„მიხეილ გიორგაძის ხელში შოუბიზნესი კულტურის სამინისტროს პრიორიტეტად არის ქცეული“

„მიხეილ გიორგაძის ხელში შოუბიზნესი კულტურის სამინისტროს პრიორიტეტად არის ქცეული“

პოეტი დავით მაღრაძე კულტურის სამინისტროს პროექტ Check-in Georgia-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობის არაჯანსაღი საკონცერტო ვნებები საყვედურს იმსახურებს. მისი თქმით, კულტურის სამინისტროს ვალდებულება სულაც არ არის, შოუბიზნესი ბიუჯეტის პრიორიტეტად აქციოს და ეს სერიოზული შეცდომაა.

დავით მაღრაძე ერთადერთი არ არის, რომელსაც კულტურის მინისტრის მისამართით შეკითხვები უჩნდება. ბოლო პერიოდში კულტურის მინისტრის მიმართ არაერთი ბრალდება გაისმის, მათ შორის, მიხეილ გიორგაძეს საყვედურობენ იმასაც, რომ იგი, როგორც შოუბიზნესიდან მოსული კაცი, ისევ უცხოურ შოუბიზნესს უხდის ხარკს და ცდილობს, თანხები სწორედ ამ მიმართულებით გახარჯოს.

ასე მოხდა პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებშიც, რომლის თანახმადაც, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაღებული 29 მილიონი ლარის საფასურად მსოფლიო დონის ვარსკვლავები თანხმხლებ პირებთან ერთად საქართველოს ესტუმრებიან. მათ შორის იქნება უკვე ასაკში შესული ხოსე კარერასი, ეროს რამაზოტი (66 ადამიანის თანხლებით), რობი უილიამსი (55-კაციანი ჯგუფით), Maroon 5 -ი, GROOVE SONI-ი და სხვები.
ამბობენ იმასაც, რომ კულტურის მინისტრის საქმიანობით და კორუფციული გარიგებით განსაკუთრებით დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი. ყოფილი პრემიერის ყურადღება გიორგაძის პერსონამ მას შემდეგ მიიპყრო, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნდა კვლევა კულტურის სამინისტროში არსებული კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. ამან შიდა სახელისუფლო წრეებშიც დიდი კამათი გამოიწვია და მმართველი ძალის შიგნით დღის წესრიგში კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დადგა. არაოფიციალური ინფორმაციით, თავის მართლების მიუხედავად, გიორგაძემ შესაძლოა, თანამდებობა მაინც დატოვოს.

რამდენად ეფექტური მინისტრია მიხეილ გიორგაძე და მართლაც იქცა თუ არა უცხოური შოუბიზნესი ჩვენი კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის პრიორიტეტად?!

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა ოჩიაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საწინაღმდეგო არ აქვს არც ჯაზის, არც უცხოური შოუბიზნესის მიმართ, მაგრამ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს კულტურის სტრატეგია, რომელიც გამორიცხავს ამ ტიპის ხარვეზებს და თანაბარ ყურადღებას დაუთმობს ხელოვნების სხვა დარგებსაც.

„შოუბიზნესი სად არის საქართველოში? შესაძლოა, ეს სიტყვა პირობითად გამოვიყენოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ იმ მუსიკოსებს, მომღერლებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომლებიც ნამდვილად საინტერესონი არიან. ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე რობი უილიამსის ჩამოყვანა, რომელიც, ალბათ, კარგი მომღერალია, მაგრამ პირადად მე არ მაინტერესებს, არც მიყვარს, ბევრად უფრო სიამოვნებით მოვუსმენდი ქართველ ახალ მომღერლებს. თუმცა შესაძლოა, მე არ მაქვს სწორი პოზიცია და ვიღაცას უფრო ჯანსაღი აღქმა აქვს ამ პროცესების. მე მირჩევნია, 29 მილიონი თუ ორჯერ 29 მილიონი მოხმარდეს იმას, რომ ქვეყნის შიგნით უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ხელოვნება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გამოვყოფ კინოსა და თეატრს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სფეროები უყურადღებოდაა მიტოვებული, თუმცა, თუკი თეატრალური და კინოფესტივალების ბიუჯეტები გაიზრდება, ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით წაადგება ქართულ კულტურას, არამედ ქვეყნის გარეთაც და ამით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდება. კინოცენტრისთვის გამოყოფილი თანხა, თუ არ ვცდები, 5 მილიონია, ორ-სამჯერ მაინც არის საჭირო ამ ბიუჯეტის გაზრდა. კინო ერთ-ერთი ძვირი დარგია, დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ მას, ასევე, შეუძლია დიდი მოგების მოტანა.

ვყოფილვარ კინოცენტრის კომისიებში და ყოველთვის ვაწყდებით ერთ პრობლემას, გვინდა, რაც შეიძლება, მეტი ფილმი დავაფინანსოთ, მაგრამ სრულფასოვნად ვერ ვაფინანსებთ. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს რომელიღაც ქვეყანაში 5 მილიონი ერთ ფილმსაც არ ჰყოფნის. ჩვენი რეჟისორები იძულებულნი არიან ერთი ფილმი 500-700 ათას ლარად გადაიღონ, ისიც თანადაფინანსებით. ამიტომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან ბევრად დიდი თანხა უნდა მოხმარდეს ფესტივალებს, თეატრის თუ კინოცენტრის განვითარებას, საგამომცემლო საქმეს, მხატვრობას, რადგან ფინანსური ხელშეწყობა ნახევარი საქმეა“.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებს, ამის შესახებ ლელა ოჩიაური ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის არასწორი პრიორიტეტით უკმაყოფილონი არიან, რადგან აშკარად ჩანს გადაწონვა და მეტი წილი მიდის რომელიღაც სხვა სფეროებზე, ვიდრე ლიტერატურაზე, თეატრსა და კინოზე.

მისივე თქმით, შოუბიზნესის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შეიძლება საქართველოში ჩამოჰყვეს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა და შესაძლოა, ეს ტურიზმის განვითარებასაც მცირედით წაადგეს, მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე. მთლიანობაში კი, ნებისმიერი ქვეყნის არსებობა გამართლებულია იმით, რას ქმნის ადგილობრივ ეს ქვეყანა და როგორ ყიდის უცხოეთში მის მიერ შექმნილ პროდუქტს.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში კულტურის სამინისტროში სავარაუდო კორუფციულ სქემებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, არის გარკვეული გადაცდომები, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი კომისიის შექმნა. ისე კი, კომუნისტებიდან დაწყებული, კულტურული პოლიტიკის მიმართ გოგი ხოშტარიას აქვს შენიშვნები. ასეთივე შენიშვნები ჰქონდა სააკაშვილთან ესთეტიკური საკითხების გამო თუნდაც ბაგრატის ტაძართან ან თუნდაც თავისუფლების მოედანზე დადგმულ „ბიჟუტერიასთან“ მიმართებით, წმინდა გიორგის ქანდაკების სახით, რითაც დაამახინჯეს დედაქალაქი.

„როცა გაფხეკილია ქვეყანა და სიღარიბე ძალიან მაღალ დონეზეა, შოუბიზნესის ვარსკვლავების ჩამოყვანა და ამხელა თანხის ხარჯვა არ შეიძლება. ამის გამო კულტურის სამინისტროს მაინც ვერ გავაკრიტიკებ, ეს უფრო ზემოთ წყდება, თორემ მიხეილ გიორგაძე იმ 29 მილიონს ასე უბრალოდ, მთავრობის ნების გარეშე, ვერ გამოყოფდა. ნეტავ, ჩვენებმაც ისე გამოიჩინონ თავი, რომ უცხოეთში დაუძახონ, ამის ცალკეული მაგალითები არის, ნინო სურგულაძის და სხვათა სახით, რომელმაც ოსკარი მიიღო იტალიაში, როგორც საუკეთესო მეცო-სოპრანომ. ჩვენ არ გვაქვს იმ დონის შოუბიზნესი, რა დონისაც უნდა იყოს და ამაზე უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, მე არ მომწონს ქალაქის ვიზუალური მხარე. იგივე „პანორამა თბილისი“ რამდენად სწორი და ესთეტიკურია? სპეციალისტებს შორის ამაზე ღია მსჯელობა ყოფილა? „პანორამა“ არ მომწონს და იცით, რატომ? ერთი-ორის გარდა, თბილისში ძალიან მაღალი დონის შენობა თითქმის არ გვაქვს, რომელსაც მსოფლიო თანამედროვე კულტურაში ახსენებენ. სამაგიეროდ, თბილისს აქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტური ხიბლი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი დედაქალაქი გაშლილია მტკვრის დინებისა და ჩამოდენილი ხეობების გასწვრივ. ეს ქმნის ბუნებისა და განაშენიანების ძალიან ლამაზ სინთეზს და ამ დროს ბუნებრივ ფორმებში ხელოვნური ჩარევა ძალზე სახიფათოა.

ეფექტურია თუ არა მიხეილ გიორგაძე, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. პრეტენზია მაქვს უფრო მისი მოადგილის მიმართ. კახა კანდელაკი შესაძლოა, ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ აკადემიაში რექტორად თუ არა, პროფესორად მაინც არ მიიწვიეს 27 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე მხატვარი გია ეძგვერაძე. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამხატვრო აკადემიაში. ამ დროს კი ისეთმა კომისიამ დაიწუნა, რომლის თავჯდომარეც იყო აბსოლუტურად ნული, როგორც კურატორულ საქმეში, ისე შემოქმედებითში - ვინმე ილო ზაუტაშვილი“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ და ამასთან, თბილისის ისტორიული ძეგლების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა ისურვა, რადგან თბილისის ქუჩები, მათი განლაგება, წყობა თვითონ ანსამბლურია, ამ დროს კი ვერე ვერეს აღარ ჰგავს, სოლოლაკი-სოლოლაკს, ხოლო მთაწმინდა-მთაწმინდას. ეს ყველაფერი თბილისის მშვენება იყო, ამას მოვლა სჭირდება და არა - მაღლივი შენობების ჩადგმა.

მომღერალი მამუკა ჩარკვიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უცხოური შოუბიზნესის წარმომადგენლების ჩამოყვანა ძალიან კარგი იქნებოდა დალაგებულ ქვეყანაში.

„ვერ ვიტყვი, რჩებათ თუ არა ქართველი მომღერლებისთვის დრო, მაგრამ ცოტა შემოიჭირონ ქამრები, რადგან ხალხს უჭირს. არ აქვს ქვეყანას იმის საშუალება, მილიონები გადაუხადონ უცხოური შოუბიზნესის წარმომადგენლებს. ქართველებისთვის, ეტყობა, ადგილი არ რჩებათ. მე ჩემი მდგომარეობა არ მალაპარაკებს, ვწუხვარ იმას, რომ ხალხი მხოლოდ ინგლისურად მღერის. მე-8 თვეა ვწევარ, პირადად არ ვითხოვ არავითარ დახმარებას, მაგრამ კარგი იქნებოდა, მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანებისადმი მეტი ყურადღება გამოეჩინათ“.