გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა ე.წ. პანამური დოკუმენტების ბაზა გაასაჯაროვა. სიაში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული 214 ათასი კომპანია შედის. გასაჯაროებულ დოკუმენტებში საქართველოს 85 მოქალაქის სახელი ფიგურირებს. ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია. დოკუმენტები პანამურ იურიდიულ კომპანიას „Mossack Fonseca“-ს ეკუთვნოდა.
დოკუმენტები 1977-2015 წლების პერიოდს მოიცავს. 11,5 მილიონი დოკუმენტი თავდაპირველად, დაახლოებით, ერთი წლის წინ გერმანულმა გამოცემა „Suedduetsche Zeitung - მა“ ჯონ დოუს ფსევდონიმით ცნობილი პირისგან მიიღო. გამოცემამ ფაილები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის დამუშავებაში ათასობით ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.
„პანამური დოკუმენტების“ გასაჯაროებას რამდენიმე ხმაურიანი გადადგომა მოჰყვა - თანამდებობები დატოვეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა და ესპანეთის მრეწველობის მინისტრმა. სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო ევროპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ე.წ. „პანამურ დოკუმენტებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეისწავლის.
„პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებული 85 ქართველის სია საკმაოდ შთამბეჭდავია, რომელშიც როგორც ყოფილი, ასევე მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ - არჩილ კბილაშვილი (09001000978) – Harrington Development Inc. (POA), დავით ასათიანი (60002015846) – Harrington Development Inc. (POA), ირაკლი კანდაშვილი (01024033307) – Harrington Development Inc. (POA), ზაზა ოქუაშვილი (01024004133) – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი), ირაკლი იაშვილი (01008000365) – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი), გიორგი კაპანაძე (53001000014) GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი),
დავით კეზერაშვილი (01015000210) – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი), ბიძინა ივანიშვილი (01015004952) – LYNDEN MANAGEMENT LTD. (მფლობელი), რევაზ შარანგია (01009002573) – SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი), ივანე ჩხარტიშვილი (01025003134) – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), კობა ნაყოფია (01024003832) – Cuento Portfoilio Corp. (POA), ხვიჩა მაქაცარია (62005003653) – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი).
გიორგი გაჩეჩილაძე (01008002195) – Garissa Ltd (მფლობელი), დავით იაკობაშვილი (81670851 – შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი), ვასილ ბიბილაშვილი (01031003582) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ზაზა ბიბილაშვილი (01008004613) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ირაკლი კორძახია (01009000775) – ARGOTRANS LIMITED (POA), კახა დამენია (19001000498) – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი)
ე.წ. პანამური დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემები ქართულ მედიას პროექტის „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა“ წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს. მათივე განმარტებით, ქართველების ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელი, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია.
„თავისთავად პრობლემა არ არის და არც დანაშაულია ის, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში ფლობს კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ დამალონ გადასახადები ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობები განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ.
სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადად არიან მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში დიდი ბიზნესები აქვთ და სარგებლობენ ოფშორული კომპანიების მომსახურებით. შედარებით უცნობი გვარები კი არიან წარმომადგენლები - ძირითადად ესენი არიან იურისტები, რომლებსაც აქვთ მინდობილობა და ახორციელებენ იურიდიულ საქმიანობას, თუმცა თუ ნახავთ ამ კომპანიებს, ადვილად გასარჩევია, ვისთან აქვთ კავშირები და ვის შეიძლება წარმოადგენდნენ სინამდვილეში“, - ამბობს ნინო ბაქრაძე.
ოფშორი რომ სააკაშვილის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფინანსების თავშესაფარია, ამაზე ექსპერტები ღიად საუბრობენ და ამასვე ადასტურებს დოკუმენტში მოხსენიებული მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომელთა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და საქართველოს პარლამენტს წარმოადგნენ, ნაწილი კი - მათთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან. თუმცა, არც ერთი მათგანი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს არის დედა ენა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური საქმიანობის.
„მოთხოვნილება, ასეთი გამოძიებისა, სრულიად სამართლიანად იარსებებს ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მისი რეალობა ეჭვს იწვევს, რადგან ვერაფრით შევთანხმდებით იმაზე, თუ ვინ უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. პარლამენტის კომისია არ იქნება ნდობის სუბიექტი, რადგან ორი ისეთი ძალაა დამკვიდრებული, რომლის წევრებიც ფიგურირებენ ამ სიაში. პროკურატურას რომ ამდაგვარი ცდუნება გაუჩნდეს, ეს უმალ უარყოფის თემა უნდა იყოს, ვიდრე მხარდაჭერის. ამიტომ, ვიდრე არ შეიქმება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, მანამდე ეს სია იქნება მხოლოდ ჭორების გავრცელების საგანი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ე.წ. პანამურ დოკუმენტში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი მის კოლეგა იურისტებთან – დავით ასათიანთან და ირაკლი ყანდაშვილთან ერთად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია Harrington Development-ს წარმოადგენს. დოკუმენტებში კბილაშვილის სტატუსია – Power of Attorney (POA), რაც ნიშნავს პირს, რომელიც წარმოადგენს კომპანიას სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებისას ან პირს, რომელსაც კომპანიის მფლობელი აძლევს იურიდიული ძალის მქონე მინდობილობას. კომპანია Harrington Development, რომელსაც არჩილ კბილაშვილი წარმოადგენს ძირითადად სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სეგმენტში ოპერირებს.
„ასეთი მინდობილობები ასეულობით მაქვს მიღებული, ისევე როგორც სხვა ადვოკატებს და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ეს არის დაახლოებით, ისეთი კითხვა, ქირურგს, რომ ჰკითხო - გაუკეთებია თუ არა მას ოპერაცია ამა და ამ პირისათვის 2 წლის განმავლობაში“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
კბილაშვილი და მისი კოლეგა იურისტები ოფშორულ კომპანიებთან კავშირს ძირითადად თავიანთ საადვოკატო საქმიანობით ხსნიან. იურისტი დავით ასათიანი ამბობს, რომ 2012 წლიდან საადვოკატო დახმარებას უწევს ერთ-ერთ პანამურ კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, მათგან მიღებული აქვს მინდობილობა, მხოლოდ, საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილებებით.
„ამდენად, რაიმე მესაკუთრეული, მენეჯერული თუ სხვა სახის კავშირი, გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არ გამაჩნია. რაც შეეხება ზოგადად ოფშორული კომპანიების თემას, იმ პირობებში როცა საქართველოში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ოფშორული კომპანიები წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ესეც ვერ იცავდა მესაკუთრეს.
ამდენად, ბიზნესების მიერ კომპანიათა ამ სტრუქტურის გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია, რასაც ალბათ, ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებისა და საჯარო თანამდებობის პირების შემთხვევაში, რაც მართლაც იმსახურებს დამატებით გამოკვლევას“, - აცხადებს დავით ასათიანი.
for.ge-სთაბ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოფშორული კომპანიები გარკვეული ოპტიმიზაციისთვისაც გამოიყენება და ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც კანონთან შესაბამისობაში მუშაობენ.
„დღეს, ეკონომიკა გლობალიზებულია და ასეთ სქემებზე ყველა მუშაობს, მაგრამ ამ სიასთან დაკავშირებით გასატესტია რამდენიმე დეტალი. უნდა ჩამოყალიბდეს ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც იმუშავეს და შეისწავლის მონაწილეობდნენ თუ არა ეს კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში და პრივატიაზაციაში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული კითხვები გაჩნდეს, გარკვეულ კორუფციულ სისტემებთან დაკავშირებით.
ამ 85 კაციან სიაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით, რადგან მისი რამდენიმე კომპანია ფიგურირებს. ეს ყველაფერი შესამოწმებელია სახელმწიფო ტენდერებთან, პრივატიზაციასთან და ქვეყნიდან მსხვილი თანხების გადინებასთან მიმართებაში. თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ ოფშორული კომპანიის ფლობა კრიმინალია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით შესამოწმებელია. ამიტომ, სპეცსამსახურებთან ერთად უნდა შეიქმნას ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც შეისწვალის ამ თემებს და საკმარისი მტკიცებულების საფუძვლის შემთხვევაში მასალებს გადსცემს გამოძიებას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს, გია ხუხაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ არჩილ კილაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აქტიურად მოქმედებდა ოფშორული კომპანიები და ხელშეკრულებები იდებოდა თუნდაც, იურიდიულ მომსახურებაზე, მაშინ ეს საკამრისი საფუძველია იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს.