„უჩა ნანაუაშვილის გამოფხიზლება დაგვიანებულია“

„უჩა ნანაუაშვილის გამოფხიზლება დაგვიანებულია“

„გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველის ანგარიშს -2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში განიხილავენ.

ანგარიშში რამდენიმე ათეული გვერდი დათმობილია პოლიციელთა მიერ დაკავებულებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შეინიშნებოდა ერთგვარი დინამიკა, გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ანგარიშში საუბარია როგორც გახმაურებულ, ისე ნაკლებად გახმაურებულ ფაქტებზე. ომბუდსმენი აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთ საქმეზე სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა.

უჩა ნანუაშვილის ბრალდებას არ ეთანხმება მთავარი პროკურორი, რომლის განცხადებით, მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, არასწორია. ირაკლი შოთაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე უსწრაფესად ხდება რეაგირება და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნაც ხორციელდება.

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებებს, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს. პირიქით, ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ომბუდსმენის კრიტიკა მიუღებელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ეკა ბესელიას განცხადებით, არ ახსენდება არც ერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცველთა მიერ შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო, თუმცა ბესელია კონკრეტული პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ვერ იხსენებს.

„სახალხო დამცველი არ ამბობს, რომ გამოძიება არ ხდება. ანგარიშში ის ამბობს, რომ გამოძიების შედეგები არ არის მისთვის ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით მომხდარი მსგავსი ფაქტების დროს გამოძიება იწყება და მიმდინარეობს თუ არა. მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. შესაძლებელია იყოს სხვა ფაქტები, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ჩვენთვის არ არის ცნობილი. ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როდესაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ იქნება ძალადობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, გამოძიება იწყება ყველა ფაქტზე და ახლა მნიშვნელოვანია შედეგი დადგეს, ვინაიდან დაუსჯელი ფაქტი, შემდგომი დანაშაულებების წახალისებაა. ბესელიას ამ პოზიციას არ იზიარებს „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილი, რომლის განცხადებით, 2012 წლიდან პოლიციაში გაზრდილია წამების ფაქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ ხდებოდა.

„მე არ ვამბობ, რომ ნაციონალების მმართველობასთან შედარებით არის გაზრდილი - არა. მაშინ ორჯე და სამჯერ მეტი საშინელი ფაქტები ხდებოდა. წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი გაიზარდა 2012 წლიდან. პროკურატურა რეაგირებას ეძახის გამოძიების დაწყებას. რეაგირება ნიშნავს დამნაშავის დასჯას, რაც არ ხდება. ადამიანებს აშინებენ, რომ ჩვენება შეცვალოს. პოლიციაში გრძელდება წამება და არაჰუმანური მოყრობა.

უჩა ნანაუაშვილის გამოფხიზლება დაგვიანებულია. 2005 წელს ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრე დვალიშვილის წამების ფაქტი, რომელიც წყალტუბოს პოლიციაში აწამეს და კოკა-კოლა ენით აალოკინეს. სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს საქმე მოვიგე ევროპულ სასამართლოში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა დვალიშვილის მწამებელი პოლიციის უფროსად დანიშნა. ამით მოხდა იმ პოლიციელების წახალისება. 2012 წელს ქობულია, რომ საბრალდებო სკამზე დამჯდარიყო, ეს ფაქტები არ იქნებოდა“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ ომბუდსმენის ანგარიშის განზოგადება და ერთიანად მსჯელობა იმისა, რომ რაღაცა კარგად მუშაობს, რაღაცა ცუდად, გონივრული არ არის. ალაფიშვილის განცხადებით, ეს არის ფაქტები, რომელსაც სწორად გაანალიზება და სისტემური გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

„ამ ანგარიშში საუბარია იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებების დაცვა. მხოლოდ ანგარიშის საფუძველზე დასკვნების გაკეთება საკმარისი არ არის. სახალხო დამცველის რეკომენდაციებშიც სისტემურ გაუმჯობესებაზეა საუბარი და არა იმაზე კონკრეტული თანამდებობის პირები რატომ არ იქნენ პასუხისგებაში მიცემული, ან რამდენად სწორად შეეფარდათ სასჯელი. იყო თუ არა სასაჯელი საკმარისი, ეს უკვე სასამართლოში, ან საგამოძიებო ორგანოებში მსჯელობის საგანი უნდა უნდა გახდეს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.