საქართველოს სოფლებში საშინელი მდგომარეობაა. გაუკაცრიელების პროცესი აქტიურ ფაზაშია. თუკი 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოში 162 სოფელი იყო გაუკაცრიელებული, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად ამ სოფლების რაოდენობა გახდა 223, ანუ მკვეთრად იმატა.
ასევე, გაზრდილია იმ სოფლების რაოდენობა, რომელიც გაუკაცრიელების პირასაა, ამ სოფლებში მხოლოდ ერთიდან ხუთ კაცამდე ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, ამ სოფლების რაოდენობა 74 იყო, დღეს კი, 157-ს მიაღწია.
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დემოგრაფები ელოდნენ მძიმე შედეგს, მაგრამ მთლად ასეთ მძიმე შედეგს არავინ მოელოდა. ეს კი იმ უმოქმედობის ბრალია, რაც 2002 დან 2013 წლამდე არსებობდა, ვინაიდან, როცა 2002 წელს დაიდო დემოგრაფიულად მძიმე შედეგები, ყოფილ ხელისუფლებას მაშინვე უნდა დაეწყო ამ პრობლემებზე ზრუნვა.
„2012 წლის მონაცემებით, 28 ხალხმრავალი სოფელი გვქონდა საქართველოში, სადაც 5 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 12 სოფელია. თუმცა ამ 12 სოფელში შედის წეროვანი, მუხრანი და სხვა, სადაც ლტოლვილებია ჩასახლებული. ანუ ხელოვნურად, შიდა მიგრაციისა და ლტოლვილების ხარჯზე გაიზარდა ამ სოფლების მოსახლეობის რაოდენობა და არა ბუნებრივი მატების შედეგად. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობის კლება შეეხო სრულიად საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა თბილისისა. თბილისი იმიტომ არის გამონაკლისი, რომ აქ შიდა მიგრაციის პროცესი ძალიან მძლავრია და, ამასთან, წინა ხელისუფლების პერიოდში დედაქალაქს შემოუერთეს გარდაბნისა და მცხეთის დიდი სოფლები“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, თბილისის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალ რეგიონად ითვლებოდა იმერეთი, თუმცა ახლა სწორედ იმერეთში შეინიშნება მოსახლეობის სერიოზული კლება (166 ათასით არის მოსახლეობა შემცირებული). რეგიონებში ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია (2002 წელთან შედარებით, აქ მოსახლეობა 37%-ით შემცირდა), ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა შემცირებულია 29%-ით. გარდა ამისა, მოსახლეობამ იკლო თითქმის ყველგან - გურიაში, კახეთში, ქვემო ქართლში, მაგრამ გასაოგნებელია, რომ აჭარაში, სადაც არასოდეს ფიქსირდებოდა მოსახლეობის კლება, 2002-დან 2013-ის ჩათვლით 10%-ითაა დაფიქსირებული ეს კლება.
დემოგრაფის თქმით, თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქი იყო ქუთაისი. ამ დროს ყველაზე სერიოზული კლება შეეხო სწორედ ქუთაისს, სადაც 33 ათასით შემცირდა მოსახლეობა და დღეს მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით უკვე მეორე ადგილზეა ბათუმი.
შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, როცა რეგიონებს შორის ასეთი დისბალანსია, ეს ადასტურებს, რომ ქვეყნის განვითარება შეფერხებულია. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა აგრარული სახელმწიფოა, რომლის დიდი ნაწილი რეგიონები და სოფლებია. ამ დროს კი სწორედ რეგიონებში გვაქვს დიდი დისპროპორცია. თუკი ქვეყანის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს სოფელს და ამ დროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის ურბანიზაცია მიმდინარეობს.
ტრადიციისამებრ, ისეთი სერიოზული კლება არ შეხებია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს, თორემ მოსახლეობის კლება ზოგადად ყველგან შეინიშნება. თუმცა ძირითადი კლება და მძიმე მდგომარეობა სწორედ იმ რეგიონებშია, სადაც ეთნიკურად უდიდესი ნაწილი ქართული მოსახლეობაა.
„ასეთ მძიმე დემოგრაფიულ სურათს თავისი ახსნა აქვს. გასული ათი წლის განმავლობაში შეინიშნებოდა გარე მიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა, ყოველწლიურად იზრდებოდა სიკვდილიანობის რაოდენობა, დაბალი იყო შობადობა, სამაგიეროდ, დიდი იყო აბორტების შემთხვევები, საყოველთაო ჯანდაცვა კი ხელმიუწვდომელი იყო მოსახლეობისთვის. მიუხედავად მძიმე შედეგებისა, ერთადერთი, რაც გვახარებს, ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ფონდი დღეს არ იწყებს მდგომარეობის გამოსწორებას. უკვე მეოთხე წელია, ქვეყანაში ხორციელდება საჭირო რეგიონალური პოლიტიკა, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა. ამოქმედებულია მთის კანონი, რადგან ამ დაცარიელებული სოფლების უდიდესი ნაწილი სწორედ საზღვრისპირა ზოლია. არა მხოლოდ მთიან სოფლებს შეეხო დაცლა, არამედ ბარის სოფლებიც გაუკაცრიელდა, რაც არასდროს მომხდარა საქართველოში. სხვათა შორის, მთის კანონის ამოქმედების შემდეგ ბევრი განაცხადია შემოსული, ქართველებს გაუჩნდათ უკან დაბრუნების სურვილი არა მარტო დედაქალაქიდან, არამედ უცხოეთიდანაც. მათ სურთ, მამაპაპისეულ ფუძეზე დაბრუნდნენ. თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. ასევე, გამოსავალი იქნება, თუკი სახელმწიფო მაღალ რანგში აიყვანს ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები გაიზრდება, რადგან ყველა რეგიონში აბსოლუტურად სხვადასხვა დემოგრაფიული სურათია და ყველა რეგიონს სჭირდება მოსახლეობის კონკრეტული განვითარების გეგმა“.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს სოფლებში საშინელი მდგომარეობაა და ამ მდგომარეობიდან გამოვალთ თუ არა, ძნელი სათქმელია. სოფლებში ჩვენი მოსახლეობის 2 მილიონზე ცოტა მეტი ცხოვრობდა და 2002 წლის აღწერიდან დღემდე დარჩა მხოლოდ მილიონნახევარი, ანუ 500 ათასით შემცირდა სოფლის მოსახლეობა.
„ამ პერიოდში იმერეთის მოსახლეობა შემცირდა 165 ათასით. თუ ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს, სულ რაღაც 25 წელიწადში იმერეთის სოფლები მთლიანად გაუკაცრიელდება. ასევე მოხდება კახეთის, სამეგრელოს სოფლებშიც. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, ეს ადგილები, ფაქტობრივად, გაუკაცრიელებულია. 70-იან წლებში აქ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ცხოვრობს 31 ათასი კაცი. თანაც, აქედან 36 %-ზე მეტი 60 წელს გადაცილებული, უაღრესად დაბერებული მოსახლეობაა“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
შეგახსენებთ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.
ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა კი - 1 591 181.