დაახლოებით 70 წლის შუალედით თურქული პრესა კვლავაც ალაპარაკდა სტალინის განზრახვაზე, რომელიც ცდილობდა დღევანდელი თურქეთის იურისდიქციაში მყოფი მიწების საქართველოსთვის დაბრუნებას. თურქული პრესა სტალინის საქციელით ისე გაოცებულია, თითქოს ეს მიწები ოდითგანვე თურქეთს ეკუთვნოდა.
სხვათა შორის, თავის დროზეც ანტისაბჭოთა მასალები თურქულ პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა, სათაურით „წითელი ფაშიზმი“, რომელიც არ განსხვავდება გერმანული ფაშიზმისგან“, „რუსეთს ჩვენს მიწებზე, ჩვენს აღმოსავლეთის ვილაიეთზე თვალი უჭირავს“.
სინამდვილეში, ეს ის ქართული მიწებია, რომლებიც 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთის უსაფუძვლო მოთხოვნის შედეგად საბჭოთა ხელისუფლებამ დათმო. იმხანად საქართველოს ჩამოშორდა ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორი- ართვინი, არტაანი, ყარსის ოლქი და სხვა.
დღესაც თურქულ მედიაში ვკითხულობთ სტატიას, თუ „როგორ ცდილობდა საბჭოეთის ქართველი ბელადი - იოსებ სტალინი არტაანის ოლქის საქართველოსთვის მიერთებას 1940-იან წლებში“.
თურქული გამოცემის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული თათბირის ოქმიც ადასტურებს, რომ არტაანის დაბრუნების თაობაზე იოსებ სტალინმა მოსკოვში 1945 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერნსტ ბევინსაც განუცხადა. უფრო მეტიც, იოსებ სტალინი ამტკიცებდა, რომ არტაანი და კიდევ ერთი თურქული პროვინცია - ყარსი ქართველებითა და სომხებით იყო დასახლებული და ამიტომ საბჭოთა კავშირს უნდა დაბრუნებოდა.
მართლაც, სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ ყველა მოელოდა, რომ თურქეთთან ომი გარდაუვალი იქნებოდა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიები დაუბრუნდებოდა. ბევრს აიმედებდა ისიც, რომ თითქმის იმავე პერიოდში სტალინის ბრძანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლად დაინიშნა მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი.
უფრო მეტიც, ამ კამპანიაში საქართველოსა და სომხეთის ინტელექტუალებიც ჩაერთვნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სომხური დიასპორა. იბეჭდებოდა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის სტატიები - „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“. იმთავითვე აშკარა იყო, რომ კრემლი ამ სტატიებს პოლიტიკური მიზნით ამზადებდა. ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას აქტიურად მოითხოვდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც. კათალიკოსი ამბობდა, რომ თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრ ოსმალეთს საქართველოსთვის ძირძველი ქართული მიწა-წყალი უნდა დაებრუნებინა. ამ ტრაგიკულ მოვლენას მიეძღვნა ილო მოსაშვილის დრამა „ჩაძირული ქვებიც“, რისთვისაც ილო მოსაშვილს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
საინტერესო ის იყო, რომ ჯერ კიდევ დაუბრუნებელ ტერიტორიებზე საბჭოთა ნომენკლატურა ოლქკომიტეტის მდივნებს ამზადებდა. საუბარია ართვინის, არტაანის, ტრაპიზონის რაიკომის მდივნებზე.
აკაკი ვასაძის მოგონებებიდან კი ირკვევა, რომ სტალინი პირად საუბრებში არ მალავდა, თურქეთი საბაბს არ გვაძლევს, მიტაცებული ჩვენი მიწები დავიბრუნოთ, თორემ ყარსსა და არდაგანს ტრაპიზონამდე უკან ჩავიბარებდითო.
როგორც ისტორიკოსი ჯაბა სამუშია აღნიშნავს, ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს „დიდი სამეულის“ (საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზეც, სადაც 1945 წლის 22 ივლისის სხდომაზე ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: „თავს უფლებას მივცემ გენერალსიმუსის (სტალინის) ყურადღება მივაქციო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თურქეთი არ შევაშინოთ“.
ამის საპასუხოდ კი სტალინმა მოლოტოვის პირით გააჟღერა, რომ 1921 წელს თურქეთმა საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთს ჩამოაჭრა ყარსის, ართვინისა და არდაგანის ოლქები (მოლოტოვმა ამის დამადასტურებელი რუკაც წარადგინა). შესაბამისად, მოითხოვა, საბჭოეთს უკან დაბრუნებოდა აღნიშნული ტერიტორიები.
თუმცა მსოფლიო დიპლომატია აქტიურად ამოქმედდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და სტალინიც იძულებული გახდა, ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი ეთქვა. თურქეთი სასწრაფოდ მიიღეს ნატოს წევრად და თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევდა. ამით საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი, სადაც თურქეთის რესპუბლიკამ მოახერხა საფუძვლიანად შეეცვალა ქართული პროვინციების დემოგრაფიული სურათი, საიდანაც ქართველები თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს.
მომავალ თაობას კი შერჩა ტოტალიტარული სახელმწიფოს ბელადის - სტალინის ისტორიული სიტყვები: „ჩერჩილი ამტკიცებს, რუსები თურქებს აშინებენო, მაგრამ ეს ხომ საზღვრების აღდგენაა, საზღვრების შესწორებამ დააშინა თურქები?“
დღეს ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მიწების დაბრუნების შემთხვევაში, სტალინი ზემოთ ჩამოთვლილ ქართულ ტერიტორიებს ისევე უბოძებდა საბჭოთა კავშირს, როგორც ორჯონიკიძემ გადასცა საინგილო აზერბაიჯანს, მაგრამ ისტორიკოსი თედო დუნდუა ფიქრობს, რომ, თუკი მე-19 საუკუნეში რუსეთმა ოსმალეთს წაართვა ძირძველი ქართული ტერიტორიები (სამცხე, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ერუშეთი) და ყველაფერი წამოიღო უკან თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ეს მაინც დადებითი მოვლენა იყო, რადგან გახლეჩილი ქართული ნაცია ერთმანეთს დაუკავშირდა, ეკონომიკური კონტაქტები აღდგა და საქართველოს ნაწილი დაგვიბრუნდა. ამდენად, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოდინდელი ქართული მიწების დაბრუნებაც საშური საქმე იყო.
თუ რატომ გაიხსენა მაინცდამაინც ახლა თურქულმა პრესამ სტალინის იშვიათი სამართლიანი გადაწყვეტილება ქართული მიწების დაბრუნების თაობაზე, ამას თედო დუნდუა For.ge-სთან საუბარში შემდეგნაირად განმარტავს.
მისი აზრით, ახლა თურქებმა ეს საკითხი იმიტომ წამოსწიეს, რომ დაძაბული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, სტალინი კი, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერატორი იყო. თურქებს ეშინიათ, საქართველო არ შეეკრას რუსეთს, რადგან რუსეთს საქართველოს გულის მონადირება შეუძლია აფხაზეთთან დაკავშირებითაც და ბათუმის ოლქში ჯარების განლაგებითაც, რის შემდეგაც შევარდება თურქეთში. ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ თურქებს, რომლებსაც, ცხადია, დავიწყებული არ აქვთ, რომ არტაანი ქართული მიწაა. ამიტომაცაა, რომ იქ კაშხალი კაშხალზე შენდება და კლარჯეთის, ჭოროხის ხეობაში მცხოვრებ ქართველებს ძალიან კარგ პირობებს სთავაზობენ, ოღონდ გადასახლდნენ და ასიმილაცია განიცადონ.
„იუსუფელის ტერიტორიის ზემოთ სულ ქართული სოფლებია, იქ ქართულად ლაპარაკობენ, ეს ქართველთა ერთ-ერთი ბუდეა. თურქები ხელს უწყობენ იქიდან ქართველების გასახლებას. სხვათა შორის, ქართველების კულტურულად გადასახლება 1944 წელსაც მოხდა იმის საპასუხოდ, რომ რუსებმა აქედან თურქი-მესხები აყარეს და საზღვარი მუსლიმანებისგან გაათავისუფლეს. ამიტომაც ქართველთა ძირითადი ბუდე ახლა ტაო-კლარჯეთი კი აღარ არის, არამედ მარმარილოს ზღვის სანაპირო - იზმითი, იენიქოი და სხვა. ცუდ პირობებში არ გაუსახლებიათ ქართველები. სტალინი მართლაც ცდილობდა თურქეთისგან მიწების დაბრუნებას. ამისთვის იწერებოდა კიდეც ნაშრომები, რათა ამ ყველაფრის იდეოლოგიური ლეგალიზება მოეხდინათ. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯარის ნაწილები, დივიზიები ღამის ბრძოლაში გადიოდნენ ვარჯიშს, რადგან თურქები სწორედ ამით იყვნენ ცნობილნი. იმ დროს თურქული არმია ვერ მოვიდოდა საბჭოთა კავშირის არმიასთან. ამიტომ თურქებს ჰქონდათ თავიანთი ტაქტიკა-ღამის ბრძოლის სახით. თურქულ არმიას ავიაციაც არ ჰყავდა, დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა რუსეთს, თუმცა თურქეთმა საბაბი არ მისცა საბჭოთა კავშირს, რადგან ომში თურქეთის ჩათრევას ცდილობდა ორივე მხარე, ჯერ გერმანული მხარე, მერე საბჭოთა კავშირი. ამავდროულად, ინგლისმა და ამერიკამ საშუალება არ მისცეს სტალინს, თურქეთში შეჭრილიყო. სამაგიეროდ, ვაჭრობა წავიდა და სტალინმა მიიღო უამრავი დათმობა პოლონეთთან დაკავშირებით. ამავე დროს, თანდათან უკვე არსებობდა ინფორმაცია, რომ ატომური ბომბი გამზადებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ამ ბომბით აშშ იღებდა უპირატესობას. საბოლოოდ სტალინმა ბევრი რამ მოიგო პოლონეთთან დაკავშირებით და ამის გამო თავი გაანება ამ პროექტს“,-აღნიშნა თედო დუნდუამ.
აზერბაიჯანისთვის საინგილოს გადაცემის შემდეგ ხომ არ არის წინააღმდეგობრივი სტალინის განზრახვა თურქეთისგან ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე, თედო დუნდუა მიიჩნევს, რომ მაშინ სხვა თამაში იყო და საინგილოს გადაცემის გარეშე, სამწუხაროდ, რუსულ პარტიულ ელიტაში მყოფი მაშინდელი ქართველები ასე ვერ გაქაჩავდნენ. უბრალოდ, მათ ბრალს დასდებდნენ ნაციონალიზმში. ამიტომ, საინგილო „გაყიდეს“ და ამ საქმეში ორჯონიკიძე სტალინის გარეშე ვერაფერს გააკეთებდა. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, აქ უკვე ცეკას ნომენკლატურა ქართული იყო, ამიტომ ართვინის, არდგანის ოლქების დაბრუნება შეიძლებოდა. არდგანის ოლქი ნიშნავდა ტაოს, კოლას, ერუშეთის შემოერთებას, ხოლო ართვინის ოლქი - კლარჯეთის შემოერთებას.