„ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ მეჭიაური „ქართული ოცნების“ ფარული ჩანაფიქრების მთავარ გამხმოვანებლად გამოაცხადონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება, რომ წინასაარჩევნოდ მეჭიაური „ქართული ოცნების“ სახე გახდეს, რაც მისივე თქმით, მმართველი ძალისთვის წამგებიანი იქნება.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს მეჭიაური, იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე რესპუბლიკელი აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ სიაში, მაშინ ის დატოვებს პარტიას. როგორ ფიქრობთ, მეჭიაური არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დამოუკიდებლად აკეთებს ასეთ განცხადებებს?
ვახტანგ ძაბირაძე: თამაზ მეჭაურის განცხადებები არანირი გადაწყვეტილების შემცველი არ არის. ის აფიქსირებს პოზიციას. სწორი არ იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ მეჭიაურია ისეთი, რომელსაც რესპუბლიკელებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არ აქვს. იქ არიან ჯგუფები, რომელთათვის მიუღებელია რესპუბლიკელებთან ერთ ბლოკში ყოფნა. თუ „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და ლიდერი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მეჭიაურიც და დანარჩენებიც ჩუმად იქნებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მეჭიაური გარკვეული ჯგუფის მოსაზრებას ახმოვანებს.
რამდენად გავლენიანი ჯგუფია, ვის მოსაზრებასაც ახმოვანებს მეჭიაური? ეს არის პრემიერთან დაახლოებული ჯგუფი, თუ საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც დაახლოებულია ყოფილ პრემიერთან...
- მესმის რასაც ამბობთ. მეჭიაურმა გააკეთა განცხადება, მაგრამ ეს რა ისეთი გადაწყვეტილებაა? რესპუბლიკელები უკვე აღარ არიან ალიანსის წევრები, დამოუკიდებლად ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას. გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნა მიღებული, როდესაც ალიანსი დაიშალა. ამიტომ, დღეს რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მეჭიაურმა და როგორც არ უნდა უპასუხონ რესპუბლიკელებმა, ეს რეალობა ნამდვილად არ შეიცვლება.
შესაძლოა „ქართული ოცნების“ კულუარებში საუბარი იყოს შემდგომ თანამშრომლობაზე, ან ისევ ბლოკის შექმნაზე და თუკი ამის საწინააღმდეგოდ პრევენციული განცხადებები კეთდება მეჭიაურის მხრიდან, მაშინ გასაგებია. როდესაც ვლაპარაკობთ ჯგუფზე, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკელების ალიანსში ყოფნა პარტიულ სიაში ამცირებს გამსვლელ ადგილებს, ამიტომ არამარტო მეჭიაურისთვის, არამედ სხვა ჯგუფისთვის შეიძლება რესპუბლიკელები მიუღებელი იყოს როგორც პარტნიორი, რადგან კონკურენციაა გამსვლელ სიაში მოხვედრაზე.
ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას კონკურენციით თუ ავხსნით, მაშინ როგორ აიხსნება მეჭიაურის განცხადება, რომ „ნატო არის აბსურდი და უნდა გავაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან, რუსეთის გარეშე ტეროტორიებს ვერ დავიბრუნებთ“?
- რა თქმა უნდა, რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს მეჭიაურის განცხადება, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანება პრობლემებს შეგვიქმნის აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ურთიერთობაში, ეს განცხადება მიმართულია დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ, რასაც ამ შემთხვევაში ქადაგებენ რესპუბლიკელები.
მეჭიაურის განცხადებას გაემიჯნა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ნატოშიც ესმით, რომ ალიანსის ახლავე წევრობა დამაზიანებელია. როგორც ჩანს, უმრავლესობაში არ არის ერთიანი პოზიცია და ეს პრობლემას არ უქმნის „ქართულ ოცნებას“? მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას...
- გეთანხმებით, რომ „ქართული ოცნებაში“ არ არის ჩამოყალიბებული საგარეო ორიენტაცია. იქ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად მერყეობენ, შეიძლება არ გამოდიან და ღია ტექსტებით არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება იგრძნობა. იგივე ვოლსკი არასდროს ლაპარაკობს რაღაც ნეიტრალიტეტზე, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კურსი არის პროდასავლური. დანარჩენი გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.
რამდენად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ როგორ ჩამოაყალიბებს პარტიის საგარეო ორიენტაციას? მით უმეტეს, რომ კითხვის ნიშნები მმართველი გუნდის წინააღმდეგ არსებობს...
- ცხადია, რომ ეს საგარეო ვექტორი აუცილებლად იქონიებს გავლენას ამომრჩევლის მოზიდვაზე. ამ პროცესში საინტერესო იქნება როგორ დაკომპლექტდება მმართველი ძალის საპარლამენტო სია. პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ კურსი განსაზღვრულია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ალიანსი დაიშალა, კითხვის ნიშნები გაჩნდა „ქართული ოცნების“ საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მთლიანობაში პარტიას და არა ცალკეულ პერსონებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უნდა იფიქროს. ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აქვს ჩამოყალიბებული თავისი საგარეო ვექტორი, ეს აღარ გამოვა. მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მიმართ კითხვებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამ ფონზე მეჭიაურის განცხადებები, რა თქმა უნდა, აძლიერებს ამ ეჭვს. ამიტომ, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი იქნება როგორ ჩამოაყალიბებს საგარეო კურსს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ემიჯნება მეჭიაურის განცხადებას, ფაქტია, რომ კოალიციაში არიან პრორუსული ძალები, თუნდაც იგივე მრეწველები, რომლებიც ანალოგიური შინაარსის მესიჯებს ახმოვანებენ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივი აზრის მომზადება მიმდინარეობს იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს საგარეო კურსის გადახედვა?
- ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს ქართულ საზოგადოებას, იცის, რომ საზოგადოების აბსულუტური უმრავლესობა ლაპარაკობს დასავლურ ორიენტაციაზე. მხოლოდ პარტიებში და საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილი ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობაზე. ამიტომაც, შესაძლოა, ეს იყოს მოსინჯვა და საზოგადოებრივი აზრის ზომბირება. მაგრამ ნებისმიერ ასეთ განცხადებას მოსდევს-ხოლმე მკვეთრი რეაქცია, იგივე საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეების მხრიდან. ამ მკვეთრი რეაქციის გამო, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს დადასტურება იმისა, რომ პროდასავლური კურსი არის უცველი.
რა იქნება არჩევნების შემდეგ, ეს ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ მეეჭვება, რომ პარლამეტში მოვიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან დასავლურ ორიენტაციას. მაშინ ეს ნიშნავს, რომ რაც ვერ გადაწყდება პარლამენტში, გადაწყდება ქუჩაში, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. არ მგონია ასეთ რისკზე ხელისუფლება წავიდეს. უნდა ითქვას, რომ ალიანსის დაშლის შემდეგ „ქართული ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება უმრავლსობის მოპოვება, ამიტომ მას აუცილებლად დასჭირდება პარტნიორი პარტიები.
პარტიები შეიძლება იყვნენ ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა?
- რამდენადაც მახსოვს, „ქართუმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ არც ერთ ამ ორგანიზაციასთან არ ექნებათ ალიანსი.
მაშინ გამოდის, რომ რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ გახდებიან პოლიტიკური პარტნიორები?
- ჩემი აზრით, არის დაახლოებით 6-7 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ჩვენ არ ვიცით არჩევნების შემდეგ როგორ ჩამოყალიბდება სპექტრი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. როგორი იქნება მომავალი პარლმანეტი, ცოტა რთულია ამაზე ლაპარაკი. ალბათ, იქნება კოალიციური მთავრობა.
რესპუბლიკელების განცადებით, კომიტეტის თავმჯდომარე რომელიც პარტიონარად რუსეთს ასახელებს, უნდა გაირიცხოს პარტიიდან. თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს მეჭიაურის გარიცხვას. როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს ოპოზიცია, რომ მეჭიაური გააგივოს „ქართული ოცნებასთან“?
- რაც შეეხება რესპუბლიკელების მოთხოვნას, გარედან კარნახით ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამართლებულად არ მიმაჩნია. მეჭიაურს ვერ გადამალავენ და ამას ოპოზიცია არ დაუშვებს. აშკარაა, ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ მეჭიაური „ქართული ოცნების“ ფარული ჩანაფიქრების მთავარ გამხმოვანებლად გამოაცხადონ. როგორც ჩანს, მათ გააკეთეს გარკვეული მოსინჯვა საზოგადოებაში და ამიტომაც მათი მიზანია მეჭიაური „ქართული ოცნების“ ლიდერად ითვლებოდეს. შეეცდებიან, რომ „ქართული ოცნების“ სახე გახდეს.
ერთია რას აკეთებს ოპოზიცია და მეორეა, რამდენად აძლევს ხელს „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოებამ მეჭიაური აღიქვას „ქართული ოცნების“ ლიდერად?
- ეს მათი გადასაწყვეტია. ამიტომ, უნდა დასხდნენ და იფიქრონ ამაზე. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება, მაგრამ თუ თავად სხვაგვარად თვლიან, არ ვიცი.