გიორგი ვაშაძე პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. for.ge–ს ინფორმაციით ვაშაძის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის. დაპირისპირების მიზეზი კი საარჩევნო სიის დაკომპლექტება გახდა.
for.ge–ს ინფორმაციით, სიის დაკომპლექტების მიზნით, ადეიშვილი უკრაინაში ჩავიდა და სააკაშვილისგან კატეგორიულად მოითხოვა სიის პირველი ათეულიდან – ნიკა მელიას, ირაკლი აბესაძეს, გიორგი კანდელაკისა და რომან გოცირიძის კანდიდატების ამოღება, რადგან ადეიშვილი თვლიდა, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო პირველი ათეულის ახალი კადრებით შევსება. თუმცა, ადეიშვილის ეს არგუმენტები არ გაიზიარა ექს–პრეზიდენტმა, რასაც საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს დაპირისპირება გახდა ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი და ეს გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა მიიღო.
for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ადვილად გასაგებია თავად ადეიშვილის აღშფოთება, რადგან მას არ გაუჭირდებოდა პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში მოხვდებოდნენ – მელიები, მგლები, ტურები და ა.შ.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: არადეკვატურ რეალობაში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც რომელიმე პარტიას არ ჰყავს მოქმედი და საერთო ლიდერი, ასეთ შემთხვევაში სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც კი ძნელდება. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ დაობლებულია, რადგან საქართველოს მოქალაქე სააკაშვილი პრაქტიკულად აღარ არსებობს. მართალია მას აქვს პრეტენზია, რომ ერთდროულად მართოს ორი ქვეყნა, მაგრამ ორ კურდღელს გადევნებული მონადირე რომ ვერაფერს აღწევს, ცხადია. მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსი ვერ შეძლებს უკრაინისა და საქართველოს ერთდროულად მართვას. ჩემს გონივრულ ეჭვს ადასტურებს თქვენი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადეიშვილი უფრო გონიერი პოლოტიკოსია, ვიდრე სააკაშვილი. თუმცა, გონიერება სიკეთის გარეშე, მხოლოდ ბოროტების მთესველია.
გულისხმობთ, რომ ადეიშვილიც წვლილიც ისეთივე იყო ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, როგორიც სააკაშვილის?
– რასაკვირველია, ანგელოზად არავის წარმოუდგენია ადეიშვილი, რომლის წვლილი საკმარისზე მეტია იმ მიღებულ სახელისუფლებო ქმედებებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 9 წლის განმავლობაში, მაგრამ მისი კადრები, რასაკვირველია, უპირველესია ნებისმიერი პოლიტიკური წინსვლისთვის და ის სრულიად ღიაა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ფავორიტები იყვნენ სწორედ პირველ ხუთეულში.
ალბათ, ვაშაძის გარდა ამ ხუთეულში ის წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ექს–პრეზიდენტს, ამხანაგ ქადაგიძესაც. გარდაუვალი იყო ასეთი დაპირისპირების აუცილებლობა, რაც უკვე დაიწყო. როგორ განვითარდება პროცესები, ამაზე ნუ ვიჩქარებთ საუბარს და ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვეთ პროცესებს, რომელიც აშკარად აქტიური ქმედებების პერიოდი იქნება იმ პოლიტიკური ნარჩენებისთვის, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ აბრად გაკრული აქვთ სახელი „ნაციონალური მოძრაობისა“.
ანუ, ადეილშვილსა და სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირება მხოლოდ გიორგი ვაშაძით არ შამოიფარგლება და ამას შეიძლება სხვა გაგრძელება მოყვეს, თუნდაც იგივე ფინანსების თვალსაზრისით?
- არ მაქვს ინფორმაცია ვის უფრო დიდი წვდომა აქვს კეზერაშვილის ჯიბეებში, ადეიშვილს, თუ სააკაშვილს. ალბათ, საფუძვლიანი იქნება ეჭვი, რომ ვინც უფრო ავსებდა ამ ჯიბეებს, მეტი წვდომაც მას ექნება, ეს არის ძირითადი შემადგენელი იმ პერსპექტივის რეალიზებისთვის, რისი სურვილიც აქვთ ახლა სულ ცოტა, ორად გაყოფილ „ნაციონალური მოძრაობას“. არაფერს ვამბობ „გირჩზე“ და ნაციონალთა ანდერძით შექმნილ პოტენციურ სუბიექტებზე.
ჩემთვის ადვილად გასაგებია თავად ადეიშვილის აღშფოთება, რადგან მას არ გაუჭირდებოდა პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში მოხვდებოდნენ – მელიები, მგლები, ტურები და ა.შ.
ვეცადოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ პროცესებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს. ზედმეტ ენერგიას ნუ დავხარჯავთ იმაზე, ვინ ვის რა ხერხით აჯობებს. ნუ ვიქნებით სულმოუთქმელნი. ბუნებრივია, რომ ამ დაპირისპირების პროცესში იქნება განვითარების პროცესიც და როგორც ნათქვამია - გაწყდეს იქ, სადაც უფრო ვიწროა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფინანსური პრობლემები?
- რასაკვირველია. ჯერ კიდევ ფინანსური პოლიციის უფროს კეზერაშვილს შევუთვალე, რომ თუ საჯაროს არ გახდის ინფორმაციას ვინ არის იმ უსამართლო ქმედების დავალების გამცემი, რომელსაც მისი პოლიცია ჩადიოდა, მაშინ თვითონ გავასაჯორევებდი ამ ინფორმაციას, რაზეც პასუხად შემომითვალა – „ხომ იცით, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ 3 ადამიანს ვექვემდებარები და გთხოვთ, მედიაში ამას ნუ გააჟღერებთ“. მაშინ ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია.
დღეს კი, როდესაც არის მცდელობა იმისა, რომ წინასწარ განვსჭვრიტოთ „ნაციონალური მძრაობის“ სრულიად უსაფუძვლო ნაბიჯები, შეიძლება ითქვას, რომ ფინასებთან მეტი წვდომა კვლავ სადისტებს და მძარცველებს აქვთ. უფრო ცივილიზებულად მოაზროვნე ნაწილს, რომელთაც მომავალი ქმედებების მიმართ განსხვავებული ხედვა აქვთ, სწორედ ფინანსების სიმცირე აიძულებთ, რომ ჩრდილში იყვნენ, ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის, რადგან რაიმე ფინასური აღზევების სანდო წყაროს ვერ აგნებენ.
საარჩევნო სია არ დაკომპლექტდა იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას ადეიშვილი ითხოვდა, საარჩევნო სია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა – დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზაზა ბიბილაშვილი, ნიკანორ მელია, ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. რომელია აქედან ახალი სახე, რომელსაც საზოგადოება მანამდე არ იცნობდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ან მომხრეს? რას აძლევს ეს სია „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც ეს ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ საზოგადოებაში?
- დღეს, ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში არის უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი. ეს ჩამონათვალიც მისი ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ, ძალიან ნუ ვწუხვართ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში არ ჩანან გენიოსების შთამომავლები, თუ კიდევ უფრო მაღალი გონიერებისა და პიროვნული თვისებების მატარებლები. ერთი რამ ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების წინაშე ასეთი კარიერული წინსვლა არ იქნება მიღებული, როგორც სიკეთისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ამ სახეებით რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“? ვაშაძე ამბობს, რომ ბაქრაძე უბრალოდ ფასადია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იქ გადაწყვეტილებას იღებენ კადრები, რომლებიც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ აქტიური სახეები იყვნენ...
- „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირისუფლად ვერ გამოვდგები, ამოტომ ვეცდები ვიყო ლიტერატული ენის ფარგლებში და წარმატება ვუსურვო ყველას, ვისაც აქვს უნარი, რომ საკუთარი შეცდომები გაიაზროს, აღიაროს და მოინანიოს. მონანიების გარეშე არც ერთ ყოფილ პირს, რომელიც წარმოადგენდგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ექნება რაიმე საღი პერსპექტივის შესაძლებლობა. ძალიან დიდ წუხილს გამოვთქვამ, თუ გაივლის ხანი და ანალოგიური მონანიების რეჟიმის აუციულებლობა დაუდგება „ქართულ ოცნებასაც“.
ვაშაძის განცხადებების შემდეგ ელოდებით, რომ რღვევის პროცესი გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სიმპათიები გადაიხაროს ადეიშვილის გუნდისკენ? რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, ადეიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ დაიშალოს.
-ზურიკელა უფრო გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი უკრაინელი მიშიკო. ამიტომ, ის რაც ანონსირდებოდა განვლილი 3-4 დღის განმალობაში, რომ იქნება რღვევა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, რეალობასთან ახლოსაა მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიშიკოსთვისაც და ზურიკელასთვისაც ფინანსები ბევრად უდრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე სახელი და გვარი თავის პოლიტიკურ სივრცეში.