ გადაფარა ის არანორმალური დეფიციტი, სისუსტე, რაც ჰქონდა რუსეთს გერმანიასთან შედარებით და ამან მოაგებინა ომი. ამიტომ 9 მაისი სტალინისა და ბერიას ტრიუმფის დღეა.
ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა რეპრესიები უშუალოდ არ შეხებია, მიიჩნევენ, რომ 9 მაისის გამარჯვება ყველაფერს გადაფარავს, მათ შორის, სტალინურ რეპრესიებსაც, რასაც არაერთი მამულიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
- რეპრესირებულის შთამომავალი გახლავართ და ასეთნაირად არ ვფიქრობ. თანაც, მე ვარ საჯარო პროცესით გასამართლებულის შთამომავალი და პირადად ჩემთვის ჩემი წინაპრები და მათი სისხლი ყველაფერზე უფრო ძვირფასია. საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ 19 მასხარაშვილი იმსხვერპლა, ანუ პრაქტიკულად, ჩემს თანამოგვარე მამაკაცთა დაახლოებით 30%. ამიტომ ვერაფერი გადაწონის რეპრესიებს. ისიც საკითხავია, უშუალოდ საქართველოსთვის გერმანიის გამარჯვება სჯობდა თუ საბჭოთა კავშირის? ისევე, როგორც ეს კითხვა აქტუალურია ესტონეთისთვის, ლატვიისთვის, ლიტვისთვის. სხვათა შორის, ლატვიასა და ესტონეთში საბჭოთა მხარეს მებრძოლ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს კი არ უდგამდნენ ძეგლებს, არამედ - გერმანიის მხარეს მებრძოლებს. ასევეა დასავლეთ უკრაინაშიც. ეს დიდი ნაციონალური საკითხია, მაგრამ მე ვამბობ სულ სხვა რამეს... ომი დამთავრდა არა 9 მაისს, არამედ 2 სექტემბერს და 9 მაისიდან 2 სექტემბრამდე ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა. საუბარია ათასობით ქართველზე და იმათ რა დააშავეს? ხომ არ უნდა აღინიშნებოდეს ომის დასრულების თარიღად 2 სექტემბერი? ვერც ეიზენჰაუერი, ვერც მონტგომერი, ვერც დე გოლი, რომელსაც პარიზიც კი არ გაუთავისუფლებია და, სინამდვილეში, ამერიკელმა ჯორჯ პატონმა გაათავისუფლა პარიზი, ვერაფერს მოუხერხებდნენ გერმანიას და დამარცხდებოდნენ. გერმანია გაიმარჯვებდა, ამიტომ ყველამ, ვინც აღნიშნავს 9 მაისს, ამერიკელი, ქართველი თუ რუსი, მადლობა უნდა გადაუხადოს სტალინს და ბერიას.
თქვენ ბრძანეთ, რომ გასარკვევია, რა იქნებოდა უკეთესი საქართველოსთვის, გერმანელების გამარჯვება თუ დამარცხება. რას მოუტანდა გერმანელების გამარჯვება საქართველოს? გვქონდა ჩვენ არიული სისხლი, როგორც ამას რასისტული თეორიით გვიმტკიცებდნენ, რომ კავკასია ძირითადად არიელებით იყო დასახლებული?
- გერმანელები ქართველებს მიიჩნევდნენ არიელთა რასის უმაღლეს და რჩეულ წარმომადგენლებად. გრიგოლ რობაქიძეც ამასვე ადასტურებდა, ქართველი ოფიცრები ესესელებში იბრძოდნენ, 35-დან 80 ათასამდე ქართველია დაღუპული გერმანიის მხარეს გერმანულ შენაერთებში. გერმანული სტრატეგიული გეგმით, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა აღმდგარიყო.
რეალური იყო ეს გეგმა, თუ გრიგოლ რობაქიძეც და სხვა ემიგრანტებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი? ხომ არ ატყუებდნენ ნაცისტები ქართველებს და ხომ არ ცდილობდა ვერმახტი ემიგრანტთა და ქართველ სამხედრო ტყვეთა გადაბირებას? მით უმეტეს, ჰიტლერი მიზნად ისახავდა საბჭოთა ტერიტორიიდან რასობრივად არასასურველი 30 მილიონი აბორიგენის გაძევებას (ამოწყვეტას) და იქ გერმანელთა დასახლებას.
- საქართველოს დამოუკიდებლობის გეგმა აბსოლუტურად რეალური იყო, ამ გეგმის არსებობა დამტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების 1954 წლის კონგრესის სპეციალური დასკვნით, რომელმაც ჩაატარა ამ საკითხზე გამოძიება. ყველა ქართველი, ვინც იბრძოდა ნაცისტური გერმანიის მხარეს, კონგრესმა აღიარა არა ნაცისტად, არამედ ქართველ პატრიოტად, მათ შორის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამაც იმ მოტივით, რომ ისინი იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. მათთვის სულ ერთი იყო, ვის მხარეს იომებდნენ, რადგან ქართველისთვის პრიორიტეტული იყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. 1954 წლის კონგრესის დასკვნა სახლში მიდევს.
ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისგან არავის გაურიყავს გერმანელების მხარდამჭერი მიხაკო წერეთელი, არავის განუდევნია გრიგოლ რობაქიძე, რადგან ეს მათ პატრიოტიზმში ჩაეთვალათ. თუმცა სხვა საკითხია, გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში რამდენად შეეგუებოდა გერმანიის პარტნიორობას ის ქართული საზოგადოება, რომლიდანაც მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი იყო რუსეთის მხარეს გაწვეული და მათგან 350 ათასი ქართველი დაიღუპა?! საბჭოთა კავშირი რომ განადგურებულიყო ისე, რომ ქართველები არ დაღუპულიყვნენ, ეს სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ როცა ათეულობით ათასი ქართველი დაიღუპა გერმანიის წინააღმდეგ ომში და ოჯახები გაუბედურდა, ამის შემდეგ რთულია თქმა, რა ჯობდა და რა არა. ამიტომ დღეს ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყვის, ვისი გამარჯვება სჯობდა. ჩვენი ერისთვის ეს ომი იყო უდიდესი ტრაგედია, ჩვენი გენოფონდი, პრაქტიკულად, გამეოთხედდა, რადგან მაშინ სულ იყო მილიონ 400 ათასი ქართველი მამაკაცი და 350 ათასი მამაკაცი დაიღუპა. ეს, იცით, რამხელა ციფრია? მსოფლიოს არ გაუღია ასეთი მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის „მტრის“ შვილიშვილი ვიყავი და სტუდენტობის პერიოდში საზღვარგარეთ არ მიშვებდნენ, პატიოსნება მოითხოვს, ითქვას, რომ, თუკი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს კაცობრიობა, ყველა უნდა იყოს მადლიერი იოსებ სტალინის. ამას ვამბობ აბსოლუტურად ანტისტალინელი პერსონალურად, ოჯახით.
ბაბუაჩემის ოჯახში შედგა სტალინის პირველი ქორწილი, ნათლია იყო ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც დახვრიტეს და ჩემი ოჯახიც მიაყოლეს.
საუბარია სტალინის პირველ მეუღლეზე, ეკატერინე სვანიძეზე? რატომ არ დაიცვა თქვენი ოჯახი სტალინმა, ისევე, როგორც ამბობენ, რომ თავისი პირველი მეუღლის ძმაც დახვრიტა?
- ჩვენგან აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს, ტყეში იმალებოდა ბაბუაჩემი. 37-ში სულ სამი საჯარო პროცესი ჩატარდა და ბოლო დამაგვირგვინებელი იყო მასხარაშვილის პროცესი. სხვათა შორის, სტალინის ვაჟი და ბაბუაჩემი, ანუ მამაჩემის მამა ერთად გაიზარდნენ.
გულისხმობთ იაკობს, სტალინის უფროს ვაჟს, რომელიც მას ეკატერინე სვანიძისგან შეეძინა?
- დიახ, იაკობი და ბაბუაჩემი იყვნენ განუყრელი ძმაკაცები და სტალინი, ამ შემთხვევაში, არის ჩვენი ოჯახის მტერი.
კამათობენ იმაზეც, რომ სტალინმა იაკობი ასე ადვილად გაიმეტა.
- სინამდვილეში, იაკობი წავიდა ფრონტზე და იქ ომის პირველსავე დღეებშია დაღუპული. მისი ტყვეობა ტყუილია.
ასევე, ტყუილია ფრაზა, რომელიც სტალინს მიაწერეს - „მე ჯარისკაცს ფელდმარშალზე (პაულიუსზე) არ ვცვლიო?!
- დიახ. ეს ლეგენდებია. იმ დროს იაკობი ცოცხალი არ ყოფილა. უბრალოდ, პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა გებელსი, რათა როგორმე ემოქმედა საბჭოთა მანქანაზე. 1943 წელს, როცა საქმე ისე წავიდა, რომ სიმართლე გაირკვეოდა, გაავრცელეს, იაკობი გაქცევისას დაიღუპაო. რეალურად, ქართველი ტყვე ებრაელებიც კი არ დაუხოცავთ საკონცენტრაციო ბანაკში და როგორ წარმოგიდგენიათ, სადღაც რიგით ჯარისკაცებთან ერთად ამყოფებდა სტალინის შვილს ჰიტლერი? რაუშნინგის მოგონებებით ირკვევა, რომ ბოლო დღემდე ჰიტლერი პერსონალურად უდიდეს პატივს სცემდა სტალინს. უბრალოდ, იაკობის შესახებ მითი შექმნა გერმანიის სპეცსამსახურმა, რომ დემორალიზაცია გამოეწვია საბჭოთა არმიის რიგებში. მას მერე ტყვეთა ის ბანაკიც გათავისუფლდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაც არსებობდა და გერმანიის ტერიტორიაზე არსად არ აღმოჩენილა იაკობ ჯუღაშვილის კვალი. ასე რომ, მონტგომერს, დე გოლს, აიზენჰაუერს გადავუხადოთ მადლობა თუ ჟუკოვს, რომელიც სრული დეგენერატი იყო?! სუპერგერმანული მანქანა ვინ დაასრულა? მართალია, საბჭოთა კავშირმა მაგრად იბუქსავა ოთხი წელი, მაგრამ მაინც მოიგო და გაანადგურა ფაშისტები.